- აჩი, პირველ რიგში, შენზე მოგვიყევი. პროფესიით ვინ ხარ, რას საქმიანობ?
- დავიწყებ ღიმილით, რადგან პროფესიით ვინც ვარ, ეს არაფერს ნიშნავს ამჟამინდელ ჩემს კარიერაში.

- შენს ცხოვრებაში ფოტოგრაფია როგორ შემოვიდა?
- 1997 წლის ცივი ზამთარი იდგა... ჩემი მხატვარი მეგობარი, რომელიც ახლა უცხოეთში მოღვაწეობს, უბრალო ფოტოაპარატით ქუთაისის ცხოვრებიდან სურათებს იღებდა და შემდეგ მინიატიურებს ხატავდა. მეც დამაინტერესა და დავიწყე ფოტოაპარატის ძებნა, რაც წარმატებით დავასრულე, როცა პირველ ჩემს ''საბჭოთა სიამაყე ''ზენიტში'' იმ დროისათვის ჩემთვის ძვირი ფასი, 14 ლარი გადავიხადე. ფოტოგრაფიის შესწავლა ჩემი ძალებით დავიწყე, გამჟღავნების შემდეგ ბევრი ფირი გამიფუჭდა, მაგრამ როდესაც გამოსახულება მივიღე, ძალიან ბედნიერი ვი-ყავი. ყველაფერი ქუთაისში ხდებოდა, ჩემი პირველი გადასაღები ობიექტი იყო ქალაქის ცენტრალური ნაწილი.

- My Art Georgia – ასე ჰქვია ერთ-ერთ პროექტს, რომელიც ლამაზ რეპორტაჟს მოიცავს...
- ეს პროექტი დაუსრულებლად გრძელდება. მიყვარს მოგზაურობა. რაც უნდა რთული გზა მქონდეს, მთელი ჩემი ფოტოაღჭურვილობა მიმაქვს, რომ მასალები ჩამოვი
ტანო იქიდან, სადაც ადამიანები ხშირად ვერ ხვდებიან და ვერ ნახულობენ სილამაზეს, რაც საქართველოშია. პროექტის მიზანია ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია უცხოელებშიც და ქართველებშიც... უფრო ქართველებში, კონკრეტულად იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ამბობენ, "ამ ქვეყნის დედა ვატირე''. ძირითადად ეს ის ხალხია, ვინც სახლსა და უახლოეს მაღაზიას შორის გადის გზას და დასასვენებლად მინიმუმ თურქეთში ან ეგვიპტეში დადის. არადა, თვალწინ დიდი განძი უდევთ.


- სერიაში ''რეპორტაჟები'' ძირითადად პოლიტიკური მოვლენებია ასახული.
- განსაკუთრებულად მახსენდება აღლუმის გადაღება, რომელიც ქუთაისში ჩატარდა. მინდოდა, ეს ისტორია ფოტოებით მომეყოლა. აღლუმის დაწყებამდე მზადების კადრებს ვიღებდი და რეპორტაჟამდე ჩემთვის ვაჩხაკუნებდი ფოტოკამერას. ჩემმა აქტიურობამ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის თანამშრომლის ყურადღება მიიქცია. ჩემ უკან დადგა და მითხრა, აღლუმი ჯერ არ დაწყებულა და არ არის ამდენი გადაღება საჭიროო. აღლუმამდე მინდა რამდენიმე კადრის გადაღება და რატომ მიკრძალავ-მეთქი. იყო
მუქარა, რომ აკრედიტაციას მომიხსნიდნენ, მაგრამ კოლეგები დამიდგნენ გვერდში. ერთიანი ძალებით მიცავდნენ, "უცხოელი რომ იყოს, ხომ არაფერს ეტყვი და რახან რეგიონული მედიის წარმომადგენელია და არ არის ცენტრალური მედია, ამის გამო უნდა აუკრძალო მუშაობაო?!.. მოკლედ, ძალიან დაძაბული და არასასიამოვნო ფაქტი იყო და დამამახსოვრდა.

- ყველაზე მძიმედ კიდევ რომელი გადაღება გახსენდება?
- აგვისტოს ომის დროს გადაღებული დევნილები, რომლებიც კოდორის ხეობიდან ქუთაისში ჩამოასახლეს. მოხუცები, ბავშვები, სევდიანი სახეები და ემოციური, ძლიერი ქართული თვალები, რომლებიც მრავალსატანჯველ გამოვლილ მოხუცებს ჰქონდათ. ძნელია დევნილობაში მყოფი ადამიანების თვალების ყურება და მით უმეტეს ფოტოების გადაღება, თუმცა გადაღებისას გავიწყდება ადამიანური სევდა. გინდა, ემოცია კადრში გადმოიტანო და სხვებს აჩვენო, რომ დევნილობა საშინელებაა, რომელიც ომს მოაქვს.
მეორე კადრი, რომელიც რეპორტაჟული ჟანრისაა - იმ ადამიანის პირადობის მოწმობა გადავიღე, რომელიც თევზაობისას უცებ ადიდებულმა რიონმა წაიღო.

- განსაკუთრებულად საყვარელი ფოტოც გექნებათ თქვენს არქივში...
- პორტრეტი, რომელზეც ჩანს დედა, უკან კედელზე კი მამას პორტრეტია, რომელიც 25 წლის წინ გარდაიცვალა. ოთახში შესვლისას ფოტოკამერა მეჭირა და დედა პირიქით - ოთახიდან გამოდიოდა. უცებ გადავიღე და ჩემთვის საყვარელი პორტრეტი გამოვიდა.

- ქუთაისის ხედები - თითქმის ყველა სეზონზე გაქვს შენი ქალაქი გადაღებული, გამორჩეულად რომელი ფოტო გიყვარს?
- ზამთარში გადაღებული ბაღის, სადაც ორი სკამი ჩანს დათოვლილი, სკამების, სადაც სამეგობრო ვიკრიბებოდით და "კონიაკისფერ'', როგორც მათ ჩემი მეგობარი ვახო უწოდებდა, საღამოებს ვატარებდით. სამწუხაროდ, ვახო ავტოავარიაში გარდაიცვალა. სკამებიც გარდაცვალების შემდეგ გადავიღე ღამით, როცა სიჩუმე, სიცივე, სიცარიელე და სიმარტოვე იყო იმ ადგილას, სადაც წინა ზაფხულს მხიარული და ლამაზი საღამოები გვქონდა.

- გარდა ერთი გამონაკლისისა, გოგონები შიშველ ფოტოებზე სახეს მალავენ, რთულია შიშველ ნატურაზე მათი დათანხმება?
- ნუდი – ერთ-ერთი საინტერესო და რთული ჟანრია, არ არის მარტივი მისი გადაღება, მარტო პოზირება არ არის მნიშვნელოვანი, ხასიათი, იდეა, სხეულის ჰარმონიაა. ნუდისთვის საჭიროა იმ ადამიანის აღქმა, რომელსაც იღებ.

პრობლემას რაც შეეხება, - პრობლემა საზოგადოებაა, რომელშიც ვცხოვრობთ. ადამიანი ძალიან ძლიერი უნდა იყო, რომ სიშიშვლეში საკუთარი თავი გაამჟღავნო და დინების საწინააღმდეგოდ წახვიდე, გაუძლო ზეწოლას, ჭორაობას. სანამ შიშველი ფოტოგრაფია და ბოზობა ერთმანეთთან იქნება გაიგივებული, სულ ასე იქნება, ხოლო ის ერთადერთი, ვინც სახე გამოაჩინა, ჩემი მეგობარია, ძალიან ნიჭიერი ადამიანი. თავადაც ხელოვანია და გაუადვილდა იმის აღქმა, რასაც ვიღებდი და რატომაც ვიღებდი.

- რომელია შენი საოცნებო პროექტი?
- ამ ეტაპისთვის ჩაფიქრებული მაქვს ერთი პროექტი, რომელიც თითქმის დამთავრებული იყო. 2012-ში გამოფენისთვის ვემზადებოდი, როცა ''ფლეშკა'' დაზიანდა, რომელშიც პროექტისთვის განკუთვნილი ფოტოები მქონდა, მაგრამ იმ პროექტიდან დარჩა რამდენიმე კადრი, რომლებიც ჩემს გალერეაშიც არის. ეს იყო პროექტი, რომელიც ასახავდა თანამედროვე საზოგადოების მენტალიტეტში ჩარჩენილ საბჭოთა აზროვნების ნარჩენებს. არის კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ოცნებად დარჩება ალბათ, მინდა, ყველა კონტინენტის აბორიგენი ველური ტომების ყოფა-ცხოვრება გადავიღო.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''




















