საინტერესო თემებზე წამყვანები სტუმრების გარეშე ილაპარაკებენ, მაგრამ
საეთეროში მზადებაა, გია, როგორც ყოველთვის, საქმიანია და ბოლო დეტალებს ათანხმებს პროდიუსერებთან, მაგრამ არსად ჩანს მაკა. ამ დროს ვარკვევ, რომ წამყვანებს შორის დაძაბული ურთიერთობაა და ეს ყველაფერი ეთერამდე ორი კვირით ადრე. გია დაკავებულია, მაგრამ ინტერვიუსთვის მაინც იცლის. ვარკვევ იმასაც, რომ გადაცემა ყველაზე განსხვავებული იქნება ქართულ ტელესივრცეში.
გია:
- როგორც გადაცემის წამყვანი, ერთწლიანი პაუზის შემდეგ ეთერში ვბრუნდები. ამ პერიოდის განმავლობაში ნოსტალგია არ მქონია, რადგან ხშირად ვსტუმრობდი სხვადასხვა გადაცემას, ასევე ვმუშაობდი რადიოში და საერთოდ, აქტიურ ცხოვრებას ვეწევი. შინაგანი მოთხოვნილება გამიჩნდა, რომ ახალი გადაცემა გამეკეთებინა. ვფიქრობ, ქართულ ტელესივრცეში ამ სტილის გადაცემა არ არის. ''1002 ღამე''''პალიტრა თV''-ს ეთერში 6 მაისიდან კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და პარასკევს ღამის თერთმეტის ნახევარზე გავა. მინდა გითხრათ, რომ ''1002 ღამე''აუცილებლად გავა ტელევიზიით, მაგრამ ამ ეტაპზე რაღაც გაუგებრობაა.
- როგორც გავიგე, თქვენსა და გადაცემის ერთ-ერთ წამყვან მაკა შალიკაშვილს შორის ამ ეტაპზე დაძაბული ურთიერთობაა.
- დიახ, როდესაც პროექტი ''პალიტრა TV''-ს ხელმძღვანელობასთან მოვიტანე, თავიდანვე ვიცოდი, რომ ორი თანაწამყვანი მეყოლებოდა. ერთ-ერთი იქნებოდა მაკა შალიკაშვილი და მეორე - ჩემი მეგობარი ნატალია ტყეშელაშვილი. ნატალია თავის დროზე ზაზა შენგელიამ და კახა ბექაურმა ''პირველ არხზე''მოსკოვიდან ჩამოიყვანეს. სარეკლამო სამსახურის უფროსად მუშაობდა. იქ გავიცანით ერთმანეთი. ის გახლავთ მარკეტინგის სპეციალისტი, ძალიან კარგად იცის, როგორ იყიდება გადაცემა და რა უნდა მივიდეს მაყურებლამდე, რომ დააინტერესოს, ამიტომ ავირჩიე ნატალია. მიყვარს რისკი, სიახლე, რატომაც არა, იბადება ახალი სახე. ძალიან ნიჭიერი, ჭკვიანი და განათლებული ადამიანია. სამზარეულოს ბოლომდე ვერ გაგიხსნით, მაგრამ ამის
გამო მოხდა განხეთქილება.
- მაკა ნატალიას მოწვევამ გააღიზიანა?
- მაკასა და ნატალიას ერთმანეთი მე გავაცანი და დამეგობრდნენ. მას შემდეგ, ვრეკავ ნატალიასთან, მაკა უდგას გვერდით და პირიქით. მიხარია, რომ ჩემი მეგობრები მეგობრობენ, მე აღარ ვწუხდები (იცინის). როდესაც მაკას გადაცემის შესახებ მოვუყევი, ვუთხარი, რომ წამყვანები ორი მამაკაცი და ერთი ქალბატონი იქნებოდნენ. მან ეს დაიჯერა და დედოფლობა მოინდომა. და უცებ, დედოფალმა მაკამ რომ გაიგო, ეთერში ნატალია უნდა დამჯდარიყო, არ მოეწონა. სხეულის ენას კარგად ვფლობ და სანამ მაკა სიტყვას წარმოთქვამდა, ცხვირი დაუგრძელდა (იღიმის). წავიდა ინტრიგა, მკითხა, როგორ ფიქრობ, ნატალია გაქაჩავსო? – ვკითხე, თავად როგორ გაქაჩა. მაკას მხრიდან არ მომეწონა ეს განცხადება. საერთოდ, მაკა და ნატალია მასწავლებელს მეძახიან, ეს ორი მოსწავლე გოგონა მყავს, მეც დავიჯერე, რომ მასწავლებელი ვარ და უცებ ორივეს მხრიდან წამოვიდა წინააღმდეგობა, რომ ერთი თუ დაჯდე-ბოდა ეთერში, მეორეს არ უნდოდა.
- ეს კონფლიქტი რაიმე საფრთხეს ხომ არ შეუქმნის გადაცემის ეთერში გასვლას?
- საფრთხე უკვე გავიარეთ, ახლა ერთხელ კიდევ უნდა დავსხდეთ და ორივეს პირობა ჩამოვართვა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სკანდალური გადაცემა მქონია, არასოდეს დამიტოვებია ეთერი, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ ორივეს ეთერში ყოფნის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
- ეთერში ძირითადად რა თემებზე ილაპარაკებთ? სამი ადამიანი, ღამე, ღია ეთერი, საკმაოდ ინტიმური გარემოა...
- ყველანაირი თემა გვექნება, რაც ადამიანს აწუხებს, სტკივა, მოსწონს. 52 წლის ვარ, აქედან 30 წელი ურთიერთობები მქონდა ადამიანებთან და მათი პირადი ფსიქოლოგი ვიყავი. კარგად ვიცი, რა აწუხებთ, რა სტკივათ. ყველანაირ ადამიანთან მქონია ურთიერთობა კანიბალების გარდა. ახლა ეს ორი ქალბატონი თუ კანიბალი გახდება, მერე არ ვიცი, რას ვიზამ (იცინის).
- მაყურებლებისთვის გიყვართ სიურპრიზების მოწყობა, ვიზუალურ ექსპერიმენტებსაც შესთავაზებთ?
- ამჯერად უკვე მოკრძალებული ვიქნები (იღიმის). ქართულ ტელესივრცეში პირველი შოუმენი ვიყავი, რომელიც თემატიკის მიხედვით იცვამდა. ხან ბალიში მედო თავზე, ხან - უთო, ჩაიდანი, ტაშტი. მერე დაიწყეს კოსტიუმირებული შოუები. ჩემი ყველა გამოსვლა პროტესტია. ჩვენი გადაცემა იქნება ყველაფერზე, სიყვარულზე, სექსზე, დეპრესიაზე, სტრესზე, წარმატებაზე, მელანქოლიაზე.
- გია, თქვენს ცხოვრებაში კიდევ ერთი სიახლეა, პროექტ ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობთ. მარტივად დაგითანხმეს?
- არ გავიპრანჭები და არ ვიტყვი, რომ ბევრი ვიფიქრე, უცებ დავთანხმდი, მაგრამ ეს არის სასწაული შრომა, მთლიანად შეიცვალა ჩემი დღის რეჟიმი.
- ცეკვაში ფიზიკური მონაცემები რამდენად გიწყობთ ხელს?
- 52 წლის ისე გავხდი, რომ საკუთარ ქორწილებში არ მიცეკვია. საბავშვო ბაღში რომ მოძრაობებს ვაკეთებდით, იმის შემდეგ ხელ-ფეხი არ გამინძრევია. არც ბარში, არსად არ მიცეკვია. ახლა კი ჩემი სხეული გაოცებული და სახტად დარჩენილია. ჩემი მეწყვილე ანი ჯაჯანიძე არსად არ მენახა ტელევიზიის გარდა. ნათესავები არ ვართ, მაგრამ ყველგან ვამბობ, რომ ჩემი შვილიშვილია. ბაბუა და შვილიშვილი ვცეკვავთ (იცინის).
- პირველმა რეპეტიციებმა როგორ ჩაიარა?
- ძალიან რთულად, გამიჭირდა...
გიასთან ინტერვიუს შემდეგ ნატალიასა და მაკას დავუკავშირდით და მომხდარზე კომენტარი ვთხოვეთ. მისგან განსხვავებით, გოგონები შეეცადნენ, რომ ნაკლებად რადიკალურები ყოფილიყვნენ.
ნატალია ტყეშელაშვილი:
- მე და მაკა ვერიდებით ამ ამბის ღიად გარკვევას, მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ორი კვირის წინ უფრო ახლოს ვიყავით, ყოველ საღამოს კაფეში ვისხედით. ახლა ცოტა დაძაბული სიტუაციაა, დაბნეული ვარ. ჩვენი მასწავლებელი ჯაჯო ცდილობს, რომ შეგვარიგოს.
- ეთერზე რამდენად აისახება ეს დაძაბულობა?
- მე ძალიან გულწრფელი ვიქნები ეთერში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ ვყოფილვარ რესპონდენტის როლში, ეთერისთვის მაინც განსაკუთრებულად ვემზადები. ერთი რამ ვიცი, რომ მაკა ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ისე მინდა, ეს გადაცემა შედგეს, ლამის ვთქვა, რომ მაკა მე მჯობია. ჩემი მასწავლებლის ბრმად მჯერა და მინდა გითხრათ, რომ ხანდახან მე და მაკა ვეჭვიანობთ, რომელი უფრო უყვარს. არ ვიცი, ეს ჩემი აღზრდის ბრალია თუ არა, მაგრამ სიახლე ცოტა მაბნევს და პირველი ნაბიჯია ჩემს ცხოვრებაში, რომ ასე ვრისკავ, მაგრამ ჯაჯო მეუბნება, გარისკე და მოიგებო.
- მე მგონი, თქვენს მასწავლებელს გრძელფეხება და მაღალი გოგონები მოსწონს.
- მართალია, მაკასაც ლამაზი ფეხები აქვს, საკუთარ თავზე მე ვერ ვიტყვი (იღიმის). გიას პირადი ცხოვრებიდან შემიძლია გითხრათ, რომ სულ მაღალ ქალებთან ჰქონდა ურთიერთობა. თუმცა ჩვენ ეს ''საფრთხე''არ გვემუქრება, რადგან გვეუბნება, რომ მისი შვილები ვართ.

მაკა შალიკაშვილი:
- არ მინდა ამ თემაზე კომენტარი, რადგან ეს ამბავი უკვე ერთი თვეა გრძელდება. რაღაცებს ვერ ვარკვევთ, ვერ ვთანხმდებით. თქვენს ზარამდე ათი წუთით ადრე ველაპარაკე ნატალიას ტელეფონზე და ცოტა დაძაბული საუბარი გვქონდა. არ მინდა, რომ აღელვებულ გულზე რამე ისეთი წამომცდეს. თან ''რეიტინგი''ხართ და არ მინდა, გიყვართ ინტრიგები. ადამიანურად ერთიც მიყვარს და მეორეც, მაგრამ ჯერჯერობით ამ თემას უკომენტაროდ დავტოვებ.
ძალიან მინდა, რომ გადაცემა ეთერში გავიდეს, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. მე თუ ვიგებ, მათაც ხომ უნდა გამიგონ. ეს არ არის ჩემი პრეტენზია, მაგრამ თურმე მეგობრობა უფრო ძვირფასი ყოფილა და თუ ეს ტანდემი შედგება, ძალიან კარგი იქნება.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''




















