დღეს მომღერალი ''ერთი ერთში'' მონაწილეობს. მეორე კონცერტზევე ლევანს ქალის როლის მორგებამ მოუწია, მის მიერ განსახიერებულმა მეისი გრეიმ მაყურებელიც და ჟიურის წევრებიც აღფრთოვანებული დატოვა. ოთხშაბათის ლაივკონცერტი მისთვის ორმაგად სასიამოვნო აღმოჩნდა, დღის ლიდერი 12
- ლევან, დაბადების დღე გაქვს, რამდენი წლის გახდი?
- 29 წლის.
- რა მოგემატა?
- ერთი წელი.
- კიდევ?
- კიდევ (ფიქრობს), ერთი წელი.
- ამ ერთ წელიწადში რა შეიცვალა შენში?
- ალბათ, ცხოვრების წესი. 28 წლის რომ გავხდი, მაშინაც პროექტში ვიყავი, ''საქართველოს ვარსკვლავში''. შემდეგ მქონდა არც ისე სასიამოვნო პერიოდი, უმუშევრობის ხანა, როდესაც ვცდილობდი, მეცადა სიმღერის კუთხით სამსახურის ძიება, მაგრამ ფინანსურად ძალიან გამიჭირდა. მივხვდი, რომ მხოლოდ სიმღერით ფულს ვერ იშოვი.
- თუმცა მახსოვს, რომ ''საქართველოს ვარსკვლავის'' დროს სხვა საქმითაც იყავი დაკავებული.
- კი. ბანკებში მუშაობის დაახლოებით ცხრაწლიანი სტაჟი მაქვს.
- შენ რომელი ლევანი მოგწონს, ბანკის თანამშრომელი თუ მომღერალი?
- ორივე სინთეზში. მარტო სიმღერა არ მინდა, მიჩვეული ვარ რეჟიმს. ერთი კია, როცა რეჟიმში ვარ, რეჟიმს გავურბივარ და როცა არ ვარ - ყოველთვის მივიწევ ამისკენ.
- როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღის რეჟიმი?
- დღეს ძალიან ჩვეულებრივი და ამავე დროს არაჩვეულებრივი. დილით ვიღვიძებ, ხან - ბრიუს სპრინგსტინი, ხან - მეისი გრეი და მერე მთელი დღე ''ჯი-დი-ეს''-ში მიდის მუშაობა იმაზე, რასაც ოთხშაბათობით მაყურებელი ნახულობს ამ ტელევიზიის ეთერით. რაც მთავარია, ეს ყველაფერი მსიამოვნებს. ნებისმიერი შემსრულებელი ახალი გამოწვევაა ჩემთვის და საინტერესოა.
- წარმოგედგინა, რომ ასე კარგად გაითავისებდი ქალის როლს?
- როლის გათავისებაში ალბათ ყველაზე სუსტი ვარ, ვოკალურად უფრო მარტივია ჩემთვის, იმიტომ რომ მომღერლად ვითვლები. არტისტიზმი რთულია, სამსახიობო მონაცემების სააშკარაოზე გამოტანა მსახიობებსაც უჭირთ, მე - მით უმეტეს. ამის კომპლექსი მაქვს. ალბათ იმიტომ, რომ არ ვიცი, რეალურად ეს შემიძლია თუ არა. ხომ უნდა აღმოაჩინო, რა შეგიძლია. აღმოაჩენ მაშინ, როცა ხალხი ამას კარგად მიიღებს და დადებითად შეგაფასებს.
- ე.ი. გუშინ აღმოაჩინე...
- აღმოვაჩინე და რაღაც ნაწილი კომპლექსებისა არტისტულ ნაწილში დავძლიე. ყველაფერს ისე ვერ გავაკეთებ, როგორც დუტა აკეთებს, ის სასწაული შოუმენია, ეს გუშინ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, მაგრამ მე სხვა კოზირი მაქვს და ვცდილობ, განვავითარო ის კოზირი, რომელიც დუტას აქვს. ამ ლაივზე გამომივიდა, ვნახოთ, რა იქნება შემდეგ. ვერ ვიტყვი, რომ სასწაული ვიყავი, მაგრამ რაღაც გამომივიდა.
- რადგან დუტა ვახსენეთ, აქვე გკითხავ, ვის მიიჩნევ რეალურ კონკურენტად?
- დუტას, რომელსაც ვაჩუქე კიდეც წინა ლაივზე 5 ქულა. ქეთი ორჯონიკიძე არის კიდევ ძალიან ძლიერი.
- თუმცა მეორე ლაივზე ისე ვერ გამოიყურებოდა მისი შესრულება, როგორც პირველ კონცერტზე...
- ქეთი იყო ძალიან კარგი რეპეტიციებზე. ვერ ვიტყვი, რომ გუშინ ცუდი იყო მისი გამოსვლა. უბრალოდ, არ იყო ისეთი, როგორიც წინა გამოსვლა. მას ყველაზე რთული ნომერი ჰქონდა. ლედი გაგას რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გაუკეთებია, ქეთიმ სამ წუთში გააკეთა. ჯობდა, ნომერი ნაკლებად დატვირთული ყოფილიყო, მე ვერ გავრისკავდი ერთდროულად ამდენი რამის გაკეთებას და შეიძლება, ამით მომეგო კიდეც.
- მომღერლები მთელი ცხოვრება ცდილობთ იყოთ ინდივიდუალურები, არ ჰგავდეთ არავის. ამ პროექტში საპირისპიროს კეთება გიწევთ. როგორ ფიქრობ, ეს ხომ არ გაგაფუჭებთ, როგორც ინდივიდუალურ შემსრულებლებს?
- არა, ის, რასაც ინდივიდუალიზმს ეძახიან, განსხვავებული ხმა, მანერები არასდროს იკარგება. გარდასახვა საინტერესოა, ეს მხოლოდ გამოცდილებას შეგვძენს.
- ლევან, ''საქართველოს ვარსკვლავიდან'' მოყოლებული შენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ ფანი გოგონები. ახლა მოდელი მარიამ ბერძენიშვილი მახსენდება, ''ვანოს შოუში'' ვახო ბიჭიკაშვილმა გივი სიხარულიძეს კალთაში რომ ''ესროლა'', ეს გოგონა შენზე იყო შეყვარებული. დღეს რა ურთიერთობა გაქვს მასთან?
- ახლა ჩინეთშია, ხშირად მწერს, მეც ვპასუხობ. მეგობრები ვერ ვართ, მაგრამ ვამხანაგობთ.
- ''ფეისბუქზე'' მეგობრობის შემოთავაზებებმა იმატა?
- კი, იმატა, მომრავლდა შეტყობინებებიც. ეს მხოლოდ მახარებს.
- თუ არის ისეთი ადამიანი შენს ''ფეისბუქზე'', ვისი შეტყობინებაც ყველაზე მეტად გახარებს?
- ''ფეისბუქზე'' არა.
- მობილურში?
- (ფიქრობს) მოცემულ მომენტში არის ადამიანი, რომლის აზრიც ყველაზე მეტად მაინტერესებს.
- მღერის?
- მღერის, მუსიკალური განათლება აქვს, მაგრამ მომღერალი არ არის.
- ჟიურის წევრები პარალელურად თქვენი ვოკალისტები არიან, ვისი შეფასებაა შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
- განსაკუთრებით ველოდები სისის შეფასებას, რადგან ჩემი ვოკალის პედაგოგია. კიდევ ზაზას შეფასებაზე ვნერვიულობ, რადგან სწორედ იმ ნაწილს აკონტროლებს, რიშიც ყველაზე მეტად მაქვს კომპლექსი, სამსახიობო ოსტატობას. ზაკის შეფასების ჯერ არ შემშინებია, ვინაიდან ქორეოგრაფია ჩემს ნომრებში ჯერ არ დამჭირვებია.
- თუ დაგჭირდა?
- მაქსიმალურად ვეცდები შევძლო. ბავშვობაში ქართულ ცეკვაზე დავდიოდი, ილეთებიც ვიცოდი, მაგრამ ყველაფერი გამოცდილებაა, დიდი ხნის პაუზის გამო ყველაფერი დამავიწყდა.
- არ მითხრა ახლა, რომ ქორწილშიც ვერ გაშლი ხელს, რომ დაგჭირდეს.
- ვერ გავშლი. არ მიყვარს იმის კეთება, რაც კარგად არ გამომდის.
- რადგან ქორწილი ვახსენეთ, აქვე გკითხავ, როგორი გოგონები მოგწონს?
- სტერეოტიპი არ მაქვს ჩამოყალიბებული, უბრალოდ, მომწონს და მორჩა.
- მხოლოდ მოგწონს? არასდროს გყვარებია?
- კი, ორჯერ მიყვარდა.
- დღეს შეყვარებული ხარ?
- არა, თუმცა არის ურთიერთობა, რომელიც შესაძლოა, სიყვარულშიც გადაიზარდოს.
- შემდეგ ტურში ვის განასახიერებ?
- ბადრი უაითს (იცინის). ასე ვხუმრობთ ხოლმე მე და ჩემი მეგობარი. საინტერესოა ბარი უაითიც. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი საყვარელი შემსრულებელია, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ.
- ნეგატიური კომენტარები თუ წაგიკითხავს სოციალურ ქსელში შენი მისამართით და როგორ რეაგირებ ამაზე?
- არა, ნამდვილად არ წამიკითხავს, ძირითადად, ხალხს მოვწონვარ.
- შენს კარიერაში რა სიახლეებია?
- საკმაოდ ძლიერი მუსიკოსებით დაკომპლექტებულ ბენდში ვმღერი. ოთხნი ვართ. გვაქვს რეპეტიციები. აქტიურად გამოჩენას ვაპირებთ.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''




















