- რას გვეტყვით ტენდენციებზე... რომელი წლების გავლენა ახდენს ზემოქმედებას წლევანდელი გაზაფხული-ზაფხულის მოდაზე?
- წლევანდელი მოდის ტენდენციებში აშკარაა 60-იანი წლების
სილუეტი გამოკვეთილი და წელზე აქცენტირებულია, წელის დაფიქსირება ნამდვილად მოდური და აქტუალურია. ვფიქრობ, ქალმა ჩაცმულობით თავის სილამაზეს უნდა გაუსვას ხაზი. რაც შეეხება ფერებს, მანდილოსნებს აქვთ ფუფუნება, ატარონ ის ფერი, რომელიც მოსწონთ, თუმცა უპირატესობა პრინტიან ქსოვილს ენიჭება.
- კიდევ როგორი ფაქტურისგან შეკერილი სამოსის მორგებას გვირჩევთ?
- მოირგეთ ყველაფერი, რაც ქალურობასა და სინაზეს შეგმატებთ. შეგახსენებთ კოკო შანელის სიტყვებს, "თუ რომელიმე ქალბატონმა სილამაზით მოგხიბლათ, მაგრამ ვერ იხსენებთ, როგორ ეცვა, ე.ი., ის იდეალურად იყო შემოსილი".
- რაც შეეხება კაბის ფორმას, სიგრძეს, წელს, ამაზე რას გვეტყვით?
- სიგრძე მიდი, სილუეტი ვიწრო, ე.წ. ''ფენსილ'' ქვედაბოლოები შემოვიდა მოდაში.
- გასაგებია, რომ მოდა ზედატანების თვალსაზრისით ძალიან მრავალფეროვანია, მაგრამ იქნებ გვირჩიოთ, რა დეტალები უნდა გავითვალისწინოთ ზედა სამოსის შერჩევისას?
- ახლაც ძალიან აქტუალურია სპორტული და კლასიკური სტილების ეკლექტიკა, მაქმანებით გაწყობილი სპორტული სტილის ზედები.
- რამდენად მოდურია მამაკაცური დეტალების შეტანა ქალის სამოსში და რა გზით შეიძლება ამის მოხერხება?
- წელს მამაკაცური დეტალების გამოყენება არ არის აქტუალური, სილუეტი მაქსიმალურად ქალური და მიმზიდველი უნდა იყოს.
- როგორი სტილის პიჯაკს მივანიჭოთ უპირატესობა?
- მოდაშია უსაყელო პიჯაკები, მინიმალისტური სტილის.
- როგორი ფეხსაცმლის მორგებას გვირჩევთ?
- წვრილქუსლიან ფეხსაცმელს მყარი, სქელქუსლიანი ფეხსაცმელი ანაცვლებს, ე.წ. "ბალეტკები" კვლავ აქტუალურია. წლევანდელი ტრენდი მაინც სპორტული ფეხსაცმელია.
- რა უნდა ჰქონდეს გარდერობში დღევანდელ მოდურ ქალბატონს?
- ჩემი აზრით, დღეს მოდურად რომ გამოიყურებოდე, ყველა ტენდენცია საკუთარ ინდივიდუალურობას უნდა მოარგო.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''




















