- ერეკლე,
- სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებას ვფიქრობდი, მონაცემები მქონდა, მაგრამ ეროვნული გამოცდების მოახლოებისას არჩევანის წინაშე რომ დავდექი, ბოლო მომენტში გადაწყვეტილება კინოსარეჟისოროსა და სამსახიობო ფაკულტეტებზე შევაჩერე. ორივე გამოცდაზე ერთნაირი, კარგი ქულები მივიღე, მაგრამ ბოლოს სამსახიობო ფაკულტეტი ავირჩიე.
- ბატონო ზურა, რა რეაქცია გქონდათ მის გადაწყვეტილებაზე და სად ხედავდით თქვენი შვილის მომავალს?
- ერეკლემ გადაწყვეტილება თავად მიიღო. იცით რა, მე არასოდეს დამიძალებია ან თავზე არ მომიხვევია ჩემი აზრები. ერთადერთი, რასაც სულ ვეუბნებოდი, ის იყო, რომ მუსიკისთვის თავი არ დაენებებინა. ერეკლეს დამთავრებული აქვს შვიდწლედი, ფორტეპიანო. მოგეხსენებათ, ბიჭებს გარდამავალ ასაკში აღარ სურთ მუსიკაზე სიარული. ერეკლესაც ეს პერიოდი რომ დაუდგა, სწავლისთვის თავის დანებებას აპირებდა, მაგრამ მაშინ ვუთხარი, შვიდწლედს თუ დაამთავრებ, რომელ ინსტრუმენტსაც მეტყვი, იმას გიყიდი-მეთქი. მაშინ სინთეზატორი უნდოდა და ამის იშტაზე და ხათრით (იღიმის) ბოლომდე ''გაიტანა''. შვიდწლედი რომ დაამთავრა, დასარტყამი ინსტრუმენტი მოითხოვა. ვეხვეწეთ, იქნებ, გადაიფიქრო, ''უდარნიკი'' სახლში საშინელებაა და სხვა რამ აირჩიო-მეთქი, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც არ შეცვალა. ვუყიდეთ ''უდარნიკი'' და შემდეგ მან სწავლა დასარტყამი ინსტრუმენტების განხრით გააგრძელა.
- თქვენ გაქვთ მუსიკალური განათლება?
- დიახ. დედაჩემი მუსიკოსია, კონსერვატორია აქვს დამთავრებული და პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. დიდი ჩხუბისა და წივილ-კივილის მიუხედავად, შვიდწლედი არ დამიმთავრებია, ვსწავლობდი, მაგრამ ბოლო ორი წელი გიტარაზე დაკვრა მოვისურვე და ეს კურსი გავიარე.
- დღეს უკრავთ გიტარაზე?
- ბოლო რამდენიმე წელია, შინ გიტარა არ მაქვს, თუმცა სპექტაკლებში მიწევს დაკვრა. ჩემთვის ვუკრავ, პროფესიულ დონეზე არა.
- ერეკლე, მუსიკას წერ. არ ფიქრობ, რომ ამ საკითხს უფრო სერიოზულად მიუდგე?
- თავდაპირველად ამას ექსპერიმენტის სახე ჰქონდა. დროთა განმავლობაში დავხვეწე და განვავითარე. დღემდე ბევრი კომპოზიცია მაქვს შექმნილი, თუმცა უდიდეს ნაწილს ინტერნეტში არ ვათავსებ. მუსიკოსობაზე პრეტენზია არ მაქვს და არავის ვთავაზობ, ჩემს მუსიკას მოუსმინოს, ეს ჰობის დონეზეა და ხუმრობის სახე აქვს. არ ვიცი, რა იქნება მომავალში, თუ ჩემში დავინახე პოტენციალი, რომ სერიოზული მუსიკა გავაკეთო, ალბათ, ასეც იქნება.
- ბატონო ზურა, ერეკლე თქვენი პირველი შვილია. როგორ გახსენდებათ მისი დაბადება?
- 20 წლის ვიყავი, მამა რომ გავხდი. კამოს ქუჩაზე სამშობიაროს ეზოში უამრავი ადამიანი ველოდით ერეკლეს დაბადებას, მეგობრები, ნათესავები როგორც ჩემი მხრიდან, ისე ნანუკასი. წინასწარ არ ვიცოდით სქესი. ბებიაქალი რომ გამოვიდა და ბიჭის დაბადება გვახარა, დიდი ემოციის ქვეშ ვიყავი. დავრბოდი და ვხტოდი, მილოცავდნენ შამპანურით და ა.შ. იმ დროს თეატრალურ ინსტიტუტში მესამე კურსზე ვსწავლობდი და ვერ ვიტყვი, რომ მშობლის როლისთვის მზად ვიყავი. ინსტიტუტში საკურსო სპექტაკლს ვდგამდით, გაცხარებული რეპეტიციები გვქონდა და მამობრივ ყურადღებას ვერ ვამჟღავნებდი. უბრალოდ, ეს ჩემთვის დიდი მოვლენა იყო, სახლში რომ მოვდიოდი და იქ მხვდებოდა პატარა, ჩემი შვილი.
- როგორ ფიქრობთ, ვის ჰგავს?
- ორივეს. ნანუკასაც ჰგავს და მეც. მე ხმით, პლასტიკითა და მოძრაობებით. საერთოდ, შვილებიდან ცოტ-ცოტა ყველა მგავს, ისინი ერთმანეთს ჰგვანან, ერთი ყალიბის არიან (იღიმის).
- ერეკლე სპორტზე დაგყავდათ?
- ცურვაზე, წყალბურთსა და კალათბურთზე დადიოდა. შემდეგ ხრიდოლი აიჩემა.
ერეკლე:
- სახლში მოთენთილი ვიჯექი. საქმე არ მქონდა, თან ჯერ აბიტურიენტი არ ვიყავი და მინდოდა, აქტიური სპორტით დავკავებულიყავი. ორთაბრძოლა მინდოდა, მაგრამ მირჩიეს, ქართულ საბრძოლო ხელოვნებაზე მევლო და ასეც მოვიქეცი.
- ბატონი ზურა ყოველთვის გაწონასწორებულია. რატომღაც მგონია, რომ აყვირება არ იცის...
ზურა:
- ხედავ, როგორი იმიჯი მაქვს (იღიმის)?!
ერეკლე:
- კი, აყვირებული მახსოვს, მაგრამ არა მხოლოდ სახლში, გარეთაც (იღიმის). შინ მაშინ ყვიროდა, როცა ჩვენი ქცევებიდან რამე არ მოეწონებოდა, მაგრამ ამ ბოლო დროს კარგად ვიქცევით (იღიმის).
- თქვენი შვილები რამდენად დამოუკიდებლები არიან და საერთოდ, როგორ განსაზღვრავთ ამ სიტყვას?
ზურა:
- მე და ნანუკა მივიჩნევთ, რომ შვილებს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების საშუალება უნდა ჰქონდეთ. პროფესიული არჩევანი იქნება თუ რამის სწავლა, თავად უნდა გადაწყვიტონ. ვცდილობთ, ჩვენი აზრი არასოდეს მოვახვიოთ თავზე.
- ხშირად მიდიხართ დათმობაზე? ვთქვათ, როცა რომელიმე მათგანს რამე სამკაულის ტარება სურს, ან თმას იზრდის, განსხვავებულ იმიჯს ირგებს...
- გააჩნია ასაკს. როცა გოგონა ნაადრევად იწყებს მაკიაჟის გაკეთებას, ეს ყველას გვაღიზიანებს და მთელი ოჯახი ამის წინააღმდეგ მივდივართ. ამის გამო სალომესთან გვიკამათია. ახლა ის უკვე 19 წლის ხდება და ეს პერიოდი გავიარეთ. საერთოდ, ასეთი რამ გარდამავალ ასაკს ახასიათებს. ბავშვებს განსხვავებული ჩაცმულობა, ვარცხნილობის ტარება სურთ. ერეკლეს ჩაცმასთან დაკავშირებით მეც და ნანუკასაც გვაქვს ჩვენი აზრი. რაც არ მოგვწონს, ვეუბნებით ხოლმე, მაგრამ თავად რაც მოსწონს, იმას იცვამს. თავად ყიდულობს ტანსაცმელს და ეს მისი არჩევანია.
- შინ სპექტაკლებზე, როლებზე საუბრობთ? ან ახლა, დორიან გრეის როლზე მუშაობისას, გიკითხავს მამისთვის რჩევა?
ერეკლე:
- შინ, როცა ერთად ვსხედვართ, განვიხილავთ რომელიმე სპექტაკლს, მსახიობს. კი, ხშირია დისკუსიები პროფესიულ თემაზე. რაც შეეხება ჩემს როლს, ჯერჯერობით არ დამჭირვებია მამის რჩვევა, უფრო სწორად, არ ვეკითხები, მინდა, ყველაფერი თავად გავაკეთო.
- მამას რამდენიმე სპექტაკლი აქვს დადგმული თუმანიშვილის თეატრში, საშუალება რომ მოგეცეს, როგორ ფიქრობ, მასთან მუშაობა შენთვის ადვილი იქნება?
- რამდენიმე წლის წინ მამას სპექტაკლებიდან მხოლოდ ''7 პ.პ.''-ს ერთ-ორ რეპეტიციას დავესწარი. ზოგჯერ მსახიობები იძაბებიან, როცა უცხო შედის მათთან და არ მინდოდა, მათთვის მუშაობაში ხელი შემეშალა. ახლა არ მინახავს, მამა როგორ მუშაობს. ჩვენ საერთო პედაგოგი გვყავდა. გოგი მარგველაშვილი მიხეილ თუმანიშვილის ასისტენტი იყო, როცა ზურა თეატრალურში სწავლობდა. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მე და მამა საერთო ენაზე ვილაპარაკებთ.
- გამორჩეული ავტორი, პიესა...
- ანუ ოცნების როლი და დრამატურგი?! შექსპირს დავასახელებ. ის ჩემთვის ყოველთვის პირველ პლანზე იყო და ალბათ, ასეც იქნება. მის ნებისმიერ პიესაზე საინტერესო იქნება მუშაობა. საერთოდ, ვფიქრობ, რომ როცა რომელიმე როლზე მუშაობ, იმ პერსონაჟზე, ნაწარმოებზე და მის ავტორზე მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია უნდა მოიძიო. ჩემი სადიპლომო სპექტაკლი ჩეხოვის ''სამი და'' იყო და ამ ავტორის შესახებ ყველაფერი წავიკითხე. ამჯერად დორიან გრეის როლზე მუშაობისას ვცდილობ, ოსკარ უაილდის ყველაფერი წავიკითხო.
- მამას საყვარელი ავტორიც შექსპირია, როგორც მახსოვს...
ზურა:
- შექსპირი დრამატურგიის გვირგვინია. შექსპირი ამოუწურავი და უსაზღვროა.
- შეგიძლიათ, სამ-სამი სიტყვით ერთმანეთი დაახასიათოთ?
- ცოტა ძნელია, მაგრამ შევეცდები. ნიჭიერი, არაორგანიზებული და მესამე, მესამე, მესამე... მესამე არ ვიცი, რა ვთქვა.
- ''ჩემი შვილი ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი'' - მგონი, ასე გამოგივიდათ ეს ნათქვამი...
- არა, ერეკლე არ არის ზარმაცი, უბრალოდ, არაორგანიზებულია. ეს დღევანდელ დღესაც გამოჩნდა, ინტერვიუს ჩასაწერად თეატრში 2 საათზე უნდა მოსულიყო და 20 წუთი დააგვიანა. ეს არის და ეს.
- კარგი, ერეკლე, ახლა შენ გისმენ...
- ორგანიზებული (იღიმის). გამანეიტრალებელი და მცოდნე. ამ სამ სიტყვას ვიტყვი ზურაზე.
- დაბოლოს, ინტერვიუ თეატრის სიახლეებზე საუბრით დავასრულოთ...
ზურა:
- ახლახან თუმანიშვილის თეატრში ჟან ანუის პიესა ''ორკესტრის'' პრემიერა გვქონდა, რომელიც ახალგაზრდა რეჟისორმა ნიკა ლუარსაბიშვილმა დადგა. ვემზადებით კიდევ ერთი პრემიერისთვის, გოგოლის ''ქორწინებას'' გია ანთაძე წარმოგვიდგენს. 20 მაისიდან დაიწყება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ცნობილი ბრიტანელი რეჟისორი, მსახიობი და პროდიუსერი გაი მასტერსონი ჩამოდის და ჩვენთან ჯორჯ ორუელის ''ცხოველების ფერმას'' დადგამს. კასტინგის შედეგად მან 25 მსახიობი შეარჩია. სანამ ის ჩამოვა, მე მსახიობებს შევკრებ და ტექსტზე ვიმუშავებთ, ანუ 20 მაისისათვის სამაგიდო სამუშაოები უკვე დასრულებული გვექნება და მასტერსონი ინტენსიურ რეპეტიციებს დაიწყებს. სპექტაკლი, რომელიც უკვე მიწვეულია ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე, დაახლოებით 5 კვირაში უნდა გამოვიდეს. ფესტივალზე ერთი თვის განმავლობაში 24-მდე წარმოდგენის გამართვა მოგვიწევს.
- თქვენ თამაშობთ ამ სპექტაკლში?
- დიახ, მეც ვმონაწილეობ... გარდა ამისა, ჩვენს თეატრში მუშაობა მიმდინარეობს ''ჩვენი პატარა ქალაქის'' აღდგენაზე. სპექტაკლში წყვილი იცვლება და ორი შემადგენლობა დაემატება, რომელთაგან ერთ-ერთ პერსონაჟს, ანუ გიორგი ალავიძის როლს ერეკლე შეასრულებს.
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''




















