26 აპრილი, 2014
რომელი წიგნის ''ეშინია'' ოთარ ქირიას
დღესაც ჩემ გარშემო ასეთი ბევრია: მამა, ძმა, გვერდით მყავს მეუღლე ოთარ ქირია უკვე არაერთი წელია, ''რუსთავი 2''-ის დილის ეთერის პრესის მიმომხილველი და წამყვანია. ბუნებრივია, პრესის გაცნობა ყოველდღიურად უწევს, მაგრამ დავინტერესდით, რა წიგნებს კითხულობს თავისუფალ დროს და როგორია მისი ლიტერატურული გემოვნება. ჩვენი პირველი შეკითხვა ბავშვობას უკავშირდებოდა და იმ ადამიანს, რომელიც ლიტერატურას ურჩევდა...

- ბავშვობაში ეს მისია დედას ეკისრა. ოჯახი რომ შევქმენი, მას შემდეგ ჩემი მეუღლეა ამ ფუნქციის მატარებელი. ჩემი პირველი წიგნი ქართული ზღაპრები იყო, შემდეგ ''ტომ
სოიერის თავგადასავალი''.
- ხშირად მეუბნებიან, რომ სკოლის ასაკში უფრო აქტიური მკითხველები იყვნენ, ვიდრე დღეს. თქვენც?..
- მე ყოველთვის თამამად ვამბობ, რომ სკოლაში ზარმაცი ვიყავი. ყოველთვის მჭირდებოდა მოტივაცია. ამას ვამბობ ჩემი ძმისა და მეუღლისგან გამომდინარე, მათ წიგნის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ და თავისუფალ წუთს რომ ნახავენ, მაშინვე კითხულობენ. ხომ შეიძლება, თქვენ ასეთ დროს დაჯდეთ და ''ფეისბუქზე'' შეხვიდეთ, მეც ასე ვარ, ისინი კი არა. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მთლად უწიგნური ვარ. ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის გრძნობა ყოველთ-ვის მქონდა. თან იყო მომენტები, როცა წიგნს ისე ჩავუთრევივარ, რომ ვერ მოვწყდი და ერთ დღეში წავიკითხე. ზოგიერთს ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერმე მივბრუნებივარ.
- ასეთი გამორჩეული თქვენთვის რომელი წიგნებია?
- ასეთი ავტორი ჟიულ ვერნი იყო და მახსოვს, ბავშვობაში რამდენჯერმე წავიკითხე ''კაპიტან გრანტის შვილები'' და ''80 დღე დედამიწის გარშემო''. მოგვიანებით ეს იყო ბალზაკის ''შაგრენის ტყავი'', რომელიც ერთ დღეში წავიკითხე. მერე კიდევ რამდენჯერმე გადავხედე ამ წიგნს და ამ ასაკში პირდაპირ ვიტყვი, რომ არ ვიცი, ეს ნაწარმოები მაშინ რატომ მომწონდა და რამ გამაგიჟა (იღიმის). სულ მომწონდა ''ჯაყოს ხიზნები'' და დღესაც ასე ვარ, არაფერი შეცვლილა.
- შეიძლება გავიდეს დღეები, თვეები ისე, რომ მხატვრული ლიტერატურა არ წაიკითხოთ?
- ახლა პროფესიულ ლიტერატურას უფრო ვეცნობი, მხატვრულ ლიტერატურას შედარებით ნაკლებად. რამდენიმე სამსახურში ვმუშაობ, თუ სადმე არ ვიმყოფები, თვითმფრინავის რეისზე, პლაჟზე არ ვარ, ან სხვა მსგავს ადგილას, ფაქტობრივად, სხვა დროს წიგნი ხელში არ მიჭირავს.
- როგორი მახსოვრობა გაქვთ?
- ამას წინათ მეგობრები ვისხედით და ვსაუბრობდით. თან გადაცემას ''რა, სად, როდის'' ვუყურებდით და იქ ერთ-ერთი კითხვა ლიტერატურიდან დაისვა. იმ წიგნზე საუბარს შევყევით და ხუთიდან სამმა ადამიანმა აღმოვაჩინეთ, რომ ბევრი რამ არ გვახსოვდა, მაგრამ მივხვდით იმასაც, რომ როცა რომელიმე ნაწარმოებზე იწყებ საუბარს, გონებაში ნელ-ნელა ამოტივტივდება მისი დეტალები. არის ნაწარმოები, რომლებიც ყველას გვაქვს წაკითხული და თუ მე არ გამახსენდება რომელიმე პერსონაჟის სახელი, მეორე გეტყვის, მესამე და ჩვენც ასე აღვიდგინეთ დავიწყებული სიუჟეტიც.
- პოეზია გიყვართ?
- კი, ძალიან. მართალია, ბოლო წლებში ძალიან აღარ ვეტანები, მაგრამ პრესასა და ლიტერატურულ გამოცემებში ვკითხულობ და ალბათ, ამით ვკმაყოფილდები. თორემ უწინ გალაკტიონ ტაბიძის ლექსები იყო ის წიგნი, რომელსაც პრინციპში, ჯიბითაც კი დავატარებდი.
- ოჯახსა და მეგობრების წრეში თუ გაქვთ წიგნის ჩუქების ტრადიცია?
- დიახ, აქტიურად. ცოტა ხნის წინ ჩემს მეუღლეს შექსპირის სონეტები ვაჩუქე. მას სონეტები მილიონჯერ აქვს წაკითხული და მისთვის ახალი არ იყო, მაგრამ განსაკუთრებულად ლამაზმა პოლიგრაფიულმა გამოცემამ მოხიბლა და ისე მოსწონს, რომ სულ თან დააქვს. მე კი ერთ-ერთმა გამომცემლობამ რობერტო სავიანოს ''გომორა'' მაჩუქა.
- ყველაზე დიდი ემოცია რომელ ავტორსა და წიგნს გამოუწვევია, აი, ისეთი, ცრემლებამდე რომ მისულიყავით....
- ესენი არიან: ''მატეო ფალკონე'', ბალზაკი, ნიკო ლორთქიფანიძე... თანაგრძნობის განცდა პერსონაჟებისადმი უფრო მეტად ''ძველ'' ავტორებთან ხდებოდა, თანამედროვეებთან მსგავსი შეგ-რძნებები არ მახსენდება. თავის დროზე დიდი გავლენა იქონია გოგოლის ნაწარმოებმა ''ვიი''. ძალიან მძიმეა. 16-17 წლის ვიყავი, როცა წავიკითხე და დღემდე ყველაფერი მახსოვს, თან იმდენად მძიმე წიგნია, თითქოს რაღაც მეტკინა. სამი დღე შეშინებული დავდიოდი. ახლა ამ ნაწარმოების მიხედვით ფილმიც გადაიღეს და შეგნებულად არ ვუყურებ. ბოლო პერიოდში კი დიდი გავლენა იქონია ჩემზე ''გომორამ''. იტალიელი ჟურნალისტისა და მწერლის ეს რომანი რეალობაზეა დაფუძნებული და სერიოზული ჟურნალისტური ნამუშევარია, რომელმაც სააშკარაოზე გამოიტანა იტალიის ერთ-ერთი მაფიოზური დაჯგუფების მოღვაწეობა.
- დაბოლოს, ვის გაუოცებიხართ თავისი ნაკითხობითა და მახსოვრობით...
- ცხოვრების განმავლობაში ასეთი არაერთი ადამიანი შემხვედრია. დღესაც ჩემ გარშემო ასეთი ბევრია: მამა, ძმა, გვერდით მყავს მეუღლე. ასე რომ, ვეღარ ვოცდები, რაღაცის გახსენება რომ მინდა, ან არ ვიცი, რომელიმეს დავურეკავ და ვეკითხები, რადგან ისინი მოსიარულე ბიბლიოთეკები არიან (იღიმის).

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS