26 აპრილი, 2014
მაკო კვიტაიშვილს კარგი ხასიათის და სიმპათიური რჩეული ჰყავს
ქართველი კაცია, არის რაღაცები, რაც შეიძლება, არ ესიამოვნოს ცოტა ხნის წინ მაკო კვიტაიშვილმა და მორაგბე გივი ბერიშვილმა პროექტი ''ორი ვარსკვლავი'' დატოვეს. მაკოს მუსიკალური მონაცემების შესახებ სულ ცოტა ხნის წინ ''ახალი ხმის'' საშუალებით გახდა ცნობილი. ალბათ ამიტომაც იყო, რომ საზოგადოების ნაწილი მაკოს ვარსკვლავობას სოციალურ ქსელებში აპროტესტებდა.
ბევრმა არ იცის, რომ ცნობილი ტელეწამყვან ეკა მიშველაძის ქალიშვილი 15 წლის ასაკში ჰოლანდიაში მშობლების გარეშე ცხოვრობდა და მისი პირველი ნაბიჯებიც სასიმღერო კარიერაში სწორედ ამ ქვეყანას უკავშირდება.

- მაკო, ერთი წელი
გავიდა მას მერე, რაც ''ახალ ხმაში'' გამოჩნდი და უკვე ვარსკვლავის სტატუსით მიგიწვიეს ''ორ ვარსკვლავში''. ამან საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა, ამბობდნენ, ეს რანაირი ვარსკვლავიაო. როგორ ხვდები ხოლმე ასეთ მოსაზრებებს?
- კრიტიკას ნორმალურად ვხვდები, მეც ბევრი გამიკრიტიკებია, მაგრამ არა სახალხოდ. ''ახალ ხმაშიც'' არ მაკლებდნენ კრიტიკას. რას ჰგავს, რამხელა პირი აქვს, რამ მოგაწონათო, წერდნენ. თავიდან მწყინდა, მერე მივეჩვიე.
''ორ ვარსკვლავს'' რაც შეეხება, პირადად ჩემი მისამართით კრიტიკა არ წამიკითხავს, ძირითადად პროექტს აკრიტიკებდნენ და ამის გამო დიდად არ მინერვიულია, რადგან პროექტის მიზანი სწორედ ის არის, რომ არაპროფესიონალი აამღეროს. თავიდან შეიძლება, ცოტა ცუდი მოსასმენი იყო, რადგან სცენაზე გამოდიან ადამიანები, რომლებსაც აბაზანაშიც კი არ უმღერიათ.
- თვითონ პროექტის მაყურებელი რომ ყოფილიყავი და არა მონაწილე, როგორ შეაფასებდი?
- არ ვიცი, რატომ გავაკრიტიკებდი, საინტერესო პროექტია, ჩემი აზრით, საქართველოში მეტს ვერ მოითხოვ.
- საქართველოში მოითხოვ ზუსტად მეტს, აქ ხომ ყველა მღერის...
- კი, მაგრამ რისი შესაძლებლობაც არის, ისე კეთდება პროექტი. როცა ვიცი ''რუსთავი 2''-ის, ''იმედის'' ხარისხი, ''დაყრუვდნენ ძროხები''-მეთქი, ნამდვილად არ დავწერ.
- თავიდან სასიამოვნო მოსასმენი არ იყოო, თქვი. როგორ ფიქრობ, დღეს უკვე სასიამოვნო მოსასმენია?
- დღეს, ვფიქრობ, ყველა წინ წავიდა, იმდენად ბევრს მუშაობენ, დიდი წინსვლა იგრძნობა. მას მერე, რაც პროექტი დავტოვე, კონცერტებს დავესწარი და ვფიქრობ, ძალიან ბევრმა დაიწყო სიმღერა.
- გული არ გწყდება, რომ დღეს პროექტში აღარ ხარ?
- პირველად აუტსაიდერებში რომ მოვხვდი, ყბა ჩამომივარდა. მაშინ ვფიქრობდი, რომ არ იყო ის დრო, პროექტი დამეტოვებინა. სხვათა შორის, აუტსაიდერებში მეორედ რომ დავდექი, ვგრძნობდი, რომ პროექტს დავტოვებდი. ერთ რამეს მივხვდი, ეს არ იყო ჩემი პროექტი, ეს იყო გივის პროექტი, გივი ტოვებდა პროექტს და ამით ვიმშვიდებდი თავს. გული დამწყდა მხოლოდ იმის გამო, რომ იმ სიტუაციას გამოვაკლდი.
- ჟიურის შეფასებით ყოველთვის კმაყოფილი იყავი?
- გივიკოს აფასებდნენ სწორად, მაგრამ მე მგონია, რომ ასეთ პროექტში ჟიურიმ მომღერალი არ უნდა შეაფასოს. ეს არ არის მომღერლების კონკურსი, ჩვენ სცენაზე ვიდექით ისე, როგორც მათი დამხმარეები.
- როგორ ფიქრობ, ისწავლა გივიკომ სიმღერა, მომავალში დუეტს ხომ არ ჩაწერ მასთან?
- (იღიმება) არ მგონია, გივიკოსთან დუეტი გავაკეთო. გივიკოსნაირ ადამიანს აქამდე არ ვიცნობდი. ძალიან საყვარელია, კეთილი, მაგრამ მასთან სიმღერის მხრივ მუშაობა აღმოჩნდა ურთულესი. რაღაცას რომ ვეუბნებოდი, არ მისმენდა, სადღაც დაფრინავდა, თავის სამყაროში იყო. მერე, ცოტა მკაცრად თუ ვეტყოდი, რატომ მეჩხუბები, ხმას რატომ მიწევო, მსაყვედუ-რობდა. არასდროს ამიწევია მასთან ხმა, პირიქით, ვცდილობდი, ყველაფერი გამეკეთებინა, რისი შესაძლებლობაც მქონდა. დიდი გამოცდილება ამ კუთხით მეც არ მაქვს, პირველად მომიწია არაპროფესიონალთან მუშაობამ, ცოტა ხნის წინ მეც არაპროფესიონალი ვიყავი. საინტერესო იყო მასთან მუშაობა, მაგრამ რომ ვთქვა, გივიკო ამღერდა-მეთქი, როგორც ანრიმ იყვირა ერთ-ერთ კონცერტზე, მოვიტყუები. შეიძლება, ნერვიულობის ბრალიც იყო, ჩემი ბრალი იყო ალბათ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვჩხუბობდით. ერთხელ სცენაზე გასვლის წინ ვიჩხუბეთ. მითხრა, სიტყვები აღარ მახსოვსო. ამაზე გავგიჟდი. ისე ვიჩხუბეთ, მითხრა, სცენაზე აღარ გამოვალო. მერე ხვეწნა მომიხდა, რომ გამომყოლოდა, სულ ჩემო სიცოცხლე ვეძახე. მართლა მიყვარს, ძალიან საყვარელია.
- დღეს რა ტიპის ურთიერთობა გაქვთ?
- პროექტის მერე ორჯერ ველაპარაკე, მის მერე აღარ გვილაპარაკია.
- მომეჩვენა, თუ გივიკოს თვალებში გულები ენთო, შენთან ერთად რომ იდგა სცენაზე?
- (იცინის) არა, არა, გივიკოს მეუღლე და ოთხი თვის შვილი ჰყავს. უბრალოდ, მას ჩემი იმედი ჰქონდა სცენაზე, თვალებით, ხელებით ვანიშნებდი, როდის რა უნდა ექნა, ამიტომაც შემომციცინებდა თვალებში.
- შენს პირადში რა ხდება?
- შეყვარებული ვარ. ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობდით და რამდენიმე თვის წინ აღმოჩნდა, რომ გრძნობები გვაკავშირებდა. მუსიკა უყვარს, კარგი მსმენელია, გემოვნებაც კარგი აქვს ამ მხრივ, მაგრამ სიმღერასთან პროფესიულად არ არის დაკავშირებული.
- სიმპათიურია?
- ძალიან. ჩემზე ოდნავ მაღალია, გამხდარი. კარგი ხასიათი აქვს.
- არაფერზე ჩხუბობთ?
- ელემენტარულ რაღაცებზე ვჩხუბობთ, დიდი კონფლიქტი არ გვქონია. ისეთს არაფერს ვაკეთებ, რომ არ მოეწონოს. ქართველი კაცია, არის რაღაცები, რაც შეიძლება, არ ესიამოვნოს.
- მაგალითად?
- არ მინდა ასე დაწვრილმანება, შეიძლება, არც ეს ესიამოვნოს.
- დედა იცნობს?
- კი, დედაც და ჩემი დაც, მეგობრობენ კიდეც. ჩემს კონცერტებზე დადიოდა, ერთი არ გამოუტოვებია. სანამ სცენაზე გავიდოდი, მესიჯებს მწერდა, მამხნევებდა.
- მაკო, ვიცი, რომ კლიპზე მუშაობ...
- ეს იქნება ჩემი პირველი კლიპი, მომღერალ მაიკლ გურთან ერთად. ეს არის ჩემი და მაიკლის ერთობლივი ნამუშევარი. სიმღერა უცხოელ კომპოზიტორს ეკუთვნის, ტექსტი ჩვენია. მაიკლი რეპავს, მე ვმღერი. სიმღერა უკვე დევს ''იუთუბზე''. მე და მაიკლი კლიპში შეყვარებულები ვართ. დრამაა, დიდი სამსახიობო ნიჭის გამოვლენა მომიწევს.
- როგორი იმიჯი გექნება კლიპში?
- ჩვეულებრივი, არაფერი განსაკუთრებული. სხვადასხვა ლოკაცია გვაქვს კლიპის გადასაღებად. გუშინ ერთი გადაღება უკვე გვქონდა.
- მაკო, შენი მთავარი პროფესია რა არის?
- ტანსაცმლის დიზაინერი ვარ, სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობ, მომავალ წელს ვამთავრებ, მაგრამ მინდა, კიდევ ერთ პროფესიას დავეუფლო - მსახიობობას. ოღონდ არა საქართველოში, საზღვარგარეთ მინდა გავაგრძელო სწავლა.
- ბავშვობაში ჰოლანდიაში უკვე მოგიწია ცხოვრებამ, როგორ გახსენდება ეს პერიოდი?
- მაშინ 15 წლის ვიყავი. მინდოდა, დამოუკიდებელი გავმხდარიყავი, მშობლებზე დამოკიდებული აღარ ვყოფილიყავი. გამომივიდა, საჭმელებსაც ვაკეთებდი და თავსაც მშვენივრად ვუვლიდი, მაგრამ ''სკაიპში'' ოჯახის წევრებს რომ ვუყურებ ვუყურებდი, როგორ ვახშმობდნენ ერთად, გული მიჩუყდებოდა. ბევრს ვტიროდი, ოჯახი მენატრებოდა. იმ ერთი წლის განმავლობაში ჰოლანდიურ სკოლაში ვისწავლე. ბოლო კლასი იქ დავამთავრე. ეს იმ პირობებში, როცა ენაც არ ვიცოდი, მასწავლებლები ინგლისურად მიხსნიდნენ გაკვეთილებს. ჩასვლიდან 4 თვე არაფერი მესმოდა. მერე ლექსიკონი მოვიშველიე და ვისწავლე ენა. ისე მოვერგე იქაურობას, მეგობრები მეუბნებოდნენ, შენ ჰოლანდიელი ხარ, არ გიყვარს არავინო. დღემდე ვეკონტაქტები იქაურ მეგობრებს და იმ ოჯახს, სადაც ვცხოვრობდი. სწორედ იმ პერიოდმა განაპირობა, რომ დღეს მე ვმღერი. შავკანიანი მეგობარი გოგონა მყავდა, რომელიც ისე მღეროდა, გაგიჟებული ვიყავი, მე რატომ არ უნდა გამომივიდეს-მეთქი, ვფიქრობდი. ამ გოგონამ მომანდომა სიმღერა და ვისწავლე კიდეც. ბევრი ვიმუშავეთ და ერთად გავედით სკოლის ტალანტებში. გავიმარჯვეთ. დავბრუნდი საქართველოში და 18 წლის ასაკში გავედი ''ჯეოსტარზე''. ბოლო კასტინგამდე მივედი, მეტი ვერ შევძელი. მერე უკვე იყო ''ახალი ხმა'' და ''ორი ვარსკვლავი''.
- სამომავლოდ რას გეგმავ?
- სასიმღერო და სამსახიობო კარიერას, ოღონდ სხვა ქვეყანაში.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS