29 მაისი, 2013
მაგდა ანიკაშვილის ყველაზე მძიმე პერიოდი...
საარჩევნო პერიოდში მოწყვეტილი ვიყავი ოჯახს, ბავშვს. დიდი ხანია, რაც პრესასთან აქტიურად აღარ თანამშრომლობს, არც პირად ცხოვრებაზე უყვარს საუბარი. მაგდა ანიკაშვილი პოლიტიკაში ჟურნალისტიკიდან მოვიდა. მისი პერსონა არასოდეს იწვევდა გაღიზიანებას და არც სკანდალებით გამოირჩეოდა. მაგდაზე საზოგადოება განსაკუთრებულად მას შემდეგ ალაპარაკდა, როდესაც ბავშვის გაჩენის შემდეგ მეუღლეს, დათო გოგოლაშვილს დაშორდა. ამჯერად ინტერვიუ პოლიტიკურ თემებზე ჩავწერეთ, თუმცა საუბრის ბოლოს პირადსაც ვერ ავცდით.

- მაგდა, დღეს რას საქმიანობთ?
- ''ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის'' წევრი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შემდეგ პარტია აღარ არის
აქტიურ პოლიტიკაში, ის საკითხები, რაზეც მე ვმუშაობდი, არსად გამქრალა. მძიმე საარჩევნო კამპანიის შემდეგ ყველამ დავისვენეთ. ახალ წლამდე ტელევიზორსაც არ ვრთავდით. როდესაც შრომის კოდექსი გამოქვეყნდა, იქ არაფერი იყო ნათქვამი დეკრეტულ შვებულებაზე, რაზეც ყველაზე აქტიურად ვმუშაობ. ამ თემაზე ჟურნალისტებმაც დამირეკეს, უბრალო მოქალაქეებმაც და ისევ ჩავერთე ამ პროცესში. სულ არ ვფიქრობ, რომ რადგან საპარლამენტო ბარიერი ვერ გადავლახეთ, უარი უნდა ვთქვათ ჩვენს ინიციატივებზე. ისიც ცხადია, რომ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე მედიის მეინსტრიმში ვეღარ ხვდები (იღიმება), თორემ პრესკონფერენციებით, სოციალური ქსელით, საგაზეთო პუბლიკაციებით ყოველთვის ვცდილობთ, ხმა მივაწვდინოთ ამომრჩევლებს. იმედი მაქვს, პოლიტიკური ბრძოლა აღარ იქნება მთავარი ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში და წინა პლანზე ადამიანი და მისი პრობლემები წამოიწევს.
- ინგა გრიგოლია, რომელიც თქვენი პარტიის წევრი იყო არჩევნებამდე, დღეს პოლიტიკაში წასვლას ნანობს. თქვენ არ გინანიათ ეს გადაწყვეტილება?
- ინგა გაცილებით მძიმე მდგომარეობაში იყო, ვიდრე მე მთელი ამ წლების განმავლობაში. ჩემი სფერო იყო ჯანდაცვა და სოციალური საკითხები, ეს არ იყო ისეთი მწვავე საკითხები და ვიღაცებში აგრესიას არ იწვევდა, როგორც ინგას შემთხვევაში. ინგა მაინც ყოველთვის წინა პლანზე იყო, ძალიან ძლიერი ადამიანია. მახსოვს, წინასაარჩევნო კამპანია მართლაც უმძიმესი იყო მისთვის. ჩვენ არ ვერიდებით მის გადაწყვეტილებაზე საუბარს, თავადაც არაერთხელ ულაპარაკია. ეს იყო ემოციურად მიღებული გადაწყვეტილება, ბოლო პერიოდში მასზე განხორციელებული არაადამიანური ზეწოლის შედეგი. ეს იყო მუქარები, სოციალურ ქსელში მიწერილი შემაძრწუნებელი ტექსტები. ის იმდენად ემოციურია, ცოცხალი და იმდენად შედის კონტაქტში საზოგადოებასთან, რომ დარტყმა პირდაპირ მასზე წამოვიდა. მე პირიქით მადლიერი ვარ, როგორც აეწყო პოლიტიკაში ჩემი გზა.
- თქვენი პერსონა აგრესიას არ იწვევდა არც ერთ პოლიტიკურ მხარეში.
- ჩემი ხასიათიდან და ტემპერამენტიდან გამომდინარე, ისეთი სფერო ავირჩიე, რომელიც ასევე არ იწვევდა აგრესიას, თორემ არ ყოფილა საკითხი, რაზეც თამამად არ მილაპარაკია. არ მახსოვს, ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრებისგან აგრესია ყოფილიყო.
- ქალბატონებისადმი აგრესიით ახალი პარლამენტიც გამოირჩევა.
- როდესაც საპარლამენტო სხდომებს ვუყურებ, ხანდახან ვფიქრობ, ბედნიერი ვარ, იქ რომ არ ვარ. ადამიანურად ძალიან მძიმეა საჯარო შეურაცხყოფა მაშინ, როდესაც პირისპირაც მძიმე ასატანია.
- გკითხეთ, ხომ არ გინანიათ პოლიტიკაში წასვლა.
- არა, იმიტომ, რომ ძალიან საინტერესო წლები გავატარე. უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანი და დიდი გამოცდილება დავაგროვე. მიმაჩნია, რომ ეს წლები იმდენად ნაყოფიერი იყო ჩემთვის, ეს გამოცდილება არ მაძლევს საშუალებას, სხვაგან წავიდე.
- ნებისმიერი პარტიისთვის ცნობილი პოლიტიკოსი ქალბატონი კარგი მონაპოვარია. არ გქონიათ შეთავაზება სხვა პოლიტიკური პარტიებიდან?
- ასეთი შემოთავაზება უშედეგო იქნებოდა. მე შემთხვევით არ მოვხვედრილვარ ამ პარტიაში. ჩემი პოლიტიკაში ყოფნა ამ გუნდთან ასოცირდება. თუ აქ აღარ ვიქნები, მაშინ პოლიტიკიდანაც წავალ.
- საინტერესო იქნება თქვენი შეფასება დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაზე. რა ხდება ''ნაციონალურ მოძრაობასა'' და ''ქართულ ოცნებას'' შორის?
- საინტერესო პროცესია, რასაც მე მგონი, არავინ ელოდა, როდესაც არჩევნებზე მიდიოდა. ეს არ იყო ჩვეულებრივი არჩევნები, ეს იყო რეფერენდუმი - რჩება თუ არა სააკაშვილის ხელისუფლება. უმრავლესობამ თქვა არა. რაღაცნაირად ისე ხდება, რომ ეს გადაწყვეტილება ცხოვრებაში არ გატარდა და მივიღეთ ეს უცნაური სიტყვა - კოაბიტაცია, რომელიც თავიდან ირონიის საგანი იყო და შემდეგ ჩვეულებრივ დამკვიდრდა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვეთანხმებით პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ სწორია, როდესაც ქვეყანაში ყოფილი სახელისუფლებო გუნდი პარტიად რჩება, მაგრამ ჩვენ ვისმენდით, რომ ყველას მიმართ კანონი იქნებოდა მკაცრი, ვისაც ბრალი მიუძღვოდა წინა რეჟიმის დროს. მიუხედავად იმისა, რომ არის დაბარებები, სერიოზული დებატები, ბრძოლა პარლამენტში, მაინც ძალიან მშვიდობიან თანაცხოვრებასთან გვაქვს საქმე. ხალხს სხვა განცდა ჰქონდა, სხვა ინფორმაცია...
- როგორ ფიქრობთ, ''ოცნება'' გაუცრუებთ იმედს?
- საბოლოო ჯამში, არჩევნებიდან არც ისე დიდი დროა გასული. ჩვენ კი რაღაცები უფრო სწრაფადგვინდა. მე რაზეც მწყდება გული, დაბარება იქნება, დებატი პარლამენტში თუ შეხლა-შემოხლა, ამით პრობლემები იფარება. საარჩევნო კამპანიის დროს სამი ყველაზე მწვავე თემა შემიძლია მოგიყვანოთ მაგალითად: დეკრეტული შვებულებები, ონკოლოგიური დაავადებები, უმწეოთა დახმარების პროგრამა. ამ სფეროში არაფერი შეცვლილა.
- თქვენ რომელ მინისტრს გამოარჩევდით, ვინც საქმეს აკეთებს?
- მე შემიძლია, ვიმსჯელო ჯანდაცვის მინისტრზე, რომელიც ნამდვილად პროფესიონალია, კობა დავითაშვილის პრეტენზიები მის მიმართ უსაფუძვლო იყო. იქ იყო საუბარი სადაზღვევო კომპანიების ლობირებაზე, რაც აბსურდია, პირიქით, კანონს იღებენ, რომელიც საზიანოა მათთვის, რაც კიდევ ცალკე საკამათო თემაა, მაგრამ პიროვნულად მინისტრის მიმართ არ შეიძლება, პრეტენზიები იყოს. რისი საშუალებაც არსებობს, აკეთებს.
- რამდენიმე თვეში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, ''ქართულმა ოცნებამ'' უკვე დაასახელა თავისი კანდიდატი. იცნობთ პირადად გიორგი მარგველაშვილს?
- (იღიმება) ''რუსთავი 2''-ის დილის გადაცემის წამყვანი ვიყავი, როდესაც რექტორის რანგში მყავდა სტუმრად. ეს იყო საეთერო ინტერვიუ და განათლების საკითხებს ეხებოდა. მას შემდეგ არ შევხვედრივარ. ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ბატონი გიორგი რა თვისებებით გამოირჩევა, თუმცა ამ თემაზე ბევრს ლაპარაკობენ. სასიამოვნოა, რომ ასეთი არაჩვეულებრივი პიროვნებაა, მაგრამ პოლიტიკური დაკვეთა საზოგადოების მხრიდან ბალანსია. პრეზიდენტი უნდა იყოს მთავრობის დამბალანსებელი, მიუხედავად იმისა, რომ მას უფლებები შეკვეცილი ექნება ახალი კონსტიტუციის პირობებში, მაინც არ გვინდა, ერთი ბირთვი მართავდეს ქვეყანას. მთავარი მოთხოვნაა, რომ პრეზიდენტი არ იყოს ასე დაახლოებული მმართველ გუნდთან. არასწორად მიმაჩნია იმის თქმა, ''ქართულმა ოცნებამ'' რატომ არ დაასახელა ვინმე უცხო კანდიდატი. ეს წარმოუდგენელი იქნებოდა. ამ შემთხვევაში საზოგადოებამ უნდა გააკეთოს არჩევანი და მიხვდეს, რომ გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობა არაფერს შეცვლის. მან აღიარა კიდეც ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ თუ თავისი გუნდის რომელიმე გადაწყვეტილებას არ დაეთანხმება, ვერ გააკრიტიკებს.
- აპირებთ თუ არა ''ქრისტიან-დემოკრატები'' თქვენი კანდიდატის წარდგენას?
- ვაპირებთ აქტიურობას წინასაარჩევნო კამპანიისას. ისედაც დიდი პაუზა გავაკეთეთ და ვფიქრობ, ისეთი პარტიის არსებობას აზრი არ აქვს, რომელიც არჩევნებში არ მონაწილეობს. ვინ იქნება ჩვენი კანდიდატი ან რომელი პარტიის კანდიდატს დავუჭერთ მხარს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ გვეყოლება საპრეზიდენტო კანდიდატი, ჩვენ წარვადგენთ რომელიმე სხვა კანდიდატს. დღეს გარკვეული მოთხოვნილებაა, რომ ''ქართულ ოცნებას'' არასაპარლამენტო პარტიებმა შესთავაზონ საერთო კანდიდატი, თუმცა ამას სერიოზული კონსულტაციები სჭირდება.
- პრეზიდენტის დღევანდელ მდგომარეობას როგორ შეაფასებდით?
- ''ნაციონალური მოძრაობა'' და საქართველოს პრეზიდენტი მართლა გუშინდელი დღეა ამ ქვეყნის და სამწუხაროდ, ამას ყველა ვერ აანალიზებს. პირიქით, ისეთ აზრს ქმნიან, თითქოს ისინი დღეს ისევ აქტიური ფიგურები არიან პოლიტიკაში. თითქოს ჩვენს პოლიტიკას ''ნაციონალური მოძრაობის'' აჩრდილი მოჰყვება, თითქოს კიდევ არის მათი ხელისუფლებაში დაბრუნების საფრთხე.
- როგორ ფიქრობთ, ეს გამორიცხულია?
- რა თქმა უნდა, ''ოცნებაც'' გულწრფელი უნდა იყოს და ხალხს ეს უნდა აუხსნას. ამ ძალისთვის ძალიან კომფორტულია ''ნაციონალური მოძრაობის'' აჩრდილის ქვეშ მმართველობა. ნებისმიერ კრიტიკასა და პრობლემაზე შეუძლიათ თქვან, რომ ნაციონალები კიდევ აქ არიან. როდესაც პარლამენტში დებატები მიდის, ნებისმიერი მწვავე დისკუსია ამ სიტყვებით მთავრდება, შენ ის არა ხარ, იქ რომ იმას აკეთებდი. მიდის დაპირისპირება, კინკლაობა და საზოგადოების ყურადღების გადატანა პოლიტიკურ შოუზე, რაც ახანგრძლივებს მწვავე პრობლემების მოუგვარებლობას.
- პოლიტიკიდან უფრო სასიამოვნო თემაზე გადავიდეთ. თქვენს შვილზე მოგვიყევით.
Rating- პირველი ოქტომბრის შემდეგ ძალიან ბედნიერი პერიოდია ჩემს ცხოვრებაში. ნებისმიერი დედისთვის არ არსებობს შვილზე უფრო მნიშვნელოვანი რამ. მძიმე საარჩევნო პერიოდში მოწყვეტილი ვიყავი ოჯახს, ბავშვს. გახსენებაც არ მინდა, ისეთი მძიმე თვეები იყო. მყავს ორწლინახევრის ალექსანდრე. ძალიან დიდი ვაჟკაცია.
- ფიზიკურად თქვენ გგავთ.
- თითქოს უფრო მამას ჰგავს, მაგრამ მგონი, ორივეს. ბავშვის გაზრდაში დედა და ძიძა მეხმარებიან, მაგრამ მეც აქტიური მშობელი ვარ. ორივეს გვიყვარს სეირნობა, ათვისებული გვაქვს ყველა პარკი, ატრაქციონი. თვითონ მინდა, რაც შეიძლება გავართო და გავახალისო. როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, სადმე მიმყავს.
- პირადი ცხოვრების შესახებ გკითხავთ.
- ამ თემაზე არ მიყვარს საუბარი.
- მარტო ზრდით ბავშვს?
- ჩემს მშობლებთან ვცხოვრობ. მამამისი დათოც აქტიურად არის ჩართული ბავშვის აღზრდაში. ძალიან კარგი მამაა, სამაგალითო.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
ნინო
მაგდა არის ადამიანი , რომელიც კეთილ ადამიანებს შეუყვარდებათ და ბოროტებში სიძულვილს და აგრესიას გამოიწვევს.იმიტომ რომ ძალიან დადებითია
21:58 / 31-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუკი
კარგი ადამიანი ჩანხარ
13:17 / 31-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გულნაზი
გაიხარეთ, როგორც ჩვენ გვახარებდით თქვენი ცქერით
12:26 / 31-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თინა
სულ არ მაინტერესებს ვინ რას იტყვის ამ ადამიანის პირად ცხოვრებაზე. მაგდა არის მისაბაძი თავისი პოზიტიურობით.აი, ასეთი წამყვანები აკლია ქართულ ტელესივრცეს, რო მაყურებელი გადართოს და გაახალისოს.მომენატრა ასეთი დადებითი ადამიანის ყურება
12:25 / 31-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ჩვენ მოგვწონს მაგდა ანიკაშვილიიიიიიიიი
09:31 / 31-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS