25 აპრილი, 2014
ხუთი წლის წინ ჩუმად გადაღებული აფხაზეთი და თბილისი, რომელსაც ღიმილი შეუძლია
ოჩამჩირის ტერიტორია მთლიანად განადგურებული იყო. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ნათესავებთან ერთად ვყოფილიყავი დემეტრე დათიაშვილი 15 წლის იყო, როდესაც სოხუმი გადაიღო. ოჯახთან ერთად საზღვარი გადაკვეთა და ხუთი წლის წინანდელი საქართველო ფოტოზე აღბეჭდა. ის ემოცია დღემდე ახსოვს და შეუძლია, ნანახის შესახებ დაუსრულებლად ილაპარაკოს. ახლა ძალიან საინტერესო პროექტს შეეჭიდა. სურს, მსოფლიოს გააცნოს ''თბილისელი ადამიანები'', რომლებიც იღიმიან.

- 19 წლის ვარ, დავიბადე და გავიზარდე თბილისში. სახელმწიფო მართვის ფაკულტეტზე საერთაშორისო ურთიერთობების განხრით ვსწავლობ. ერთ დღეს მამასთან ერთად რუსთავში მივდიოდი და უცებ
მთების ლამაზი კადრი დავინახე... მიუხედავად იმისა, რომ პეიზაჟის მოყვარული არ ვარ, ძალიან მომინდა გადამეღო. მშობლებმა ფოტოაპარატი მიყიდეს, რის შემდეგაც ყველაფერს ვიღებდი, ფოთლებს, ხეებს. შემდეგ ქართულ ფორუმებზე დავრეგისტრირდი, სადაც ძირითადად ფოტოხელოვანები იყვნენ და იქ ბევრი რამ ვისწავლე. პირველი სერიოზული კადრი ზესტაფონში გადავიღე, ხიდის ქვეშ მათხოვარი იჯდა.

Rating

- ყველაზე კარგად რისი ან ვისი გადაღებისას გრძნობ თავს?
- ჩემს ჟანრს, რომელზეც ძირითადად ვმუშაობ, სიუჟეტური პორტრეტები ჰქვია. მთავარია, ადამიანში ემოციას ვხედავდე, მეტყველი სახე ჰქონდეს და ჩანდეს, რა სტკივა.

Rating

- აფხაზეთში როგორ მოხვდი?
- 2010 წელს მშობლებთან ერთად წავედი, იქ ნათესავები გვყავს. ძალიან ბევრი სურათი ჩამოვიტანე, გადავიღე ახალი ათონის მამათა მონასტერი, ეს არის ერთ-ერთი ულამაზესი ტაძარი, რაც ცხოვრებაში მინახავს. შენობების 10% კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ დანარჩენი განადგურებული იყო. მაგალითად, მთავრობის სახლი, რომელიც საშინელ მდგომარეობაშია და მათთვის გამარჯვების სიმბოლოა. ოჩამჩირის ტერიტორია მთლიანად განადგურებული იყო. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ნათესავებთან ერთად ვყოფილიყავი, რადგან იქ მცხოვრები აფხაზები ჩვენ მიმართ დადებითად არ არიან განწყობილნი.

Rating

Rating

Rating

- შენს ფოტოარქივში სასაფლაოზე გადაღებული ფოტოებიც ვნახე.
- ძირითადად ფოტოებს მაშინ ვიღებ, როდესაც სოფელში მივდივარ. ეს ფოტოები ორი წლის წინ, აღდგომის დღესასწაულზე გადავიღე, ქუთაისის რაიონ სოფელ კურსებში. მიყვარს შავ-თეთრი სურათების გადაღება, უფრო კარგად მოდის ადამიანური ემოცია. თან, რასაც მე ვიღებ, უხდება.

Rating

- ნუდზე თუ გიმუშავია?
- დიახ, მაგრამ ძირითადად მარტივი ფოტოებია. გოგონას ცალი ძუძუ უჩანს, თუ ჩათვლით, რომ ეს ნუდია, არ ვიცი. ასევე გადაღებული მყავს კიდევ ერთი გოგონა, მაგრამ მისი ფოტოები სოციალური ქსელიდან წავშალე. სახე უჩანდა და იცნეს, ამას პრობლემები მოჰყვა. ნუდის გადაღების სურვილი მაქვს, მაგრამ დიდ პრობლემას უკავშირდება, ვიღაც ვიღაცის ნათესავია (იღიმის). ამას მირჩევნია, ჩაცმული ხალხი გადავიღო.

Rating

- დემეტრე, შენი გადაღებული ფოტოებიდან განსაკუთრებულად რომელი გიყვარს?
- ცოლ-ქმარი, რომელიც ჩემს სოფელში ცხოვრობს, მხიარული და კარგი ადამიანები არიან. ძალიან სახასიათო ფოტო გამოვიდა. მაგარი ტიპაჟები არიან. ასევე მიყვარს ბავშვთა სახლის ფოტოების სერია.

Rating

Rating

- სწავლის პარალელურად, რამდენად გრჩება დრო გადაღებისთვის?
- გასულ წელს აბიტურიენტი ვიყავი და ვერ ვახერხებდი გადაღებას. წელს
მშობლებმა დაბადების დღეზე ძალიან კარგი ხარისხის ფოტოაპარატი მაჩუქეს, რის შემდეგაც ყველაფერი თავიდან დავიწყე. ახლა ვმუშაობ პროექტზე – Hu­mans of Tbilisi. ეს გვერდი სოციალურ ქსელში მე და ჩემმა მეგობრებმა შევქმენით და ფოტოების გადაღება დავიწყეთ. სოციალურ ქსელში არის ამერიკული გვერდი Humans of New York, რომლის ანალოგიც გავაკეთეთ. არსებობს მოსაზრება, რომ თბილისში მხოლოდ მოღუშულსახიანი ადამიანები დადიან. რეალურად ყველა მათგანს შეუძლია გაღიმება. ყველას აქვს საკუთარი ისტორია, რასაც ფოტოს გადაღების შემდეგ ვიწერთ და სურათთან ერთად ვაქვეყნებთ. ძალიან საინტერესო პროექტია. ამ გვერდის მთავარი მიზანია, თბილისი მსოფლიოს გავაცნოთ. არანაირი ფინანსური მხარდაჭერა და დაინტერესება არ გვაქვს. არავინ დაიჯეროს, რომ აქ ცუდი ხალხი ცხოვრობს, თბილისში ღიმილი ყველას შეუძლია.

Rating

- რამდენად ადვილია მათი დათანხმება გადასაღებად?
- მაინც ეშინიათ, რაიმე ცუდისთვის ხომ არ გვინდა გადაღება, როდესაც ვუხსნით, რომ გვინდა, თბილისი მსოფლიოს გავაცნოთ, მაინც ადვილად გვთანხმდებიან. თბილისი მარტო პეკინის ქუჩა, რუსთაველი, ჭავჭავაძე და ''პლეხანოვი'' არ არის, გვინდა, ქალაქის გარეუბნებშიც გავიდეთ და იქაც გადავიღოთ. სხვათა შორის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამინდს. როდესაც ხელს არ გვიწყობს, ხალხი ძირითადად ცუდ ხასიათზეა და უარს გვეუბნებიან. ადამიანების არჩევისას არანაირი პრინციპი არ გვაქვს, უბრალოდ ვცდილობთ, ერთ დღეს სხვადასხვა ტიპი გადავიღოთ. შეგვხვდა მამაკაცი, რომელიც 9 აპრილის მემორიალთან მარტო იდგა და ტიროდა, ასევე განსაკუთრებულად მახსენდება მოხუცი, რომელიც სკვერში ვნახე და ჩვენ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:
''- ფოტო როდის შეიძლება გამოგართვა?
- გააჩნია, თქვენ აქ რა სიხშირით ხართ.
- მე სულ აქ ვარ. რაც შვილი გარდამეცვალა, ნევროზი მაქვს და ამ სკვერში ვმშვიდდები. როცა შეძლებ აქ ჩამოვლას, თან გქონდეს ფოტო და მომეცი''
. - სამწუხაროდ, იმ ადგილას რომ მივედი, აღარ დამხვდა, არადა, სურათი დავბეჭდე და მინდოდა გადამეცა. ამ დღეებში აუცილებლად შევივლი, იქნებ, დამხვდეს.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნათია
ძალიან, ძალიან კარგი თბილისელი ბიჭი ხარ. არ დაიჯერო, გულშიდაც არ გაივლო რომ აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, აფხაზეთი საქართველოა და იქ ქაღთველები ცხოვრობდნენ იმ თავიდანვე. კარგია ახლოს გიცნობდე და ამახსნევინა შენთვის როგორ აღმოჩდნენ აფხაზეთში აფსუები და როგორ დაირქვეს თავადაც და აფხაზეთსაც აფხაზები. როგორც აფხაზისთვის არის ქართლი და იმერეთი სამშობლო,ისევე შენთვისაა აფხაზეთი. ეს მთლიანად საქართველოა. გაიხარე კარგო თბილოსელო ქართველო ბიჭო, გაბედნიერდი და იცოცხლე დიდხანს.
14:20 / 26-04-2014
გამოხმაურება / 0 /
*******
მონდომებული ბიჭი ჩანხარ და წარმატებებს გისურვებ. ისე კურსები ქუთაისის რაიონი არ არის,ტყიბულის რაიონია.
13:01 / 25-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS