ჩვეულებრივ სუპერმარკეტებში დიდი არჩევანი არ გვაქვს
ამ კვირის "გემო-მეტრის" სტუმრები გიგი გაჩეჩილაძე და მაკა ზამბახიძე არიან. მათგან შევიტყობთ, სად უყვართ საყიდლებზე სიარული და კვების რომელ ობიექტებს ანიჭებენ უპირატესობას.გიგი:
- რუსთაველის "სმარტი" მიყვარს და ძალიან ხშირად დავდივარ საბურთალოსა და დიღმის "გუდვილშიც".ხშირად ''ნიკორასაც" ვსტუმრობ რძის პროდუქტების საყიდლად. დანარჩენ ადგილებში არ არის ის რაღაცები, რისი ყიდვაც მე მიყვარს. ჩვეულებრივ სუპერმარკეტებში დიდი არჩევანი არ გვაქვს. სიგარეტზე, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ მაღაზიაშიც შევდივარ. სუპერმარკეტებში, სიმართლე რომ გითხრათ, ძირითადად, სოუსებისთვის დავდივარ,
- როცა გშია, სად მიდიხარ?
- ხშირად არ ვჯდები არსად, ამიტომ ძირითადად გავლით ვყიდულობ და ისეთი დაწესებულებების ხშირი სტუმარი ვარ, საიდანაც მზა კერძის სახლში წაღებაა შესაძლებელი. Coffe In-ში, "მაკდონალდსში" და ასეთ ადგილებში ხშირად დავდივარ.
ქართული სამზარეულო მიყვარს, მაგრამ იშვიათად ვეტანები, მხოლოდ ახალ წლებსა და დღესასწაულებზე. ქართულ რესტორანში საერთოდ არ დავდივარ. თუ ქუთაისში მომიხდა წასვლა, სადაც ჩვენ ცეკვის ფედერაციის წევრები გვყავს, მაშინ შევდივარ, მეტი არსად. წლებია, ქართულ რესტორანში არ ვყოფილვარ. კიდევ მიყვარს "ჰუკა ლაუნჯი" ვაკეში, ჩემი მეგობრისაა და თითქმის სულ იქ ვარ, რადგან წყნარი და კარგი გარემოა. თუ სადმე ვაპირებ დაჯდომას, იქ მივდივარ.
- შენი საუბრიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ უფრო მეტად სწრაფ კვებას ანიჭებ უპირატესობას. რატომ?
- იმიტომ, რომ ძირითადად დროის დეფიციტი მაქვს. თუ სადმე დავჯექი, ძირითადად უფრო შეხვედრებზე, თუკი ჩემი არჩევანია, მაინც სწრაფი კვების ობიექტებს ვამჯობინებ, სადაც მანქანიდან გადმოსვლა არ მომიწევს. შეიძლება, ზარმაცი ვარ, მაგრამ რა ვქნა.
- ეს წონაზე არ აისახება?
- რა თქმა უნდა, აისახება, ამიტომ ვცდილობ, რაც შეიძლება ცოტა ვჭამო და ძალიან ბევრს ვვარჯიშობ. თავისას მაინც შვრება, მაგრამ იმდენს ვერა, რამდენიც შეიძლება სხვაზე აისახოს.

მაკა:
- სუპერმარკეტებში ხშირად დავდივარ და ყველაზე ხშირად გემრიელობებს ვყიდულობ. ძალიან მსუნაგი ვარ და ყველაფერი, რაც გემრიელია, მიყვარს. ძალიან ხშირად დავდივარ ''ნიკორაში", მიყვარს ამ კომპანიის რძის ნაწარმი და სოსისი. ''გუდვილში" და ''ფრესკოშიც" ხშირად შევდივარ. თავისთავად საყოფაცხოვრებო ნივთებსაც აქ ვყიდულობ.
- სად იკვებები?
- ''გუსტოში'' და Four Seasons-ში, ძალიან მიყვარს და უგემრიელეს კერძებს ამზადებენ. ''გუსტოში'' სასწაული ზღვის პროდუქტების სუპი აქვთ, რომელსაც ხშირად გეახლებით. სადაც ყველაზე გემრიელ ხინკალსა და მწვადს ამზადებენ, იმ ადგილებზე ხომ ვგიჟდები. ბევრგან არის ასეთი ადგილი. ყველაფერი გემრიელი სიგიჟემდე მიყვარს, მაგრამ წონის გამო ხანდახან თავს ვიკავებ, რადგან ყველაფერი კარგად მერგება.
- დესერტი?..
- დესერტი ჩემი სუსტი წერტილია. გამორიცხულია დღე, რაღაც ტკბილეულს არ შევექცე. ბრაუნი, კრემიანი და თხილიანი ნამცხვრები მიყვარს. კექსი უფრო ბოლო ვარიანტია. ხშირად ვამზადებ შოკმანჟეს, ახლა ჩემმა შვილმაც ისწავლა და სახლში ხშირად გვაქვს. ისე უფრო ხში-რად ან ვყიდულობ, ან ასეთ ადგილებში მივირთმევ.
ეკა ჩიკვაიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''




















