24 აპრილი, 2014
როდის წვება საჭესთან კობა ბარათელი
გამოვვარდი მაღაზიიდან, ვყვირი, სად მიგყავთ-მეთქი, თან ვიგინები ''რუსთავი 2''-ის იუმორისტმა კობა ბარათელმა მანქანის მართვა მამის დახმარებით ისწავლა. პირველივე მცდელობაზე ეზოში მდგარი ნაძვის ხე მანქანის ნაწილებით ''მორთო''. ამ ინციდენ-ტის შემდეგ მამამ მართვის უფლება ჩამოართვა და იძულებული გახდა, მძინარე მამისთვის გასაღები მოეპარა. შემდეგ საჭესთან დაჯდომის სანაცვლოდ მანქანას რეცხავდა. ბოლოს ისე გაიწაფა, მართვის მოწმობაც აიღო და პირველი მანქანა, ''ოპელი'' შეიძინა. ახლა ''ჰიუნდაის'' საჭეს უზის.

- კობა, მანქანის მართვა ვინ გასწავლა?
- მამამ. მაშინ მამაჩემს ''ვაზ 21-011'' ჰყავდა. თავიდან
უბრალოდ ვჯდებოდი მანქანაში საჭესთან, გასაღებსაც არავინ მაძლევდა. ვიჯექი და სიჩქარეების კოლოფს ვაწვალებდი, თეორიას ვსწავლობდი. ჩემს ბავშვობაში ხომ ავტომატიკა არ იყო მოდაში. პირველად დაქოქოლ მანქანაში რომ ჩავჯექი, კორპუსთან მდგარ ნაძვის ხეს დავეჯახე. მაშინ სოხუმში ვცხოვრობდით. ვერ დავარეგულირე კონუსისა და გაზის ურთიერთობა და რამდენჯერმე ჩამიქრა. ბოლოს მამაჩემმა მითხრა, გაზს თამამად მიაჭირე ფეხიო. ისე მივაჭირე... ნაძვის ხე აღარ დგას იქ. მეც არ ვიქნებოდი, მამაჩემს ხელის მუხრუჭი რომ არ გამოეყენებინა. ასე რომ, პირველივე ჩემი დაჯდომა დაქოქილ მანქანაში კრახით დამთავრდა.
- მამა გაგიბრაზდა?
- კი, ორთვიანი ''ლიშენია'' მომცა. მაგრამ არ შევურიგდი ამ ამბავს, მამა რომ დაიძინებდა, ჩუმად ვპარავდი მანქანას. ერთხელ სათადარიგო გასაღები მოვიპარე, ავტოფარეხის გასაღებიც ჩუმად ამოვაცალე მძინარეს ჯიბიდან და გამოვიყვანე მანქანა. 300 მეტრი გავისეირნე და დავა-ბრუნე უკან. მერე გარეცხვას ვიმიზეზებდი და მათხოვებდა ხოლმე. ასე ვმარიაჟობდი უბანში.
- მართვის მოწმობა როდის აიღე?
- 10 წლის წინ. მანამდე არ მყავდა საკუთარი ავტომობილი და ამის საჭიროებაც არ იდგა. კომუნისტების დროს, ცოტა რომ გავიწაფე, მამაჩემი იმ ადგილებში მსვამდა საჭესთან, სადაც ავტოინსპექტორები არ იდგნენ. ბევრჯერ გამატანა მამაჩემმა ფული, მართვის კურსებზე ჩაეწერეო, მაგრამ იქამდე ლუდის ბარი და საქაბაბე იყო, მეხარჯებოდა (იცინის).
- პირველად რა მანქანა იყიდე?
- ოთო ლომთაძისგან ვიყიდე ''ოპელი''. ეგ ექიმზე უკეთ უვლის მანქანას. მე სასწავლო მანქანად გადავაქციე. ასეა, პირველ მანქანაზე ყოველთვის სწავლობ. მეორეზეც სწავლობ. მე ახლაც ვსწავლობ ამ მანქანაზე.
- კარგი მძღოლი არ ხარ?
- კარგი მძღოლი ვარ, კარგი მსმელი არ ვარ.
- რა არის კომფორტი შენთვის მანქანაში?
- სიგარეტი და წყალი უნდა მქონდეს.
- კონკრეტულად მანქანას რაც უკავშირდება?
- მანქანას რაც მოჰყვება? კარგი ქალი უნდა მეჯდეს გვერდით. თუ ეგეც არ მოჰყვება მანქანას (იცინის)? ქალზე, რა თქმა უნდა, ვხუმრობ. ქალი გვერდით არ უნდა გეჯდეს, როცა საჭესთან ზიხარ, თორემ იმნაირ რჩევებს გაძლევს და ისეთ თემებზე გელაპარაკება, ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი დიდი პროცენტით იზრდება.
- რადგან ქალებზე ჩამოვარდა სიტყვა, ქალ მძღოლებზეც გკითხავ. მამაკაცები ხშირად აკრიტიკებენ მათ.
- ერთხელ ვთქვი, ღმერთს რომ სცოდნოდა, ადამიანი მანქანას გამოიგონებდა და მერე ქალს დასვამდა საჭესთან, ევას აღარ შექმნიდა-მეთქი და დღემდე ამ აზრზე ვრჩები. ვიცი, გამინაწყენდებიან, ამიტომ აქვე დავამატებ, ძალიან მიყვარს ქალები, მაგრამ რა ვქნა, მძღოლ ქალებთან საერთო ენას ვერ ვპოულობ.
- გამონაკლისებიც ხომ არიან?
- მე არ შემხვედრია.
- რა პრობლემა შეუქმნიათ შენთვის ქალ მძღოლებს?
- პირველ რიგში, საკუთარ თავს უქმნიან პრობლემას. შუქნიშანთან ტუჩის საცხის წასმას რომ დაიწყებს, იმან მანქანა როგორ უნდა მართოს?! ამას არც ნიშნის მოგებით და არც იუმორით არ ვამბობ, საკუთარი თვალით მინახავს. ქალს შეუძლია, მანქანა შუა მოძრაობაში გააჩეროს და ტელეფონზე დაიწყოს ლაპარაკი. ბევრი კაციც მინახავს გაცილებით უარესი მძღოლი, მაგრამ პროცენტულად ქალები ამ მხრივ უფრო მეტ შეცდომას უშვებენ.
- რისკიანი მძღოლი ხარ?
- მიუხედავად იმისა, რომ სისწრაფე მიყვარს, რისკიანი მაინც არ ვარ. მეოცე საუკუნის ''ოპელით'' უფრო სწრაფად დავდიოდი, ვიდრე ამ მანქანით. მაშინ არ იდგა ამდენი კამერა ქალაქში და არ იყო შესაბამისი საგზაო ნიშნები. თანდათან კანონმორჩილი ვხდები.
- მართალია, რომ ამბობენ, ჩაინიკა უფრო ხშირად ღებავს მანქანას, ვიდრე რეცხავსო?
- (იცინის) ეს რეები გცოდნია. კი, იყო ეგ პერიოდი, ოღონდ ძირითადად სხვები მეჯახებოდნენ. უცნაური ბედი მაქვს. კურიოზული ის იყო, რომ ერთსა და იმავე ადგილას დამარტყეს სამჯერ. მარჯვენა ''კრილო'' სამჯერ მაქვს გამოცვლილი.
- საჭესთან ნასვამი მჯდარხარ?
- ნასვამი ძირითადად ვწვები ხოლმე საჭესთან (იცინის). ეს ის პერიოდი იყო, უფრო ხშირად რომ ვღებავდი მანქანას, ვიდრე ვრეცხავდი. ახლა ჭკუა ვისწავლე. რესტორნიდან რომ გამოვდივარ, ტაქსის მძღოლს ორმაგს ვუხდი და სახლში ჩემივე მანქანით მივყავარ.
- ღვედთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
- ძალით შემაგუეს. ზოგჯერ მოკლე გზაზე არ ვიკეთებ. თუ ახლომახლო პატრული დავინახე, ოსტატურად ვიკეთებ. ერთხელ მობილურზე ვლაპარაკობდი და პატრულმა გამაჩერა. ძალიან მეჩქარებოდა. წყლის დალევა თუ შეიძლება საჭესთან-მეთქი, ვკითხე. შეიძლებაო, დამეთანხმა. ჰოდა, რა მნიშვნელობა აქვს, პირთან წყალს მივიტან, თუ მობილურ ტელეფონს-მეთქი, გავუღიმე. ახლა მჯერა, კობა ბარათელი რომ ხარო, მითხრა და გამიშვა.
- რა წუნი აქვს შენს მანქანას?
- ყველანაირად მაგარი მანქანაა. ერთი წუნი აქვს, მძღოლი ჰყავს ჩაინიკა. მანქანის კარგი მომვლელი არ ვარ. მანქანის გასარეცხად რიგში ჩადგომაც კი მეზარება. ზეთის გამოცვლა მავიწყდება. წეღან, ფოტოების გადაღებისას, ''კაპოტი'' რომ ამახდევინე, მერე გამახსენდა, რომ ზეთი მაქვს გამოსაცვლელი. სიგარეტს მანქანაში ვეწევი. სადმე, დიდ მანძილზე რომ მივდივარ, 10 ღერს გაჩერების დროს ვეწევი, 20 ღერს - მანქანაში. სიგარეტის ფირმებს ვეხმარები, თორემ მართლა ამდენი სიგარეტი კი არ მჭირდება (იცინის).
- ბევრი მძღოლი მანქანას სქესის მიხედვით ყოფს. შენი მანქანა ბიჭია თუ გოგო?
- გეტყოდი ახლა მაგ კითხვის პასუხს, მაგრამ მაგის ჟურნალში დაწერა არ შეიძლება (იცინის). მეძმაკაცება და ბიჭი უნდა იყოს.
- სახელიც ხომ არ გაქვს შერჩეული?
- არა, კომპანიამ დაარქვა უკვე და აღარ შევუცვალე. ჩემი მანქანა ნახევრად ჯიპია, მაგრამ იმდენჯერაა ნაავარიევი, მეოთხედჯიპი გამოდის უკვე. რაც მთავარია, ჩემი ზომაა. ადრე, უფრო მსუქანი რომ ვიყავი, 2X მჭირდებოდა, ახლა X-იც მყოფნის (იცინის).
- საოცნებო მანქანა გყავს?
- მანქანა ფუფუნების საგანი კი არა, გადაადგილების საშუალებაა. თუმცა გარკვეული დოზით ფუფუნებაც არის. საოცნებო მანქანას რაც შეეხება, ჩემი ოცნებები ამ მხრივ ცოტა ირეალურია. ისეთი მანქანა მინდა, საწვავი რომ არ სჭირდებოდეს და პატრული ვერ ამჩნევდეს. ვხუმრობ, პატრულმა ცუდად არ გამიგოს. ''მე მიყვარს პატრული'', - ერთი პერიოდი ასეთი სტიკერიც კი მქონდა მიკრული უკანა საქარე მინაზე.
- იუმორისტთან ინტერვიუ ისე როგორ დავამთავრო, მანქანასთან დაკავშირებით რაიმე სახალისო ამბის გახსენება რომ არ გთხოვო.
- სიამოვნებით. ერთ ამბავს გიამბობთ. ერთხელ, ''სითი პარკს'' მიჰყავდა მანქანა. გამოვვარდი მაღაზიიდან, ვყვირი, სად მიგყავთ-მეთქი, თან ვიგინები. ამ დროს შემოტრიალდა ჰაერში აწეული მანქანა და რას ვხედავ, სხვა ნომრები აქვს, არაა ჩემი. მერე ვბრაზობდი, იმას მაინც დავკვირვებოდი, გარეცხილი იყო თუ არა მანქანა. ჩემი გასარეცხი იყო და ის ჰაერში აწეული მანქანა ბზინავდა, ისეთი სუფთა იყო.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS