23 აპრილი, 2014
კარატისტ გიორგი მსხვილიძეს წარმატება შეყვარებულთან დაშორებამ მოუტანა
მათაც შემიწყვეს ხელი, რომ ასეთი აზროვნება მაქვს და უკომპლექსო გახლავართ 26-29 მარტს თურქეთში, ქალაქ სტამბოლში ჩატარდა ტურნირი კარატეში ''მსოფლიო თასი'', რომელშიც საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობდა. ქართველებმა სამ წონით კატეგორიაში გაიმარჯვეს. მძიმე წონით კატეგორიაში გამარჯვებული გიორგი მსხვილიძე გახდა, რომელმაც დაძაბულ ფინალურ ორთაბრძოლაში ირანელი სპორტსმენი დაამარცხა. სპორტის გარდა, გიორგის სხვა საქმიანობითაც არის დაკავებული, ის მოდელი გახლავთ.

- გიორგი, რომელი საქმე უფრო მნიშვნელოვანია შენთვის - კარატე თუ მოდელობა?
- რა თქმა უნდა, კარატე, რადგან ამ სპორტს დაახლოებით თოთხმეტი წელია,
მივყვები. თორმეტი წლის ვიყავი, ვარჯიში რომ დავიწყე. ახლა 25 წლის ვარ. მოდელი რომ ხარ, ხან ფილმში გიღებენ, ხან კლიპში, ხან ჩვენებებზე გამოდიხარ და ძალიან ბევრ რამეს სწავლობ. შეიძლება, ჩემს ნათქვამზე ზოგიერთმა გაიცინოს და თქვას, სამოდელო სააგენტოში რა უნდა ასწავლონო. გვასწავლიან მეტყველებას, უცხო ენას, ფსიქოლოგიას და თუ მოინდომებ, ამ ყველაფერს კარგად გამოიყენებ.
- ქართველი ბიჭები პოდიუმზე პირველი ნაბიჯის გადადგმას რთულად წყვეტენ.
- ბევრს პოდიუმზე გამოსვლის კომპლექსი აქვს. მე კი ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ მაქვს. როდესაც ადამიანმა იცის, რომ კარგად გამოიყურება, უნდა, ეს ყველას აჩვენოს. რა თქმა უნდა, თავიდან მეგობრებმა მითხრეს, რა მოდელობა მოგინდა, ბიჭო, ხომ არ გაგიჟდიო, მერე დაინახეს, რომ ჩვენებებზე გამოვედი, ფილმებსა და კლიპებში გადამიღეს და აზრი შეეცვალათ. თანაც, გადაღებებსა და ჩვენებებზე მარტო ბიჭები არასდროს მიჰყავთ, როგორც წესი, გოგონებთან ერთად მივდივართ ხოლმე და ეს რომ დაინახეს, აზრი რადიკალურად შეეცვალათ პოდიუმზე. თუ ვინმე რამე ცუდს ამბობს, ალბათ, შურის გამო. ამის მერე რამდენიმე მეგობარმა მთხოვა და დღეს სააგენტო ''ბესთ მოდელში'' ჩემთან ერთად არიან.

Rating

- პოდიუმზე რომ გამოსულიყავი, გარეგნობაში რამის შეცვლა დაგჭირდა?
- არაფერი შემიცვლია, მხოლოდ სტილისტები მუშაობენ, რომ ჩვენებებზე ნორმალურად გამოვიყურებოდეთ.
- როგორც შენი ფოტოებიდან ვხვდები, მართლაც არანაირი კომპლექსი არ გაქვს და პოდიუმზე საცურაო კოსტიუმით უპრობლემოდ გამოდიხარ.
- ფოტოები გადაღებულია ''მისტერ ვალენტინზე''. კონკურსზე ''მისტერ ფიტნესი'' გავხდი.
- გული ხომ არ დაგწყდა, რომ ვერ გაიმარჯვე?
- სიმართლე გითხრათ, გული არ დამწყვეტია, კარატეში რომ არ გამემარჯვა, გული დამწყდებოდა, მაგრამ მოდელობა ის საქმეა, სადაც მეგობრებთან ერთად ხარ და მათ გამოცდილებას უზიარებ. ასეთ სიტუაციაში თუ ვერ გაიმარჯვე, სანერვიულო არაფერია.
- ყოველდღიურ ცხოვრებაში გარეგნობას დიდ ყურადღებას უთმობ? სალონებში ბევრ დროს ატარებ?
- მიყვარს ლამაზად და კომფორტულად რომ გამოვიყურები, მაგრამ საათობით სარკის წინ დიდხანს არ ვდგავარ. უბრალოდ, ჩემი სტილი მაქვს. არ ვუყურებ იმას, რა არის მოდაში. ვიცვამ, რაც მიხდება და რაც მსიამოვნებს. უკან შეტრიალებული კეპი იქნება ეს თუ ტანზე მომდგარი მაისური. ზოგისთვის ეს შეიძლება, დასაცინი იყოს და თქვას, ბიჭს სალონში რა უნდაო, მაგრამ, ჩემი აზრით, ის უფრო ცუდია, კასტინგზე მოუწესრიგებელი რომ მიხვიდე.
- ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ, რომ კარატისტიც ხარ და მოდელიც?
- სხვათა შორის, მათაც შემიწყვეს ხელი, რომ ასეთი აზროვნება მაქვს და უკომპლექსო გახლავართ. ოჯახში არატრადიციული ქართული მენტალიტეტი გვაქვს. ოჯახის წევრებისთვის მთავარია, სპორტს არ ჩამოვშორდე.
- კარატესთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვს? სხვა ჩემპიონატში მონაწილეობას თუ აპირებ?
- რა თქმა უნდა, რასაც მივაღწიე, ეს ყველაფერი არაა. მწვერვალზე ასვლა უფრო ადვილია, ვიდრე მწვერვალზე გაჩერება. ამ გამარჯვებით არაფერი დამთავრებულა, პირიქით, ახლა იწყება. თურქეთიდან რომ ჩამოვედით, იმ კვირასვე ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი. ქვეყნის ჩემპიონატზე გამარჯვებულებისგან საქართველოს ნაკრები ყალიბდება და მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ტურნირზე დადიან. საქართველოს ჩემპიონატშიც გავიმარჯვე. ფინალში ძალიან ძლიერ მეტოქეს შევხვდი, რომელიც გასული რამდენიმე წლის გამარჯვებულია. წელს უნდა გავემგზავროთ ევროპისა და ევრაზიის ჩემპიონატებზე.
- ბევრ გოგონას დააინტერესებს, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში.
- ცოტა ხნის წინ შეყვარებულს დავშორდი. მასთან რამდენიმე წლის განმავლობაში სერიოზული ურთიერთობა მქონდა, მალე დაოჯახებას ვაპირებდით...…რომ დავშორდით, ისეთ განწყობაზე ვიყავი, სავარჯიშო დარბაზიდან გამოსვლა არ მინდოდა. ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებული გახლდით და სულ ვვარჯიშობდი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ შეყვარებულთან დაშორებამ ერთი კარგი სამსახური გამიწია. იმდენს ვვარჯიშობდი და ისეთ ფორმაში ჩავდექი, რომ გამარჯვებებს მივაღწიე.
- გამარჯვებების მიღწევის შემდეგ ხომ არ გაჩნდა იმის შანსი, რომ კვლავ ერთად იყოთ?
- შერიგების არანაირი შანსი არ არსებობს, დავშორდით და მორჩა.
- ალბათ გოგონების ყურადღების გამო ეჭვიანობდა.
- საეჭვიანო ის კი არაა, მე თუ მაქცევენ ყურადღებას. საეჭვიანო ისაა, მე თუ ვაქცევ ვინმეს ყურადღებას. ლამაზი გარეგნობის გოგონა მყავდა გვერდით, მაგრამ ბიჭები რომ აქცევდნენ ყურადღებას, არ ვეჭვიანობდი. ვიცოდი, რომ ვუყვარდი და სხვას არ აქცევდა ყურადღებას. იგივე უნდა ეფიქრა ჩემზეც.
- ვინ იყო შეყვარებული?
- ვინაობას ვერ გეტყვი, მხოლოდ იმას გაგიმხელ, რომ მოცურავეა და უახლოეს მომავალში გინესის რეკორდის დამყარებას გეგმავს.
- მითხარი, სხვადასხვა სარეკლამო კლიპსა და ფილმებში მიღებენო. რომელ ფილმში გაქვს მონაწილეობა მიღებული?
- მონაწილეობა მივიღე ფილმში ''წითელი''. ფილმის რეჟისორი ფრანგია.
- მოგეწონა მსახიობობა?
- ყოველთვის მინდოდა მსახიობობა და ახლა დავრწმუნდი, რომ თუნდაც მეათეხარისხოვანი როლის თამაში ძალიან რთულია. წარმომიდგენია, რამდენს მუშაობენ მთავარი როლის შემსრულებლები. ფილმი ჯერ არ გამოსულა. მგონია, იქ შეიძლება საერთოდ არ გამოვჩნდე, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, გული არ დამწყდება.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ანაბანა
გიო კიდევ ერთხელ მოგილოცავ წარმატებას და ღმერთს ვთხოვ უმრავლოს საქართველოს შენნაირი ახალგაზრდები..გულს ნუ გაიტეხ ბაჩუკი,სიყვარული კიდევ გეწვევა..ნამდვილი სიყვარული )))
20:33 / 23-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS