- სამხატვრო აკადემიაში გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტი დავამთავრე, თუმცა ყოველთვის მაინტერესებდა ტანსაცმლის მოდელირება. ჩაბარებისას პრაქტიკული კუთხით გავთვალე, ვიფიქრე, გრაფიკული დიზაინი უფრო მოთხოვნადი იქნებო
- სანამ ამ საქმეს მიჰყოფდი ხელს, რომელიმე ქართველ დიზაინერს თუ ჰკითხე რჩევა?
- არა, არავისთვის არაფერი მიკითხავს, ამ სფეროში მუშაობის იმდენად დიდი სურვილი მქონდა, რომ მოქმედება ჩემით დავიწყე, ოჯახის წევრებისთვისაც კი არაფერი მითქვამს, პირდაპირ საქმეს შევუდექი. სამოსის ესკიზებს პატარაობიდან ვქმნიდი, იმდროინდელი ნახატების განხილვა ახლა არც ღირს, მაგრამ ამით იმის თქმა მინდა, რომ ბავშვობიდან ეს სფერო მაინტერესებდა.
მინდა ატელიეს გახსნა, მაგრამ ამჟამად სახლში ვქმნი ესკიზებს, მყავს მკერავი, რომელიც ჩემი თანხლებით კერავს სამოსს, იმავდროულად ვსწავლობ სამოსის კონსტრუირებას და უფრო დეტალურად ვერკვევი საკითხში.
- რაც შეეხება უშუალოდ ამ სეზონის ტენდენციებს.
- აქტუალურია ყვავილები და ზოგადად პრინტიანი ფაქტურა, პასტელური ფერები და უფრო ოდრი ჰეპბერნისეული, ქალური სილუეტი. მოდაშია 80-იანი წლებისთვის დამახასიათებელი გაშლილი, მუხლსქვედა სიგრძის, მაგრამ მაღალწელიანი ქვედაბოლოები და კაბები, ბრუნდება ე.წ. ტოპები, ოღონდ განიერი, ფართო სტილის.
- ფეხსაცმლის კუთხით რა უნდა გავითვალისწინოთ?
- მოდაშია როგორც მაღალქუსლიანი, ასევე დაბალძირიანი ფეხსაცმელი. ოღონდ მაღალქუსლიანის შემთხვევაში უმჯობესია, თუ ქუსლი იქნება წვრილი, ცხვირი წვეტიანი, ოღონდ მოკლე და თითებთან ამოჭრილი. ზაფხულში აქტუალური იქნება სანდლები, რომლებსაც ექნება ქამრის სტილის შესაკრავი.
- გაზაფხული პიჯაკის სეზონია, როგორის მორგებას გვირჩევ?
- მოდაში ორნაირი პიჯაკია. ერთი - გრძელი, თეძოს ქვედა სიგრძის, სწორი სილუეტით, და მეორე - მოკლე სტილის, რომელიც დაახლოებით წელის ზედა ხაზზე მთავრდება.
- აქსესუარები, რომელიც სამოსს კიდევ უფრო განსხვავებულ ელფერს სძენს...
- ამ სეზონზე აქსესუარი მართლაც ძალიან მოდური დეტალია, ამიტომაც ყველა კოსტიუმი ფორმდება სამკაულით. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ყელსაბამზე, სამაჯურზე. ერთ-ერთი გამორჩეული ტენდენცია ამ მხრივ მარგალიტებია, შეიძლება, ჯაჭვი იყოს ამით გაფორმებული ან მეტალთან იყოს სინთეზში, ყოველ შემთხვევაში, მარგალიტი აქსესუარებში ძალიან მოდურია. ასევე შემოდის ხის მასიური სამკაულები, უფრო - სამაჯურები და მძივები, თვლები ჯერ კიდევ ინარჩუნებს აქტუალობას, მაგრამ მოდიდან მალე გადავა.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''




















