18 აპრილი, 2014
როდის იძია შური თათია სულუაშვილზე გიგა ტაბიძემ - იუმორისტი შეყვარებულია
გიგა ტაბიძის ნამდვილი გვარი ორლოვია. ბაბუამისი გადავიდა დედის გვარზე და მას შემდეგ ტაბიძეები არიან. გიგას რუსი ნათესავები არ ჰყავს და თავისი გენეალოგია არ იცის. დღევანდელ ამბებს გულახდილად გვიყვება და იმასაც არ მალავს, რომ ატესტატი ''ჩაწყობით'' აქვს აღებული..

''ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი''

- დედა ფარმაცევტია, თავისი პროფესიით დიდი ხანია, აფთიაქში მუშაობს. მეც დედის კვალზე წავედი. პროფესიით ფარმაცევტი გახლავართ. წესით, დედის დაწყებული საქმე უნდა გამეგრძელებინა, მაგრამ მამის დაწყებული საქმე გავაგრძელე. მამა იუმორისტია. წლების განმავლობაში ''კომედი შოუში'' მუშაობდა. სცენარისტი
იყო, ''პიკასოს ბიჭების'' ხელმძღვანელი და დღესაც ქუთაისში იუმორისტების თაობას ზრდის.
- ფოტოზე მშობლები არიან. როგორ გაიცნეს ერთმანეთი?
- როგორც ვიცი, დედა და მამა ერთმანეთს საბავშვო ბაღიდან იცნობდნენ. ერთად სწავლობდნენ სკოლაშიც, ერთ მერხთან ისხდნენ. მერე წლების განმავლობაში მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. შეიქმნა ოჯახი და გავჩნდი მე, ეს ვერსია ვიცი (იცინის).

Rating

- ალბათ, არ გატყუებენ.
- რატომ უნდა მომატყუონ. ფოტოფაქტები ხომ არის, რომ წლების განმავლობაში ერთად იყვნენ. უნივერსიტეტში რომ სწავლობდნენ, ოჯახი იმ პერიოდში შექმნეს და მე გავჩნდი. ძმაზე დაახლოებით ხუთი წლით ვარ უფროსი. ის უკვე სტუდენტია. ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლობს. Mმისი პროფესიის არჩევაზე, სავარაუდოდ, მე ვიქონიე გავლენა. ტელევიზიაში ვმუშაობ და როცა საქმე იმაზე მიდგა, რა პროფესიის უნდა ყოფილიყო რომიკო, ჟურნალისტიკა აირჩია. მომავალში რა იქნება, არ ვიცი. მე და რომიკოს სახელები ბაბუების პატივსაცემად დაგვარქვეს. რომას იუმორის კუთხით თავისი ნიჭი კარგად შეუძლია განავითაროს. ქუთაისში ''კავეენში'' თამაშობდა წლების განმავლობაში. მომდევნო ფოტოზე ჩემი ძმაა.

Rating

- როგორი ბავშვი იყავი?
- დავიბადე და გავიზარდე ქუთაისში. ვიყავი ცუდი ბავშვი იმ გაგებით, რომ სკოლაში პრობლემები მქონდა. ყველას ცხოვრებაში მგონი ასე ხდება. რაღაც პერიოდში ხუთოსანიც კი გახლდით და ჩემი ფოტო ხუთოსნების დაფაზე იყო გამოკრული. თუ სწორად მახსოვს, მომდევნო ფოტო იყო დაფაზე. წლები რომ მომემატა, თავში რაღაცები ამერია, მაგრამ უმაღლესში რომ ჩავაბარე, ყველაფერი დალაგდა. ბავშვობა საკმაოდ ტკბილად მახსენდება. მუსიკაზე დავდიოდი, ცეკვაზეც, რაღაც პერიოდი სპორტს მივდევდი. მერე დავანებე თავი.

Rating

- რომელ სპორტს მისდევდი?
- სპორტის თითქმის ყველა სახეობა მაქვს მოვლილი. პროფესიონალურ დონეზე მკლავჭიდს მივდევდი. აქტიური ვიყავი. ყოველთვის ვმონაწილეობდი თეატრალურ და იუმორისტულ დადგმებში. ვმღეროდი კიდეც. ხალხურ ანსამბლში დავდიოდი.
- სკოლა რა ნიშნებზე დაამთავრე?
- (იცინის) საბოლოოდ კარგ ნიშნებზე დავამთავრე, იმიტომ, რომ აბიტურიენტობის პერიოდში გადავედი იმ სკოლაში, სადაც ბებია ასწავლიდა. ბებია ისეთი ადამიანია, რომ სკოლაში ყველასთან ახლო ურთიერთობა აქვს. მასწავლებლებს დაველაპარაკეთ და ზოგი საგანი ვისწავლე, ზოგი ვერ ვისწავლე და საბოლოოდ სკოლა კარგ ნიშნებზე დავამთავრე.
- ატესტატი არასამართლიანად აგიღია.
- ცუდი პერიოდი იყო. აბიტურიენტობისთვის მზად არ ვიყავი. რეალურად პროფესია არჩეული არც მქონდა. ეს ყველაფერი ოჯახის დაჟინებული თხოვნით და ხელშეწყობით მოხდა. სწავლისთვის ხელი სერიოზურლად რომ მომეკიდებინა, არ გამიჭირდებოდა. ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი ბავშვი ვიყავი.

''პოლიტიკურ გადაცემას ვერ წავიყვან, გამეცინება''

- პროფესია დედის გავლენით აგირჩევია. ფარმაცევტობამ მოგვიანებით ცოტათი მაინც დაგაინტერესა?
- საქართველოში ახალგაზრდობის უმეტესობას პროფესიას მშობლები ურჩევენ. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო, რაზე უნდა ჩამებარებინა და რა მინდოდა, არ ვიცოდი. ვერ გავარკვიე იმ ასაკში. ფოტო სტუდენტობის დროს ოთარ ტატიშვილთან ერთად მაქვს გადაღებული.
- ახლა რომ იყო აბიტურიენტი, რა პროფესიას აირჩევდი?
- ჟურნალისტიკას. ტელევიზიაში რასაც ვაკეთებ, ეს საქმე მომწონს.
- რასაც ''კომედი შოუში'' აკეთებ, ეს ჟურნალისტობა არაა.
- ტელევიზია მომწონს და აქ მუშაობის გაგრძელება მინდა.
- ფიქრობ, რომ სწავლა ძალიან დაგვიანებულია?
- ფარმაცევტიკა რომ დავამთავრე, ჩავაბარე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მაგისტრატურაზე, მაგრამ რაღაც პრობლემების გამო ვერ დავამთავრე. პირველი მცდელობის მერე ხელი არ ჩამიქნევია. მინდა, სექტემბერში სწავლა გავაგრძელო. თან ჯარში წასვლა მიწევს და მინდა, სწავლას თავი შევაფარო.
- რატომ არ გინდა ჯარში წასვლა?
- ისეთი სამსახური მაქვს, რომ რა დროს რა გადაღება გვექნება, არ ვიცი. ხელს შემიწყობენ, მაგრამ ამით ''კომედი შოუში'' გასატარებული დრო დამაკლდება და მირჩევნია, ჯარიმა გადა-ვიხადო და ვადა გადავადებინო, ვიდრე ჯარში წავიდე. რთულია, კარიერა დაიწყო, უცებ ყველაფერს მოსწყდე და ჯარში წახვიდე. მერე საქმის გაგრძელება რთული იქნება.

Rating

- ჟურნალისტიკაში საკუთარი თავი როგორ წარმოგიდგენია? პოლიტიკური გადაცემის წაყვანა გინდა თუ გასართობ გადაცემას გააკეთებ?
- გასართობი გადაცემის გაკეთება მინდა, რასაკვირველია. პოლიტიკური დებატები რომ წავიყვანო, გამეცინება. ამ დროს წამყვანი რომ იცინის, არასერიოზულია.
- ხანდახან პოლიტიკური გადაცემის წამყვანებიც იცინიან.
- ისინი ხანდახან იცინიან, მაგრამ მე სერიოზული სახით ასეთი გადაცემის წაყვანას დიდი ხანი ვერ შევძლებ.
- მომდევნო ფოტო სად გადაიღე?
- ბათუმში.
- გველის არ შეგეშინდა?
- არა, მიყვარს ეს ცხოველი.

Rating

- ''კომედი შოუ'', როგორც ვხვდები, შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენი წელია, აქ მუშაობ?
- მეორე წელია, ამ გუნდში ვარ. თავიდან ''ალუბლების ქუჩისთვის'' სჭირდებოდათ სცენარისტი. იმ პერიოდში ''კავეენის'' გუნდში ვიყავი და ახალი სცენარისტები რომ დასჭირდათ, დამიძახეს. გამოსაცდელი პერიოდი გავიარე და მერე ამიყვანეს სამსახურში. სერიალის გარდა სხვა გადაცემებზეც ვმუშაობდი. სერიალი რომ დაიხურა, ფაქტობრივად, უმუშევარი დავრჩი, მაგრამ მალევე დამირეკეს და მითხრეს, ''კომედი შოუში'' აგიყვანეთ სცენარისტად და მსახიობადო. სიხარულით დავთანხმდი. მას შემდეგ ორი წელი გავიდა, ისევ აქ ვარ და მინდა, კიდევ დიდხანს ვიყო.
- პირველად ყველას ყურადღება ნოდარის პერსონაჟით მიიქციე. ფოტო სწორედ ამ სკეტჩიდანაა.
- მაყურებლის დიდმა ნაწილმა ''ჭამე ნოდარის'' სკეტჩით გამიცნო. ჩემი აზრით, ამ სკეტჩზე უკეთესი ხუმრობებიც ყოფილა, მაგრამ ფორმულასა და მიზეზს, რატომ გახდა ეს ფრაზა ასეთი პოპულარული, დღემდე ვერ ვხვდები. რეალობაა, რომ ხუმრობამ გაამართლა და ეს ძალიან მიხარია. თავიდან ეს ყველაფერი მომწონდა, მაგრამ ახლა ორი სახელი მაქვს, უფრო სწორად, სამი. ''ჭამე, ნოდარი'' და გიგა. ბავშვები რომ მხედავენ, მაშინვე ამბობენ, ''ჭამე, ნოდარი'' მოდისო.

Rating

- როგორც ვიცი, არ მოგწონს ამ სკეტჩში მონაწილეობა, რამდენჯერმე ფიზიკურადაც ცუდად გახდი.
- თათიამ რამდენჯერმე ისე მაგრად დამარტყა, რომ მართლა გავბრუვდი. მერე ინტერვიუებში ვთქვი და ძალას მოუკლო. მასზე შური საახალწლო კონცერტზე ვიძიე. კონცერტში იყო ისეთი მომენტი, რომ მე ვურტყამდი, მანამდე სულ ვზომავდი, ვფიქრობდი, ქალია და მთელი ძალით რომ დავარტყა, ალბათ ჩაიშლება-მეთქი და კონცერტზე რაღაცნაირად ვერ მოვზომე, დარტყმის დროს ვიგრძენი, რომ ზედმეტი მომივიდა. სკეტჩია, სადაც სულ თათიაა ნაცემი და მაინც ვუყვარვარ. დღემდე ასე ცემა-ტყეპაში ვართ.

''არ ვიცი, სულ მე რატომ მხვდება საყვარლის როლები''

- კიდევ ერთ პერსონაჟს თამაშობ, საყვარლის როლი გაქვს და ქმარს ვერ ემალები.
- როცა როლები ნაწილდება, შეიძლება, ვინმეს შეხვდეს საყვარლის როლი და რატომღაც სულ მე მხვდება. ამის მიზეზი არ ვიცი. ხომ შეიძლება, მეც ვიყო ქმარი, მაგრამ არა, სულ სა-ყვარელი ვარ.
- შეიძლება, შენს პერსონაჟს ჰგავხარ. ქმრიანი ქალები მოგწონს, თუ სკეტჩებიდან მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე ფიქრობ, რომ ასეთი გარისკვა არ ღირს?
- რაღაც საერთო შეიძლება იყოს ჩვენ შორის.
- როგორც ვიცი, გყავს შეყვარებული.
- ჩემს პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა. შეყვარებული მყავს. მისი ვინაობის გამხელა ჯერჯერობით არ მინდა. ერთი წელია, ერთად ვართ. კომფორტულად ვგრძნობთ ერთად თავს. ღია და გახსნილი ურთიერთობა გვაქვს. მომწონს მასთან ურთიერთობა. ვერ გეტყვით, სამომავლო გეგმები გვაქვს-მეთქი დასახული, ასე არაა.

Rating

- რა პროფესია აქვს, იუმორისტია?
- ჩემი ორივე პროფესიისგან აბსოლუტურად განსხვავებული პროფესია აქვს.
- მოსწონს შენი როლები?
- მოსწონს, მაგრამ თავიდან, ბებიაჩემის მსგავსად, მასაც ცუდი რეაქცია ჰქონდა. ბებიამ პირველად რომ ნახა, თათიამ თავში ხელი ჩამარტყა, შეწუხდა. დამირეკა და მითხრა, ჩამოვალ შენთან სამსახურში და თათიას დაველაპარაკებიო. სრული სერიოზულობით მითხრა, ვუპასუხე, საშვს არ დავუშვებთ-მეთქი. მერე ავუხსენი, თათიამ თუ თავში ხელი არ ჩამარტყა, სამსახური არ მექნება და შენი პენსიის იმედად დავრჩები, ამიტომ ეს ყველაფერი უნდა აიტანო, შენ ჩემზე მეტად არ გტკივა-მეთქი. მერე შეეგუა. მხიარული ბებია მყავს. მომდევნო ფოტოზე მეგობრებსა და ბებიასთან ვარ. ფოტო რომ გადავიღეთ, მეგობრები მეჩხუბებოდნენ, ბებია ასე როგორ გაიმეტე, კალთაში რატომ ჩაუჯექიო.
- ბავშვობაში ჭამა არასდროს დაუძალებიათ?
- მოუსვენარი და ცელქი ვიყავი, თან სულ ვვარჯიშობდი. შესაბამისად, ჭამა მიყვარდა და დღემდე მიყვარს. ჭამის გარეშე ერთი წუთიც ნუ მაცოცხლოს ღმერთმა.
- შეხვდნენ ერთმანეთს თათია და ბებია?
- ერთმანეთს ვერ შევახვედრე. ერთხელ ქუთაისში კონცერტი გვქონდა. ჩემზე ასაკით პატარა ორი ბიჭი მოვიდა და მკითხეს, ქუთაისელი ხარო? კი-მეთქი, ვუთხარი. მერე რატომ არტყმევინებ ამ გოგოს თავში ხელს, დაველაპარაკოთო? გამეცინა. უცნაური ტიპები იყვნენ. ასაკისთვის შეუფერებელი შავი პალტოები ეცვათ.
- პოპულარობას, როგორც წესი, თაყვანისმცემლების გუნდი მოჰყვება. სკეტჩებშიც ხშირად ამბობენ, რომ სექსუალური ბიჭი ხარ. გადაცემებშიც გიწვევენ, როგორც სა-სურველ მამაკაცს. ამ ყველაფერზე შეყვარებული როგორ რეაგირებს?
- ეჭვიანობის მომენტები არა მარტო მისი, ჩემი მხრიდანაც არის. ზოგადად აღმოვაჩინე, რომ მაგარი ეჭვიანი ვყოფილვარ. მეგონა, არ ვიქნებოდი.

Rating

- პირველად ხარ შეყვარებული?
- ასე ძალიან პირველად მიყვარს. მანამდე მქონდა პატარ-პატარა გატაცება, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ის ყველაფერი ბავშვური გატაცება იყო. ზუსტად ვიცი, რომ მომავალში ამ გრძნობაზე ასე არ ვიტყვი.
- რაზე ეჭვიანობ?
- ყველაფერზე. შემიძლია, უმიზეზოდ ვიჩხუბო, მალევე ვხვდები, რომ სისულელეს ვაკეთებ და შემიძლია, ბოდიში მოვიხადო. ბოდიშის მოხდის არ მრცხვენია, მაგრამ ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ გამოუცდელი ვარ. ვცდილობთ, ერთმანეთს ჩხუბის საბაბი არ მივცეთ, მაგრამ ხშირად არ გამოგვდის.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS