15 აპრილი, 2014
მოიკითხა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა ავადმყოფობის პერიოდში ლუბა ელიაშვილი
მაქსიმალურად ვცდილობ, შევასრულო ყველაფერი, რასაც ექიმები მირჩევენ ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი ''მეცხრე არხის'' დახურვიდან ძალიან მალე ცუდად გახდა. ამბობდნენ, რომ მისი ავადმყოფობა ბრალდებების შედეგი იყო, რომელიც მისი მიმართულებით ხშირად ისმოდა. ლუბა ელიაშვილი ახლა უკვე კარგადაა და რეაბილიტაციას სახლში გადის.

- ქალბატონო ლუბა, როდესაც ცუდად გახდით, სოციალურ ქსელში იწერებოდა, რომ თქვენი ავადმყოფობა, ''მეცხრე არხის'' გამო ატეხილმა სკანდალმა გამოიწვია...
- არ მესმის, რას ნიშნავს ''მეცხრე არხის'' გამო ატეხილი სკანდალი''. რაც შეეხება ჩემს ავადმყოფობას, გამოიწვია იმან, რომ წლების განმავლობაში
მაღალი წნევა მაქვს და თანაც, ბოლო ოთხი წელია, საკუთარი თავისთვის უფლება არ მიმიცია, დასასვენებლად წავსულიყავი. საკუთარ ჯანმრთელობას საკმაოდ უდიერად ვექცეოდი, ცოტა უფრო ადრე რომ მიმემართა ჩემი ამჟამინდელი შესანიშნავი ექიმისთვის, თამრიკო ცქიტიშვილისთვის, ალბათ, არც ინსულტი დამემართებოდა. ახლა მისი წყალობით, ''კოსმონავტის წნევა'' მაქვს.
- როდის აპირებთ, რომ საქმიანობას აქტიურად დაუბრუნდეთ?
- ახლაც ძალიან აქტიურად ვსაქმიანობ, ამჯერად  საკუთარი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. მაქსიმალურად ვცდილობ, შევასრულო ყველაფერი, რასაც ექიმები მირჩევენ. რაც შეეხება ჩემს პროფესიულ საქმიანობას, ძალიან მეამაყება, რომ ''მეცხრე არხი'' იყო ამ საქმიანობის ერთერთი საუკეთესო პერიოდი. ჩემს ცხოვრებაში ორჯერ, ერთხელ ''იბერიაში'' და მეორედ ''მეცხრე არხზე'', მომეცა საშუალება, მაყურებლისთვის მიგვეწოდებინა სარედაქციო დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის საინფორმაციო გამოშვებები და ტელეპროდუქცია, შემახვედრა იმ ადამიანებს, რომლებთან ერთად მუშაობა დიდი სიამოვნება იყო. ვგულისხმობ როგორც ამ არხების დამფუძნებლებს, ასევე თითოეულ თანამშრომელს, რომლებთან ერთად ჟურნალისტებისთვის მძიმე ხანაშიც ვემსახურებოდით სიტყვის თავისუფლებას. ამისთვის ყველა მათგანს კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი. როგორც კი რეაბილიტაციას დავასრულებ და ისევ ''ადრინდელი ლუბა'' ვიქნები, ვფიქრობ, დავუბრუნდე ჩემს საყვარელ საქმეს.
- გაქვთ ტელევიზიაში დაბრუნების გეგმა?
- რამდენიმე ტელეკომპანიიდან მაქვს შემოთავაზება. ჩემი მომავალი კარიერის დაგეგმვისას ბევრი დეტალი მექნება გასათვალისწინებელი. მოგეხსენებათ, ჩემი მეუღლე ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა, ამის გამო ზოგიერთი კოლეგა ინტერესთა კონფლიქტზეც მიმითითებდა. არ მიმაჩნია, რომ ეს საყვედური სამართლიანია, მაგრამ ვეცდები, მოღვაწეობის ისეთი სფერო ავირჩიო, რომელიც საშუალებას არ მისცემს ჩემს არაკეთილმოსურნეებს, ეთიკურ პრობლემაზე მიმითითონ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის განმავლობაში ყოველთვის ვცდილობდი, დამეცვა ჟურნალისტური სტანდარტი და ჩემი ეთიკური სიფრთხილის გამო თუ ვინმე დაიჩაგრა, მხოლოდ ჩემი მეუღლე შალვა შავგულიძეა, რომელიც მაშინ არაერთი გახმაურებული საქმის ადვოკატი და ბევრისთვის სანატრელი რესპონდენტი იყო, მე კი არასდროს მიმიწვევია გადაცემა ''დიალოგის'' ეთერში, რომელსაც თავად ვუძღვებოდი.
- სოციალურ ქსელში შექმნილი ერთერთი ჯგუფი ''მეცხრე არხის'' ეთერში დაბრუნებას ითხოვს, როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია ეს მოთხოვნა?
- ალბათ, დასაზუსტებელია, რას გულისხმობს ''მეცხრე არხის'' ეთერში დაბრუნება. ამ ეტაპზე არხის უამრავი პროფესიონალი თანამშრომელი სხვადასხვა ტელეკომპანიასა თუ სხვა სამსახურშია დასაქმებული. თუ არსებობს სპონსორი, რომელსაც სურს ახალი ტელეკომპანიის შექმნა, დღევანდელ საქართველოში იმდაგვარი ლიცენზიების აღება, რაც ''მეცხრე არხს'' ჰქონდა, რთული არ არის. არც აპარატურის ჩამოტანას ემუქრება საბაჟოზე დაზიანების საფრთხე, აღარავინ უქმნის ხელოვნურ ბარიერებს ტელევიზიების ეთერში გასვლას. როგორც ვხედავ, სოკოებივით მომრავლდნენ ახალი ტელევიზიები. ამდენად, არ მესმის, რაში სჭირდება ამ საქმეს პეტიციების წერა. თუ სახელწოდება არ ეთმობათ, შესაძლებელია, ''ახალი მეცხრე არხის'' სახელით გაკეთდეს ტელევიზია.
- ახლა, როდესაც გაჩნდა ეჭვი, რომ არხების რეიტინგებს არასწორად ითვლიდნენ, ხომ არ ფიქრობთ, რომ ''მეცხრე არხის'' რეიტინგი რეალურად არც ისეთი დაბალი იყო, რომ მისი დახურვა დამდგარიყო დღის წესრიგში.
რეიტინგის მაჩვენებელი არ იყო ''მეცხრე არხის'' დახურვის მიზეზი. რაც შეეხება რეიტინგებს, იმთავითვე ვეჭვობდი, რომ ''ფიფლმეტრების'' პანელები შეგნებულად არასწორად იყო შედგენილი. ამის შედეგად კი სარეკლამო ბაზარი არასწორად ნაწილდებოდა. მიმაჩნია, რომ არ შეიძლება, მხოლოდ ერთი მონოპოლისტი ითვლიდეს რეიტინგს.
- აგრძელებთ ურთიერთობას ყოფილ პრემიერმინისტრთან?
- ძალიან კარგად ვიცი საქმიანი ადამიანების დროის ფასი და ვინაიდან ამ ფაქტორს ყოველთვის ვუწევდი ანგარიშს, არასდროს მიმიცია საკუთარი თავისთვის ზედმეტი ფამილარობის უფლება. როგორც ტელეკომპანიის დირექტორს, სტატუსიდან გამომდინარე, საქმიანი ურთიერთობა მქონდა ქალბატონ ეკა ხვედელიძესთან. მე იგი არასდროს შემიწუხებია პირად საკითხებსა და ჩემს ემოციებზე საუბრით. ვინაიდან ამჟამად აღარ ვარ ''მეცხრე არხის'' დირექტორი, ჩვენი საქმიანი ურთიერთობის საჭიროება აღარ არსებობს. რაც შეეხება ''მეცხრე არხისა'' და შპს ''მეცხრე არხი ინფოს'' ახალ დირექტორებს, მე მათთან ბოლო დრომდე მქონდა კონტაქტი საქმეების გადაბარების პროცესში. მიმაჩნია, რომ ისინი შესანიშნავად უძღვებიან მათ წინაშე დასმულ ამოცანას.
- თქვენი ავადმყოფობის პერიოდში ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა თქვენი ჯანმრთელობით?
- უხერხულად მიმაჩნია ბატონი ბიძინას შეწუხება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით. ჩემი ავადმყოფობის შესახებ არავისთვის მიცნობებია, მაგრამ როდესაც ეს ამბავი გახმაურდა, მისი უახლოესი გარემოცვიდან დამიკავშირდნენ და არაერთხელ მოიკითხეს ჩემი მდგომარეობა, რისთვისაც მადლობელი ვარ. ჩემდა გასახარად აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი მაყურებელი და გულშემატკივარი მყოლია სამედიცინო სფეროს მუშაკებში, ასევე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც გადამარჩინეს, მივლიან და მამხნევებენ.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
zizi
ძალიან გამიხარდა თქვენი კარგად ყოფნა ქალბატონო ლუბა. ასი წელი იცხოვრეთ ჯამრთელად, სულ ვფიქრობდი ნეტავ როგორ არის თქო.
09:16 / 21-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS