22 მარტი, 2020
"არ მეუბნებოდა, მაგრამ ვხვდებოდი, სიცოცხლე აღარ უნდოდა"
"ლალი ძალიან მეგობრული ბებია იყო, მასთან არანაირ თემაზე ლაპარაკი არ მიჭირდა. იმდენად ძლიერი იყო, ერეკლეს გარდაცვალების ამბავს რომ არ გაეტეხა, მგონია, მძიმე სენიც ვერ მოერეოდა", - ამბობს ნინი ბადურაშვილი და იხსენებს, რა პიროვნული თვისებებით გამოირჩეოდა, როგორი მრჩეველი იყო და როგორ ამხნევებდა ახლობლებს სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში.

- სიცოცხლის ბოლო წუთამდე ლაღი იყო. მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომლებიც ჰქონდა, როცა მასთან მივდიოდი ან ვურეკავდი, ამ სირთულეებზე არასდროს მელაპარაკებოდა. ყოველთვის პოზიტივს გასცემდა და ადამიანებს
კარგ განწყობაზე აყენებდა. ეს კი,
დამეთანხმები, ბევრს არ შეუძლია. ლალის ადამიანები უყვარდა, ძალიან მეგობრული იყო, მისთვის არც ასაკს და არც სოციალურ სტატუსს მნიშვნელობა არ ჰქონდა, ყველასთან თანაბრად იყო, არავის გამოარჩევდა, ძალიან უშუალო გახლდათ. ტაქსის მძღოლმა მითხრა, ერთხელ ბებიაშენი სახლში მივიყვანე, იმდენად თბილი და უშუალო იყო, მისმა გარდაცვალებამ გული ძალიან დამწყვიტაო. ყველა კარგად იხსენებს და გულდაწყვეტით მელაპარაკება. საოცრად თავმდაბალი გახლდათ, ბევრი მისაბაძი თვისება ჰქონდა.

- მას პირად ამბებზე ხშირად ელაპარაკებოდი?

- ყოველთვის, რადგან ამ თემაზე ლაპარაკი არ მიჭირდა. მიუხედავად ასაკისა, ის ჩემი თანამედროვე იყო. ზოგჯერ ისეთ რამეს ამბობდა, მაკვირვებდა. თავისუფლებას სწორი გაგება უნდა, ზუსტად ვიცოდი, რასაც მეუბნებოდა.

- რჩევას ხშირად გაძლევდა?
- კი და ყოველთვის ვცდილობდი, გამეთვალისწინებინა, თუმცა, ხშირად ვერ ვახერხებდი, მაინც ჩემი შეხედულების მიხედვით ვმოქმედებდი. წლები და გამოცდილება სულ სხვა რამეა და დრო რაც უფრო გადის, ვრწმუნდები, ლალი ძალიან სწორ რჩევებს იძლეოდა.

- როგორც მაყურებელი, კრიტიკული იყო?
- თუ არ მოვწონდი, პირდაპირ მეუბნებოდა, დღეს კარგად არ გეცვაო ან რაღაც თუ არ მოეწონებოდა, აუცილებლად მიმანიშნებდა. ძირითადად მოვწონდი. მის აზრს ყოველთვის პატივს ვცემდი. ჩემგან მაქსიმუმს მოითხოვდა.

- როდესაც მას გამსგავსებდნენ, ძალიან უხაროდა...

- ეს მეც მახარებს. ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე გეტყვით, რომ ლალი ჩემზე ბევრად ლამაზი იყო. ბედნიერი ვარ, რომ მას ვგავარ. თავად კი მეუბნებოდა, შენ მე მჯობიხარო.

- როდესაც შორენას როლში ეკრანზე ნახე, შენი ემოცია როგორი იყო?
- პატარა ვიყავი, პირველი ემოცია ნამდვილად არ მახსოვს. ლალი ლამაზი ქალი იყო, მაგრამ მისი ღირსება მხოლოდ სილამაზე არ გახლდათ. ის განათლებით მსახიობი კი არა, ფრანგული ენის სპეციალისტი იყო. კონსტანტინე გამსახურდიამ გადაწყვიტა, რომ შორენას როლი მას ეთამაშა და ამ როლმა წარმატება მოუტანა. ალბათ რთულია, როცა არ ხარ მსახიობი და ისეთი ბუმბერაზი არტისტების გვერდით თამაშობ, რომლებიც ამ ფილმში მონაწილეობენ. ლალიმ ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო როლს თავი კარგად გაართვა. ერთ-ერთ ბოლო ფილმში ბებიის როლი ითამაშა და პრიზი აიღო "ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის". ნიჭიერი იყო. კარგი იქნებოდა, ბევრ ფილმში რომ გადაეღოთ. ბოლოს ერეკლეს უკანასკნელ ფილმში ითამაშა, მაგრამ მსახიობი მაინც შევცვალეთ, მიუხედავად იმისა, რომ მე მისი თამაში ძალიან მომეწონა. მისი არტისტიზმით გაოცებული დავრჩი.


- შეცვლის გადაწყვეტილება რატომ მიიღეთ?

- ეს როლი თურქ ქალს უნდა ეთამაშა.

- ამ ფილმს მაყურებელი როდის იხილავს?

- გადაღებები და მონტაჟი უკვე დასრულებულია, საბოლოო შესწორებები იქნება და სავარაუდოდ, მაისში გამოვა იხილეთ ვრცლად


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS