- ბევრი მსოფლიო ვარსკვლავი ჩამოიყვანეთ საქართველოში... როგორ იხსენებთ მათ ემოციებს, როდესაც ქართულ სუფრას უსხდნენ?
- მსოფლიო ვარსკვლავების პატივსაცემად გამართულ სუფრებზე უმეტესწილად, თამადები იყვნენ: ჯუმბერ ბერაძე, ვალერი ასათიანი... შეგნებულად ვარჩევდით ისეთ თამადებს, რომლებმაც კარგად იცოდნენ ამა თუ იმ სტუმრის ფასი და მათი ცხოვრებაც. სხვათა შორის, ამ მხრივ გამორჩეული თამადა იყო ზურაბ ჟვანია! როდესაც ალა პუგაჩოვა საქართველოში ჩამოვიდა (პირველად ვყვები ამ ამბავს), კულტურის სამინისტროსთან ახლომდებარე რესტორანში შევიკრიბეთ. 20-30 ადამიანი
წავედით ზურასთან და ალა ოთხი საათის მანძილზე იქაურობას ვერაფრით მოვაშორე. ზურა ამბობდა სადღეგრძელოებს და დეტალურად ჰყვებოდა, თუ რომელ სამშობიაროში დაიბადა ალა, როგორები იყვნენ მისი მშობლები, ქმრები, საყვარლები და ა.შ. ამ ყველაფერს ულამაზესი ფორმით ჰყვებოდა და თან, ხომ იცით, უდიდესი იუმორის გრძნობაც ჰქონდა! ალა განცვიფრებული იყო ამ ყველაფრით. მას მერე ბევრი წელი გავიდა და ალა დღემდე იხსენებს: მთელი მსოფლიო მოვიარე და ზურასნაირი ნიჭიერი ადამიანი არსად შემხვედრიაო. იგივე ხდებოდა ბეზრუკოვის პატივსაცემად გამართულ სუფრაზეც. ჯუმბერ ბერაძემ სადღეგრძელოებში დეტალურად აღწერა მისი ცხოვრება და სტუმარი ამით ძალიან ბედნიერი იყო... ლაიმა ვაიკულე გაგიჟდა, როდესაც თამადამ - ზურა მანჯავიძემ მასთან ერთად იმღერა. ამბობდა, მსგავსი შემთხვევა არ მახსენდებაო. ვუთხარი, რომ ჩვენი თამადები ყველაზე ნიჭიერები და უნივერსალურები არიან.
- ზურაბ ჟვანიას განსაკუთრებული იუმორი ახსენეთ...
- ეს მართლაც, განსაკუთრებული შემთხვევა იყო! ჩემს ცოლს სულ ეხუმრებოდა, - ამ მახინჯს როგორ გაჰყევიო? სხვათა შორის, დღეს თუ რამეს წარმოვადგენ, მისი დამსახურებაა! ზურასავით არავინ იცოდა მეგობრობის ფასი! მისი განსაკუთრებული იუმორის წყალობა იყო, რომ რაც უნდა ცუდ ხასიათზე ვყოფილიყავი, კარგად ვხდებოდი.
იხილეთ სრულად