- ბიზნესის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ვარ, სურათების გადაღება 15 წლის ასაკში დავიწყე. მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი და არ მრცხვენია იმის

- პირველად ვისი ან რისი გადაღება დაიწყე?
- რაც კი მომეწონებოდა, ყველაფერს ვიღებდი, ყვავილებს, ქვებს, ადამიანებს. ფოტოგრაფიაც ადამიანივითაა, ჯერ ბავშვი ხარ, სკოლაში ყველა საგანს რომ ერთდროულად სწავლობ და შემდეგ რაღაც მიმართულებას ირჩევ. ასე მივხვდი, რომ პორტრეტების გადაღება მომწონდა.

- ნუდზე თუ გიმუშავია?
- ეს ჟანრი ძალიან მომწონს, მაგრამ მივიჩნევ, რომ განსაკუთრებული ცოდნა სჭირდება. რამდენიმეჯერ გადამიღია, მაგრამ ჩემთვის იმდენად მიმზიდველი არ აღმოჩნდა, ადამიანების ხასიათის გადმოცემა მირჩევნია. როდესაც ასეთ რთულ რაღაცას ეჭიდები, ადამიანებს ხელოვნება უნდა დაანახვო, რაც ხშირად ფოტოგრაფებს არ გამოსდით და შეიძლება, პორნოგრაფიაც დავარქვათ.

- შენს ფოტოებში ბევრს ეწევიან...
- დიახ, ძირითადად ქალები. მომწონს ქალი და სიგარეტი, განსაკუთრებით, თუ ლამაზად აბოლებს. არადა, თავად არამწეველი ვარ.
- გადასაღებად ბიჭების დათანხმება არ გიჭირს?
- დოგმასავით არის, რომ გოგონებს უფრო მეტად უყვართ ფოტოების გადაღება. მეც რომ მითხრან, არ დავთანხმდები, მაგრამ ბევრი ბიჭი მეგობარი მყავს, მათ შორის არიან მოდელებიც. მათ სჭირდებათ სურათები პორტფოლიოსთვის, რომ სააგენტოებში გაგზავნონ. არ მიყვარს სტუდიური ფოტოები, ყოველთვის ვცდილობ, კადრი ცოცხალი იყოს და მასაც მოსწონდეს, ვისაც ვუღებ. ბიჭების შემთხვევაშიც ასეა. გარდა იმისა, რომ თხოვნას ვუსრულებ, ჩემს დეტალსაც ვდებ.
- მოხუცების საინტერესო ფოტოები გაქვს, ქალბატონი სკამზე ძალიან ლამაზია...
- ეს სურათი მელიქიშვილზე გადავიღე. ყოველთვის ფაქიზად ვარჩევ გადასაღებ ადამიანს. წარმოვიდგენ, რომ ხელში ფირის აპარატი მიჭირავს და თითოეულ კადრს ვუფრთხილდები. მეტი სიყვარულითა და მეტი მონდომებით, სიფრთხილით ვიღებ ფოტოებს, დამწყებივით აღარ, როცა ყველაფერს სურათს ვუღებდი.
- აჩვენებ ფოტოებს, როდესაც ქუჩაში ადამიანებს იღებ?
- იშვიათად, რადგან ზოგი უარს გეუბნება, ზოგი გთხოვს, რომ დაბეჭდილი ფოტო მიუტანო, თუმცა ერთმანეთს იმ ადგილას ალბათ აღარ შევხვდებით (იღიმის).
- ასე გიყვარს ფოტოგრაფია და რატომ არ ჩააბარე სამხატვრო აკადემიაში?
- გავარკვიე, რომ ფოტოგრაფიაზე ჩაბარებისას ხატვა ბარდებოდა, გადავიფიქრე. ამის შემდეგ რაც პირველი მომხვდა ხელში, ის ჩავწერე. დღეს მაქსიმალურად ვცდილობ, მცირე დრო მაინც დავუთმო ფოტოგრაფიას. მაინც მგონია, რომ ამ სფეროში ბევრი რამ პრაქტიკაზეა დამოკიდებული.

- ძალიან გიყვარს შავ-თეთრი ფოტოები...
- რადგან პორტრეტის მიმართულებით წავედი, შავ-თეთრი ფოტოები ძალიან მეხმარება. ეს არის ზედმეტი ფერების გაჩუმების საუკეთესო საშუალება და აქცენტის გადატანა ადამიანის თვალებზეა შესაძლებელი.

- ცნობილი სახე თუ გადაგიღია?
- „ქართული ოცნების“ აქციებს ვესწრებოდი და ცნობილი სახეები იქ გადავიღე, თუმცა პარტიის ახალგაზრდულ ფრთას ვეხმარებოდი და შემდეგ ფოტოებს მათ ვუგზავნიდი. აქ უფრო ნაკლებად გამოდიოდა მხატვრული ფოტოები, ამას დოკუმენტალისტიკას დავარქმევდი.
- ნიკა, შენი საოცნებო პროექტი რომელია?
- ეს ალბათ უფრო საქართველოს პოპულარიზაციას დაუკავშირდებოდა. აღმაშენებლის გამზირს ერთი დღით გადავკეტავდი და ორივე მხარეს განვალაგებდი ფოტოებს, რომლებზეც ასახული იქნებოდა ქართული ბუნება, ტრადიციები, ადამიანები. ყველა ფოტოს აღწერას დავურთავდი და ტურისტები და, უბრალოდ, თბილისელები საინტერესო კუთხით გაიცნობდნენ ქვეყანას.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“




















