12 აპრილი, 2014
ზურა ნიჟარაძის სადღეგრძელოებს ხალხი ზეპირად სწავლობს
ეთერში გადის 12 სადღეგრძელო, რომელსაც მე ვკითხულობ. სამწუხაროა, რომ ხალხს ეს სადღეგრძელოები მართალი ჰგონია და სწავლობენ ''სანათესავო-საგვარეულოში არტისტი არავინ მყოლია, მსახიობობა ბავშვობიდან ჩემი სურვილი იყო. იურიდიულიც დამთავრებული მაქვს, სასულიერო აკადემიაშიც ვსწავლობდი, ვარ მომღერალიც, მაგრამ თავიდან რომ დავიბადო, ისევ მსახიობის პროფესიას ავირჩევ...''- გვითხრა ზურა ნიჟარაძემ შეხვედრისას.
თეატრალურ უნივერსიტეტში გურამ საღარაძის, გოგი ქავთარაძისა და მზია მაღლაკელიძის მოსწავლე გახლდათ. წელიწადისა და სამი თვის განმავლობაში გორის თეატრში მუშაობდა. წლებია, აქტიურად თანამშრომლობს ''ღამის შოუს სტუდიასთან''. იუმორისტულმა გადაცემამ ''რომ გადახვალ, გააჩერე''სახელი
იცვალა და ''თქვენი გადახდილიას''სახელწოდებით გადის ეთერში.
''ტვ 11''-ზე გამოჩნდა პაროდიების სერია ქართულ სუფრაზე წარმოთქმული ბრტყელ-ბრტყელი სადღეგრძელოებისა, ზურა მათი მთავარი გმირია...

- თავიდან ყველას ჰგონია, რომ სამსახიობო ხელოვნებას ძალიან მარტივად დაეუფლება. პირველ კურსზე სახალხო არტისტი ხარ, მეორე კურსზე თავი დამსახურებული არტისტი გგონია, მესამეზე უბრალოდ არტისტი და ბოლოს ხვდები, რომ არაფერიც არ ხარ. ჯერჯერობით მგონია, რომ ამ სფეროში არაფერი გამიკეთებია, მთელი ცხოვრება წინ მაქვს.
რაც შეეხება სიმღერას, თეატრალურ უნივერსიტეტში რამდენიმე ბიჭი ვმღეროდით, გიგა ლორთქიფანიძესთან მივედით და ვუთხარით, რომ ანსამბლის ჩამოყალიბება გვინდოდა. მან ანზორ ერქომაიშვილთან გაგვიშვა. მან კი ანსამბლ ''რუსთავის''წევრ გოგიტა ბუგიანიშვილთან, რომელიც სათავეში ჩაგვიდგა. საბოლოო ჯამში 13 ბიჭი ვმღეროდით და ერთად 7 წელი ვიყავით. 2007 წელს საბერძნეთში მსოფლიო ფესტივალზე, სადაც 42 ქვეყანა მონაწილეობდა, ჩვენმა ანსამბლმა I ადგილი დაიკავა. 3-4 წელია აღარ შევკრებილვართ. ის დრო ძალიან მენატრება. საქართველოში რომ ვცხოვრობთ, ვერ ვხვდებით, ქართული სიმღერა რა ფენომენია, როცა შენს ფოლკლორს სხვა ქვეყანას ასმენინებ, მაშინ ხვდები, რა სასწაულია ის.
- ყველაზე დიდი ემოცია მაყურებლის მხრიდან რომელი ქვეყნიდან გამოგყვათ?
- საბერძნეთიდან. წარმოიდგინეთ, ათენში კონცერტის შემდეგ სასტუმროში ვბრუნდებოდით. ქამარ-ხანჯალი უკვე მოხსნილი გვქონდა. ორსართულიანი ავტობუსით ხალხი ფოიეში შეძახილებით დაგვხვდა. იქვე შვიდი სიმღერა შევასრულეთ.
ასევე დიდი სიყვარულით ვიხსენებ ისრაელსაც, სადაც უკვე სპექტაკლებით ვიყავი ჩასული.
- ''ღამის შოუს სტუდიასთან''დიდი ხანია თანამშრომლობ. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ''შუა ქალაქში''გადიოდა, სერიალში ბუნიკეთის გამგებელი იყავი. საერთოდ, როგორი დამოკიდებულება გაქვს კასტინგებისადმი, ბევრი ამბობს, რომ არ უყვარს და არ დადის კასტინგზე...
- მე არ ვარ რამაზ ჩხიკვაძე, გურამ საღარაძე ან კახი კავსაძე, რომლებმაც თავიანთი ნიჭიერება დაამტკიცეს. მათ არ სჭირდებოდათ და არ სჭირდებათ კასტინგი. მე სადაც დამიძახებენ, მი-ვდივარ. თუ კასტინგზე არ დამიძახებენ, ძალით არ წავალ. ეს ჩვენი პროფესიის ჩვეულებრივი კულტურაა.
რაც შეეხება სერიალს ''შუა ქალაქში'', რამდენიმე წელია გასული მას შემდეგ, რაც ის ეთერში გადიოდა. მე მერვე სეზონში ვმონაწილეობდი. ვფიქრობ, ისეთი სერიალი იყო, რომლის მსგავსიც რეიტინგის თვალსაზრისით საქართველოში არ ყოფილა. ახლა ძალიან რეიტინგულია ''ჩემი ცოლის დაქალები'', იქაც ვიყავი და 3 სერიაში ვითამაშე. მაგრამ იმ დროს ''შუა ქალაქს''მაინც უფრო ბევრი მაყურებელი ჰყავდა. ქართველი კაცის ხასიათი მოგეხსენებათ, როცა ქეიფობს, არც ცოლი ახსოვს, არც შვილი და არც დედა. ''შუა ქალაქში''რომ იწყებოდა, სკამიანად დგებოდა, ტელევიზორთან ინაცვლებდა, უყურებდა და მერე აგრძელებდა ქეიფს.
- ''წმინდა ნინოს''გადაღებას აპირებდა გია კერესელიძე. ფილმში მწყემსის როლი უნდა შეგესრულებინა...
- დიახ, აპირებს, გიას ერთი თვის წინ ვესაუბრე და მითხრა, თმა და წვერი არ გამეპარსა. მოსკოვში იყო და ნიკიტა მიხალკოვს უნდა შეხვედროდა.
- მიხალკოვს რამე როლზე იწვევს?
- არა, ქართული კინემატოგრაფი ვერაფერში დაეხმარა და ფინანსებზე სა 
საუბროდ იყო მასთან მისული. პროექტი თუ განხორციელდა, ალბათ, ეს იქნება რუსული ფილმი, ქართველი რეჟისორის მიერ გადაღებული. ფილმს 9 მილიონი სჭირდება, რაც საქართველოსთვის დიდი თანხაა. სამწუხაროა, რომ გიამ აქ ფინანსები ვერ მოიპოვა. საქართველოში სულ ამის პრობლემაა. რთული მდგომარეობა გვაქვს კინოში, ისევე, როგორც თეატრში. სულ ვამბობ, რომ 8 და 10 ათას ლარად სპექტაკლს ვერ დადგამ, შეუძლებელია. რაც შეეხება კინოს, ვფიქრობ, ქართველმა ბიზნესმენებმა არ იციან, კინოში რამდენი ფულის შოვნა შეიძლება.
- ალბათ, არ რისკავენ, არ უღირთ...
- ან არ რისკავენ, ან არ ხედავენ რეჟისურას სათანადო დონეზე. არ ვიცი, ეს საკმაოდ რთული საკითხია. არადა, კარგ კომერციულ ფილმს რომ გააკეთებ, 200-500 % ექნებათ მოგება.
- მე პირადად მომწონს ''ტვ 11''-ის იუმორი, რას იტყვით ამ არხზე?
- მეც მომწონს. ტელევიზიას კარგი ფორმატი აქვს. ყოველი სკეტჩი და რუბრიკა რამდენიმეწუთიანია. ვფიქრობ, არ არის დამღლელი. ეთერში გადის 12 სადღეგრძელო, რომელსაც მე ვკითხულობ. სამწუხაროა, რომ ხალხს ეს სადღეგრძელოები მართალი ჰგონია და სწავლობენ. კარგ ქართულ სუფრას არაფერი სჯობს, ქართული სუფრის დამცინავი ადამიანები არ მიყვარს, მაგრამ ის ჩანაწერები დაცინვა კი არა, პაროდიაა.
- სწავლობენო თქვი და რას გულისხმობ?
- ახალი წლის დღეები იყო, მეგობარს სუფრაზე გავყევი. ო, ჩემი თამადა, საქართველოს თამადა მობრძანდაო, - მიცნო და მომეფერა სუფრის თამადა. ხალხი ღიმილით შემხვდა, გამიხარდა და სიამოვნებით შევუერთდი, ღიმილი ხომ ასე გვაკლია ამ ქვეყანაში. ვსხედვართ და ცოტა ხანში წამოდგა ის კაცი და ზუსტად იმ ინტონაციით, სუნთქვის აღებით, წარბის აწევითა და სიტყვებით დაიწყო ლაპარაკი, რასაც მე ვაკეთებ. პირდაპირი ასლი ჰქონდა გაკეთებული იმ ერთ-ერთი სადღეგრძელოდან, რომელიც ახალ წელს ეხება და იმ დროს გადიოდა ეთერში. ვიფიქრე, აქ ცუდად არის საქმე-მეთქი. ორი ჭიქის მერე ავდექი, ვუთხარი, რომ მეჩქარებოდა და წამოვედი.
- გარდა ამისა, ბევრი აიგივებს ამა თუ იმ როლის შემსრულებელ მსახიობს მის მიერ განსახიერებულ პერსონაჟთან. შენი აზრით, ეს რა ფენომენია?
- ალბათ, ეს მაყურებლის ''ინტელექტზე''მეტყველებს. როგორც უკვე გითხარით, ღიმილი გვაკლია, ღიმილი და წიგნის კითხვა.
- ''წმინდა ნინოს''გარდა, რამე შემოთავაზება ხომ არ გაქვს სხვა რეჟისორებისგან?
- რეჟისორი რამაზ ბლუაშვილი იღებს ფილმს ალექსანდრე ქართველზე, რომელშიც მთავარ როლს კახი კავსაძე თამაშობს. ამავე ფილმში მეც ვმონაწილეობ, იმავდროულად კასტინგის მენე-ჯერი ვიყავი, მაგრამ ჯერჯერობით სხვას ვერაფერს გეტყვით. ფილმს ამერიკული კომპანია იღებს. მესამე ფილმი ყარაბახის ომს უკავშირდება, რომელსაც აზერბაიჯანელები იღებენ. გადაღებები ბელორუსიაში ივნისამდე უნდა დაიწყოს და ვნახოთ.

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS