10 აპრილი, 2014
რატომ თქვა მელორ ვაჩნაძემ ფილმში გადაღებაზე უარი
ავად ვიყავი და დედაჩემთან ჩახუტების უფლება მომცეს. ხელებზე ბორკილები მადევს. ციხიდან ეს სურათი დამრჩა მელორ ვაჩნაძე რამდენიმე წლის წინ ''ჯეობარიდან'' გავიცანით. მოგვიანებით თავი საპროტესტო აქციებიდან დაგვამახსოვრა. სამწუხაროდ, ოთხი წელი ციხეში გაატარა. ცდილობს, სამართლიანობისთვის ბრძოლა გააგრძელოს. მელორს განვლილ ცხოვრებაზე ვესაუბრეთ.

''მაიმუნი რომ არ ყოფილიყო, შეიძლება, იმ მოგზაურობიდან არაფერი დამმახსოვრებოდა''

- ფოტოზე ჩემი მშობლები არიან. ივანე ვაჩნაძე და რიტა მაისურაძე. დედა მამასთვის მეორე მეუღლეა. მამას მანამდე ჰყავდა მეუღლე და ორი შვილი - მაკა და ნატო. ისინი ცხოვრებაში
არ გამირჩევია ღვიძლი დისგან. ერთად გავიზარდეთ. მამა დედაზე ჩვიდმეტი წლით უფროსია. დედა რომ გათხოვდა, თვრამეტი წლის იყო და მამას რომ გაჰყვა, ოჯახში დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. ცოლიანი და შვილებიანი სიძე არ უნდოდათ. ბაბუაჩემი მათი ქორწინების წინააღმდეგი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში, ჩემი და რომ გაჩნდა, მათ ქორწინებას შეეგუა და მამასა და ბაბუას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ჩემს მშობლებს რომ ვუყურებ, დღემდე ისე ებუტებიან ერთმანეთს, როგორც ახალი შეყვარებულები. ძალიან უყვართ ერთმანეთი და დარწმუნებული ვარ, ეს ორი ადამიანი ერთმანეთისთვის დაიბადა.

Rating

- რას საქმიანობენ?
- მამას რესტორნები ჰქონდა. დედა ეკონომისტია. ადრე მუშაობდა. დღეს ჯანმრთელობა ხელს არც ერთს არ უწყობს, რომ იმუშაონ.
- გარეგნულად ვის ჰგავხარ?
- ალბათ ორივეს. მე რომ გავჩნდი, მამა ორმოცი წლის იყო. მანამდე სამი გოგო ჰყავდა და სიგიჟემდე უნდოდა ბიჭი.

Rating

- რატომ დაგარქვეს მელორი?
- ჩემი ნათლიის მელორ ტყეშელაშვილის პატივსაცემად. მელორ ტყეშელაშვილი რამდენიმე წლის წინ ვანის რაიონის დეპუტატი იყო. დედა ფეხმძიმედ რომ იყო, მელორი ახალ წელს მეკვლედ მოსულა ჩვენთან მეგობართან ერთად. თურმე მამა ამბობდა, არ დამთარსოთ, გოგო არ დაიბადოსო. ჩემს ნათლიას უთქვამს, ბიჭი თუ იქნება, ჩემს სახელს დაარქმევო. მამას დაუფიქრებლად მიუცია ამის პირობა. ზაფხულში დავიბადე... ფიქრობდნენ, ჯაბა დაერქმიათ, მაგრამ მამამ ნათლიას ვერ აწყენინა.
- მოგწონს სახელი, თუ გერჩივნა, ჯაბა ყოფილიყავი?
- სახელით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. ხანდახან ვინმეს ტელეფონზე რომ ვურეკავ, გვარის დასახელებაც არ მიწევს. ვამბობ, რომ მელო ვარ და ყველამ იცის, რომ მე ვარ.
- ფოტოდან ჩანს, რომ ჭამის მოყვარული ბავშვი იყავი.
- ფოტოზე ორი თვის ვარ. სურათი სოჭშია გადაღებული. ხუთი კილო და ასი გრამი გავჩნდი და დედა ცუდად იყო. როგორც კი ცოტა უკეთ გახდა, მამამ მთელი ოჯახი დასასვენებლად სოჭში წაგვიყვანა. სურათი ზღვაზეა გადაღებული.
- მომდევნო ფოტოზე კი მთელი ოჯახი ხართ.
- სურათზე ჩემს ღვიძლ და მაიასა და მშობლებთან ერთად ვარ. სურათი ოდესაშია გადაღებული. მაიკო ახლა ევროპაში ცხოვრობს თავის მეუღლესთან ერთად. მისი შვილი ლუკა დედაჩემთანაა. ჩემი და უკვე შვიდი წელია, საქართველოდან წასულია. ჩემზე სამი წლით უფროსია. მთელი ბავშვობა ვჩხუბობდით, მაგრამ ახლა ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. ერთი და თერთმეტი წლით, მეორე ცხრა წლით იყო უფროსი და ორივე მპატრონობდა და მივლიდა. მაია თითქმის ჩემხელა იყო და არ ჰქონდა იმის განცდა, რომ პატარა ვიყავი. ბავშვობაში მაგრად მჩაგრავდა. რომ გავიზარდეთ, მე ვამწარებდი. ვუშლიდი სახლში დაგვიანებით მოსვლას და არსად არ ვუშვებდი. დაქალებთან ყავა არ უნდა დაელია. სკოლიდან და ინსტიტუტიდან პირდაპირ სახლში უნდა მოსულიყო.

Rating

- ოდესაში გატარებული დრო, ალბათ, კარგად გახსოვს...
- ერთხელ სანაპიროზე გამიყვანეს სურათის გადასაღებად და მაიმუნმა თითზე მიკბინა. იმ მაიმუნის ''დამსახურებით'' დღემდე თითზე იარა მაქვს. მერე შრატი გამიკეთეს და მაშინ ბევრი ვიტირე. ის მაიმუნი რომ არ ყოფილიყო, შეიძლება, იმ მოგზაურობიდან არაფერი დამმახსოვრებოდა. ბავშვობაში მამას ხშირად დავყავდით სამოგზაუროდ და საბჭოთა კავშირის ბევრი ქალაქი გვაქვს ნანახი.
- მოგზაურობა დღემდე გეყვარება.
- მიყვარს, მაგრამ მიზეზთა გამო ბევრი ვერ ვიმოგზაურე. ვიმოგზაურე გლდანის ციხეში. ციხიდან ციხეში ოთხ თუ ხუთკაციანი ფურგონით ოცდახუთი კაცი გადავყავდით. კარგად მახსოვს ეს მოგზაურობები...

რატომ დაემშვიდობა სპორტულ კარიერას

- მომდევნო ფოტო სად არის გადაღებული?
- ფოტო დედასთან ერთად კოჯორში მაქვს გადაღებული. ამ პერიოდში ალბათ მესამე კლასში ვიყავი. ბავშვობაში ალერგია და ასთმა მქონდა და ხშირად დავყავდი გაზაფხულზე კურორტებზე. უწერაში, შოვსა და ბაკურიანში სულ დავდიოდით. ცამეტი წლის რომ გავხდი, ჯანმრთელობა გამიუმჯობესდა.

Rating

- გიყვარდა სწავლა?
- ნიჭიერი ბავშვი ვიყავი, მაგრამ სწავლა მეზარებოდა. ბოლო კლასებში სკოლის გარდა სპორტზეც დავდიოდი და სწავლისთვის დრო აღარ მყოფნიდა. ჩემს მასწავლებლებს დღემდე ვუყვარვარ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცელქი ვიყავი. სკოლა რომ დავამთავრე, დირექტორმა დამიძახა და სეიფიდან თერთმეტი წლის ნავაჟკაცარი გამოიღო. დაახლოებით ასამდე ხელწერილი მქონდა დაწერილი, რომ ცუდად აღარ მოვიქცეოდი. ცოცხალი ბავშვი ვიყავი, მაგრამ ნორმალურად ვსწავლობდი. ისეთი საგანი არ მახსენდება, რომ მასწავლებელთან სერიოზული კონფლიქტი მქონოდა. საყვარელი საგნები იყო მათემატიკა და ფიზიკა, ალბათ ამიტომაც ავირჩიე პროფესია. ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე.
მომდევნო ფოტო პირველ კურსზე მაქვს გადაღებული. ჯინსი აკეცილი მაქვს და ჩემს მანქანასთან ვდგავარ. ვბიჭობდი, მანქანა ბავშვობიდან მიყვარდა. მამა ყოველთვის ზრუნავდა, რომ ვინმეს რამეში არ ჩამოვრჩენოდი. ყველანაირი ველოსიპედი მყავდა. თერთმეტი წლის ვიყავი, ავტომობილის მართვა რომ მასწავლა. მამამ სპორტულად გაგვზარდა მეც და ჩემი დებიც და ვცდილობ, ჩემი შვილიც სპორტულად გაიზარდოს. ჯანმრთელობისთვისაც კარგია და ადამიანიც ნორმალურად ყალიბდება.

Rating

- როგორც ვიცი, კალათბურთზე დადიოდი.
- ძალიან დიდი ხანი ვთამაშობდი კალათბურთს. ვიყავი ''თესეუს'' და ''მართვეს'' გუნდებში. საქართველოს ბავშვთა ნაკრებშიც ვთამაშობდი. მერე ორივე მუხლის ტრავმა მივიღე, რამაც ჩვიდმეტი წლის ასაკში ჩემი სპორტთან დამშვიდობება განაპირობა. საწყენია, რომ ამ სპორტს ვერ გავყევი. დღემდე ძალიან მიყვარს. როცა დრო მაქვს, მეგობრებთან ერთად ვთამაშობ.
მომდევნო ფოტოზე ჩემს მეგობრებთან ერთად ვარ. წვერით იმიტომ ვარ, რომ ადმინისტრაციული სასჯელიდან ერთი საათის გამოსული ვიყავი, ჩემი მეგობრები დამხვდნენ და ერთ-ერთ კაფეში წავედით.

Rating

- ეს შენი პირველი ადმინისტრაციული სასჯელი იყო?
- არა, პირველად 2006 წელს დამიჭირეს გიორგი გეგეჭკორთან შელაპარაკების გამო. გეგეჭკორი ქალაქის საპატრულოს პოლიციის მაშინდელი უფროსი იყო.
- როგორც ჩანს, ხასიათში გაქვს პირდაპირობა და დაუმორჩილებლობა.
- მამაჩემსაც ჰქონდა ხელისუფლებასთან პრობლემები.

Rating

- ეს ხასიათი გენეტიკურად გადმოგცემია...
- ალბათ. მამა კომუნისტურ წყობას ვერ ეგუებოდა. დაახლოებული იყო ლაზიშვილების ოჯახთან. ისინი საქართველოში პირველი ბიზნესმენები იყვნენ. გიყვებით გასული საუკუნის 60-იანი წლების ამბავს. მაშინ ედუარდ შევარდნაძე ერჩოდა ლაზიშვილების ოჯახს და ამის გამო დევნიდნენ მამასაც. 18-დან 25 წლამდე ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა. ციხეში ნამყოფი არაა, მაგრამ ბევრი რამ გადაიტანა. მერე მამა კანონს მოერგო.
- როგორ ფიქრობ, შენს ცხოვრებაშიც დადგება დრო, როცა კანონს მოერგები?
- კანონს მე ყოველთვის მორგებული ვარ. უბრალოდ, არსებობს ისეთი რაღაცები, რაც ჩემს ცნობიერებაში არასწორია. ადმინისტრაციული დაკავება, მგონი, ჩვეულებრივი რამაა და არ ღირს მასზე დიდი ყურადღების გამახვილება. რაც შეეხება ჩემს ოთხწლიან სასჯელს, პოლიტპატიმრად მაღიარეს. სასაცილო იყო ის ბრალდებები, რის გამოც ციხეში ოთხი წელი გავატარე. ფოტო ციხეშია გადაღებული დედაჩემთან ერთად. ჩემმა მეგობარმა ფარულად გადაიღო. ავად ვიყავი და დედაჩემთან ჩახუტების უფლება მომცეს. ხელებზე ბორკილები მადევს. ციხიდან ეს სურათი დამრჩა.

''მეორე ბავშვი ძალიან მინდა''

- რეალური შოუ ''ჯეობარიდან'' გაგიცანით.
- ის პერიოდი კარგად მახსენდება. კარგია, როდესაც ადამიანები მსგავს პროექტებში მო-ნაწილეობენ. ქუჩაში დგომას ან ნარკოტიკებით გართობას სჯობს, ასეთ პროექტში ჩაერთო. მაშინ ცხრამეტი წლის ვიყავი. ფოტო დაახლოებით ამ პერიოდშია გადაღებული. ჩემი შვილი მაშინ სიარულს სწავლობდა. ახლა უკვე დიდია. ცხრა წლის ხდება.
- დედამისთან ურთიერთობა გაქვს?
- არანაირი ურთიერთობა არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ახლოს ცხოვრობს. ძალიან ცოტა ხანს ვიყავით ერთად. სულ რამდენიმე თვე. ოფიციალურად არ დავქორწინებულვართ. მასზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია, იმიტომ რომ ჩვენს შვილს კარგად ზრდის.

Rating

- როგორ ფიქრობ, რატომ დამთავრდა თქვენი ურთიერთობა ძალიან მალე?
- ამ ყველაფერს ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. მოხდა ისე, როგორც მოხდა. ვფიქრობ, რომ ყველაფერი სწორად მოხდა. ქეთუსიას ძალიან უყვარს დედაც და მამაც. მასთან სისტემატური ურთიერთობა მაქვს. ძალიან კარგი ბავშვია. ჩემგან განსხვავებით, მოწესრიგებული და ჩამოყალიბებულია. მიხარია, რომ ასეთი კარგი შვილი მყავს. იმედია, მალე მეყოლება მეორე შვილი, ოღონდ უკვე ჩემს დღევანდელ მეუღლესთან, ნინი გოგოტიშვილთან. ყველაფერი ღვთის ნებაა. ნინი ჯერ საცოლეა. ქორწილი არ გვქონია, მაგრამ რვა თვეა, ერთად ვცხოვრობთ. მიხარია, რომ ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა. 21 წლისაა, მაგრამ ერთად ვიზრდებით. ცხოვრების წლები რომ დავკარგე ციხეში, ყველაფერი მომენატრა. 23 წლის დამიჭირეს. ციხეში გაყინულ მდგომარეობაში ვგრძნობდი თავს. ახლა მგონია, რომ იმავე ასაკში ვარ. ჩვენ შორის განსხვავება შვიდი წელია და მე ვერ ვგრძნობ ამ განსხვავებას. ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ. მოკლედ რომ ვთქვა, ვუძლებთ ერთმანეთს. ფოტო მასთან ერთად მაქვს გადაღებული.

Rating

- აპირებ, იმ საქმით დაკავდე, რაც ისწავლე?
- პროფესიით ეკონომისტი ვარ და პიარის კურსები მაქვს გავლილი. ბევრი ლიტერატურა მაქვს წაკითხული სამართლის განხრით. ჯერჯერობით სტატუსი, რაც მაქვს, უფლებადამცველობა და სამოქალაქო სექტორში მონაწილეობა, ჩემთვის მისაღებია. ნამდვილად არ ვაპირებ, ჩინოვნიკი გავხდე და სახელმწიფო სამსახურში ჩავება.
- ოდესმე თუ გიფიქრია, სულ სხვა პროფესია რომ აგერჩია, უკეთესი იქნებოდა? თუნდაც მსახიობი რომ გამხდარიყავი...
- ფილმში მონაწილეობა რამდენჯერმე შემომთავაზეს, მაგრამ არ დავთანხმდი. რამდენიმე თვის წინაც შემომთავაზეს სამოყვარულო ფილმში მონაწილეობა და ახლაც უარი ვთქვი. სიმართლე გითხრათ, სცენარიც არ მომეწონა. თუმცა ამ სფეროში ჩემს თავს ვერ ვხედავ. ეს ყველაფერი არ მაინტერესებს, ანუ ამ მხრივ მიღწეული პოპულარობა.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ღუდო
მიყვარხარ♥♥♥
22:28 / 10-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS