დარე ორი წელია, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" კულტურის მინისტრის - ირინა კუპრავას როლს თამაშობს. ახლა AMBEBI.GE-ს საკუთარ ცხოვრებაზე უყვება, რომელიც ერთი შეხედვით, კინოს ჰგავს...
- სოხუმიდან
- სოხუმში დაოჯახდით?
- ძალიან საინტერესო დაოჯახების ისტორია მაქვს. აფხაზეთის ტელევიზიაში ვმუშაობდი, საინფორმაციო პროგრამების მთავარი რედაქტორის მოადგილე ვიყავი. მასალებს თბილისში სარელეო ხაზით ვგზავნიდით და როდესაც ომის დროს ეს ხაზი ააფეთქეს, საიდუმლო მასალები კასეტების საშუალებით თბილისში მომქონდა თვითმფრინავით.
ერთ-ერთი ფრენისას გავიცანი ჩემი მეუღლე, რომელიც მებრძოლი და "შავი ავაზას" წევრი გახლდათ. ის თავის რაზმთან ერთად თბილისში ბრუნდებოდა. ეს იყო ომის დროს, 1992 წელს და ძალიან მალე დავოჯახდით.
- ორსულმა დატოვეთ აფხაზეთი?
- დიახ, რვა თვის ორსული ვიყავი. ბოლო შეტაკებებისას სოხუმში ვიყავი. მანამდე თბილისში ჩამოვედი ცოტა ხანს, მაგრამ ნეიტრალური პერიოდი იყო გამოცხადებული და უკან დავბრუნდი.
მეგონა, ომი დამთავრდა და კარგად იქნებოდა ყველაფერი და ჩვენც მშვიდ ცხოვრებას გავაგრძელებდით, მაგრამ ტყვარჩელიდან მოულოდნელად დაიწყო შეტაკებები და შეიძლება ითქვას, ბოლო თვითმფრინავით დავტოვე სოხუმი.
ტრაპზე ასვლისას, შემთხვევით, ჩვენი მებრძოლის ავტომატის კონდახი მომხვდა მუცელში, ის საკუთარი ოჯახის წევრებს აცილებდა. ამან პროცესი დააჩქარა და ჩამოსვლისას საავადმყოფოში დამაწვინეს ნაყოფის შენარჩუნებაზე, მაგრამ ძალიან მალე, რვა თვეზე ვიმშობიარე.
- თქვენი მეუღლე სად იყო ამ დროს?
- მეუღლე 21 წლის იყო, კოლხიდაში იბრძოდა და გულში დაჭრეს. როდესაც ვტოვებდით სოხუმს, ჩემმა ძმამ სთხოვა, დაჭრილი ხარ, მაინც სუსტად ხარ და წაიყვანე თბილისში ქალები და ბავშვები და უკან დაბრუნდიო. მაშინ ვერც წარმოვიდგენდით რომ სოხუმი ჩაბარდებოდა... რა თქმა უნდა, უკან ვეღარ დაბრუნდა, რადგან ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ მაინც არ მაქვს ეს შეგრძნება და იმედი მაქვს, რომ ოდესმე დავბრუნდებით.
- თბილისმა როგორ მიგიღოთ?
- არაჩვეულებრივად... ჯერ კიდევ, მაშინ, როდესაც გაგრა დაეცა და ლტოლვილების პირველი ნაკადი ჩამოვიდა, ჩემი და გამოვაცილე, რომელმაც მცირეწლოვანი შვილებით ერთ-ერთ პუნტქს შეაფარა თავი. ამ დროს მოხდა სასწაული ისტორია - ამ პუნქტში მოვიდა ერთი თბილისელი ბიჭი, სოსო ხოკერაშვილი და თქვა, რომ ერთ ბავშვებიან ოჯახს თავისთან წაიყვანდა და შეიფარებდა. ნაძალადევში, ზესტაფონის ქუჩაზე ცხოვრობდა. თავისი სახლის ნაწილი, ჩემ დას, მის შვილებს და დედაჩემს დაუთმო.
წარმოიდგინეთ, სახლში რომ მივედით, მაცივარი სავსე დაგვახვედრა, ბავშვებისთვისაც კი გაემზადებინა სათამაშოები, მანამდე ფიქრობდა, რომ ბავშვიან ოჯახს მიიყვანდა სახლში. ერთი წელი იცხოვრეს ჩემი ოჯახის წევრებმა მის ოჯახში. ახლა ეს ადამიანი საზღვარგარეთ ცხოვრობს, სამწუხაროდ, არ გვაქვს ურთიერთობა, მაგრამ აუცილებლად მოვძებნი. გაგრძელება