12 თებერვალი, 2020
ხათუნა ჟორდანიას ფილტვში სიმსივნე დაპატარავდა
ხათუნა ჟორდანიას ფილტვში სიმსივნე დაპატარავდა. ამ სასიხარულო ამბავს თელ-ავივიდან ზურა ხაჩიძე "პრაიმტაიმთან" ჰყვება.

ამჟამად ისრაელში ხათუნა გადასხმის მორიგ კურსს გადის. 15 თებერვალს კი ამ წყვილის სიყვარულის ისტორია 16 წელს შეკრავს. ბევრი ეტაპი გაიარეს, დაკვირვების, დასკვნების, ჭორების, ავი ხმების...

ზურა ხაჩიძე: არავის განკითხვას არ დავიწყებ. მაგრამ მუდმივად ამბობდნენ - დღეს თუ ხვალ ეს ოჯახი დაინგრევაო... მაგრამ ყველაფერი კარგად არის. 16 წლის თავზე ჩვენ ისევ ერთად ვართ. ის განსაცდელი, რომელიც დღეს ჩვენს ოჯახშია, მოვერევით და ხათუნა გამოჯანმრთელდება.
უფლის იმედი მაქვს. ხათუნა ძლიერია და მჯერა, ამ ვერაგ დაავადებას მალე დაამარცხებს. ძალა ნაპოვნი აქვს, კიდევ უფრო გამყარდება რწმენაში. შეიძლება ამაზე ხმამაღლა არ ულაპარაკია, მაგრამ ბევრ საქველმოქმედო ღონისძიებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ერთ-ერთია მონასტრის მშენებლობისთვის ჩატარებული ღონისძიება, უწმინდესის კურთხევით. საგურამოს დედათა მონასტერში კელია აქვს გარემონტებული და მოწყობილი. დადის ეკლესიაში, ეზიარება. დავდივართ ძამას ხეობაში, ქარელში, ბერთან, მამა ნაუმისთან. ბევრმა იცის, რომ მას თავისი ლოცვით ბევრი ადამიანი ჰყავს განკურნებული, მათ შორის სიმსივნით დაავადებული. ის ხათუნას ლოცავს და ეუბნება, ძალიან მალე დაამარცხებ ამ სენსო... შაბათის ლოცვებზე ხშირად დადის მის უწმინდესობასთანაც.

როგორც ზურამ "პრაიმტაიმთან“ საუბრისას აღნიშნა, ხათუნას ფილტვში სიმსივნე ზომაში ძალიან დაპატარავებულია. რამდენიმე დღის წინ მამა ნაუმიმ ხათუნა დალოცა და ისრაელიდან ჩამოსვლის შემდეგ მასთან დაიბარა.


ზურა: რომ ჩამოხვალ, აუცილებლად მოდი ჩემთან და პასუხი მითხარი, ექიმები რას გეტყვიანო. ყინწვისის მონასტრის საძმოში ხშირად ჩავდივართ. ბევრი კარგი ბერი მოღვაწეობს იქ და გვერდში გვიდგას ამ დაავადების დასამარცხებლად. მადლობა მათ... საგურამოს დედათა მონასტერშიც დავდივართ.

განსაცდელი ყველა ადამიანის ცხოვრებაში მოდის. მზად უნდა დავხვდეთ და ღმერთთან ახლოს დავდგეთ. მნიშვნელოვანია ის, რომ რთულად არ მივიღოთ ეს მოვლენილი განსაცდელი. ის, რაც ხდება, იმისთვისაა, რომ უფალთან დავახლოვდეთ.

ბოლო თვეებია, დიდ თანაგრძნობას ვგრძნობ საზოგადოებისგან. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველას დიდი მადლობა ვუთხრა ამ მხარდაჭერისთვის. ამდენი ადამიანის ლოცვას იმხელა ძალა აქვს, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა ყველას და მათ შორის თქვენ - ჟურნალისტებს, ვინც ჩვენს მიმართ კეთილგანწობილია და მხარს გვიჭერთ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS