სოფოს გმირი ტროლების ბოსია, თინიკოსი კი - ერთ-ერთი მთავარი ტროლის, ელვირის ყალბი საცოლე.
როგორ მოხვდნენ დები ჭოხონელიძეები სერიალში, ამ თემაზე მათ ჟურნალ "სარკეს" ესაუბრნენ. გთავაზობთ ამონარიდს მასალიდან:
სოფო: ეკა მჟავანაძემ რომ დამირეკა და მისვლა მთხოვა, თავიდანვე ვფიქრობდი, რამე როლს თუ შემომთავაზებდა, თინიკოსთან გადავამისამართებდი. ასეც მოხდა, მაგრამ მთხოვა რაღაც სინჯზე მაინც ჩამეწერა. ვალი მოვიხადე და ჩავეწერე ვუთხარი, მაინც არაფრით
თინიკო: ეკამ იმ საღამოს დამირეკა და მითხრა, ხვალ გადაღება გაქვს და ზეგ ეთერში იქნებიო. ისეთი შოკი მქონდა 1999 წლიდან მსახიობობასთან შეხება არ მქონია. მთელი ღამის უძინარი წავედი გადაღებაზე.
არადა ორგზის ბებია ქალს გასათხოვარი ფიზიკოსის როლი შემოგთავაზეს
თინიკო: ნიკა ქავთარაძეს ვეხუმრები, ამ ბებიაქალს მართლა თუ გამათხოვებ-მეთქი. არ ვიცი, გამათხოვებს თუ არა.
სოფო: რადგან წახვედი ამ ნაბიჯზე, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო! თინიკო დაამტკიცეს როლზე ჩემ მაგივრად და რომ მეგონა თავისუფალი ვიყავი, ეკამ ისევ დამირეკა. მეორე დღეს შვილის ნიშნობა მქონდა და ვუთხარი, შანსი არ არის, იქნებ იქით კვირას იყოს-მეთქი. მე რომ იქ მიმიყვანა და დამითანხმა, ეკა მჟავანაძეს მედალი ეკუთვნის! ვთვლი, რომ არატელეგენური და არაფოტოგენური ვარ და მეგონა, არ დამამტკიცებდნენ. მეორე დღეს აღარ დამირეკა ეკამ, იცოდა, რომ შვილის ნიშნობა მქონდა და ვიფიქრე, მორჩა გადავრჩი-მეთქი. მომდევნო დღეს კი მითხრა დაგამტკიცესო. საკუთარ თავზე გავბრაზდი ერთი კარგი უარი მეთქვა და წამოვსულიყავი-მეთქი. ალბათ კადრებიც უჭირდათ და ესეც გავითვალისწინე. ისე ვინერვიულე გადაღებისას, რამდენიმე წინადადება მქონდა სათქმელი და ისიც ვერ დავიმახსოვრე, ვაჩერებდი გადაღებას. ისინი მამხნევებდნენ, პირველ დღეს ყველა ასეაო.
თინიკო: ორივემ ერთნაირად ვინერვიულეთ, იმდენად მომეწონა სოფიკო, ტელეფონი ავიღე და ვუთხარი, ძალიან მაგარია-მეთქი.
ქალბატონო სოფო, სერიალში ტროლების შეფი ხართ. თქვენი აზრით, ეს რეალობიდან აღებული სახეა?
სოფო: ისეთი რეალური ყოფილა... ტექსტს რომ ვკითხულობდი, რაღაცებმა შოკში ჩამაგდო, ტოტოს ეუბნება ჩემი გმირი, შენზე მითხრეს, ჩინეთიდან იწერს ლაიქებსო. იცით რა დამემართა?! თურმე სინამდვილეში ხდება ასეთი რამეები. ჩვენმა დამ თამრიკომ ოჯახის სიწმინდის დღეზე რომ არ იმღერა და მის წინააღმდეგ დიდი ტალღა აგორდა, რამდენიმე კომენტარმა შოკში ჩამაგდო, მოვძებნე და მივხვდი, არარეალური პიროვნებები იყვნენ. თურმე ასეთი სამსახურიც არსებობს.
ჟურნალი "სარკე"