„რეიტინგი“ სტილის ქართველ აიქონს, გია სურამელაშვილს დაუკავშირდა და სამი ცნობილი პოლიტიკოსის ბიძინა ივანიშვილის, გიორგი გახარიას და კახა კალაძის ჩაცმის სტილი შეაფასებინა.
- ბიძინა ივანიშვილს და გიორგი გახარიას ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ჩაცმის სტილი აქვთ. რაც შეეხება კახა კალაძეს ის ნამდვილად ისე იმოსება, როგორც უნდა იმოსებოდეს თანამედროვე ახალგაზრდა მამაკაცი. ბევრი კრიტიკული კომენტარი წამიკითხავს მისი ჩაცმის სტილზე, თუმცა, გემოვნებაზე არ დაობენ. ლამაზი თვალებით ვუყურებ
ივანიშვილისგან და გახარიასგან განსხვავებით, მე ჩაცმის სულ სხვა სტილს „ვაწვები“ - გამორჩეულს. სცენაზე სანახაობა უნდა შექმნა, როცა ასობით ადამიანი გიყურებს სხვადასხვა ქვეყანაში. ამიტომ ბევრი გამორჩეული სტილის სამოსი მაქვს. ცხოვრებაში ხან კალაძესავით მაცვია, ხან სხვანაირად.
- იცნობთ ამ პოლიტიკოსებს?
- რა თქმა უნდა, სამივეს ვიცნობ, მაგრამ ბოლო დროს ყველას გადატვირთული რეჟიმი გვაქვს და ხშირად ვერ ვხვდებით. ყველას „ვბალელშიკობ“, ყველა მომწონს და ღმერთმა ხელი მოუმართოთ ყველაფერში. ბევრი იშრომონ და კარგი საქმეები გაეკეთებინოთ ჩემი ქვეყნისთვის.
- სად გაიცანით ისინი?
- აღარ მინდა, დავწვრილმანდე და დეტალურად ვისაუბრო ჩვენს ნაცნობობაზე.
- ქალებში დიდი პოპულარობით სარგებლობს გიორგი გახარია, თქვენი აზრით, რატომ არის ის მიმზიდველი მანდილოსნებისთვის?
- რაღაცა ცოტა მაფიოზური გამოხტომები აქვს, სიმპატიური კაცია და ალბათ ამიტომ მოსწონთ ქალებს. ეს ვისაც მოსწონს, იმას უნდა ჰკითხოთ.
- მოუხდება სპორტული სამოსი გიორგი გახარიას?
- სპორტულად ჩაცმული არც ივანიშვილი მინახავს და არც გახარია, ამიტომ პასუხის გაცემა გამიჭირდება.
- თქვენი გარდერობიდან რას ჩააცმევდით გიორგი გახარიას?
- მე მაქვს რამდენიმე პიჯაკი, რომელიც ბევრჯერ არ მცმია, თუმცა, ძალიან კარგი პიჯაკებია, რაც ხაზს უსვამს მამაკაცურობას. ამიტომ ამ პიჯაკებს ჩავაცმევდი გიორგი გახარიას. მას უხდება შარვალ-კოსტუმები, გიორგი გახარია ახმახი, კარგი სიმაღლის კაცია, ამიტომ ჩემს პიჯაკებს ჩავაცმევდი შავ მაისურზე და ჯინსზე, რაც ძალიან მოუხდებოდა.