04 თებერვალი, 2020
ცხოვრება პრეზიდენტობიდან წასვლის შემდეგ - მაკა ჩიჩუა და გიორგი მარგველაშვილი სიყვარულზე, შვილებზე და გადატანილ სირთულეებზე
მსახიობ მაკა ჩიჩუასა და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წყვილს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. გიორგი და მაკა ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, საინტერესო და სიმპათიური წყვილია. მათი ურთიერთობა ბევრ წელს ითვლის, როგორც თავად ამბობენ, მრავალეტაპიან, სირთულეებით თუ სიხარულით სავსე თანაცხოვრების წლებს, რომელთაც ორი უსაყვარლესი პატარა არსება აგვირგვინებს. როგორ ცხოვრობენ ვალენტინობისთვის OK!-ის მთავარი გმირები ორ მცირეწლოვან შვილთან – თემოსთან და თომასთან ერთად ქალაქგარეთ, რა მიაჩნიათ თავიანთი მრავალწლიანი, ჰარმონიული ურთიერთობის მთავარ საიდუმლოდ და რომელი თვისებები აღაფრთოვანებთ ერთმანეთში
– წაიკითხეთ მაკასთან და გიორგისთან OK!-ის ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მაკა, გიორგი, როგორ ხართ? მოგვიყევით, რას საქმიანობთ?

(მაკა): აქ, ჩვენთან, დუშეთში ცხოვრება მშვიდია და ჟანგბადით მდიდარი. მე ძირითადად ბავშვებით ვარ მოცული და სულ ცოტა ხნის წინ ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, „მთავარ არხზე“ ძალიან საინტერესო კულტურულ სიახლეებს ვთავაზობთ საზოგადოებას. გადაცემა ერთი კვირის განმავლობაში მზადდება და კვირაობით შუადღის ეთერი გვაქვს ხოლმე.
(გიორგი): ბევრ საინტერესო რამეს ვაკეთებ. ისევ დავუბრუნდი პედაგოგიურ საქმიანობას და ეს უზომოდ საინტერესო და სასიამოვნოა ჩემთვის. კვლავ GIPA-ში ვასწავლი, ძალიან სასიხარულოა ჩემთვის აქ დაბრუნება ჩემს კოლეგებთან, საყვარელ საქმიანობასთან. ამ უნივერსიტეტში ყოველთვის იყო და არის გამორჩეული ატმოსფერო, რომელიც ჩემთვის ძალიან კომფორტულია. ჩემი ახლანდელი სასწავლო კურსი აღარ მოიცავს მხოლოდ თეორიას, რადგან პრეზიდენტობამ და მიღებულმა გამოცდილებამ ბევრი პრაქტიკული შინაარსი შესძინა იმ პოლიტიკურ თეორიებს, რომელსაც ვასწავლი. თავად პრეზიდენტობა საკმაოდ დინამიკური პროცესია, როცა სწრაფი რეაგირებაა საჭირო და ახლა, როცა ვიხსენებ და გვერდიდან ვუყურებ განვლილ პერიოდს, თავისთავად განსაკუთრებით საინტერესოა მათი აღქმა და ჩემი სტუდენტებისთვის გაზიარება.

გარდა ამისა, გამიჩნდა ჩემს მეგობრებთან ერთად ბიზნესის წარმოების სურვილი, ესეც საკმაოდ ემოციური და აზარტული აღმოჩნდა ჩემთვის. ჩვენ გასული საუკუნის 80-90-იან წლებში ერთად დავდიოდით ხოლმე სალაშქროდ მთაში. შემდეგ, როცა დაინგრა საბჭოთა კავშირი, დავიწყეთ სამთო გამყოლების საქმიანობა და უცხოელები დაგვყავდა მთაში. ეს იყო ჩემი პირველი პროფესია, 30 წლის წინ. ახლა იმავე მეგობრებმა გადავწყვიტეთ საცხენოსნო ტურისტული ბიზნესის გაკეთება, და რასაც 30 წლის წინ ვსაქმიანობდით, ახლაც ვაგრძელებთ უწინდელი ემოციებით, ხალისით. ვგეგმავთ ტურებს, ვსხედვართ ცხენებზე და აი, ასეთი არაჩვეულებრივი საქმე გვაქვს.

ასე რომ, ყველაფერი, რასაც მოკლებული ვიყავი წლების განმავლობაში ჩემი საქმიანობის გამო, ახლა ერთბაშად დამიბრუნდა, რაც ძალიან მახარებს.

რა თქმა უნდა, ჩართული ვარ ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში, ამჯერად უკვე არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც მოქალაქე. მაქვს განცდა, რომ საქართველო პოლიტიკურად იზრდება, განსაკუთრებით ბოლო 6 თვეში, და ჩემთვის საინტერესოა ამ ყველაფრის ნახვა და მასში მონაწილეობა რჩევების დონეზე.



მოგვიყევით, როგორ ინაწილებთ საოჯახო ვალდებულებებს და საქმეებს?

(მაკა): ვცდილობთ, მეტ-ნაკლებად დავეხმაროთ ერთმანეთს, რადგან ბავშვები და მეურნეობა დიდ ენერგიას მოითხოვს. ახლა ზამთარია და მიწასთან სამუშაო არ გვაქვს, გაზაფხულიდან საკმაოდ შრომატევადი პერიოდი დაგვეწყება, ასე რომ საქმე უამრავია და ვცდილობთ, ერთად გავუმკლავდეთ.

მოგვიყევით შვილებთან თქვენს ურთიერთობაზე. როგორი მშობლები ხართ, როგორ ზრდით მათ?

(მაკა): შვილები ყველაზე მეტ ენერგიას და დროს ითხოვენ, რადგან მათი ცნობისმოყვარეობა და სამყაროს შეცნობის პროცესი ახლა ვითარდება. უამრავ კითხვას სვამენ, ხანდახან ერთსა და იმავეს რამდენჯერმე.

დავდივართ ტყეში, ვკითხულობთ წიგნებს, ერთად ვუსმენთ მუსიკას, რაც თემოს განსაკუთრებით უყვარს. შემდეგ განვიხილავთ ყველაფერს, რასაც ვნახულობთ. თუ ცუდი ამინდია, ვცდილობთ, სახლის პირობებში ვიპოვოთ გასართობი. დამხმარე ქალბატონებიც გვყავს, რადგან შეუძლებელია, ტყეში მარტო გაუძღვე სახლს, საოჯახო საქმეს, ბავშვებს, მეურნეობას და პროფესიულ საქმიანობას. ამიტომ ჩვენც ერთობლივი ძალებით ვცდილობთ და მივილტვით ჰარმონიისკენ. მართალია, ყოველთვის იდეალურად არ გამოგვდის, მაგრამ მაინც მხიარულად და ხალისიანად ვატარებთ დროს. გიორგი ბავშვებთან მხოლოდ ინტელექტუალურ კომუნიკაციაშია ჩართული, დანარჩენ რუტინულ აუცილებლობებს მე და ძიძა ვინაწილებთ. ბიჭებს ორივეს ძალიან უყვართ მამასთან ურთიერთობა. გიორგი რომ წასასვლელად ემზადება, თემოს ფრაზაა: „არ წახვიდე, მამა, არ წახვიდე!“
(გიორგი): შვილების თემა თავიდან ბოლომდე მაკასია. რაც იზრდებიან, მით უფრო ინტენსიური ურთიერთობა მაქვს ბავშვებთან. ყველაზე სასიამოვნო ნაწილი ჩემია – მათთან თამაში, გართობა. დანარჩენი, მათი აღზრდის მთელი რუტინა, მაკაზეა. მთელი სირთულე მაკაზეა გადასული. ზუსტად შესაბამის ასაკში ვარ და ფაქტობრივად, კეთილი ბაბუის როლში გახლავართ. მე მხოლოდ ვეთამაშები და ვესიყვარულები. მაკაა დედა და მე ვარ კეთილი პაპა.

მოგვიყევით თემოზე და თომაზე – როგორი ბავშვები არიან?

(გიორგი): თომა წესიერების განსახიერებაა. რთული სათამაშოც რომ აიღოს ხელში, ინსტრუქციის მიხედვით ითამაშებს. კითხვა ხომ ცხადია, არ იცის და ვერაფრით ვაანალიზებ, საიდან ხვდება ამ ყველაფერს. სიკეთისა და წესიერების განსახიერებაა. აი, თემოს მარტივი ბურთი რომ მოუტანოთ, გარდაქმნის მას საზოგადოებისთვის საშიშ სხვა ნივთად. ურთიერთობაც ასეთი აქვთ, თომას ყოველთვის უნდა თემოსთან, ეს კი აბურთავებს – ასე, თავისებურად ეთამაშება, ძალიან სასიამოვნო საყურებელია მათი ურთიერთობა, უბრალოდ მუდამ გვეშინია, ერთმანეთს არაფერი დაუშავონ. მაინც აქ, ტყეში, ბუნებაში თავისუფლად გაზრდილი ადამიანები არიან – ერთი ძალიან წესიერი და მეორე ძალიან უწესო, ერთმანეთთან ყოფნით ბედნიერები. სხვათა შორის, ყველაფერთან ერთად, თემო არტისტული ადამიანია.

თქვენს ურთიერთობაზე მინდა გკითხოთ: როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი ამდენწლიანი ჰარმონიული ურთიერთობის საიდუმლო?
(გიორგი): ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვყოფილვართ და ხშირად იყო ისეთი ვითარება, როცა ერთმანეთი უნდა გაგვეძლიერებინა. ყოველთვის გვიხდებოდა ერთმანეთის მხარდაჭერა, განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში. ასე გამოვიდა, რომ ვერავინ შეძლო ჩვენი მორევა. რა თქმა უნდა, არის კიდევ ბევრი ფაქტორი, რომლის ინტერვიუში თხრობა შეუძლებელია, მაგრამ, ალბათ, ერთ-ერთი მთავარი სწორედ ესაა, რომ ერთად დავძლიეთ ბევრი სიძნელე, გამოწვევები და დაპირისპირებები.
(მაკა): ჩვენ საკმაოდ ინტენსიური ცხოვრების წესი გვქონდა, ბევრი სიახლე და პრობლემა გადავლახეთ ერთად, პატარა პერიოდში, ბოლო 5-6 წელი, ფაქტობრივად, ჩვენი გამოცდა იყო ფსიქოლოგიურ, მორალურ და თუნდაც ფიზიკურ გამძლეობაზე. საკმაოდ დიდი დატვირთვა მქონდა, როგორც დედას და მეუღლეს. თუმცა, მე და გიორგიმ, როგორც ერთნაირი ფასეულობის მქონე ადამიანებმა, მოვახერხეთ და ღირსეულად გავიარეთ ეს გამოცდა. თემო 42 წლის ასაკში გავაჩინე, თომას გაჩენიდან 1 თვეში კი 47 წლის გავხდი. ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ნაბიჯი გადავდგი ისეთ დროს, როცა ბევრი სხვა პრობლემის წინაშე ვიდექი. თუმცა, მაინც გავრისკე და „მხცოვანმა“ ქალმა 2 ვაჟი მოვავლინე ქვეყნიერებას. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS