30 იანვარი, 2020
"ქართველობას ჩემთვის ხელი არასოდეს შეუშლია... მინდოდა, გამომუშავებული თანხები საკუთარ ქვეყანაში დამეხარჯა და არა მეზობელ რუსეთში"
დათო ხუჯაძე უკვე ხუთი წელია, საქართველოშია და სხვადასხვა მიმართულებით აგრძელებს მუშაობას - მღერის როგორც დამოუკიდებლად, ისე ჯგუფ "სახესთან" ერთად, წერს სიმღერებს და ხელმძღვანელობს ორგანიზაციას, რომელიც საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს. დათო მედიას არ წყალობს, თუმცა, გამონაკლისი "გზის" მკითხველისთვის დაუშვა...

- დათო, რუსეთიდან წამოსვლის კონკრეტული მიზეზი თუ არსებობს?

- ისეთ კომფორტს მივაღწიე, რომ ჩემს მშობლიურ ქალაქში შემიძლია მუდმივად ვიცხოვრო, დროდადრო კი, საჭიროების მიხედვით,
სხვადასხვა ქვეყანაში გავემგზავრო. რაც უნდა კარგ პირობებში იყო, სხვა ქვეყანა ვერ შეგიცვლის იმ
მიწა-წყალს, სადაც დაიბადე... გაიზარდე. გარდა ამისა, მინდოდა, გამომუშავებული თანხები საკუთარ ქვეყანაში დამეხარჯა და არა მეზობელ რუსეთში. თანხები აქედან არასოდეს გამიტანია, პირიქით, ყოველთვის შემომაქვს. ამას ისიც ემატება, რომ მინდა, ის ცოდნა და გამოცდილება, თუნდაც მცირედი, რაც სხვა ქვეყანაში მივიღე, საქართველოში გამოვიყენო.

- "სახე" მუშაობას ახლაც განაგრძობს. ჯგუფი იმავე შემადგენლობისაა?
- ზურა ხაჩიძე არ არის. ჯგუფის შემადგენლობაში მე, დათო ფორჩხიძე და ბორიკო შხიანი ვართ. რვა ახალი სიმღერა უკვე ჩავწერეთ. ამ სიმღერებიდან ერთ-ერთზე მალე კლიპსაც გადავიღებთ. რადგან "სახემ" და მის მიერ შესრულებულმა სიმღერებმა აქტუალურობა დღემდე შეინარჩუნა, ე. ი. ღირს ახლის შექმნაც.

- გაიხსენეთ ის პერიოდი, "სახის" პოპულარობა პიკს რომ აღწევდა. რა დაგიტოვათ თქვენი შემოქმედების ამ ეტაპმა?
- სიტყვა "დაგვიტოვას" ნაცვლად ვიტყოდი - მომავალი მოგვცა, რადგან მაშინდელი პოპულარობა და "სახის" აქტიურობა დღემდე გრძელდება. მაშინ ჩვენც ბავშვები ვიყავით და ვერც ვიაზრებდით, როგორ რეალობაში აღმოვჩნდით. მოგეხსენებათ, რეიტინგი მაღალი გვქონდა, მაგრამ გაგვინადგურეს... ვისურვებდი, ერთი მუსიკალური არხი მაინც არსებობდეს. დროა, ამაზე ვინმემ იფიქროს. რომელ ქვეყანაშიც ჩავდივარ, ადგილობრივ მუსიკალურ არხს ვუსმენ ხოლმე, რომ იმ ქვეყნის, ერის შესახებ წარმოდგენა შემექმნას. ჩვენთან ჩამოსულ უცხოელს კი სატელევიზიო არხებიდან მხოლოდ ერთმანეთის ლანძღვა-გინება ესმის.



- სიმღერებს თავადვე წერთ... თქვენი დაწერილი სიმღერები განსაკუთრებით პოპულარულია თურქეთში...

- დიახ, სიმღერა, რომელიც შარშან თურქეთში ჰიტად იქცა, შვიდი წლის წინ დავწერე. მაშინ რუსეთში ვცხოვრობდი, სხვა ბაზარზე ვმუშაობდი. სიმღერა მაშინვე თურქულ ენაზე ნინო წიკლაურის ლექსზე დაიწერა. პირველად თურქეთში ფესტივალზე შევასრულე. დღეს მას 20 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ხშირად მაქვს კონცერტი პოსტსაბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ამერიკაში, საფრანგეთში, ჩეხეთში. ძირითადად, ისეთ ქვეყნებში, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობაცაა, რადგან ჩემი სოლო რეპერტუარის 70% რუსულ ენაზეა დაწერილი.

- გაიხსენეთ რუსეთში ჩასვლის პირველი პერიოდი...

- ჩასვლიდან პირველი ორი წელი საკმაოდ რთული იყო. არსებობდა ენის ბარიერი. გარდა ამისა, მე და ჩემი პარტნიორი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე ვიყავით დამოკიდებული, არც სპონსორი გვყავდა და ვერც მშობლები გვეხმარებოდნენ ფინანსურად. მუსიკალური მიმართულებით ყველა სახის სამუშაოს ვასრულებდით, საარსებო მინიმუმი რომ მაინც გამოგვემუშავებინა. არაერთი ბარიერი გადავლახეთ იმ წრეში შესასვლელად, სადაც უკვე რაღაცები წყდება.

- წარმატების მიღწევაში ქართველობაც ხომ არ გიშლიდათ ხელს?
- ქართველობას ჩემთვის ხელი არასოდეს შეუშლია, პირიქით, მეხმარებოდა. ეს პლუსი უფრო იყო, ვიდრე მინუსი. თუმცა, ქართველობას დამტკიცებაც სჭირდება. ყველა ქართველი მათთვის კარგი არაა, უნდა დაანახვო, დაუმტკიცო, რომ ცუდი არ ხარ...

- გამოდის, პოლიტიკური დაძაბულობა პიროვნულ და შემოქმედებით ურთიერთობებზე არ აისახებოდა?
- ჩვენს სფეროში პრიორიტეტი უფრო ისაა, რისი უნარი გაქვს, რისი თქმა და დამტკიცება შეგიძლია და არა ის, თუ საიდანაა ესა თუ ის პიროვნება ჩამოსული ან ვისი ბიძაშვილ-მამიდაშვილია. შესაძლოა, მე გამიმართლა და ნორმალური ადამიანები შემხვდნენ შემოქმედებითი თვითდამკვიდრებისას...

- ქალიშვილზე, მელანიაზე მოგვიყევით...
- მელანია რუსეთში ცხოვრობს, სწავლობს, მღერის, ეუფლება მუსიკას. გულწრფელად რომ გითხრათ, დიდი სურვილი არ მაქვს, პროფესიად მომღერლობა აირჩიოს. მის არჩევანს პატივს ვცემ, თუმცა, ამ მიზნით ნაბიჯს არ გადავდგამ. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS