გიორგი მისთვის მიცემულ ამოცანას თავს ყოველთვის კარგად ართმევს, თუმცა, ჟიურის ზოგიერთი წევრისგან აქა-იქ მაინც გამოსჭვივის მისი მისამართით გამოთქმული გარკვეული საყვედურებიც... პროექტი პროექტია, რომელსაც თავისი მკაცრი წესები აქვს. ამასთან, ის ჯგუფის გარეშე, როგორც სოლო მომღერალი, ისე გამოდის „მხოლოდ ქართულის“ სცენაზე.
საერთოდ კი, ოპტიმისტურად
„თავიდან ამ პროექტს ორაზროვნად ვუყურებდი, ერთი, რომ რისკი იყო ჩემი მხრიდან მასში მონაწილეობა, რადგანაც სერიოზული ჯგუფი „ურსა“ მყავს, რომელიც უკვე 10 წელია, მოღვაწეობს და ჩემი თითოეული გადადგმული ნაბიჯი მასთან ასოცირდება. ამიტომ, რაღაც ისე რომ ვერ გამეკეთებინა, როგორც მინდოდა, პირდაპირ ჩემს ჯგუფს დაუკავშირდებოდა და ამაზე ვფიქრობდი... მაგრამ მუსიკა იმდენად მიყვარს, რომ ამ რისკის გაღება ღირდა და გავრისკე.
რაც შეეხება „მხოლოდ ქართულის“ დადებით მხარეებს, - ჩემი პოპულარობაც თავისთავად გაიზარდა, დიდი გამოცდილებაც მივიღე. ისედაც კი ვმღერი, მაგრამ ახლა მეტი რამ ვისწავლე სიმღერაში, რაღაცები ტექნიკურად მუსიკალურად, ემოციურად სხვანაირად დავინახე. მოკლედ, ბევრი რამ არის, რაც ამ პროექტს უკავშირდება. ზოგადად კი ძალიან კმაყოფილი ვარ... თუმცა, ბევრი მეკითხება, ხომ არ ვნანობ, რომ აქ მოვედი, პირიქით, რომ არ მოვსულიყავი, სანანებელი ის იქნებოდა".
- თავადაც აღნიშნე და ასეც არის, კონკურსანტებს შორის ყველაზე გამოცდილი მუსიკოსი ხარ, სცენაზე გამოსვლის დიდი ხნის გამოცდილება გაქვს. ამით მონაწილეებისგან უპირატესობით სარგებლობ... ამაზე რას გვეტყვი?
- კი, ესეც იყო ერთ-ერთი რამ, რის გამოც ვფიქრობდი, მივსულიყავი თუ არა პროექტში... „ურსას“ კონცერტებზე მოდის ჩენი მსმენელი და გულშემატკივარი, რომელიც ბევრ ემოციას და ენერგიას გვაწვდის, მაგრამ აქ კონკურსია და ყველა შეცდომა, რასაც დაუშვებ, პატარა დეტალსაც კი, ცუდი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. ამიტომაც, გარდა ამისა, მსმენელი, რომელიც „მხოლოდ ქართულის“ დარბაზშია და ტელეეკრანებთან გვიყურებს, ის მხოლოდ ჩემი გულშემატკივარი არ არის, რადგანაც ყველა კონკურსანტს თავისი ფავორიტი ჰყავს და მათგან გარკვეული ნაწილი ჩემი კონკურენტების ქომაგები არიან. ამიტომაც, ენერგიის მიღება ამ ადამიანებისგან აბსოლუტურად განსხვავდება იმ მაყურებლისგან, რომელიც "ურსას" კონცერტზე მოდის...
კი, სცენაა, სასცენო გამოცდილებაც მაქვს, მაგრამ ვიმეორებ, ის აბსოლუტურად სხვა სცენაა. კონცერტი რომ იყოს და ჩემს ჯგუფთან ერთად გამოვდიოდე და იმ კონცერტზე სხვა ახალბედაც მონაწილეობდეს, მაშინ სხვა დიდი უპირატესობა მექნებოდა. ეს კონკურსია და თან, სოლოსიმღერა მიწევს...
- ე.ი. არ ნანობ, რომ ახლა უკვე ეს საკონკურსო გამოცდილებაც არის შენს მუსიკალურ კარიერაში, ხომ?
- როგორც აღვნიშნე, რომ არ მოვსულიყავი, მართლა სანანებელი იქნებოდა, რადგანაც ისეთ მუსიკოსებთან ერთად ვიმუშავე, რომ მათთან ერთად სცენაზე დგომა, რეპეტიციებზე ყოფნა დიდი ბედნიერებაა...
- შენი მუსიკით, ნამღერით რას გადასცემ მაყურებელს?
- როგორც ნახატი მხატვრის მდგომარეობის გადმოცემაა, ასევეა ნამღერით, დაკრულით საკუთარი ემოციის, მდგომარეობის გადმოცემა. ეს კომუნიკაციის ერთ-ერთი სასიამოვნო მეთოდია და საერთოდ მუსიკას აქვს ასეთი დატვირთვა.
- გიორგი გაბუნია ინოლა გურგულიას ტურზე შენით ცოტა უკმაყოფილო იყო...
- ეს რომ კონცერტი ყოფილიყო და გაბუნია დარბაზში მაყურებლის სტატუსით მჯდარიყო, ალბათ არ ექნებოდა ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ ვეთანხმები იმაში, რომ მქონდა რამდენიმე დეტონაცია... დიახ, ეს კონკურსია და პატარა შეცდომასაც კი ის, როგორც ჟიური, ყურადღებას აქცევს. არ ვამბობ, რომ არაობიექტური იყო გიორგი, ან ჟიურის რომელიმე წევრი, ვინც შემაფასეს და 10-იანები დამიწერეს, იმიტომ, რომ მათ თავისებურად დაინახეს... გაგარძელება