„კასტინგზე ვღელავდი, ჩემს ადგილას ყველა ინერვიულებდა. ვიბრაციული, განსხვავებული ხმა რომ მაქვს, ვფიქრობ, შემდეგ ტურში ამიტომ არ გადამიყვანეს... რაც თავი მახსოვს, სულ ვმღეროდი, ოღონდ, ჩემთვის, სახლში, ვოკალის პედაგოგი არასდროს მყოლია, სიმღერა ჩემით ვისწავლე. ვუსმედი და ვუსმენ უმეტესად ძველ მუსიკას („ბითლზი“, „ლედზეპელინი“, „ქუინი“,
- საინტერესოა, რომ ჯარგამოვლილი გოგონა ხარ და კონკურსშიც ასე წარადგინე შენი თავი - ჯარის ქალი... მოგვიყევი, როგორ გახდი ჯარის ქალი?
- ჯარის ისტორია დაიწყო მაშინ, როდესაც ჩვენი ოჯახი საცხოვრებლად ისრაელში 2014 წელს გადავიდა...
დედა ებრაელია, მამა - ქართველი, მაგრამ რადგან ებრაული წესის თანახმად, დედის ხაზით მიდის ეს საკითხი, მე და ჩემი ძმა ებრაელები ვართ. ბებია და ბაბუაც (დედის მშობლები) იქ მყავს... ისრაელში რომ წავედით, სკოლა აქ უკვე დამთავრებული მქონდა.
თავიდან იქაური ცხოვრების სტილთან შეჩვევა არ იყო ადვილი. ენაც არ ვიცოდი, მიჭირდა ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ ახლა როგორც ქართულს, ისე ვლაპარაკობ ივდითზე... მერე ჯარში გაწვევა მივიღე, მოგეხსენებათ, ისრაელი ომის ზონაში მყოფი ქვეყანაა და წავედი კიდეც ჯარში. ლაპარაკიც სწორედ იქ ვისწავლე და დავხვეწე. ჯარმა საერთოდ ყველაფერში დიდი გამოცდილება მომცა... ახალ ხალხს, გარემოს, ცხოვრებას, მენტალიტეტს შემაგუა. მოკლედ, ეს ყველაფერი, ხომ ვამბობ, თავიდან უცხო იყო... ჯარში წასვლამდე ყველანაირი შემოწმება გავიარე (ფსიქოლოგიური, ფიზიკური...) ყველა კრიტერიუმი დავაკმაყოფილე. სამი თვე კარანტინი მქონდა, ამის შემდეგ ჩემს ბაზაში წავედი და ეს იყო ღაზას სექტორში... ამ ყველაფრის დაძლევაში, რაც ყველაზე მეტად დამეხმარა და სირთულეები გადამატანინა, ჩემი ოჯახი იყო, მათგან ძალიან დიდი თანადგომა ვიგრძენი... ჯარში დაქალებიც გავიჩინე, იქაურობას მათი მხარში დგომით შევეგუე და მივხვდი, რომ მარტო არ ვიყავი და ჩემნაირი ბევრია.
ისრაელში ასეა, სკოლის დამთავრების შემდეგ ყველა ახალგაზრდა ჯარში მიდის და ამ სავალდებულო სამსახურის მოვლის შემდეგ უკვე უნივერსიტეტში აბარებს.
- ახლა აქ რატომ ხარ?
- იქ ცოტა ძვირია სწავლა, თან, თავის გამოცდაც მინდოდა, როგორ შევძლებდი დამოუკიდებელ ცხოვრებას, ოჯახის გარეშე...
მოკლედ, თბილისში ვარ, „ჯიპაში“ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობ... გავიგე, რომ კონკურსი „დიდი სცენა" იწყებოდა და იქაც მივედი, ვიფიქრე, ძალებს მოვსინჯავ-მეთქი. მაინტერესებდა, რამდენად გამომივიდოდა, სხვა დროს ასეთ პროექტში არასდროს მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ვერ გადავედი. იყო ასეთი კომენტარიც, რომ ამერიკაში, ტეხასში მოიგებდი, საქართველოში - ვერაო. ცოტა უცნაური კი იყო, მაგრამ კონკურსია, რას ვიზამთ?! უნივერსიტეტში პირველ კურსზე ვარ, ერთი წელია, რაც ჩამოვედი.
- საბოლოოდ, ისრაელი შენთვის როგორი ქვეყანა აღმოჩნდა?
- ჩემთვის უმაგრესი ქვეყანაა, ცოტა ხანი ვცხოვრობდი იქ, მაგრამ ცხოვრების საუკეთესო წლები იქ გავატარე. ყველანაირად მიყვარს, მიზიდავს მისი კულტურა, ისტორია. ჩვენ ლოდში ვცხოვრობთ, ეს ქალაქი თელავივთან ახლოსაა. მამა მუშაობს, დედა დიასახლისია, ძმა უნივერსიტეტში სწავლობს, სარეჟისოროზე, მესამე კურსზეა.
თუმცა, ზოგადად ისრაელი მშვიდობიანი ქვეყანა არ არის, ნებისმიერ წუთს შესაძლებელია, რომ რაღაც მოხდეს. ქუჩაშიც ფრთხილად უნდა იარო. თუ სირენის ხმას გაიგებ, შესაბამისად უნდა იმოქმედო, მოკლედ, სპეციალური წესებია, რომელიც უნდა დაიცვა... ფორმიანებსაც გვაფრთხილებდნენ, მუდმივად ყურადღებით ვყოფილიყავით, ყურსასმენები არ შეიძლება... მიუხედავად ამ სირთულეებისა, ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს.