"ერთ-ერთ ღვინის კომპანიაში "პრომოდ" ვმუშაობ და ფორტეპიანოს განხრით მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობ. სკოლა რომ დავამთავრე, უნივერსიტეტში ჩაბარება მინდოდა, მაგრამ მე და დედა 2250 ლარს ფიზიკურად ვერ გადავიხდიდით და ჩაბარება აღარ მიცდია. "ილიაუნში" ბიზნესის მიმართულებით უნდა მესწავლა" - გვეუბნება ნინი, რომლის თანამგზავრიც
"პატარა ასაკიდან ვმღერი, დედას "ბასტი ბუბუს" სტუდიაში დავყავდი. ცოტა რომ წამოვიზარდე, მუსიკალურ სკოლაში დავიწყე სწავლა და დღემდე ასე ნელ-ნელა მოვედი. მუსიკამ ცხოვრებაში ყველაზე რთული ეტაპები მარტივად გადამალახვინა - ყველა მნიშვნელოვანი ეპიზოდის დაძლევაში დამხმარებია" - დასძენს გოგონა, რომელიც პროექტში იმიტომ მოვიდა, რომ საკუთარი შესაძლებლობები სხვებისთვისაც ეჩვენებინა და ეთქვა:
"რაც არ უნდა მოხდეს მათ ცხოვრებაში, ადამიანებმა მაინც უნდა აკეთონ ის, რაც ყველაზე მეტად უყვართ. დიახ, სრულიად მარტოებსაც გამოუვათ. სწორედ ამის თქმა მინდა!.. ამასთან, პროექტის სახელწოდებაც მომეწონა, რადგანაც ბავშვობიდან ოცნებად მაქვს დიდ სცენაზე ვიდგე. მოკლედ, ვცადე ამ ნაბიჯის გადადგმა, რაც დიდი მიღწევა იყო ჩემთვის. კასტინგზე სრულიად მარტო წავედი, არავინ არაფერი იცოდა. მერე დედამ ტელევიზიით რეკლამა რომ ნახა, მითხრა, ძალებს აქ ხომ არ მოსინჯავდიო და მაშინ გამოვუტყდი, რომ შესარჩევ ტურზე უკვე ნამყოფი ვიყავი".
- ძალიან ტკბილი, თბილი, ლმობიერი ჟიურია... ბევრი ამბობს, რომ ჟიური ასეთი არ უნდა იყოს, ზოგი პირიქითაც ამბობს. შენ რას გვეტყვი?
- მათგან ასეთ სითბოს არ მოველოდი, რადგან არ მიცნობდნენ, არ იცოდენენ, ვინ ვიყავი, მაგრამ მათგან ისეთი სითბო მივიღე, რომ გავოცდი. ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ ყველა კონკურსანტთან. უარით რომ გამოვესტუმრებინე, არც ამაზე დამწყდებოდა გული... მითხრეს, რომ მოვწონვარ, რომ კარგად ვმღერი, დაბალ ნოტებს ძალიან ლამაზად ვმღერი. ნატო მეტონიძემ მითხრა, რომ უნდა ვიდგე დიდ სცენაზე. სალომემ - ძალიან მომწონხარო. ყველანაირად დადებითი შეფასებები იყო.
- ნინი, ძალიან სევდიანი ამბავიც გქონია...
- კი, ძალიან პატარამ გავიგე, რომ ნაშვილები ვიყავი. მშობლების შელაპარაკებისას, მამამ დედას უთხრა, ეს აყვანილი გაიყვანე აქედანო... რაც დრო გადიოდა, ეჭვი სულ უფრო მიჩნდებოდა, რომ მართლაც ამ ოჯახის ბიოლოგიური შვილი არ ვიყავი. ეჭვს ისიც ამძაფრებდა, რომ ჩემი მეგობრებიდან ყველას ახალგაზრდა დედა ჰყავდა, მე კი მათთან შედარებით - ასაკოვანი. მერე უკვე დედა ეტაპობრივად, ძალიან რბილად მაწვდიდა ინფორმაციას იმაზე, რომ მართლაც არ ვიყავი მისი ბიოლოგიური შვილი, რომ მას მანამდე შვილი გარდაეცვალა, იმის მერე ბავშვის გაზრდა მოუნდა და რომ ის პატარა მე აღმოვჩნდი... მოგვიანებით თავადაც დავინტერესდი იმით, გამეგო და დამედგინა, ვინ იყო ჩემი ბიოლოგიური დედა და მისი მოძებნა გადავწყვიტე.
- და რა გააკეთე ამისთვის?
- ჩავედი იმ ქალაქში, სადაც ის ცხოვრობს... როდესაც დამინახა, პირველი რეაქცია რაც ჰქონდა, ოთახში შევიდა და კარი მომიჯახუნა. მან სამშობიაროში მიმატოვა. მერე ბავშვთა სახლში გადამიყვანეს, სადაც უკვე ჩემი არაბიოლოგიური დედა გამოჩნდა და რამდენიმე თვეში (3-4 თვის ასაკში) მიშვილა. რომ მნახა, ჩემი თავი მაშინვე არ გამოატანეს, რადგან ცოტა ცუდად ვიყავი. მას ჩემს გამოსაჯანმრთელებლად იქ ექიმები დაჰყავდა. როგორც კი უკეთესად გავხდი, წამომიყვანეს - ეს ყველაფერი ჩემი არაბიოლოგიური დედისგან ვიცი.