ცოტა ხნის წინ, მან ჟურნალ "სარკეს" ინტერვიუ მისცა, სადაც მისი პრობლემებისა და ტკივილის შესახებ საუბარს თავი ვერ აარიდა.
- მოგვიყევით თქვენი ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს ნაწილზე. ვინ არიან თქვენი უახლოესი და უძვირფასესი ადამიანები?
– ძალიან დიდი ტკივილი გადავიტანე. ერთი წელია, რაც ჩემი ძმა, ირაკლი, დაიღუპა. მხატვარი იყო და იმდენად განათლებული,
რომ ჩაწვა, მოიტანა ონკოლოგიის წიგნი, თავისით კომპიუტერში ეძებდა იმას, რა სჭირდა და რა უნდა ექნა. ბიოფსიის ისე ეშინოდა, ოღონდ იქ არ წამიყვანოთ და ყველანაირ ტკივილს ავიტანო, გვეუბნებოდა. ვერც მოვასწარით წაყვანა, ისე დაიღუპა. კვირას, ღამით გარდაიცვალა და დილით, 6 საათზე, ისეთი ლამაზი ცისარტყელა იყო ცაზე, რომ შოკში ვიყავით.
დღემდე ვერ ვინელებ. არის სიმღერები, რომ ვუსმენ, სულ მისი სახე წარმომიდგენია. “ბითლზი” და სტინგი უყვარდა ძალიან.
მყავს სამი ძმისშვილი. არც ერთი არ ხატავს. გოგონები დაოჯახებულები არიან. ბიჭი, ლადო ჯანელიძე, ძალიან კარგად მღერის და ძალიან ნიჭიერი ბიჭია, არ ვამეტებ ნამდვილად. მიჰყავს საღამოები, მაგრამ სტაბილურად არ მუშაობს. ამდენი თაობა, ყველა, ვცხოვრობთ ერთად.
– თანხმობით და მშვიდობიანად? სხვადასხვა ასაკის და ინტერესების მქონე ადამიანების სიმრავლე ერთ ჭერქვეშ რთული არ არის?
– რთული არ არის. რატომ, იცით? ყველას აქვს თავისი კომპიუტერი და სრული სიმუნჯეა სახლში. ვერ წარმოიდგენთ, რომ რვა კაცი ვცხოვრობთ ერთად. მე სხვაზე რას ვლაპარაკობ, ღამის 3 საათამდე სერიალებს ვუყურებ ტელეფონში.
– მუდამ მომღიმარ და პოზიტიურ ქალთან ასოცირდებით. ყოველთვის ასეთ განწყობას როგორ ინარჩუნებთ?
– არ უნდა იყო შურიანი. ეს არის თურმე ყველაფრის მამოძრავებელი ძალა. შურიანი როცა არ ხარ, არც ასაკი გეტყობა. მოწყენილ ადამიანთან ურთიერთობა საშინელებაა! იმისგანაც ცუდ ენერგიას იღებ, შენც შენი რაღაც სადარდებელი გაქვს და დიდი შენობა შენდება შენს თავზე უარყოფითი ენერგიის. შეიძლება ვიღაცამ თქვას, მაგას რა ენაღვლება, გაიცინებსო, მაგრამ ასე არ არის, ყველას თავისი პრობლემა აქვს.
ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ, მაგრამ ძალიან ბევრმა არ იცის და ყოველდღიურად არ ვლაპარაკობ ამაზე, არ ვიმჩნევ, ინტერვიუში თუ ვიტყვი. ასევე, აუცილებლად უნდა ვაკეთოთ სიკეთე. ვისაც შეუძლია, პატარა სიკეთე აკეთოს, ვისაც შეუძლია – დიდი აკეთოს.
– საკუთარი ბინა რატომ არ გაქვთ?
– რაღაც მიზეზების გამო უკვე რამდენიმე წელია, სახლი არ გვაქვს და ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ.