25 ნოემბერი, 2019
"შინაურებს არ დაუფასეს შრომა" - მიშა მესხი დაკავებული თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე პირველად ალაპარაკდა
მიშა მესხის სახელს საზოგადოება ჯერ კიდევ იმ დროიდან იცნობს, როდესაც ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი იყო. მიშა მესხი თანამებრძოლებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ თინეიჯერობის ასაკიდან იბრძოდა, რის გამოც არაერთხელ დააკავეს, გაიტაცეს და ქვეყნიდანაც კი დევნიდნენ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მისმა საქმიანობამ ქუჩიდან კაბინეტში გადაინაცვლა და ის საკრებულოს დეპუტატების პროპორციულ სიაშიც იყო, კრწანისში მმართველი პარტიის თავმჯდომარეც გახლდათ, თუმცა რამდენიმე წლის წინ პროცესებს მოულოდნელად ჩამოშორდა.
მიშა ახლა ძირითად დროს ოჯახს უთმობს. რამდენიმეწლიანი დუმილი მან „რეიტინგთან“
დაარღვია.

- მიშა, რატო აღარ ჩანხართ საჯაროდ, აღარ ხართ „ქართულ ოცნებაში“?

- წლების წინ გავაუქმე ფეისბუქი და ამიტომ აღარ ვარ აქტიური. რაც შეეხება პოლიტიკურ საქმიანობას, თითქმის ორი წელია, „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის პოსტს აღარ ვიკავებ კრწანისის რაიონში. ახლა ამ პოსტზე ჩემი ნათელ-მირონი ბექა ოდიშარიაა, რომელიც ამავე რაიონის დეპუტატია. მუდმივი ცხოვრებაში არაფერი არ არის და არც დაკავებული თანამდებობა. „ქართული ოცნების“ პარტიის აქტიური წევრი აღარ ვარ, თუმცა ამ გუნდთან ერთად ბევრი გამარჯვება ვიზეიმე, მათთან ერთად ბევრი ვიბრძოლე და ვრჩები მისი გულშემატკივარი. მე მართლა „ნამდვილი“ ვარ და 2012 წლიდან ამ გუნდის გვერდით ვიდექი, მინდა, ამ გუნდმა ბევრი კარგი საქმე გააკეთოს ჩემი ქვეყნისთვის, დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

- თქვენი ნებით დატოვეთ დაკავებული თანამდებობა?
- პარტიის თავმჯდომარეს ყოველწლიურად ირჩევენ. ეს არის ჯანსაღი პროცესი. როცა ძველი თავმჯდომარეები გამგებლები გახდნენ, იქ დასათმობი არაფერი იყო.

- ნაწყენი ხართ „ქართულ ოცნებაზე“?
- პარტიის თავმჯომარე კი არა ბოლო დროს თითქმის ყოველდღიურად ცვლიან პრემიერ მინისტრებს. წყენას რაც შეეხება, ბევრი ჩემი თანამებრძოლი, რომელმაც თავი გადადო და ყველაფერი გააკეთა „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთვის, ამ პარტიამ გარიყა. ისინი არ არიან დაფასებული. სულ უფრო მეტად უჭირს არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“, როცა გვერდით აღარ გყავს ის ადამიანები, ვისთან ერთადაც შავ პურს ჭამდი, ცუდია. ალბათ დაუფასებენ ამ ადამიანებს, რაც უბრძოლიათ და დაიყენებენ გვერდით.

„ქართულ ოცნებაში“ თავიდან პარტიის თავმჯდომარე იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი, შემდეგ ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი და ა.შ. გადახალისება მოხდა, ზოგს ეწყინა და წავიდა, ზოგი ძალით ჩააჩოჩეს.

- შენ ძალით ჩაგაჩოჩეს?
- ვერ ვიტყვი, ვინმემ ძალით ჩამაჩოჩა, ბევრი მაღალი თანამდებობის პირთან, თუნდაც ირაკლი კობახიძესთან და კახა კალაძესთან კარგი ურთიერთობა მაქვს. საკრებულოს პროპორციულ სიაშიც ვიყავი. 2012 წლიდან ვარ ამ პარტიის დამფუძნებელი და გულშემატკივრად ვრჩები. ბევრი რაღაც ისე არ კეთდება, როგორც გვინდოდა, მაგრამ იმედია, გამოსწორდება. თეთრზე თეთრი უნდა ითქვას, შავზე შავი. ასე ეშველება ქვეყანას.

- რა არ მოგწონს „ქართული ოცნების“ მმართველობიდან?
- „ნაციონალურ მოძრაობას“ იმის ამბიცია გაუჩინეს, რომ მათ მთავრობაში დაბრუნება უნდათ. ის ზონდერები, ვინც თავისი ნებით აშინებდნენ მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებს, დღემდე თანამდებობებზე არიან ძალოვან უწყებებში.

არ მომწონს ის, რომ შინაურებს არ დაუფასეს შრომა, მინისტრობას და მინისტრის მოადგილეობას არავინ თხოვდათ. მიეცათ ნორმალური სამსახური მათთვის. დღეს, როცა ოპოზიცია საუბრობს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებითაა სავსე სხვადასხვა უწყება, ტყუილია, ჩემს გარშემო უმუშევარია ბევრი ადამიანი, ვინც თანამერძოლი იყო. ბევრი გულგატეხილი ადამიანია, ამის შედეგი ვნახეთ მაშინ, როცა სალომე ზურაბიშვილს გაუჭირდა მოგება, ასევე გაუჭირდა ლადო კახაძეს.

- რამდენიმე დღის წინ, თბილისის ქუჩებში ერთად გამოვიდნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის იყვნენ ისინიც, ვინც სააკაშვილს წლების წინ ებრძოდა, როგორ შეაფასებთ ამას და ხომ არ გიხილავთ იმ ადამიანების გვერდით თქვენც?
- ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. შეიძლება დრო გავიდეს და „ქართულმა ოცნებამ“ გადაამეტოს და აღარ ვიყო ამ პარტიაში, მაგრამ... მე ვანო მერაბიშვილი სახლში არ შემომვარდნია, მაგრამ როცა ნაციონალებმა ხალხის დახოცვა დაიწყეს, ქუჩაში გამოვედი და ასე გამოვხატავდი პროტესტს, თუმცა არასოდეს დავდგები „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით. მრცხვენია, „ქართული ოცნების“ იმ წევრების, ვინც დღეს ნაციონალების გვერდით დადგა. მირჩევნია, ხიდის ქვეშ დავწვე, ვიდრე უგულავას და ბოკერიას გვერდით დავდგე.

- თუ ოპოზიციაში წახვალთ, ვის გვერდით დადგებით?

- იმის გვერდით, ვისაც სუფთა წარსული აქვს. მიშა სააკაშვილის გუნდის გვერდით დგომა, რომელმაც სისხლი გამიშრო, გამიტაცა, დამიჭირა, გამაქცია ქვეყნიდან და ა.შ გამორიცხულია. სააკაშვილის გვერდით როგორ დავდგები, ვინც არ უნდა დადგეს მისი გუნდის გევრდით?! მედროვეები არიან ისინი, ვინც აქციაზე გამოვიდა. გული მწყდება, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის გუნდმა დღემდე ვერ ისწავლა ჭკუა.

წლების წინ, როდესაც „რესპუბლიკელები“ და ალასანიას პარტია გავაკრიტიკე, კუდ-ის მოგზავნილი აგენტი მეძახეს, ვინ იყო მოგზავნილი, ფაქტია. მე არც მინისტრი ვყოფილვარ და არც არავინ, მაგრამ დღემდე იქ ვდგავარ, სადაც ვიდექი.
გუბაზ სანიკიძე, ჩარკვიანები და ორპროცენტიანი პარტიები ბიძინა ივანიშვილზე იყვნენ ჩამოკიდებულები და დღეს რასაც აკეთებენ, იმ განცხადებების არ რცხვენიათ?! მასეთი პოლიტიკოსები რომ ჰყავს საქართველოს, იმიტომაც არის ყველაფერი კარგად. თუნდაც ახალგაზრდების გამოყენებას შევეხოთ, ჩვენც არაერთხელ გამოგვიყენეს ბოროტად, ბევრს არც აინტერესებდა რა დღეები გვქონდა ციხეში, როგორ გვექცეოდნენ და ა.შ. უბრალოდ განცხადებებს აკეთებდნენ ტელევიზორში. „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გევრდით იმ ხალხის დგომა, ვინც ოცნების გვერდით იდგა, სირცხვილია! მაგათ ოღონდ ვინმე გვერდით დაუდგეთ და იტყვიან ფაშისტები ვართო. ვფიქრობ, ჭკუას ისწავლის „ქართული ოცნება“.

პროტესტის უფლება ყველას აქვს, მაგრამ გამოხვიდე და ხელი ჰკრა იმას, ვინც ფეხზე დაგაყენა სწორად არ მიმაჩნია. მე შეიძლება მეგობრულად ადამიანურად ვთქვა ჩემი კრიტიკა და პრესაშიც გამოვხატო საკუთარი აზრი, მაგრამ იმათ გევრდით დგომა არასწორად მიმაჩნია. კიდევ ბევრ მოღალატეს ვნახავთ „ქართულ ოცნებაში“.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
cira
ზუსტად ასე ვფიქრობ მეც
22:36 / 14-05-2020
გამოხმაურება / 0 /
სოსო
ეჰ მიშა,მიშა.იმედი მაქვს გამოსწორდებაო.ვინ გამოასწორებს,თქვენი ჩამნაცვლებელი,ნაცებიდან გადმობარგებული მედროვე,ან ჩანერგილი?არაფრის გამომსწორებლები,ესენი არ არიან,პირიქით ,ყველაფერს უფრო გააუკუღმართებენ.სხვაში,ყველაფერში გეთანხმები
11:29 / 29-11-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS