22 ნოემბერი, 2019
აჩი და შოთი არველაძეების გულახდილი ინტერვიუ კარიერაზე, ოჯახზე და შვილებზე
ქართული OK!-ის ნოემბრის ნომრის მთავარ გმირებს წარდგენაც არ სჭირდებათ. ისინი ყველასთვის ცნობილი და საყვარელი, ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის პატივსაცემი წარმომადგენლები საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. ტყუპი ძმები − შოთი და აჩი არველაძეები უფროს ძმასთან, რეზისთან ერთად, ერთგვარად თანამედროვე თბილისის კოლორიტის ხასიათსაც კი განსაზღვრავენ და ამ ფენომენს თავისებურ, განსაკუთრებულ, მხოლოდ ძმები არველაძეებისთვის დამახასიათებელ ხიბლს სძენენ. მაშ ასე, დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ ინტერვიუს აჩი და შოთი არველაძეებთან, სადაც ძმები ბავშვობაზე, ოჯახზე, მათ ყველაზე დიდ
ოცნებებზე და კიდევ ბევრ სხვა საინტერესო თემაზე გვესაუბრებიან.


შოთი, აჩი, მოგვიყევით, როგორ ცხოვრობთ?
(შოთი): უკვე 2.5 წელია, რაც მე და აჩი ტაშკენტში ვცხოვრობთ და ერთად ვმუშაობთ.
(აჩი): უზბეკეთში ვცხოვრობთ და კლუბ „ფახთაქორში“ ვმუშაობთ. შოთი მთავარი მწვრთნელია, მე სელექციაში ვეხმარები. ვმუშაობთ, დატვირთულები ვართ, დრო სწრაფად გადის. სახლი მუდმივად გვენატრება და ამიტომ ხშირად დავდივართ თბილისში, რადგან ოჯახები აქ გვყავს.

დაახასიათეთ ერთმანეთი და ორივემ ერთად რეზი − თქვენი უფროსი ძმა.

(აჩი): ძალიან კარგი ძმები მყავს. თბილი, ყურადღებიანი და საქმიანი ადამიანები არიან. მე და შოთი ტყუპები ვართ და ჩვენ შორის ქვეცნობიერი, განსაკუთრებულად ემოციური კავშირია. რეზის მიმართ კი ორივეს ძალიან გამორჩეული სიყვარული და პატივისცემა გვაქვს. 3.5 წელია ჩვენ შორის სხვაობა. სამივენი განვსხვავდებით ერთმანეთისგან: რეზი ძალიან ორგანიზებულია, შოთიც ასეთი გახდა, მას მერე, რაც მთავარი მწვრთნელია.
(შოთი): მე და აჩი უფრო ვგავართ ერთმანეთს, მსგავსი დამოკიდებულებები და ხასიათები გვაქვს. რეზი ბევრად დინჯი, ორგანიზებული და ნებისყოფიანი ადამიანია.

გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა, მშობლებთან ურთიერთობა...
(შოთი): კარგი და აქტიური ბავშვობა გვქონდა, ფეხბურთზე დავდიოდით და ძალიან დაკავებულები ვიყავი. ფაქტობრივად, ის იყო ჩვენი ერთადერთი გართობა და სიამოვნება.
(აჩი): ძალიან კარგი ბავშვობა გვქონდა. სკოლის პერიოდი, ეზო, ქუჩა, ფეხბურთი იყო ჩვენი ყოველდღიურობა. მშობლებთან და ბებია-ბაბუებთან თბილმა ურთიერთობამ ჩვენზე განსაკუთრებით დადებითი გავლენა მოახდინა. რეზი გამორჩეულად უყვარდა ყველას, რადგან პირველი შვილიშვილი იყო და ყურადღება არ აკლდა, უფრო ხშირად ბებისთან და ბაბუსთან უწევდა დარჩენა, რადგან ისინი სკოლასთან ახლოს ცხოვრობდნენ.

თქვენს ოჯახებზე მოგვიყევით.

(შოთი): ჩემი მეუღლე − თამუნა მელაძე იურისტია, იურიდიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. ყოველთვის ჩემ გვერდით იყო და, რა თქმა უნდა, ერთად ვიყავით წასული საქართველოდან, როცა საზღვარგარეთ ვმუშაობდი. ახლაც ოჯახით და დიასახლისობითაა დაკავებული. უფროსმა შვილმა, გიორგიმ ინგლისში დაამთავრა უნივერსიტეტი, ბიზნესის მენეჯმენტის პროფილით, უმცროსი − ელენე, ჯერჯერობით, ბრიტანული სკოლის მოსწავლეა.
(აჩი): ჩემი მეუღლე, თინი კობალაძე პროფესიით ექიმია. ძირითადად, ჩემი მკურნალობით იყო დაკავებული მთელი ცხოვრება, და რადგან ბევრი ოპერაცია მაქვს გაკეთებული, ეს ერთად გადავიტანეთ. უცხოეთში ცხოვრების დროს, ჩემი რეჟიმით ცხოვრობდა ისიც. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ დამოუკიდებლად მუშაობის მეტი საშუალება მიეცა, ჰქონდა თავისი ბიზნესი. ახლა მან და მისმა უფროსმა დამ ბავშვთა გინეკოლოგიური ცენტრი გახსნეს და ამითაა დაკავებული. უფროსი შვილი − 23 წლის რევაზ-გიორგი, რომელიც გიორგობას გაჩნდა, სწავლობს აშშ-ში, ლოს-ანჯელესში, კინოინდუსტრიის მიმართულებით. ახლა მაგისტრატურას ამთავრებს. შუათანა − სალომე, მადრიდშია სასწავლებლად. პატარა − ლიზა, ჯერ 11 წლისაა, მუსიკალურ სკოლაში სწავლობს, ვიოლინოზე უკრავს.

რას ნიშნავს თქვენთვის საქართველო? რა გტკივათ და გიხარიათ თქვენს ქვეყანაში?

(შოთი): სამშობლო ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს სიამაყის განცდაა, რომ ამ ერის, კულტურის, დამწერლობის, ამ ქვეყნის შვილი ვარ. მტკივა და განვიცდი აფხაზეთს და სამაჩაბლოს. ყველაზე დიდი ტკივილი ესაა, რაც ჩემს ქვეყანასთან მაკავშირებს.
(აჩი): აფხაზეთი და სამაჩაბლო მტკივა ყველაზე მეტად, რასაც ცოტა ადრეულ ასაკში კარგად ვერ ვიაზრებდი და რაც უფრო მემატება წლები, მით მეტად მიმძაფრდება ეს ტკივილი. 2008 წლის ომმა ძალიან დიდი კვალი დატოვა ჩემში. ახლა ვხვდები, გურულები ყოველთვის რატომ სვამდნენ თავდაპირველად მშვიდობის სადღეგრძელოს. მშვიდობა უმნიშვნელოვანესი ყოფილა, ამიტომ ყველაზე მეტად ამას ვისურვებდი − ვიცხოვროთ მშვიდობიან ქვეყანაში, რასაც, იმედია, დროც მოიტანს და უპირველესად, ჩვენ თავად შევუწყობთ ხელს.

როგორ ფიქრობთ, რა არის ბედნიერება?
(აჩი): ჯანმრთელობაში და სიმშვიდეშია ბედნიერება.
(შოთი): დილით რომ გაიღვიძებ და ახალი დღის გათენება გიხარია, როცა გიყვარს და უყვარხარ, როცა ძილის წინაც იგივე ბედნიერების განცდა მოდის, ეს არის ბედნიერება. როცა დარწმუნებული ხარ, რომ ირგვლივ შენი ახლობლები კარგად და ჯანმრთელად არიან.



როგორ განიტვირთებით?
(აჩი): ეს ცოტა რთული საკითხია, რადგან არ ვსვამ, არ ვეწევი. ჩემთვის გართობა და დასვენება ფიზიკურ აქტივობასთანაა ასოცირებული. შინ მშვიდი დასვენება არ მიყვარს. აქტიური დასვენება, ზღვა, ბანქოს, ნარდის თამაში, მუსიკა, ცეკვა და სიმღერა მიყვარს. ასე განვიტვირთები გაგრძელება

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS