„რეიტინგი“ ახალგაზრდა მომღერალს ესაუბრა.
- 18 წლის ვარ, სიმღერა 8-9 წლის ასაკში დავიწყე, ჩემს დასთან, ლიზასთან ერთად. მართალია, ერთად დავიწყეთ სიმღერა, მაგრამ პროექტში მონაწილეობისას, გამოცდილების მხრივ, ჩემი და ძალიან დამეხმარა.
- რა პროფესიას ეუფლებით?
- ახლა დავამთავრე სკოლა და მომავალ წელს ლიზასთან ერთად კონსერვატორიაში ჩაბარებას ვგეგმავ - კომპოზიციის ფაკულტეტზე.
-
- სიმღერა რომ დავიწყე, კარგი მონაცემები არ მქონდა, ამიტომ ბევრი შრომა და მეცადინეობა დამჭირდა, საბოლოოდ კი, ამან კარგი შედეგი მომცა.
- ლიზამ გირჩიათ „საქართველოს ვარსკვლავში“ მონაწილეობა?
- ყოველთვის მინდოდა პროექტებში მონაწილეობის მიღება, მაგრამ რაღაც კომპლექსები მბოჭავდა და ვერ ვრისკავდი. ლიზამ კი არაერთ პროექტში მიიღო მონაწილეობა და ამან დიდი სტიმული მომცა.
- რა რჩევები მოგცათ?
- მირჩია, არ ინერვიულო, თორემ დაიღუპებიო. თუმცა, ეს რთული აღმოჩნდა. როცა სცენაზე გავედი, მხოლოდ სიმღერაზე ვიყავი ორიენტირებული, ისე ვინერვიულე, არც მახსოვს, როგორ შემაფასა ჟიურიმ.
- დიდ ინტერესს იწვევს თქვენი სახელი, რატომ ნიკა?
- ბერძნული სახელია ქალის ნიკე, ამიტომ დამარქვეს ნიკა, რომელიც მისი ვარიანტია. წმინდანსაც ჰქვია ნიკა, ეკლესიურ ქალთა სახელებშია შესული, რომელიც წმინდა ნიკოლოზამდე ნახევარი საუკუნით ადრე მოღვაწეობდა. ჩემი სახელის გამო ბევრჯერ ვვარდებოდი უხერხულ მდგომარეობაში, დამცინოდნენ კიდეც, მეკითხებოდნენ ბიჭი ხარ თუ გოგოო, მაგრამ ეს მე არ მაწუხებდა.
- რითი ჰგავხართ თქვენ და ლიზა ერთმანეთს?
- ტყუპები ვართ, მაგრამ მხოლოდ ერთი რამით ვგავართ ერთმანეთს, სოციალური ადამიანები ვართ, მაგრამ ბევრი მეგობარი არ გვყავს. მცირე წრეში ყოფნა გვირჩევნია, ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები ჩვენ ვართ.
- რაზე კამათობთ?
- სერიოზულ თემებზე არ ვკამათობთ, მხოლოდ სისულელეებზე.
- ლიზას ჩრდილში ყოფნა მოგწონთ?
- ველოდი, რომ ლიზას ჩრდილში ვიქნებოდი, მაგრამ ასე არ მოხდა. ხალხმა სულ სხვა ადამიანი დაინახა ჩემი სახით.
- „საქართველოს ვარსკვლავის“ გვერდზე თქვენს ფოტოს, სადაც ენა გაქვთ გამოყოფილი, ბევრი ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა, ელოდით მსგავს რეზონანსს?
- არ მეგონა, ასეთი ფოტოს გადაღება რომ არ შეიძლებოდა და ქართველები ასეთი ჩაკეტილი ხალხი თუ ვიყავით. მე არ მაწუხებს ეს ყველაფერი, ეს მათთვისაა ცუდი, მაგრამ იმედი მაქვს, გაიხსნებიან.
- „ევროვიზიაზე“ გსურთ მოხვედრა და ამიტომ მიხვედით „საქართველოს ვარსკვლავში“ თუ პოპულარობა გსურდათ?
- მთავარი იყო, გავხსნილიყავი და მაინტერესებდა, შევძლებდი თუ არა, დასახული მიზნის მიღწევას. პირველ რიგში ,ამიტომ მივედი პროექტში, ბოლო მიზანი კი „ევროვიზიაზე“ მოხვედრაა.
- ლიზასთან ერთად ხშირად მღერით?
- მე და ლიზა ხშირად ვმღერით ერთად, ოღონდ მხოლოდ სახლში. ბევრ ადამიანს უთქვამს, რომ „ევროვიზიაზე“ ერთად გამოსვლა საინტერესო იქნებოდა და მეც ასე ვფიქრობ.