14 ნოემბერი, 2019
"საზოგადოებას მივმართავ, თქვენი არჩეული მთავრობა არ არის ეს?!.. არ იცით, რომ დაღუპულები ხართ?!"
მსახიობი გია ბურჯანაძე, რომელიც დიდი ხანია, თავს არიდებს ჟურნალისტებთან ურთიერთობას, «ალიამ» ინტერვიუზე დაითანხმა.

- ბატონო გია, ფიქრობთ, რომ ზღვარგადასულ რეალობასთან გვაქვს საქმე? თქვენი აზრით, ჭიქაში ქარიშხლის ატეხვას ხომ არ აქვს ადგილი, რეალურად იჩაგრება თუ არა საქართველოში ლგბტ თემის უფლებები?

- ლგბტ თემზე მე რატომ უნდა ვილაპარაკო?! მე ვიცი, რაც ხდება საქართველოში, ამ თემით ხალხი ფულს შოულობს. საზოგადოება დაფიქრდეს და ყველამ უპასუხოს საკუთარ თავს. ჩვენი საზოგადოება არის ეკონომიკურ სიდუხჭირეში, არის გაუნათლებელი და არის კომფორმისტი, რაც სსრკ-დან
მოგვდევს. აი, ესეთი კომფორმისტი ადამიანებისგან არის შემდგარი საზოგადოება, მით უმეტეს ასეთ დუხჭირ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, ყველაფერზე მიდის, რომ თავისი ერთი ლუკმაც არ დაკარგოს, ან მეორეს გამოსტაცოს პირიდან. არ ვაპირებ ახლა მათზე ვილაპარაკო, რადგან ფულის შოვნის საბაბს არავის არ მივცემ.

- შემოდის კანონი, რომლის მიხედვითაც საქართველოს საბავშვო ბაღებში პედაგოგებს ახალი სტანდარტით გადაამზადებენ, გენდერული ნიშნით ბავშვების განსხვავება აიკრძალება, ანუ ბიჭებს თოჯინებით ათამაშებენ და გოგონებს იარაღით, მათ ფსიქოლოგიურად განაწყობენ, რომ მომავალში გენდერული ბალანსი მოიშალოს. ასეთი პოლიტიკა სადამდე მიგვიყვანს?


- ნეტა, მეტი მოგივიდეთ!.. საზოგადოებას მივმართავ, რა თქმა უნდა... თქვენი არჩეული მთავრობა არ არის ეს?!.. არ იცით, რომ დაღუპულები ხართ?!.. მე საზოგადოებასთან გაუცხოება მჭირს, მე ცალკე ვცხოვრობ და ეს ქვეყანა თავისით მიდის, სსრ კავშირში ხართ დაბრუნებული. მე ვიცხოვრე საბჭოთა კავშირში და ზუსტად ვიცი, რა არის იდეოლოგიური ზეწოლა. 1991 წელს ეს დამთავრდა და ახალი სსრკ დაიწყო საქართველოში!.. მაშინ ამ იდეოლოგიურ წნეხს ახორციელებდა კომკავშირი - პარტიის ინსტრუქტორები, ახალ ქართულ სსრკ-ში ეს ფუნქცია აღებული აქვს «დროებით არასამთავრობო ორგანიზაციებს», დროებითს იმიტომ ვამბობ, როგორც კომკავშირელები დაწინაურდებოდნენ ხოლმე პარტიულ და სამეურნეო თანამდებობებზე, ასე ხდება ახლაც, არასამთავრობოებიდან დაფრთიანებული «კომკავშირელი» გოგო-ბიჭებით აკომპლექტებენ მთავრობებს. მოკლედ, ისევ იქ გვაცხოვრებენ, ოღონდ თუ იდეოლოგია და წნეხი ადრე მოსკოვიდან მოდიოდა, ახლა სხვა ქვეყნიდან მოდის. ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, მაშინაც თავისუფალი ვიყავი და ახლაც, თქვენ იკითხეთ, ხალხო, ვინც ამ წნეხის ქვეშ ცხოვრობთ, ოღონდ გგონიათ, რომ ბედნიერები ხართ, დამოუკიდებლები და თავისუფლები. იდეოლოგიური წნეხის ქვეშ ხართ და არაფრის გაგება არ გინდათ. ერთ რამეს გეტყვით, ხიზილალა რომ არ გაუსინჯავს ადამიანს, მთელი ცხოვრება აჭმევენ მაკარონს და ეუბნებიან, ეს ხიზილალააო, ეს ადამიანი ვერ ხვდება და გონია, რომ მართლა ხიზილალას ჭამს, ამ დროს მაკარონს ჭამს და თანაც, ცუდ მაკარონს, მატლებიანს, მაგრამ რა ქნას, ვერ განუსხვავებია, იმიტომ რომ ხიზილალა არ უნახავს არასოდეს და რასაც ეუბნებიან, იმას ჭამს, ოღონდ არ უნდა დაფიქრება ამაზე! ორი საუკუნე იდეოლოგიის წნეხის ქვეშ ცხოვრობთ, ლიდერი არა ჰყავს ქვეყანას, ჰყავს მარტო ხელისუფლებები!.. რამე რომ იყოს და ხვალ მტერი შემოვიდეს, ხელისუფლებები გაიფანტება აქეთ-იქეთ, მაგრამ ლიდერი რომ არ ჰყავს ქვეყანას და პიროვნებები რომ არ გყავთ?!.. იმიტომ, რომ სუყველა დახოცეთ!.. 1907 წელს კი არ მოკლეს ილია ჭავჭავაძე, 20 წლით ადრე დაიწყო ილიას მკვლელობა, ოღონდ საზოგადოება ჩუმად იყო. 75 წლის ერეკლე 1795 წელს 2000 კაცით გავიდა ქართლ-კახეთიდან და მეტი არავინ არ დაუდგა გვერდში!.. შეხედეთ ტელევიზიაში ვინ გამოჰყავთ, ვის იდეოლოგიაზე ზრდით შვილებს, ბავშვებს ვის აზრდევინებთ. ყველა იძახის განათლება ჭირდება ქვეყანასო, ყველა ვთანხმდებით ამაში, რომ ბნელია ჩვენი ქვეყანა, ამას ილია ჭავჭავაძეც იძახდა 1864 წელს, ოღონდ ვინ აძლევს განათლებას, ამაზე არ ფიქრობთ?!.. ერთ ამბავს შეგახსენებთ, გახსოვთ ალბათ, წლების წინ მეგრელი კაცი ციმბირში ინგლისურის მაგივრად მეგრულს რომ ასწავლიდა. ხომ ისწავლეს იმ ბავშვებმა?! იმიტომ რომ კეთილსინდისიერი კაცი იყო, რაც იცოდა, ის ასწავლა, სადაც გაუვიდა, იქ გააკეთა. ამ დროს იმათ ხომ ეგონათ, რომ განათლება მივიღეთო, იმ სოფლიდან უმაღლეს სასწავლებელში ჩამოვიდნენ აბიტურიენტები და მისაღებ გამოცდებზე ინგლისურის მაგივრად მეგრულად დაიწყეს ლაპარაკი. უკაცრავად მაგრამ, არ გენიშნებათ, რომ იგივე ხდება დღეს?!.. არ დაფიქრებულხართ, ვინ გაძლევთ ამ განათლებას, ხომ უნდა დაფიქრდეთ, ვინ აძლევს თქვენ შვილებს და შვილიშვილებს განათლებას!.. რაც იციან, იმას ასწავლიან, ან რაც დაავალეს, იმას ასწავლიან და რას მიიღებთ ბოლოს. საბჭოთა კავშირის დროს 7 ნოემბერს რომ გამოჰყავდათ აღლუმზე, თუკი ასე გაგრძელდება, 10 წლის შემდეგ არ იცით, რის აღლუმს იზეიმებს ხალხი და რომელ რიცხვში გაიმართება?!..

- 17 მაისს, ლგბტ აღლუმს გულისხმობთ?

- ამას ახლა თქვენ ამბობთ!..

- და თქვენ გულისხმობთ... სხვათა შორის, 3 ნოემბერს ბარათაშვილის 200 წლისთავი იყო, სამწუხაროდ, თითქმის არავის გახსენებია... ეს მიანიშნებს იმას, რომ ვივიწყებთ წარსულს?

- დაიარეთ ახალგაზრდობაში და ჰკითხეთ, იცის ვინმემ ვინ არის ბარათაშვილი?!.. ეგონებათ ან ფეხბურთელი, ან მსახიობი... მე ვხედავ, როგორ არის ჩავარდნილი უფსკრულში ჩვენი საზოგადოება, ვხედავ, რომ უზნეო საზოგადოება ჩამოყალიბდა, ორიენტირი არა აქვს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს, სად მიდის არ იცის, ჩვენ არაფერზე არა ვართ შეთანხმებული. ჩვენ ვართ მარტო ის ერი, როგორც ჭაბუა ამირეჯიბი იტყოდა - საძოვარზე გადადებული ერი, ოღონდ დღეს რამე ვიშოვო და ხვალინდელი არ მაინტერესებს, ჩემი შვილი სად იცხოვრებს და რას შეჭამს!.. იცით, ამას როდის მივხვდი? როცა პირველად გაზი, დენი შეწყდა და ა.შ. ადამიანმა თავის საცხოვრისიდან რომ დაიწყო ხეების მოჭრა, აბა შვილს ხომ არ გავყინავო, იმას კი არ ფიქრობდა, რომ ამ ხის ადგილას მეწყერს მიიღებდა, წყალი დაეკარგებოდა და იმის 30 წლის შვილი მეწყერს ვეღარ გააჩერებდა... აი, მაშინ დავფიქრდი, ადამიანი ამ წუთას თავის შვილის გადარჩენაზე ფიქრობს, მაგრამ უკვე გაზრდილი შვილის, შვილიშვილის და მათ შთამომავლობაზე აღარ ფიქრობს. ერთადერთი ერი ვართ, ვინც ჩვენ საკუთარ საცხოვრისს ვანადგურებთ, საკუთარ მოძმეებს ვხოცავთ და თან ამით, სიამტკბილობას ვღებულობთ!.. არაფერი ისე არ გვიხარია ჩვენ, როგორც ვიღაცის გაუბედურება და წარუმატებლობა. ატყობთ, ჩვენი ერი რომ ნეკროფილი გახდა და მარტო მიცვალებულები უყვარს, ცოცხალი ვინმე უყვარს? გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS