„რეიტინგი“ „მასტერშეფის“ მონაწილეს ესაუბრა.
- პროფესიით ხმის ინჟინერი ვარ, ლონდონში დავეუფლე ამ პროფესიას და ამის პარალელურად ვმუშაობდი იქ ბარებში. სამზარეულოში მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს და ამიტომ გადავწყვიტე „მასტერ-შეფში“ მონაწილეობის მიღება, მაინტერესებდა, რა შესაძლებლობები მქონდა. 15 წლის ვიყავი, როდესაც ინგლისში წავედი, ორი არჩევანი მქონდა, ან მიმტანი უნდა ვყოფილიყავი ან სამზარეულოში მემუშავა, თავდაპირველად მიმტანად დავიწყე, მაგრამ არ მომეწონა, გადავედი სამზარეულოში, სადაც ორი წელი ვიმუშავე, შემდეგ თბილისში დავბრუნდი და ვმუშაობ ჩემი საქმიანობით. ახლა ერთ-ერთი ბარის წილი ჩემია.
- ელოდით ათეულში მოხვედრას?
- იმდენად ბევრი კარგი მზარეული იყო, დიდი მოლოდინი არ მქონია, თუმცა, ვიცი რა, რომ არ ვარ ცუდი მზარეული. მოლოდინი მქონდა ათეულში მოხვედრის.
- მაყურებელმა და ჟიურის ორმა წევრმა ჟიურის ერთ-ერთ წევრს, შეფ კონსტანტინე თედელურს მიგამსგავსათ, თქვენც ასე ფიქრობთ?
- ორი სხვადასხვა ადამიანი ვართ, უბრალოდ ორივეს გვაქვს ულვაში და გრძელი თმა. ეს შოუს დაგეგმილი ნაწილი არ ყოფილა, მაგრამ როცა მივედი, რამდენიმე ადამიანმა მიმამსგავსა. ჩემს ფეისბუქზეც თუ ნახავთ, სულ სხვადასხვანაირად გვაქვს თმაც და წვერიც.
- ჟიურიმ ამ სეზონზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულად მკაცრი იქნებოდა, თქვენ როგორ შეაფასებთ მათ სიმკაცრეს?
- მე ვთვლი, ობიექტურია ჟიური, როგორც ლუკა, ასევე ლევანი და კონსტანტინე. იმის მიუხედავად, რომ ლუკასთან საქმიანი შეხება მაქვს, თქვენც ნახავთ, რომ შეფასებების გაკეთებისას, ის ამას არ ითვალისწინებს.
- სახლში თავად ამზადებთ კერძებს?
- კი, მარტო ვცხოვრობ და აქედან გამომდინარე, მიწევს სახლში კერძების მომზადება, თუმცა, ერთი კონკრეტული კერძი არ მაქვს ამოჩემებული. ჩავდივარ მაღაზიაში, რაც მომეწონება ვიზუალურად ვყიდულობ და სახლში ვატარებ ექსპერიმენტებს.
- საუბრისას თქვით, რომ ინგლისში ცხოვრობდით 5 წელი, რატომ დაბრუნდით საქართველოში?
- 20-21 წლის ასაკში დავბრუნდი საქართველოში, ცოლი მოვიყვანე და დავბრუნდი. იმ მომენტში უფრო კომფორტული იყო აქ ცხოვრება. ლონდონში დატვირთულია ცხოვრება, ბევრი უნდა იშრომო, საშუალო დონეს რომ მაინც მიაღწიო. შესაძლოა, ამ ასაკში აქ არ დავბრუნებულიყავი, მაგრამ მაშინ ასე მოხდა. მოკლედ დავბრუნდი, ცოლი მოვიყვანე და ერთ წელიწადში დავამთავრეთ ურთიერთობა.
- თუ არ ვცდები, რამდენიმე წლის წინ, თქვენს შეყვარებულთან თინა მახარაძესთან აპირებდით ამერიკაში წასვლას?
- რატომღაც ორჯერ მივიღე უარი ამერიკიდან.
- როცა „მასტერშეფის“ გვერდზე თქვენი ვიდეო დაიდო, უამრავი კომენტარი გაჩნდა, ხალხს აინტერესებს თქვენ და თინა მახარაძე ისევ ერთად ხართ თუ დაშორდით?
- თინა ამერიკაშია, მე - აქ. შეყვარებულები აღარ ვართ. დიდი ხანია, დავშორდით. სადღაც ერთი წელია, ერთად აღარ ვართ.
- რატომ?
- პირველი მიზეზი იყო ჩემი ყოფილი ცოლი, რომელმაც იდიოტობები გააკეთა და აქედან დაიწყო ყველაფერი. დავრჩი მარტო, არ ველაპარაკები ჩემს ყოფილ ცოლს. ყველას უნდა ჩემს ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება და კორექტირების შეტანა. ისე გამოვიდა, რომ ჩემმა ყოფილმა ცოლმა მოიტყუა, ილაპარაკა ის, რაც არ ყოფილა და ამას მოჰყვა კონფლიქტები. ჩემი ყოფილი ცოლი, სამი წელი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა, არანაირი შეხება არ გვქონია, მაგრამ მოულოდნელად გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ახლა ჩემი ძმაკაცის ცოლია და გამარჯობასაც არ ვეუბნები.
- გაგიჭირდათ თინასთან დაშორება?
- მტკივნეული იყო თინასთან დაშორება. ძალიან კარგად ვიყავით, ახლა არანაირი შეხება არ გვაქვს და შერიგების პერსპექტივაც არ არსებობს.
- სურვილი გაქვს შერგების?
- ახლა მე ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ, პირველად ვარ მარტო. ამ კონკრეტულ მომენტში „მასტერშეფზე“ და ჩემს საქმეებზე ვარ გადართული. ბევრი ნერვოზისა და სტრესის შემდეგ, გადავერთე საქმეებზე და ვბლოკავ ყველანაირ ემოციას.
- როგორი იყო თინასთან ურთიერთობა?
- ეგეთი კარგი ურთიერთობა არ მქონია არასდროს. სანამ ჩემი ყოფილი ჩაერეოდა, ყველაფერი იდეალურად იყო.