ფილმში მთავარ როლებს ქართველი მსახიობები თამაშობენ. „რეიტინგი“ ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელს, ბაჩი ვალიშვილს ესაუბრა.
- ბაჩი, როგორ მოხვდით ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“?
- პროფესიით მსახიობი ვარ, სოციალურ ქსელში მომწერა ფილმის კასტინგ-მენეჯერმა, მთხოვა, ფოტოები გამეგზავნა, ფოტოების გაგზავნის შემდეგ ვიდეოს ჩაწერა მთხოვეს, რომელსაც ორი კვირა არ ვწერდი, თუმცა, საბოლოოდ, მოვახერხე, გავგზავნე
- პიცერიაში მუშაობდით?
- კი, ეს მსახიობი ბიჭი პიცერიაში ვმუშაობდი. მიხარია, რომ ბოლომდე მივიყვანე ეს საქმე და ფილმში გადამიღეს. როცა მსახიობი ხარ, ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობ და რაღაც პრობლემა გაწუხებს, პასუხისმგებელი ხარ, თუ შანსი მოგეცემა ამ პრობლემაზე ხმამაღლა ისაუბრო. თუ ამ შანსს ვერ გამოიყენებ და ხელიდან გაუშვებ, ე.ი. შეცდომა დაუშვი.
- როცა გაიგეთ ფილმის შინაარსი, საზოგადოების რეაქციის არ შეგეშინდათ?
- როცა ამ საზოგადოებაში ცხოვრობ, არის შანსი გაგაკრიტიკონ ასეთი როლის გამო, ამიტომ ჩვენი საზოგადოების ფაქტორი მუდმივად გასათვალისწინებელია, თუმცა, ამან ხელი არ უნდა შეგიშალოს საკუთარი საქმის კეთებაში, მითუმეტეს, კინო უნივერსალური ენაა. პირიქით, უნდა გაბედო და გულწრფელი უნდა იყო. ეს ფილმი არის პოზიტიური, სიყვარულით სავსე, რომელიც ჩვენი ქვეყნის რეალობას ასახავს. როცა ფილმის ტრეილერი გამოვიდა, საზოგადოების აზრი ორ ნაწილად გაიყო. თუმცა, პოზიტივი აბალანსებს ნეგატივს. ამას მოწმობს ყველა გაყიდული ბილეთი, მადლობა საზოგადოებას ასეთი ინტერესისთვის.
- თქვენი გმირის შესახებ რას გვეტყვით?
- ჩემ გმირზე ვერაფერს ვიტყვი. მხოლოდ იმას ვიტყვი, როცა ფილმს ნახავთ, ბევრ თქვენს ახლობელს ამოიცნობთ. ცოტა ტრაგიკული ისტორიაც აქვს ჩემს პერსონაჟს, მაგრამ ასეთია ამ ადამიანების ბედი ჩვენს ცხოვრებაში.
- ელოდით ასეთ წარმატებას?
- არ ველოდი ამხელა წარმატებას, თუმცა, მოლოდინი მქონდა, რაღაც ფესტივალზე პრიზი აგვეღო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჯერ კანში წავედით, როცა იქ ვიყავით, ვერ დავიჯერე. მაგრამ ხედავთ უკვე ოსკარზე მივდივართ. ეს წარმატება მეტწილად განპირობებულია იმით, რომ ფილმი საქართველოზეა, ლევან აკინის სიტყვებით ვიტყვი - ეს არის სასიყვარულო წერილი საქართველოზე.
ფილმი აჩვენებს ქართულ კულტურას სულ სხვა ჭრილში, უფრო დიდი სიყვარულით, რაც აქამდე ფილმში გვინახავს და ესაა დასაფასებელი.