26 მაისი, 2013
რატომ დაიდგა თავზე რქები და „მაცხოვრის გვირგვინი“ ჯორჯ ჯეი ბიმ
ღმერთის სიყვარული და რწმენა ჩემთვის კოსტიუმით არ გამოიხატება. არავისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ მინდოდა... ჯორჯ ჯეი ბი ქართული მოდის სივრცეში რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა, ჯერ კიდევ პირველ მოდის კვირეულზე სრულიად განსაკუთრებული იმიჯით ხალხის გაკვირვება გამოიწვია. მას შემდეგ ის მოდის კვირეულების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. ჟურნალისტებსა და დამსწრე საზოგადოებას სულ აინტერესებს, რას მოიფიქრებს ახალს ჯეი ბი და ამჯერად როგორი იმიჯით გაგვაოცებს. ინტერნეტსივრცე მოიარა მისმა ახალმა ფოტოებმა, სადაც ერთგან რქებით, მეორეგან კი „მაცხოვრის ეკლის გვირგვინით“ არის გამოსახული. მასალაში გამოყენებული
ფოტოები ეკუთვნით ნათია რეხვიაშვილს,Liu Photography-ს, Louisa’s
-ს.

- თბილისის მოდის კვირეულით დავიწყოთ, რომელიც მცირე ხნის წინ გაიმართა. კმაყოფილი ხარ ჩვენებებით? სულ ისმის კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ დიზაინერები პირდაპირ კულისებში აკერებენ სამოსს და ა.შ.
- სახელი „მოდის კვირეული“ იმდენს ნიშნავს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის მილანის, პარიზის თუ ვთქვათ, ქუთაისის, დიზაინერმა პასუხი უნდა აგოს ნებისმიერ კოსტიუმზე, ხარისხზე. როდესაც მოდის კვირეულზე გამოგაქვს კოლექცია, ყველანაირად უნდა იყო მომზადებული ან საერთოდ არ უნდა გამოიტანო. აქ უფრო კომერციაზე აკეთებენ გათვლას. მე, მაგალითად, ხელოვნებას, ჩემს ნამუშევრებს ბაზრისთვის ვერ გავიმეტებ, ჩემი ნამუშევრები ყველასთვის არ არის, მაგრამ რაც აქ კეთდება, იმას კომერციულსაც ვერ ვუწოდებთ. ეს, რასაკვირველია, არ ეხება ყველა დიზაინერს საქართველოში, არის რამდენიმე, ვინც ყველანაირ სტანდარტს იცავს.
- ვინ არის ის რამდენიმე დიზაინერი, რომელიც სტანდარტს იცავს?
- პირველი, ვინც მახსენდება, დათუნა სულიკაშვილია. მას ყოველ მოდის კვირეულზე გამოაქვს კოლექცია და ამიტომაც შესაფასებელი მეტია. ჩუბიკასაც დავასახელებდი, უბრალოდ, ის ასე ხშირად არ ჩანს. არადა, ძალიან მაგარია. წელს სიმონ მაჩაბელს ჰქონდა არაჩვეულებრივი შოურუმი. წელს დამამახსოვრდა რია ქებურია, რომელიც საზღვარგარეთ მუშაობს. მართლა გენიოსია. გოგონა და ასეთი მაგარი... კაცები თითქმის ყოველთვის უფრო მაგრები არიან, განსაკუთრებით ხელოვნებაში. როდესაც კოლექცია გამოვიდა და შევხედე, ვერ გავარჩიე, მამაკაცის კოლექცია იყო თუ ქალის, რიას მანამდე არ ვიცნობდი. სანამ არ დავინახე, რომ ბოლოს გამოვიდა და გოგონა იყო, მანამდე არ დავიჯერე, რომ ეს კოლექცია ქალს ეკუთვნოდა.
ახლანდელ მოდის კვირეულზე ბევრი არ დამმახსოვრებია. ეს ჩემი ბრალია, მეხსიერება არ მაქვს კარგი თუ უბრალოდ, არ იყო სხვა დასამახსოვრებელი დიზაინერის ჩვენება, ვერ გეტყვით. ბევრმა ჩემმა მეგობარმა გამოიტანა ნამუშევრები, მაგრამ ისინი არ მიხსენებია. ეს ჩემი პრინციპია და მასზე უარს ვერ ვიტყვი. პირფერობა მაღიზიანებს. არასდროს მიმილოცავს დიზაინერისთვის, რომლის კოლექციაც არ მომწონებია. მიუხედავად იმისა, რომ გარშემო ყველა ულოცავდა და მე გვერდით ვედექი. ვფიქრობ, ვიღაცამ ეს ყველაფერი პირდაპირ უნდა თქვას. კრიტიკა ცუდი არ არის. მე რომ ასე შემაფასონ, არ მეწყინება. უარესადაც მაფასებენ და არ მწყინს.
- რა ფრაზები მოგისმენია საკუთარ თავზე?
Rating- გულთან არასდროს მიმაქვს. ძალიან ჭკვიანი უნდა იყო, ჩემს სუსტ წერტილს რომ გაარტყა. აღმოჩნდა, რომ ეს დღემდე ვერავინ შეძლო. ბევრი სისულელე უთქვამთ ჩემზე, მაგრამ არ ვიმახსოვრებ. ზოგჯერ ისეთი ჭორი მსმენია საკუთარ თავზე, რომ მითქვამს, ცოტა უფრო ლოგიკური ვერაფერი მოიფიქრეს ჩემს ხასიათთან მიახლოებული-მეთქი (იცინის)?!. ხალხმა რომ უფრო ადვილად დაიჯეროს. სხვათა შორის, ამ ჭორების გამო შემიძლია ამბავი ავტეხო და ყოფილა კიდევაც ასატეხი, მაგრამ ასეთი რამ არასდროს გამიკეთებია.
- შენზე ცუდს კოლეგები ამბობენ?
- კოლეგები ნაკლებად, უფრო დამწყები დიზაინერები. მოდის სფერო იმდენად დელიკატური და საშიში სფეროა, რომ აქ, ვფიქრობ, ყველასთვის ადგილი არ არის. ერთადერთი სფეროა შოუბიზნესიდან, სადაც ყველაზე საზიზღარი კრიტიკაა. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს საკუთარი თავის წინაშე, რომ აქ გაჩერდე. ვგულისხმობ ცივ ურთიერთობებს, რომლებიც ამ სფეროში არის. სხვათა შორის, ბევრმა კრუელად შემრაცხა, „ფეისბუქში“ თუ ვინმეს ვიმატებ, მისგან მადლობები მომდის ხოლმე, არ მეგონა, თუ დამიმატებდიო. ერთხელ გავიღიმე და ვიღაცამ მომწერა, არ მეგონა, საერთოდ თუ იღიმოდიო. ასეთ რაღაცებზე ძალიან მეცინება. ალბათ საზოგადოებამ ჩამოაყალიბა ასეთი აზრი, რომ ჯეი ბი არ იღიმება (იღიმის).
- პირველი მოდის კვირეულიდან შენი ცხოვრება როგორ შეიცვალა?
- სოციალურ ქსელში მიდევს რამდენიმე წლის წინანდელი ფოტოები, დღეს უკვე სხვა ვარ. ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. შეცვლას ვარქმევ იმას, როცა რაღაცით წინ ვარ. ბევრი კარგი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში.
- შენთვის კომფორტულია პოპულარობა?
Rating- პოპულარობა? - ამაზე არ ვფიქრობ. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუკი ვინმე პირფერულად გამიღიმებს იმის გამო, რომ ჯეი ბი ვარ. პირიქით, ასეთი რაღაცები მაღიზიანებს. ჯობია, ასეთი ადამიანი საერთოდ არ დამელაპარაკოს. პირდაპირი ვარ და მითქვამს, ნუ მიღიმი, ვიცი, რომ არ გიყვარვარ-მეთქი. ის ადამიანი გაბრუნებულა და წასულა. ამიტომაც ვცდილობ, ასეთ ხალხს საერთოდ არ გამოველაპარაკო.
- ახლანდელი მოდის კვირეულის ფოტოებზე შენ ხან რქებით ჩანხარ და ხანაც „მაცხოვრის ეკლის გვირგვინით“. ეს პროვოკაციული იმიჯი რატომ მოგაფიქრდა?
Rating- რატომ მომინდა ამგვარი იმიჯის შექმნა და იმ მომენტში რა ხასიათზე ვიყავი, ეს ალბათ გამოცდილმა ფსიქოლოგმა უნდა გამოარკვიოს. შესაძლოა, ორი თვის წინ დამემართა ისეთი რამ, რაც ჩემს ქვეცნობიერში ჩარჩა და დღეს მომინდა ამის გამოხატვა და დავიდგი რქები. საკუთარ თავს ძალიან კარგად ვიცნობ... არ მივიჩნევ, რომ ხელოვნება მაინცდამაინც რაღაცას უნდა უკავშირდებოდეს. ფანტაზიორი ვარ და არანაირ კონცეფციაზე არ ვფიქრობ. ვერ შევთხზავ ლეგენდას, ეს კოსტიუმი იმიტომ და ამიტომ გავაკეთე-მეთქი. აი, ხომ ხედავ, ამას პირდაპირ გეუბნები. ფსიქოლოგიაში არ ვარ ისეთი მაგარი, რომ ასე ღრმად გავაანალიზო და ვთქვა, ეს რქები იმიტომ დავიდგი, რომ ორი თვის წინ ვიღაცამ ძალიან გამაბრაზა-მეთქი.
- ანუ, შეიძლება, ეს იყოს პროტესტი ვიღაცის მიმართ?
- ძალიან ბევრს ჰგონია, რომ ეს არის პროტესტი. ამას არ უარვყოფ, მაგრამ არ ვიცი, რა მაქვს ქვეცნობიერში.
- შეიძლება, ეს პროტესტი იყოს იმ საზოგადოების მიმართ, რომელიც არ იღებს შენს ასეთ პროვოკაციულ ექს-პერიმენტებს და ჰგონია, რომ ეს უცნაურია?
- ძალიან კარგია, თუკი უცნაური ჰგონიათ. მე რომ ჩემნაირი ადამიანი დავინახო, გამიხარდება. საზღვარგარეთაც ძალიან ცოტაა ასეთი ადამიანი და ვინც არის, ყველა ჩანს. ფერმის წიწილებივით ყველა ყვითელი რომ არის, არ მიყვარს. ამით საკუთარ თავს აზიანებენ. საზოგადოების პრობლემაა, საკუთარ თავს არ უღრმავდებიან და არ იციან, როგორები არიან სინამდვილეში. როცა საკუთარ თავზე არ ფიქრობ, ვერც სამოსში ასახავ შენს ხასიათსა და ბუნებას. 18 წლის ასაკში იმდენი მოვახერხე ამ მხრივ, რომ გავიცანი ჩემი სურვილები, ჩემი თავი, მივხვდი, ვინ ვიყავი. ამის გაცნობიერება 18 წლამდე რთულია. შევდექი ადამიანად და ვუთხარი საზოგადოებას, რომ მე ვარ ასეთი!..
- ჩვენც გვითხარი, ვინ ხარ?
- ყველა მეკითხება. ვისაც როგორ უნდა, ისე აღმიქვამს. ამ მხრივ ადამიანებს თავისუფლებას ვაძლევ. ვერავის
ვუკარნახებ, როგორ უნდა აღმიქვას და ამაზე არც გავბრაზდები.
- თუ უარყოფითად აღგიქვამენ, მაინც?
- ყოფილა შემთხვევები, როცა ადამიანს პირადად გავუცნივარ და უკითხავს, ჯეი ბი, ეს შენ ხარ?! რა სხვანაირი ყოფილხარ. არ მიკვირს ასეთი დამოკიდებულება. შემიძლია საკუთარი შეცდომების აღიარება, საკუთარი თავის არასდროს მრცხვენია და ახლაც ვამბობ, რომ ბევრჯერ წამიტეხია ცხვირი - ადამიანზე ცუდი მითქვამს და რომ გამიცნია, სრულიად განსხვავებული აღმოჩენილა. ამას აუცილებლად ვეუბნები ხოლმე. ბევრს უკვირს, მაგრამ მეგობრები ხუმრობით მოწყალების დას მეძახიან. საზოგადოებას ყველაფერი ლამაზად უნდა მიაწოდო. ასი კაცი ზის, აქედან ორი ცუდად ილაპარაკებს ჩემზე, დანარჩენები ამას სხვანაირად წაიღებენ აქეთ-იქით. მერე კი ბევრი საშინელება ითქმის. ასეთი ხალხი დამისვამს და ამიხსნია ყველაფერი. თავს არ მომიხვევია საკუთარი აზრი, მაგრამ თუკი ვატყობ, რომ შეუძლია ამის მიღება, ამ შემთხვევაში ველაპარაკები. ისინი ხშირად ხდებიან ჩემი მეგობრები.
- „მაცხოვრის ეკლის გვირგვინი“ რომ გამოიყენე, ამაზე მინდა გკითხო - არ გეშინია, რომ თქვან, რელიგიას შეურაცხყოფსო?
- ამაზე ძალიან მოკლედ გიპასუხებ, რადგან ზედმეტად დელიკატური და სრულყოფილი თემაა, შესაბამისი განათლება არ მაქვს, რომ ამაზე ვრცლად ვილაპარაკო. შესაძლოა, ვინმემ შეურაცხყოფად აღიქვას ჩემი ეს ნაბიჯი და იფიქროს, რომ ეს სიმბოლო არ უნდა გამომეყენებინა, მაგრამ ღმერთის სიყვარული და რწმენა ჩემთვის კოსტიუმით არ გამოიხატება. არავისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ მინდოდა... მე რომ კონცეპტუალური დიზაინერი ვიყო და ერთ კოსტიუმში კაცობრიობის ისტორია ჩავდო, სხვა იქნებოდა, მაგრამ ასე არ არის.
- ახლა რას საქმიანობ?
Rating- 1-ელ სექტემბერს პარიზში, მარანგონის ინსტიტუტში მეწყება სწავლა. მანამდე ზაფხულში უნდა ჩავიდე გასაცნობად. ძალიან მოვეწონე მათ და გამიხარდა, ინტერესით მელოდებიან. სასწავლებელი სამწლიანია, მეოთხე წელს კი არის კურსი, სადაც დამატებითი თანხის სანაცვლოდ ცნობილ მოდის სახლში სტაჟირებას გადიხარ. მე პირადად მწყდება გული, რომ საქართველოდან ყველა ნიჭიერი ადამიანი გარბის. ეს ქვეყნის ტრაგედიაა და ალბათ ამის გამო უნდა იაროს აქ ხალხმა შავებში. შავი სამოსი მე იმის გამო არ მაცვია, რომ ქართველი ვარ, ჩემთვის ეს ღვთაებრივი ფერია. ალბათ ქართველებს იმიტომ აცვიათ შავი, რომ გლოვობენ. ერი ასეთია და ჩაცმულობა მეტყველებს ამაზე ყველაზე კარგად.
- შენც გარბიხარ?
- არასდროს არაფრის შემშინებია, ჰკითხეთ ნებისმიერს, ჩემს ქვეყანაზე ვგიჟდები, მაგრამ ამ ქვეყანაში არსებულ სიტუაციასთან ვერავინ დამაკავშირებს. აქ საერთოდ არ იციან ნიჭიერი და უნიჭო ადამიანის გარჩევა და ეს ჩვენს შოუბიზნესს ეტყობა კიდეც. სულ არ მეშინია, რომ 40-50 წლის ასაკში მაღიარებენ, ან სიკვდილის მერე.
- ანუ შენ ფიქრობ, რომ გაღიარებენ?
- ასე ვფიქრობ. მოდის სფეროში ვისაც უნდა შემოსვლა, ვეტყვი, ნუ შემოდგამენ ფეხს და თუ მაინც ასე მოიქცევიან, მაშინ ყველაფერს უნდა გაუძლონ. ჩემს სიცოცხლეს იმას მივუძღვნი, რომ ჩემი ფიზიკური სიკვდილის შემდეგ ჩემი სახელი არ მოკვდეს. ხალხი, რომელიც მოდის სფეროში იმიტომ ტრიალებს, რომ ინტერვიუს დროს სიტყვა დიზაინერი დაეწეროს და გლამურულ სიტუაციაში შამპანური მოსვას, ცოტა სასაცილოა. ემოციური ადამიანი ვარ. ეს ყველაფერი ძალიან პატარა ასაკში გადავიტანე. ამ სფეროში ძალიან ადრე მოვხვდი და ახლაც ახალგაზრდა ვარ. მაღიზიანებს ის, რომ საქართველოში ყველაფერი უკუღმა ხდება. მოდის კვირეული ვითარდება, ხალხი კი იგივე რჩება. საქართველოში აუცილებლად ჩამოვალ ხოლმე, მაგრამ სულ ვამბობდი, რომ ეს ქვეყანა არ არის ის ადგილი, სადაც მე უნდა ვიმოღვაწეო.
- ვიცი, რომ მსოფლიო „ვოგის“ რედაქტორებს შორის მოხვდი.
- ორი ქართველი ვართ, მე და ანანო დოლაბერიძე. ამერიკული „ვოგის“ კრეატიულმა დირექტორმა ჩამოაყალიბა ინტერნეტგვერდი „მსოფლიო ვოგი“, სადაც შეირჩა ათი რედაქტორი, არიან იტალიიდან, საფრანგეთიდან, ამერიკიდან და საქართველოდან. ჯერ ქართველი ბლოგერი ანანო დოლაბერიძე აიყვანეს, ჩემი მეგობარია, ბევრ რაღაცას აკეთებს, არადა, პატარა გოგოა. ის რომ აიყვანეს, გულწრფელად გამიხარდა და მივულოცე. ეტყობა, ღმერთმა დაინახა და დააფასა, ნამდვილად რომ გამიხარდა და საღამოს მეც მომწერეს, თქვენი სტილით აღფრთოვანებული ვართ და ამ სამსახურს შემოგთავაზებთო. ჩვენი ფუნქცია ის არის, რომ 17-ვე „ვოგიდან“ ვაგროვებთ საინტერესო მასალებს, გვაქვს ჩვენი დავალებები. მე, მაგალითად, ვწერ მაღალ მოდაზე, ავანგარდზე, კონცეპტუალურ მოდაზე. ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია და, ჩემი აზრით, ძალიან განვითარდება.

ნინო მურღულია

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
ანუ
ამ ბიჭმა ამ საქმეში იპოვა გამოსავალი და მართალიცაა, საქართველოში მარტო ნიჭიერებით არ შეაფასებენ, აუცილებლად შეეხებიან მის ორიენტაციას ამიტომ ჯობია წავიდეს სადაც მიდის უფალმა გაუკვალოს გზა, თუ "ცნობილი" გახდება გამიხარდება მე პირადად
13:02 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
მაცხოვარს რომ არ შეხებოდა არა?
16:25 / 01-06-2013
გამოხმაურება / 0 /
თაკო
ეს ორიგინალურობა კიარა დებილობა და სიშტერის მაღალი დონეა!
22:49 / 31-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ანნა
აბა მოსაწონია კაცი ქალს რომ გავს? სულ გადაჯიშდა ეს ხალხი რაა....ასეთი ადამიანები კიარ მაღიზიანებს,ისინი მაღიზიანებს ვისაც ეს მოსწონს და საქციელს უწონებს....ტფუიიიიიიიი!!!!!
22:47 / 31-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ყველაზე მაგარი ადამიანი ეს// იმიტომ რომ არის ყველასგან განსხვაქვებული..ორიგინალური.,.. ნიჭიერი...
19:24 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS