დღეს თეა გვასალია ტელევიზიიდან ძალიან შორს, საყვარელ საქმეში მთლიანად ჩაფლულია - პროფესიით ესპანური ენის სპეციალისტი ცოდნას ახალ თაობას უზიარებს, რაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
ერთ დროს სუპერპოპულარულმა წამყვანმა AMBEBI.GE-სთან მრავალწლიანი დუმილი დაარღვია და პირველი, ექსკლუზიური
ინტერვიუ მოგვცა:
- წლების განმავლობაში მიგყავდათ
- ტელევიზიის ნოსტალგია საერთოდ არ მაქვს. იქ მისვლის პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ ცხოვრების ეს ეტაპი ოდესმე დამთავრდებოდა. თითქმის 10 წელი გადიოდა „ამბობენ“ ეთერში. ძალიან მინდოდა, იმ ბნელ და გაყინულ ქვეყანაში ფერები, ხალისი და პოზიტივი შემეტანა. მეჩვენებინა, როგორ ცხოვრობდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, ევროპელი პრინცები და პრინცესები, რა ხდებოდა მოდის სამყაროში…
მსიამოვნებდა ამ გადაცემის კეთება და წაყვანა, მაგრამ ჩემი ძირითადი „სიყვარული“ ყოველთვის ესპანური ენა იყო. იმისთვის არ ვისწავლე ამდენი აქაც და ესპანეთშიც, რომ მარტო გასართობი გადაცემები მეკეთებინა.
16 წლიდან ვთარგმნიდი გაბრიელ გარსია მარკესს. მისი ოცამდე წიგნი მაქვს ნათარგმნი. ყოველთვის მინდოდა, საქართველოში ბევრს სცოდნოდა ესპანური. ბოლოს და ბოლოს, 20 ქვეყნის ოფიციალური ენაა, ნახევარი აშშ ესპანურად ლაპარაკობს. ამიტომ, როცა ტელევიზიიდან წამოვედი, მცირე ხნით თავს უფლება მივეცი, დამესვენა, პრიორიტეტები გადამელაგებინა, არასატელევიზიო მომავალზე მეფიქრა და ცხოვრების ახალი ეტაპი დამეწყო...
დღეს ტელევიზიაზე მეტად მიყვარს ჩემი საქმე. მიყვარს ჩემი მოსწავლეები (მათი ასაკი 10-დან 55 წლამდეა), მახარებს მათი მიღწევები და წარმატებები. მათი დიდი ნაწილი უკვე ესპანეთში ან ამერიკაშია და იქიდან მწერს, როგორ გამოადგათ ჩემთან ნასწავლი ესპანური ენა. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტია!
- როგორც გავიგე, ბოლო დროს სახელმძღვანელოზეც გიმუშავიათ...
- სახელმძღვანელოც სწორედ იმიტომ დავწერე, რომ ჩემი მოსწავლეებისთვის სწავლის პროცესი გამეადვილებინა. ესაა მოკლედ და გასაგებად გადმოცემული ესპანური ენის გრამატიკის პრაქტიკული კურსი. გასული ზაფხული ამ საქმეს დავუთმე. წიგნი უკვე სტამბაშია ჩაშვებული და დღე-დღეზე გამოვა...
- მკაცრი პედაგოგი ხართ?
- მკაცრი მასწავლებელი ნამდვილად არ ვარ, რადგან ჩემთან ვინც მოდის, ყველას გულით უნდა ამ ენის სწავლა, ყველა მონდომებული და მოტივირებულია და რაზე უნდა გავუბრაზდე? როგორც წესი, მე და ჩემი მოსწავლეების უმეტესობა, საბოლოოდ, მეგობრები ვხდებით ხოლმე.
წელს ჩემს მოსწავლეებს მომავალი ექიმები დაემატნენ. სამედიცინო სფეროში ჩახედულებმა იციან, რომ ჩვენს სამედიცინო უნივერსიტეტში ამერიკული, ემორის უნივერსიტეტის პროგრამა ფუნქციონირებს, სადაც სტუდენტებს ინგლისურ ენაზე, ამერიკული პროგრამით ასწავლიან. მათი უმეტესობა ალბათ ამერიკაში წავა სამუშაოდ, იქ კი ესპანური მეორე კი არა, ლამის პირველი ენაა. ამიტომ პროგრამის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს მომავალ ექიმებს ესპანურიც ასწავლონ და ლექციების წასაკითხად მიმიწვიეს.
- მოგვიყევით შვილებზე, სამი შვილი გყავთ, მკაცრად ზრდით მათ?
- სამი შვილი მყავს: 16 წლის ელენე და 12 წლის ტყუპი - სანდრო და მელანო. სამივე ეგზიუპერის სახელობის ფრანგულ-ქართულ სკოლაში დადის, სადაც გაძლიერებულ ფრანგულ ენას ასწავლიან. თუმცა, მათ ინგლისური უფრო უყვართ და კარგადაც იციან. ესპანურის სიყვარული არც ერთს არ გადაეცა მემკვიდრეობით.
მკაცრი დედა არ ვარ, რადგან არ მაძლევენ სიმკაცრისთვის საბაბს. ძალიან კარგად სწავლობენ, მიჯერებენ და რაც მთავარია, ხედავენ და აფასებენ ყველაფერს, რასაც მათთვის ვაკეთებ.
- ხომ არ გაქვთ სურვილი, რომ მომავალში მათ განათლება უცხოეთში მიიღონ?
- სკოლის დამთავრების შემდეგ, არც ერთის გაშვებას არ ვაპირებ საზღვარგარეთ სასწავლებლად. აქ ჩააბარონ, კარგად გაერკვნენ რა უნდათ, ცოტა დამოუკიდებლობასაც მიეჩვიონ და მერე მაგისტრატურაში გააგრძელონ სწავლა, სადაც მოუნდებათ და სადაც შეძლებენ. იხილეთ სრულად