24 ოქტომბერი, 2019
"ჩემს გიორგის თავი დაანებეთ" - დალი ჩიტალაძის პირველი ინტერვიუ მისი და მისი ასისტენტის გარშემო ატეხილ სკანდალზე
მოდის და სილამაზის ექსპერტი დალი ჩიტალაძე საკუთარი კულინარიის ნიჭით მთელ თბილისში სახელგანთქმული ქალია, დალიმ გადაწყვიტა ამ საქმეს პროფესიონალურად დაეუფლოს და „მასტერ შეფში“ მიიღოს მონაწილეობა. მან კასტინგზე თევზის სალათი მოამზადა და წინსაფარიც მიიღო შემდეგ ტურში გადასასვლელად. დალი ჩიტალაძეს კასტინგზე პირადი ასისტენტი, ფოტოხელოვანი გიორგი ნაზღაიძე ახლდა, რის გამოც სოციალურ ქსელში მკაცრად გააკრიტიკეს.

„რეიტინგი“ დალი ჩიტალაძეს დაუკავშირდა და მასთან პროექტზე, კულინარიაზე და ე.წ. ბატონყმობის სკანდალზე ესაუბრა.

- ქალბატონო დალი, მთელ თბილისში ცნობილი ამბავია, რომ კარგი კულინარი ბრძანდებით, რატომ
გადაწყვიტეთ საკუთარი ძალების „მასტერშეფში“ მოსინჯვა?

- ძალიან მომწონს ეს შოუ, მინდა, პროფესიული ზრდა მივიღო ამ დარგში. კასტინგზეც ვთქვი და თქვენთანაც გულწრფელად ვამბობ, მართლა ძალიან მინდა „ფეშენ კაფე“ გავხსნა საქართველოში. ამისათვის კი საჭიროა უფრო მეტი გამოცდილების მიღება და ახალი ტექნიკის დაუფლება. მე ისეთი ადამიანი ვარ, რომელიც მთელი ცხოვრება თვითგანვითარებაზე ფიქრობს, სურს ახალ-ახალი მწვერვალების დაპყრობა, ერთ ადგილზე გაჩერება არ მიყვარს, ეს პროექტი კი დიდი გამოწვევა და ადრენალინია ჩემთვის. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი დიდი სტრესია იქ ყოფნა, როცა ყველაფერი უნდა მოასწრო განსაზღვრულ დროში და თან გემრიელი უნდა გამოვიდეს კერძი. გემოების დასმა დიდი ნიჭია, ახალი გემოები უნდა მოიგონო. კულინარიაც ზუსტად ისეთივე ხელოვნებაა, როგორც მუსიკა და დიზაინი, მე ხელოვანი ვარ და შესაბამისად, ეს საქმეც მიყვარს.

- სამართლიანი ჟიური იყო თქვენი შეფასებისას?
- შეფები ნამდვილად ობიექტურები არიან, როცა გაქვს პრეტენზია იყო საუკეთესო, არანაირი შეცდომა არ გეპატიება. მე მაქვს გამარჯვების იმედი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ძლიერი კონკურენტები დამხვდებიან. ძლიერ კონკურენტთან მუშაობა ყოველთვის საინტერესოა, ჟინი გიჩნდება უკეთესი გახდე. არ მიყვარს კონკურსები, მაგრამ ახლა თავდაჯერებული ვარ, რადგან სამზარეულო, მუსიკა და ხელოვნება ჩემი სფეროა.

- ხშირად გიწევთ ოჯახში კერძების მომზადება?
- კი, ყველაზე ხშირად მეგრულ კერძებს ვამზადებ, რადგან ჩემი მეუღლე სხვას არაფერს მიირთმევს.
- ძალიან მსუყეა მეგრული სამზარეულო, როგორ ახერხებთ ასეთ პირობებში ფორმის შენარჩუნებას?
- მსუყეა, მაგრამ მე ჩემი სამზარეულო მაქვს, რომელიც ყოველთვის დიეტურია. ზუსტად შეიძლება მეგრული გემოების მიღწევა ნაკლები ცხიმით და წიწაკით, გადახარშვის გარეშე. მე ყოველთვის „ფრეშ“ საკვებს ვამზადებ, რომელსაც ზედმეტი არაფერი აქვს.

- ყველაზე კარგად რომელი მეგრული კერძი გამოგდით?
- ყველაზე კარგად გამომდის ღომი და ხარჩო.

- თბილისში დიდი პოპულარობით სარგებლობს თქვენ მიერ მომზადებული „შუ“, გაგვიმხილეთ მისი რეცეპტი...
- რეცეტებს ასე არ ვარიგებ. მითუმეტეს, მას დაერქვა დალის „შუ“. მოვა ის დღე, როცა საჯაროდ გავაკეთებ „შუ“-ს. მე ჩემი არხი მაქვს იუთუბზე და როცა მოვრჩები ჩემს შეჯიბრს „მასტერშეფში“, გავაკეთებ Cooking with dali-ს და იქ მოვამზადებ ჩემს ცნობილ კერძებს.

- ქალბატონო დალი, პროექტის კასტინგზე მიხვედით თქვენს ასისტენტთან გიორგი ნაზღაიძესთან ერთად, რის გამოც სოციალურ ქსელში გაგაკრიტიკეს და „ბატონყმობაში დაგადანაშაულეს“, მოგვიყევით გიორგის შესახებ...
- გიორგისთან ვმუშაობ წელიწადნახევარია. ეს ადამიანი არის ჩემი თილისმა. მე ვერ ვხვდები, ნუთუ ამ ხალხის ინტელექტი ისეთი დაბალია, რომ ვერ ხვდებიან, რომ ესაა შოუ?! იუმორით შეხედონ ყველაფერს.
რატომ არის ჩემი მონა? ჩვენს გამომუშავებულ თანხას ვინაწილებთ შუაზე. დღეს ყველა შრომა უნდა დაფასდეს, ჩემი შრომაც და მითუმეტეს, ჩემი ასისტენტის. გიორგის შრომა ორმაგად დაფასებული უნდა იყოს. ის რომ არა, ამდენ საქმეს ვერ გავაკეთებდი. ის არის წესიერი, მადლიერი და უნიჭიერესი ადამიანი. არაჩვეულებრივი ოჯახის შვილია, ბევრჯერ მადლობას ვეუბნები მის მშობლებს, მშურს, ასეთი საოცარი შვილი რომ ჰყავთ.

გიორგი არის უნიჭიერესი ფოტოხელოვანი. გთხოვთ, ხალხო იუმორით შეხედეთ ყველაფერს და მაცადეთ შოუში ყოფნა. როცა პიროვნებას არ იცნობ, როგორ უნდა თქვა ის მონათმფლობელია თუ „სწერვა“? როგორ შეიძლება ამხელა აგრესია. გაიცინეთ, ხალხო, და უყურეთ შოუს. პურზე რომ კარაქს წაუსმევ, ასე გემრიელად განვითარდება შოუში მოვლენები, საოცარი სანახაობა გელოდებათ, ჩემს გიორგის თავი დაანებეთ.

- კასტინგით აიყვანეთ ასისტენტი?
- კასტინგით არა. ადრე სხვა ასისტენტი მყავდა, მაგრამ ცუდად დავშორდით ერთმანეთს. მას შემდეგ რეკომენდაცია გაუწიეს გიორგის ჩემთან და ასე დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა. ჩემს საქმიანობას მარტო ვერ წაუძღვები, სოცმედია უნდა მართო, ვლოგი გააკეთო, ფოტო გადაიღო და ა.შ. ამიტომაც მჭირდება პირადი ასისტენტი. როცა სერიოზულად უდგები საკუთარ საქმიანობას, სხვანაირად არაფერი გამოვა. მომავალში გაფართოებას ვაპირებ, უკვე დავიმატეთ ერთი ახალი წევრი გუნდში, „მასტერშეფის“ დასრულების შემდეგ კი, ახალი გეგმები მაქვს და უფრო ბევრი ადამიანი მეყოლება გუნდში.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
არსად დაგეკარგოს
უაღრესად კეთილშობილი და კარგი ოჯახის შვილი, არაკაცი რომელმაც თავაფ აღიარა რომ მიმრანად მუშაობისას ყავასა და საჭმელში უფურთხებდა მას ვინც არ მოეწონებოდა, აი ეს არის ძალიან კარგად აღზრდილი, საოცარი, კარგი ოჯახისშვილი გიორგი ნაზღაიძე, მართლაც საოცარი, ერთი შეწვი მეორე შესცხე, ერთმანეთს იმსახურებთ, ირი მდაბიო.
00:34 / 27-06-2020
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ჩვენ რომ არ ვიცით ჩიტალაძის კულინარობის ამბავი? არადა, თურმე მთლმა თბილისმა იცის მისი კულინარული ნიჭის ამბავი. როგორც მისი კომპოზიტორობა იცოდა მთელმა თბილისმა და მისმა მონაწილეობამ ერთ-ერთ კონკურსში, ყველას იმედი გაუცრუვა. ზოგიერთს ეჭვიც კი შეეპარა მის მუსიკალურ მონაცემებზე, ასე არ მოუვიდეს ახლაც.
21:17 / 25-10-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS