21 ოქტომბერი, 2019
ბესო ციცინოს გარეშე - მომღერალი მეუღლეზე, შვილებზე და ბიძინა ივანიშვილზე
მომღერალი ბესო კალანდაძე პროფესიით ეკონომისტია, თუმცა, საზოგადოება მას მისი მუსიკალური კარიერის მეშვეობით იცნობს. იყო ანსამბლ „ვია 75“-ის სოლისტი, რომელიც ქართულ მუსიკალურ ისტორიაში ოქროს ასოებით არის შესული.
კალანდაძე დღეს ძირითადად კერძო კონცერტებითა და საკუთარი ბიზნესითაა დაკავებული.

„რეიტინგმა“ მუსიკოსთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან თითქმის ყველა საკითხზე დეტალურად და ამომწურავად ისაუბრა.

- ბატონო ბესო, ბოლო დროს აქტიურად აღარც სცენაზე ჩანხართ და აღარც პრესაში, სად ხართ? რას საქმიანობთ?
- ამჟამად პირადი საქმიანობით ვარ დაკავებული, სახელმწიფო სამსახურში არ ვმუშაობ,
საკუთარი ფირმა მაქვს და აქტიურად ვმუშაობ ჩემი პროფესიით. რაც შეეხება კონცერტებს, კერძო კონცერტები მაქვს, ახლახანს დავბრუნდი ისრაელიდან, სადაც საქართველო-ისრაელის მეგობრობის აღსანიშნავად კონცერტი ჩატარდა და ბედნიერი ვარ, იქ მოხვედრის საშუალება რომ მქონდა. რა თქმა უნდა, ჩვენი ძმები არიან ოსებიც, აფხაზებიც, მაგრამ ებრაელ ხალხზე ახლო ძმები ჩვენ არ გვყავს. ერთმანეთის გარდა სხვა პატრონი არ გვყავს მსოფლიოში.

Rating

- ედუარდ შევარდნაძის დროს მუშაობდით სახელმწიფო სამსახურში, რატომ წამოხვედით?
- 2003 წელს წამოვედი საგადასახადო სამსახურიდან. ამის ძირითადი მიზეზი კი ის იყო, რომ მოსკოვში გადავედი საცხოვრებლად, სადაც ხუთი წელი დავრჩი. თავდაპირველად შვებულება ავიღე სამსახურში, რადგან დისკის გამოსაშვებად წავედი რუსეთში, მაგრამ ხუთი წელი შევრჩი მოსკოვში და იქ მომიწია ცხოვრება. ამას საერთოდ არ ვნანობ. 2003 წლიდან სხვა მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში, სხვა ხედვებით, სხვა მიზნებით... არ ვამბობ, რომ ცუდი ხედვები ჰქონდათ. მათ უფრო ძლიერად დაიწყეს მუშაობა და ბიუჯეტიც გაიზარდა. ახალგაზრდები მოვიდნენ, ყველაფერს უნდა ჰქონდეს პროგრესი. ამის გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა, ვერც ადამიანების მენტალობა. ბევრი ჩემი თაობიდან ჩარჩა იქ და დღესაც საბჭოთა კავშირში ცხოვრობს. უნდა შეგეძლოს ახალ თაობასთან ცხოვრება. 63 წლის კაცი ვარ, ზოგისთვის შეიძლება ახალგაზრდა იყო, ყველაფერი შეფარდებითია, მაგრამ ჩემი ხასიათი ასეთია. ამაში ახალგაზრდობის დროინდელ ცხოვრების წესს მიუძღვის წვლილი, მაშინ როცა საბჭოთა კავშირი ჩაკეტილი იყო და ინფორმაციაც კი ვერ შემოდიოდა, მე ხშირად მიწევდა ქვეყნიდან გასვლა ჩემი საქმიანობის გამო. ე.წ. ტროიკები და კომისიები წყვეტდნენ ადამიანების ბედს, ჩემს დროს „ტროიკები“ აღარ იყო, მაგრამ მარტივი მაინც არ იყო გასვლა. მე და ჩემი კოლეგები გავდიოდით ქვეყნიდან. 1985 წელს ვიმყოფებოდი ვენაში გასტროლებზე ანსამბლ „75“-თან ერთად. ვიღაც სულ დაგვყვებოდა, მაგრამ კგბ-ს აგენტი არასდროს ახდენდა აფიშირებას, რომ ის ის იყო და გვაკონტროლებდა. ნებისმიერ უცხოელთან კონტაქტი რთული იყო, განსაკუთრებული გართულება ჰქონდათ კაპიტალისტური ქვეყნების წარმომადგენლებთან ურთიერთობაზე. მახსენდება ერთი მომენტი, 1982 წელი იყო, ათი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ მუსიკოსები ერევანში, მათ შორის მექსიკიდან, სასტუმროში ვცხოვრობდით და ერთ-ერთი ბულგარელი მუსიკოსისთვის არანჟირება უნდა გამეკეთებინა, ნომერში უნდა შევხვედროდით დეტალების გასავლელად და ესეც კი რთული აღმოჩნდა. გაგვიმართლა, მაინც შევხვდით, რადგან „პერესტროიკის“ წინა პერიოდი იყო და ცოტა შერბილებული იყო კონტროლი.


- რის გამოც დარჩით მოსკოვში საერთოდ არ ნანობთ?
- როგორც გითხარით, მოსკოვში ჩასვლის მიზეზი იყო კომპაკტ დისკის გამოშვება. მე სიმღერას თავი 1986 წელს დავანებე. მაშინ 30 წლის ვიყავი. გავაკეთე ჩემი საქმიანობის ანალიზი და წავედი სცენიდან, სადაც შემთხვევით მოვხვდი თავის დროზე. სანამ სიმღერას დავიწყებდი, წყალბურთზე დავდიოდი, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამეკრძალა, ის დრო მინდოდა რაღაცით შემევსო, ამიტომ პოპ-მუსიკის რენესანსი იყო და დავიწყე სიმღერა. გავხდი პოპულარული, მერე რა? 20 მანეთი გვქონდა ხელფასი, თითო კონცერტში, იქვითებოდა საშემოსავლო და 17 მანეთს და 50 კაპიკს ვიღებდით. კარგიც ჰქონდა საბჭოთა კავშირში, პენსიაც იყო, ხელფასიც, მაგრამ ცხოვრებისთვის საჭიროზე მეტი რომ გქონოდა, დაგიჭერდნენ. დღესაც ასეა, ვინ მართავს დღეს ჩვენს ქვეყანას? მარტივია, შექმნა კომპრომატი ადამიანზე და როცა გინდა გამოიყენო.
სცენიდან წასვლის შემდეგ, დრო იყო ჩემი საქმით დამეწყო მუშაობა, სპეციალიზებით ვარ ფინანსისტი, ამიტომ ამ კუთხით დავიწყე მუშაობა. 1986-1992 წლებში სავაჭრო სისტემაში ვმუშაობდი, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა, საგადასახადო სამსახური ჩამოყალიბდა და პირველივე დღიდან იქ დავიწყე მუშაობა - შიდა კონტროლის დეპარტამენტში მთავარ სპეციალისტად. 11 წელი ვმუშაობდი იქ, 2000 წელს ჩავაბარე მოხელეთა გამოცდები. სადაც ვმუშაობდი, სცენა იყო თუ სხვა სამსახური, ვცდილობდი, ვყოფილიყავი პროფესიონალი, გამომდიოდა თუ არა ეს სხვა საკითხია. 1998 წლის ბოლოს მინდოდა ხელოვნებასთან დაბრუნება, მსურდა ძველი სიმღერების ახალი არანჟირება გამეკეთებინა და ჩამეწერა დისკი, არც ჩემი და არც „75“-ის დისკი არ არსებობდა, ამიტომ წავედი მოსკოვში.





- რატომ მაინცდამაინც მოსკოვში?

- რატომ მოსკოვში? მხოლოდ მოსკოვში იყო ამის საშუალება, რადგან იქ გამოდიოდა დისკები. რადგან მოსკოვში იყო წარმოება, გადავწყვიტე, ჩავსულიყავი და გამომეშვა დისკი, მერე რაც მოხდა, კარგად იცით. ის ჩემი ცხოვრების ბნელი წლებია, რომელსაც სიამოვნებით ამოვაგდებდი ჩემი ცხოვრებიდან. არ მინდა იმას დავუბრუნდე, ისევ იქ ვიტრიალო. იმაზეც ბევრი ითქვა და დაიწერა.

- ციცინო შურღაიასთან დაშორების შემდეგ, ოჯახში დაბრუნება რთული იყო?
- ამ ყველაფრის ფონზე მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ შერიგება. რაც მე გადამხდა თავს, რა ჰქვია, არ ვიცი... ჩვენი დავა ბავშვური ჩხუბი იყო და წლების შემდეგ შევრიგდით.

Rating

- დავის მიზეზი ხომ ციცინო შურღაია გახდა, ხო?
- არ მინდა ამაზე საუბარი. ჩვენ მცირეწლოვანი შვილები გვყავდა და ამის გამოც შევრიგდით. ყველაფერი კარგად დამთავრდა. ციცინოს გაუმარჯოს თავის გზაზე. მე დავამთავრე და ჩივილის უფლება ყველას აქვს, ვერ ავუკრძალავ.

- სულ ცოტა ხნის წინ, თბილისში ხმები გავრცელდა, რომ მეუღლეს დაშორდით, გადამოწმების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ სოციალური ქსელის პირად გვერდზე დაშორებულის სტატუსი დაწერა თქვენმა მეუღლემ, რა მოხდა?
- რაღაცა გავიგე, ჩემმა ბიჭმა მითხრა, დედაჩემს არ დაუწერია, რომ დაშორებულები ხართო. ეტყობა, ფეისბუქმა აურია. არ ვიცი, რა მოხდა. ჩვენ პრობლემა ნამდვილად არ გვქონია ოჯახში.


Rating
- შვილებზე მოგვიყევით, ვინ არიან, რას საქმიანობენ?
- ჩემი ქალიშვილი დიდი გოგოა. 28 წლის ხდება, თავისუფალი უნივერსიტეტი დაამთავრა, ამჟამად ჩინეთში ცხოვრობს, ჩინურის სპეციალისტია და ერთი წელი ჩვენს საელჩოში მუშაობდა იქ. ელჩის თანაშემწე და კანცელარიის გამგე იყო. მოგეხსენებათ, დიპლომატიური სამსახური როტაციაა, იქედან აქ დაბრუნდა, ახლა ისევ იქ გაემგზავრა, ასპირანტურის დამთავრება უნდა, რის შემდეგ სულ სხვა გზები გაეხსნება. ვაჟი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, იცის ინგლისური და ესპანურიც.

- მკაცრი მამა ხართ?
- მე მკაცრი მამა არ ვარ, მაგრამ გარკვეული მოთხოვნები მაქვს. შვილებთან ჩხუბი არ დამჭირვებია. 25 წლის კაცია ჩემი შვილი, ეს ასაკი კი საკმაოდ ისეთი ასაკია. ხანდახან იქეთ ვეკითხები ჭკუას. დრო იცვლება, ჩემმა შვილებმა უკეთესად იციან თანამედროვე მოთხოვნები. ეს რობერტ ბარძიმაშვილისგან ვისწავლე.

Rating

- სოციალურ ქსელში ბოლო დროს ხშირად გამოხატავთ პროტესტს მთავრობის წევრების მიმართ, რა იწვევს თქვენს პროტესტს?
- ჩემი პროტესტი განსაკუთრებით გამოიწვია გასაუბრებებმა სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელობის კანდიდატებთან, ეს არის საშინელება, სამარცხვინოა. როცა ამას ვუყურებდი, სად ჩავმძვრალიყავი არ ვიცოდი. ჩვენს ქვეყანას დილეტანტიზმი და არაპროფესიონალიზმი ღუპავს. არც არის ამის აღმოფხვრის სურვილი. ჩვენს ქვეყანაში ხალხს პირადი ნაცნობობით არჩევენ. ნებისმიერი ჩვენთაგანი რომ აიღო, ძმაზე მეტად არავინ შეგიყვარდება, მაგრამ შვილმა ან ძმამ, საქმე თუ გამიფუჭა ბიზნესში, მირჩევნია, ჩემი ჯიბიდან მივცე ფული და ისწავლოს. ივანიშვილს არ სჭირდება საქმის მკეთებელი ხალხი, რადგან უცოდინარი ხალხის მართვა ადვილია. ეს სკოლა მე გავლილი მაქვს. კომუნისტური მარტივი მეთოდია. ახალ თაობას ვერ შეაშინებ, მე ვერ შემაშინეს კომუნისტურ პერიოდში გავლილს და ესენი როგორ უნდა შეაშინო? არ უნახია ის პერიოდი. გახსნილია ყველაფერი, ინფორმაციას ვერ დამალავ. მეცოდება ეს ხალხი, რომელიც ვერ ხვდება, რომ ძველი მეთოდებით ქვეყნის მართვა, შედეგს არ მოგიტანს. იქეთ შემოგიტრიალდება.

- საერთოდ არ ჩანხართ სამთავრობო კონცერტებზე, თქვენი კრიტიკის გამო ხომ არ იბლოკებით?
- მე არ ვარჩევ არავის პარტიული ნიშნით. „ქართული ოცნება“, „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ჩემთვის არაფერს ნიშნავს. მე პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ მადარდებს ის, რაც ხდება ჩემს ქვეყანაში. ნუ დამიძახებენ კონცერტებზე, რა პრობლემაა, ბოლოსდაბოლოს, მე თვითონ ჩამოვწერე ჩემი თავი წლების წინ, როცა პოპულარობის პიკში ვიყავი.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS