03 ოქტომბერი, 2019
"არ ვიცი, როდის გადავიქცევით ცივილიზებულად მოაზროვნე საზოგადოებად"
მსახიობი და ტელეწამყვანი კახა კინწურაშვილი თვლის, რომ საქართველოში ადამიანებს შორის ურთიერთობები გაიყინა და სახე იცვალა.

გთავაზობთ ამონარიდს ახალგაზდა მსახიობის ინტერვიუდან, სადაც ის ოჯახურ ძალადობასა და ზოგადად, სოციუმში არსებულ აგრესიაზე საუბრობს:

"ქალაქში მოპედით ვმოძრაობ და კარგად ვხედავ იმ დამოკიდებულებას, რომელიც ადამიანებს შორის არსებობს. ეს არის სრული გაუცხოება, გულგრილობა. ყველა მხოლოდ საკუთარ თავსა და კომფორტზე ზრუნავს. გზასაც კი არ დაგითმობენ, აქეთ დამნაშავედ გამოგიყვანენ, ოღონდაც თვითონ არ აღიარონ, რომ არასწორად იქცევიან. ახლა წარმოიდგინეთ, რატომ უნდა იყოს მნიშვნელოვანი ამ
ადამიანებისთვის ის ძალადობა, რომელიც მათ მეზობლად, ვიღაცის ოჯახში ან ქუჩაში ხდება?...

ქალს უნდა ჰქონდეს განათლების მიღების და განვითარების შანსი, მაგრამ ბევრ კაცს ეს, უბრალოდ, არ აწყობს. მათ აშინებს ქალის ე.წ. პირველხარისხოვნება, რაც სრული აბსურდია და ძნელად დადის ჩემამდე, ასე რატომ უნდა მსჯელობდე? რატომ არ უნდა გახარებდეს, როდესაც შენს გვერდით ძლიერი ადამიანია? მე და ჩემს მეუღლეს არასოდეს გვიფიქრია იმაზე, თუ ვინ უფრო ბევრ დროს უთმობს ბავშვს ან საოჯახო საქმეებს. ზოგჯერ სახლსაც ვალაგებ და მტვერსასრუტს ხმას სპეციალურადაც კი ვუწევ, რომ სხვებმაც იცოდნენ – მე ამის არ მრცხვენია. სხვას რომ ეხმარები, ეს სირცხვილი არ არის.

საქართველოში ბევრი ახალგაზრდაა, ვინც არ აღიარებს ადამიანთა თანასწორობას სქესის გამო. ბევრისთვის ოჯახში ერთმანეთზე ძალადობა ნორმაა და ერთგვარი ტრადიცია. ალბათ, ამას, უბრალოდ, არავინ არ უნდა შევეგუოთ. ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ ამაზე და სადაც შევძლებთ ძალადობის შეჩერებას, უნდა ჩავერიოთ კიდეც, გამოვიძახოთ პოლიცია, რომელიც უფლებამოსილია მის აღსაკვეთად. არ ვიცი, როდის გადავიქცევით ცივილიზებულად მოაზროვნე საზოგადოებად. დიდი დრო გვჭირდება, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ეს აუცილებლად მოხდება."

სრული ვერსიის ნახვა tormeti.com
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS