17 სექტემბერი, 2019
"ძალიან გაძვირდა ცხოვრება" - სად გაატარა ზაფხული ნანიკო ხაზარაძემ
ახალ სეზონს ახალი გეგმები უკავშირდება. სექტემბრიდან ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე და მისი მეუღლე ლევან მათითაშვილი რადიო „იმედზე“ ახალ გადაცემას იწყებენ. მანამდე კი, მშვიდი საზაფხულო არდადეგები მოიწყვეს.

ნანიკო ხაზარაძე: ზაფხულში სიმშვიდესა და სიწყნარეში ვისვენებდი. მხოლოდ და მხოლოდ ბათუმში ვიყავი წასული ცოტა ხნით. თუმცა, არ არის აუცილებელი, ლოკაცია შეიცვალო. შესაძლებელია, სახლიდან გაუსვლელადაც არაჩვეულებრივად დაისვენო. მე ყველაზე კარგად მაშინ ვისვენებ, როცა არაფერს ვაკეთებ. ამჯერად, ასეთი პერიოდი ჩემთვის თითქმის ერთი თვე გაგრძელდა, რომელიც ძირითადად თბილისში, სახლში გავატარე.

– ზოგადად, როგორი
დასვენება გიყვარს?

– ზოგს მთა და ექსტრემი უყვარს, ზოგს – სიმშვიდე, ზოგს – კი ზღვა. მე, პირადად, ყველგან მიყვარს, სადაც თავს კარგად ვგრძნობ. ადგილს არ აქვს დიდი მნიშვნელობა, თუმცა, თავისთავად, კარგია, თუ სადმე კარგ კურორტზე ატარებ დროს. ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლაც კარგია. ხან გამოდის, ხან – არა. ყველა ზაფხულს და ყველა ადგილს თავისი ხიბლი აქვს.

– სოციალურ ქსელში პოსტი გეწერა ფსიქოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით – „ჩემი მკურნალობა ფსიქიატრთან დიდი ხანი გაგრძელდა. მთავარია აღიარო, რომ დახმარება გჭირდება და დანარჩენს ექიმი მიხედავს. ჩვენს ქვეყანაში ფსიქიატრია არ არის პრიორიტეტი. ფსიქიატრია დღეს ფუფუნებაა! მკურნალობა სირცხვილი არ არის!!!“ რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
– ფსიქიკური ჯანმრთელობა დიდი პრობლემაა და სამწუხაროდ, მისი მოგვარება ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტი არ არის. ნამდვილად საჭიროა, რომ მას მეტი ყურადღება მიექცეს. ამ თემაზე ძალიან ხშირად ვსაუბრობ, ყველგან, სადაც საშუალება მომეცემა, რადგან ძალიან მისახედია. ბევრი მწერს, ძალიან ბევრი მეკითხება რაღაცებს და მე, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, ყველას ვპასუხობ, რაც ვიცი და რისი უფლებაც აქვს ტელეწამყვანს მაყურებელთან თუ მკითხველთან საუბრის დროს.

– როგორია ზოგადი დამოკიდებულება, რაც გამოხმაურებების შედეგად პირადად ნახე.

– იყო დრო, როცა კონკრეტული დიაგნოზის მქონე ადამიანები სახლში ჰყავდათ გამოკეტილი და ჩვენ არც კი ვიცოდით, თუკი არსებობდა დაუნის სინდრომი, არ ვიცოდით აუტისტური სპექტრის შესახებ, რომელიც თურმე, ძალიან ფართოა. დროთა განმავლობაში დავიწყეთ ამაზე საუბარი, გაიხსნა კარი და ხალხი გარეთ გამოვიდა. ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებითაც, ალბათ, იგივე ეტაპებია გასავლელი. უნდა გავიგოთ, რომ ეს არაა სასიკვდილო განაჩენი და ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები სახლში გამოსაკეტები არ არიან.

– ეს ისეთი დაავადებაა, რომლის დროსაც არა მხოლოდ ექიმზე, თავად ადამიანზეც ბევრია დამოკიდებული. შეგიძლია რამდენიმე რჩევის მიცემა?
– აქაც ბევრი ნიუანსია. არის შემთხვევა, როცა შეგიძლია, საკუთარ თავს უშველო და შემთხვევა, როცა, ამის გაკეთება დამოუკიდებლად არ შეგიძლია და პროფესიონალის ჩარევაა საჭირო. ჯობს, რჩევები მე არ მივცე და ეს პროფესიონალმა გააკეთოს. თან, დღეს ინტერნეტის ერაში ვცხოვრობთ და ძალიან ბევრი, ჩემზე ბევრად კომპეტენტური ადამიანისგანაა შესაძლებელი ინფორმაციის მიღება ამ დაავადების სიმპტომებზეც, განკურნების გზებზეც და საერთოდ, ყველაფერზე. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ფუფუნებაა ექიმთან კონსულტაცია და მერე მკურნალობა. მიდით, აბა, დაზღვევის გარეშე ქირურგთან და ყველაზე ბანალური – ბრმა ნაწლავი ამოიჭერით. ვიღაც იმიტომ ვერ მიდის ფსიქიატრთან, რომ რცხვენია, სხვას, შეიძლება, სულ არ რცხვენია, მაგრამ იმდენად ძვირია, რომ ამდენი შესაძლებლობა არ გააჩნია.

– სტრესული სამსახურის ფონზე, გაქვს შენი მიგნებები მის გასანეიტრალებლად?
– სამსახური ჩემთვის უკვე რუტინაა. რაღაც ძალიან შენი რომ ხდება, მერე ის უკვე აღარ გსტრესავს. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მარტივი სამუშაო მაქვს, მაგრამ ისეთი სტრესის ქვეშ აღარ ვარ, როგორიც ვიყავი ტელევიზიაში მუშაობის დაწყების პირველ ეტაპზე. დროთა განმავლობაში ემოციები ნელდება, მაგრამ ყოველდღე პირდაპირი ეთერი მარტივი საქმე ნამდვილად არაა. ყველაზე მეტად მახარებს ის, რაც ამას მოჰყვება – ხალხის თბილი დამოკიდებულება. როგორ შეიძლება, არ გიყვარდეს, როცა ადამიანი ქუჩაში თბილად გხვდება. ვიღაც რომ გლოცავს, გკოცნის და გეფერება... გამორიცხულია. ძალიან მომწონს და მახარებს ეს ყველაფერი. თუმცა, არ მიყვარს და არ შემიძლია ხალხმრავლობა. შესაბამისად, არც წვეულებებზე სიარული.
რაც შეეხება სტრესის მოხნას, წარმოდგენა არ მაქვს. არ გამომდის, რადგან ყველაფერი ძალიან ახლოს მიმაქვს გულთან. მაგრამ ყველაფერი მოდის და მიდის, ნეგატივს შიგნით არ ვიტოვებ. სათქმელი ყოველთვის უნდა თქვა და გათავისუფლდე. ფეთქებადი ხასიათი მაქვს და თუ რამე მაწუხებს, მაშინვე ვიღებ გულიდან. ეს შემიძლია, ყველას ვურჩიო – შიგნით არაფერი დაიტოვო, ყველაფერი უნდა თქვა!

– ამას გამო კონფლიქტურ ადამიანად არ გიცნობენ?
– არა, ვახერხებ ისე ვთქვა, რომ კონფლიქტიც არ გამოვიწვიო, მაგრამ თან, უარყოფითი ემოციისგან გავთავისუფლდე.

– კიდევ ერთი პოსტი გეწერა „ფეისბუქ გვერდზე“. ჩვენს ქვეყანაში არსებულ არც თუ ისე სახარბიელო მატერიალურ მდგომარეობაზე.
– ძალიან უხარბიელო მდგომარეობაზე. წუწუნის უფლება არ მაქვს, რადგან ვმუშაობ და სტაბილური შემოსავალი მაქვს. ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქეა, ვისაც სამსახური საერთოდ არ აქვს, სტაბილურობაზე ხომ საუბარი ზედმეტია. ძალიან გაძვირდა ცხოვრება.

– როცა ამაზე საუბრობ, აგრესიას არ იწვევ? ვიღაცას შეიძლება, პურის ფული არ აქვს, შენ ტელევიზორში გხედავენ და ბევრს ვერ წარმოუდგენია, რომ შეიძლება, მსგავსი პრობლემა გქონდეს. ამიტომ არ უთქვამთ, შენ რა გაქვს საწუწუნოო?
– არა. არ ვწუწუნებ და იმიტომ. უბრალოდ, ვამბობ, რომ ცხოვრება გაძვირდა და იმასაც ვამატებ, რომ მე არ მაქვს საწუწუნო, მით უმეტეს, ამ ფონზე. სტაბილური კი არა, ხალხს საერთოდ არ აქვს შემოსავალი. თუმცა, მაინც ახერხებენ ცხოვრებას და მე რა მაქვს საწუწუნო?! უბრალოდ, ფაქტია, რომ გაძვირდა პური, წამალი, საწვავი და ასე შემდეგ.

ჟურნალი თბილისელები
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS