გივი სიხარულიძე პოლიტიკურ განცხადებებს, ცოტა ხნის წინ, აქტიურად აკეთებდა, თუმცა, ბოლო დროს ის არც ერთ სატელევიზიო შოუში აღარ გამოჩენილა.
„რეიტინგი“ მსახიობს ესაუბრა. მან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და მისი სახელით გავრცელებულ განცხადებებზე ვრცლად ისაუბრა.
- ბატონო გივი, თქვენი სახელით სოციალურ ქსელში მწვავე პოლიტიკური განცხადებები კეთდება, თქვენ წერთ ამას?
- ფეისბუქი არ მაქვს და არც მექნება. ესაა ჭორბიურო, მეზიზღება. ჩახედვაც არ
- მახსოვს, ამ ხელისუფლების მხარდამჭერი იყავით, რატომ შეგეცვალათ აზრი?
- ყოველთვის ეგრე ვიყავი განწყობილი პარტიების მიმართ. ეს ბიჭი რომ იყო ბახტაძე, ისე წავიდა, არაფერი გაუკეთებია, თოვლის ფიფიქივით მოვიდა და დადნა. ღარიბაშვილს მივესალმები ნებისმიერ თანამდებობაზე. ჩემთვის ის არის ვაჟკაცი კაცი. მან თქვა - მე არავის მივცემ საშუალებას, ქალმა ქალზე იქორწინოს, კაცმა კაცზეო, ამას რომ იტყვის პრემიერი, ის არის ვაჟკაცი კაცი.
- გიორგი გახარია მოგწონთ?
- გახარია ჭკვიანია, საქმიანია. 20 ივნისის ღამის გამო ხალხს გული აუცრუვდა მასზე. პრემიერ-მინისტრად მინდა საქმიანი კაცი. კეთილშობილი იყო და საქმის კეთება არ შეგეძლოს არ მოსულა. მის მიმართ პოზიცია არ მაქვს, არც ვაკრიტიკებ და არც ვაქებ.
- გამართლებული იყო თქვენთვის ის, რაც 20 ივნისის ღამეს მოხდა?
- რაც მოხდა ნებისმიერ ნორმალური კაცისთვის მიუღებელია, მაგრამ ის ძალიან ჭკვიანი, საქმიანი კაცია. რა გვინდა ჩვენ, ჭკვიანი, საქმიანი კაცი, რომელიც ქვეყანას ფეხზე დააყენებს თუ კეთილშობილი იდიოტი? ეს უნდა გადავწყვიტოთ.
გიორგი გახარია ყველაფერში მაგარია, მაგრამ ხელს უშლის 20 ივნისის ღამე. ვინც იტყვის, რომ იმ ღამეს გამართლება აქვს, იდიოტია. მჯერა, გახარია დააყენებს ქვეყანას ფეხზე.
- რამდენიმე თვის წინ ხელოვნების ქურუმის წოდება მოგენიჭათ, რას ნიშნავს თქვენთვის ეს წოდება?
- მე დამსახურებული არტისტი ვარ, ნიკო ლორთქიფანიძის პრემია მაქვს, რაინდი ვარ, კოლორიტის წოდება მაქვს, რომელიც არავის აქვს. ვერ ვიტყვი, რომ ხელოვნების ქურუმის გამო ცაში დავფრინავ, ეს ასე არაა. ეს პრემიები არაფერია, უბრალოდ გაწყნარებენ, როცა მშიერი ხარ დახედავ წოდებებს და იტყვი კი მშიერი ვარ, მაგრამ სამაგიეროდ წოდებები მაქვსო.
- ახლა გაუჭირდათ მსახიობებს?
- როგორც იყო, ისევ ისეა ჩვენი მდგომარეობა. მწერალი და მსახიობი მასხრად იყო აგდებული. თუ კარგად მოერგები მთავრობის ერთ ადგილს, ყველაფერი კარგადაა. თუ პატიოსანი და თავმოყვარე ხარ, გაჭირვებული იქნები. ადრე ყველანაირად კარგად ვიყავი. ახლა ჩემი შვილები მარჩენენ. ჩემი ვაჟი ჰოლივუდის მსახიობია, რეჟისორია, ჩოგბურთის აკადემია აქვს და ის მარჩენს. საპონს ვინც კარგად ისვამს თავზე, მარტო იმისთის გამოსწორდება ყველაფერი.
- რას საქმიანობთ ახლა?
- ჩემი 24-ე წიგნი გამოვიდა, ყაზახებმა და სომხებმა თარგმნეს. ჩამოვიდა სომხეთის კულტურის მინისტრი, საელჩოს წარმომადგენლებმა მოაწყვეს წიგნის წარდგენა. მე ნოველისტი ვარ, ჯანსუღ ჩარკვიანმა თქვა, რომ ჩემი სახით ახალი ჟანრი, ქალაქური ნოველების ჟანრი დაიბადა.
- ჩვენთვის ცნობილია, რომ რამდენიმე თვის წინ, გულის პრობლემები შეგექმნათ, რა მოგივიდათ და ახლა როგორ ხართ?
- აღარ ვმკურნალობ, ერთი მომენტი გულმა შემიტია, მაშინ როცა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, წავიდოდა ბახტაძე თუ დარჩებოდა (იცინის). კარგად ვარ. 75 წლის კაცი, სულ თხილამურებზე ვარ, საფრანგეთში, ალპებში, ყოველ დილით ვცურავ და ვთამაშობ ჩოგბურთს.
- როცა ექიმთან მოხვდით, მაშინ რა მოგივიდათ?
- გადავიღალე, დილით ვცურავდი, მერე ჩოგბურთს ვთამაშობდი, საღამოს კი წყვილებში ვთამაშობდი ჩოგბურთს, გადავიღალე და ამიტომ მოვხვდი ექიმთან.