წყვილის ცხოვრებაში წელს მნიშვნელოვანი სიახლეც მოხდა, მათ ქალიშვილი შეეძინათ, მას გაბრიელა დაარქვეს.
თამარა თბილისში ხშირად ჩამოდის, ის პატარა გაბრიელას სახეს აქამდე არ აჩენდა, თუმცა, ჟურნალ “OK"-ის ინტერვიუ მისცა, სადაც მის პირად ცხოვრებაზე, ქალიშვილზე და სამომავლო გეგმებზე ვრცლად ისაუბრა და პატარა გაბრიელას სახეც აჩვენა საზოგადოებას.
გოგონა ნამდვილად უსაყვარლესი და ულამაზესი პატარაა.
როგორც თაკო ინტერვიუში ამბობს, სახელი გაბრიელა საქართველოს პატრიარქის ილია მეორის დახმარებით
- სახელის დარქმევის ისტორიას მოგიყვებით: სანამ სქესს გავიგებდით, ბობიმ მითხრა, რომ ბიჭის სახელი მოფიქრებული ჰქონდა, გოგოს შემთხვევაში კი მთხოვა, მე შემერჩია სახელი. გაირკვა, რომ გოგონას ველოდით, მაგრამ ბოლომდე ვერ მოვიფიქრე, რა დამერქმია მისთვის. ახალდაქორწინებულები პატრიარქმა დაგვლოცა და სწორედ მას ვთხოვე, იქნებ დამეხმაროთ შვილისთვის სახელის არჩევაში-მეთქი. მიპასუხა, რომ დაიბადება, დამირეკე და მერე გეტყვიო. 20 იანვარს, როცა გაბრიელა გაჩნდა, დავრეკე უწმინდესთან. მალევე გადმომირეკეს და გადმომცეს მისი ნება, რომ ბავშვისთვის დაგვერქმია მთავარანგელოზ გაბრიელის სახელი, გოგოს შემთხვევაში − გაბრიელა. რასაკვირველია, დავუჯერე მას და სწორედ ასე დავარქვი.
- როგორი გოგონაა პატარა გაბრიელა?
ძალიან მშვიდი და საყვარელი გოგოა. გარეგნულად მამას ჰგავს. წყნარი და კომფორტულად გასაზრდელი ბავშვია. ჯერ მისი ტირილიც კი არ გაგვიგია. დედაჩემისგან ვიცი, რომ მე ვიყავი ასეთი მშვიდი, ბუნჩულა ბავშვი და საბედნიეროდ, მე დამემსგავსა. ჩემი მეუღლეც ასეთივე მშვიდი და უპრეტენზიო ყოფილა ბავშვობაში.

ორსულობის და მშობიარობის შემდეგ, თამარა უკვე ძველ წონას დაუბრუნდა, რისთვისაც დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია.
- თაკო, ძალიან კარგად გამოიყურებით. როგორ უვლით თავს?
- მიყვარს და მსიამოვნებს თავის მოვლა. ვენაში ბავშვის გამო ვარჯიშს ვერ ვახერხებდი. როგორც კი თბილისში ჩამოვედი, სატრენაჟორო დარბაზში დავიწყე სიარული, ასევე ვცურავ, ხოლო ფიზიკურ აქტივობებს სწორი კვება ემატება. მას შემდეგ, რაც გაბრიელა ბუნებრივი კვების რეჟიმიდან ხელოვნურზე გადავიყვანე, დავიწყე დიეტა, რომ ფეხმძიმობის დროს მომატებული 18 კილოგრამი დამეკლო. ახლა კვლავ სასურველი წონა − 47 კილოგრამი ვარ და ვცდილობ, შევინარჩუნო. პერიოდულად ვიკეთებ მასაჟებს, სახის პროცედურებს. ვფიქრობ, ჩემს ასაკში, განსაკუთრებით ბავშვის გაჩენის შემდეგ, მიზანშეწონილია ორმაგად მივხედო გარეგნობას და მეც, შეძლებისდაგვარად, ვაქცევ ყურადღებას.

- თაკო, რა პროფესიული გეგმები გაქვთ სამომავლოდ? აპირებთ სცენაზე დაბრუნებას?
- სექტემბერში ბავშვი 8 თვის იქნება და რაკი ძიძაც მყავს, მე უკვე მექნება შესაძლებლობა, დავუბრუნდე ჩემს საქმიანობას. შვილის ყოლაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, ამას ვერაფერს შევადარებ და ღმერთის უსაზღვროდ მადლობელი ვარ ამ ბედნიერებისთვის, მაგრამ ამის პარალელურად, იმასაც მივხვდი, რომ ვერ ჩავჯდები შინ, რადგან ძალიან მომენატრა ჩემი საქმე, სიმღერა, სცენა, და ვაპირებ სერიოზულად განვაახლო მუშაობა. უკვე ჩავწერე რამდენიმე სიმღერა და მალე კლიპსაც გადავიღებთ. აგვისტოს ბოლოს მივდივარ რუმინეთში, საერთაშორისო კონკურსზე. ბობის უნდა, რომ კიდევ ერთხელ წავიდე ევროვიზიაზე, თუმცა მე არ ვთანხმდები. უახლოეს მომავალში აუცილებლად გამოვუშვებ ალბომს, დავგეგმავ კონცერტებს და ასე დავუბრუნდები ჩემს საყვარელ საქმეს.

თაკომ ინტერვიუში კიდევ ერთი საიდუმლო გაამხილა, ის და ბორისლავ მილანოვი ქორწილის გადახდას აპირებენ.
წაიკითხეთ ვრცლად