ზურა დოიჯაშვილი: უკვე შვიდი თვეა, ისრაელში ვარ. ახლა შევეგუე აქაურობას, მაგრამ თბილისიდან შორს ყოფნა თავიდან ძალიან გამიჭირდა. ჩემს
– ჯანმრთელობის პრობლემები გქონდა და შენი წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ისრაელში მკურნალობაც იყო. ახლა როგორ გრძნობ თავს?
– ახლა – უკეთ, თუმცა, ცოტა შაქარი მაქვს მომატებული და სულ მეთვალყურეობის ქვეშ ვარ. ძალიან ცხელა და ეს ჩემს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება. ექიმებთან დავდივარ და კონსულტაციებს მათგან ვიღებ.
– ამბობ, მეთვალყურეობის ქვეშ ვარო. არადა, სოციალურ ქსელში ძალიან ხშირად დებ ფოტოებს ჭიქით ხელში. როგორც ჩანს, ნელ-ნელა ისევ „შეეპარე“ სასმელს და ეს არ მოქმედებს შენს ჯანმრთელობაზე?
– აქ რაც ჩამოვედი, იშვიათად ვსვამ, თუმცა, მაინც მიწევს (იცინის). ახლახან სამსახური დავიწყე აეროპორტში და თანამშრომლებმა, როგორც ახალ მისულს, ბანკეტი მომიწყვეს. აი, იქ კი მომიწია დალევა, მშრალად ვერ გამოვძვრებოდი (იცინის).
– ესე იგი, დიდი სცენიდან დიდ ავიაციაში გადაინაცვლე? რას აკეთებ ისრაელის აეროპორტში და ვინ დაგაწყებინა მუშაობა?
– მეგობარმა დამაწყებინა მუშაობა ისრაელის მთავარ აეროპორტში და პირველ სამუშაო დღესვე, ჩავიცვი თუ არა ფორმა, სელფი გადავიღე, დავდე სოციალურ ქსელში და დავაწერე: "მომილოცეთ აეროპორტის დირექტორობა!" რასაკვირველია, ვიხუმრე, თუმცა, იმდენი მილოცვა მივიღე, ჩემი უფროსობა კინაღამ მეც დავიჯერე (იცინის). არადა, ტვირთის შემოწმება მევალება და არც დიდი დატვირთვა მაქვს. ასე რომ, დიდ ავიაციაში კი წავედი, მაგრამ მაინც მრჩება სიმღერისთვის დრო. აეროპორტში კი არა, კოსმოსშიც რომ გამიშვათ, სიმღერის გარეშე ვერ გავძლებ. რთული სამუშაო არ არის, ძალიან კარგი კოლექტივია და ძალიან ბევრი ქართველი მუშაობს. სიამოვნებით მივდივარ სამსახურში და ფორმასაც სიამოვნებით ვირგებ. დილის 10 სააათიდან 6 საათამდე ვმუშაობ, შაბათს ვისვენებ და ანაზღაურებითაც კმაყოფილი ვარ. აქ თუ არ იმუშავე, ისე ვერ გაძლებ, ძვირია ყველაფერი, ოჯახს კი რჩენა უნდა. სირცხვილი ისაა, უსაქმურად რომ ზიხარ კაცი, თორემ მუშაობა, სადაც არ უნდა იყო, არ არის სათაკილო.
– მახსოვს, მოქალაქობის მიღებაზე განაცხადი გქონდა შეტანილი.
– მოქალაქეობა, როგორც კი ჩამოვედი, ეგრევე მომცეს და ახლა ისრაელის მოქალქე ვარ. უფრო სწორად, ორმაგი მოქალაქეობა მაქვს და შემიძლია, ამ ორ ქვეყანას შორის თავისუფლად ვიარო.
– ბებია ებრაელი გყავდა. მისი გენეტიკა ხომ არ დაგეხმარა ისრაელის მოქალაქეობის მიღებაში?
– რასაკვირველია, დამეხმარა და ვხუმრობ ხოლმე, მთელი ბავშვობა ხომ გადამყვა, გამზარდა და ახლა, იმქვეყნიდანაც მშველის და მეხმარება-მეთქი. ასე რომ, ებრაული გენეტიკა და სისხლი ჩემს ძარღვებში ჩქეფს და ჩემი ისრაელის მოქალაქეობა ბებიაჩემის დამსახურებაა. ალბათ, ახლა რომ ცოცხალი იყოს, გაუხარდებოდა ჩემი ისრაელში ყოფნა.
ჟურნალი "თბილისელები"