24 ივნისი, 2019
დედოფალი საქართველოდან - ნინი გოგიჩაიშვილი სილამაზის კონკურსზე, ოჯახზე და მამაზე, რომელიც მძიმე სენს ებრძვის
ნინი გოგიჩაიშვილი პოპულარული ოჯახის შვილია, თუმცა, ცდილობს, წარმატებას ნებისმიერ საქმეში მხოლოდ საკუთარი ძალებით მიაღწიოს. ნინი მოდელი და ტელეწამყვანია, თუმცა, სატელევიზიო საქმიანობას დროებით ჩამოშორდა და ახლა მისი მთავარი მიზანი „მის მსოფლიოს“ სილამაზის კონკურსია, სადაც საქართველოს წარადგენს. „მის მსოფლიო“ წელს ტაილანდში ჩატარდება. როგორ ემზადება ნინი საპასუხისმგებლო კონკურსისთვის, ამას მასთან ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ნინი, როგორ ემზადები კონკურსისთვის?
- „მის მსოფლიო“ 9 დეკემბერს გაიმართება ტაილანდში და დაახლოებით ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება. აქტიურად ვემზადები კონკურსისთვის, კვირაში 5 დღე ვვარჯიშობ, ასევე
ვიკვებები ჯანსაღად. გენეტიკაც მიწყობს ხელს და ჭამაც მიყვარს, მაგრამ ჩვენი გარემო ისეთი დაბინძურებულია, საკუთარ ჯანმრთელობას შიგნიდანაც უნდა შევუწყოთ ხელი და ამიტომ მუდმივად სწორად ვიკვებები.

Rating

„მის მსოფლიოზე“ დიდი ყურადღება ექცევა საქველმოქმედო პროექტებს, ორი პროექტი განვახორციელე, ახლა მესამეს ვგეგმავ. დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ყველა კომპანიას, რომელიც ყოველთვის სიამოვნებით ერთვება საქველმოქმედო პროექტებში.
პირველი პროექტის ფარგლებში იაშვილის კლინიკის ბავშვებს შევხვდი და საჩუქრები მივუტანეთ. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი დღე მაჩუქეს ამ ბავშვებმა. უცნაურია, მაგრამ იქ არ ტრიალებს სევდა. ჩემთვის მათი ტკივილი ძალიან ახლობელია, რადგან ჩემს ოჯახშიც არის ეს პრობლემა.

რაც შეეხება მეორე პროექტს, „ჯი აი ჯი“-თან ერთად ვიყავი ბარისახოს და მაღაროს კარის მაღალმთიან სოფლებში. ამ კომპანიის მეშვეობით, იქ მცხოვრებ ბავშვებს ყველაფერი მივუტანეთ და გავუკეთეთ, რაც კარგი განათლებისთვის სჭირდებათ.
იქ ასევე იყო ერთი გოგონა, რომელსაც მოსწონს მზარეულობა და მასაც ყველაფერი ჩავუტანეთ, რაც დაეხმარება მისი საყვარელი საქმის გაკეთებაში. რაც შეეხება მესამე პროექტს, ჯერჯერობით ვერ გავამხელ. მგონია, რომ დედამიწას სიკეთე ატრიალებს და ადამიანები ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ.

- ცნობილია, რომ კონკურსის წესების თანახმად, “მის საქართველოს“ ტიტულის მფლობელს ეკრძალება გათხოვება, კიდევ რა აკრძალვები გაქვს?

- „მის საქართველოს“ და „მის მსოფლიოს“ კონკურსს თავისი წესები აქვს, მონაწილეებისთვის აკრძალულია მოწევა, დალევა, რადგან მათ კარგი მაგალითი უნდა მისცენ ახალ თაობას. ასევე, აკრძალულია ტერიტორიის დატოვება თვითნებურად, იქ შენ არ მიდიხარ დასასვენებლად, იმიტომ მიდიხარ, შენი ქვეყანა წარმოაჩინო კარგად და შენი ძალების მაქსიმუმი უჩვენო ყველას.
ამ ყველაფერთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ექცევა ქვეყნის აქტიურობას. ჩემს ქვეყანას თუ ექნება სურვილი, შეუძლია, აქტიურად დამიჭიროს მხარი.

„მის მსოფლიოს“ მონაწილემ უნდა მოახდინოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, რადგან მას ბევრი პატარა გოგონა ბაძავს. მიხარია კიდეც ასეთი აკრძალვები, რადგან მე არც ვსვამ, არც ვეწევი.

Rating

- ოჯახში ერთი „მის საქართველო“ უკვე გყავთ, შენი და - ნანუკა გოგიჩაიშვილი, შენ რატომ გადაწყვიტე მონაწილეობის მიღება?
- ნანუკამაც გაიარა იგივე გზა და დიდი წარმატება ნახა. ამ კონკურსის შემდეგ მოხვდა ას საუკეთესო მანდილოსანს შორის, სადაც მოხდა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციაც. მეც მინდოდა, გამეგო, რა იყო ეს ყველაფერი, თან ისეთი გამოცდილება მგონია, შვილიშვილებს რომ მოუყვები. ჩვენი თაობის ხალხი ოქროს მედალზე ვერ მოუყვება, მაგრამ ეს კარგი მოსაყოლი იქნება შთამომავლებისთვის. „მის საქართველოს“ შემდეგ უფრო მეტად მომთხოვნი გავხდი ჩეი თავის მიმართ, სულ სიახლის ძიებაში ვარ.

Rating

- გქონდა გამარჯვების იმედი?
- სადღაც როცა იღებ მონაწილეობას, გამარჯვებაც გინდა. უკან არ დამიხევია და ყველაფერი ჩავდე „მის საქართველოში“, მინდოდა, ისე დასრულებულიყო, როგორც დასრულდა, თუმცა, ნებისმიერი გადაწყვეტილება მისაღები იქნებოდა ჩემთვის.

- ნანუკა გაძლევდა რჩევებს?
- ნანუკაზე შემიძლია საათობით ვილაპარაკო, ვერც ერთი სიტყვა ვერ გადმოსცემს ვერც ჩემს მადლიერებას ვერც იმას, როგორი ადამიანია. ნანუკა არის ყველაზე უანგარო და უბოროტო ადამიანი. ხშირად გოგიჩა ბავშვს ადარებს, უბოროტი ადამიანია. ნანუკა სულ ცდილობდა გავემხნევებინე და რწმენა დაებრუნებინა ჩემთვის. სულ გრძნობდა, როდის რა უნდა ეთქვა ჩემთვის, ყველა დეტალში იღებდა მონაწილეობას. მხატვარია, სხვანაირად ხედავს ყველაფერს. ხშირად ვამბობ, ნანუკა თავისთვის ხატავს და იკერავს კაბებს და მერე ვასწრებ ჩაცმას. ამაზე რეაქცია არ აქვს. მეგობრებისთვისაც გულს ამოიღებს.

Rating

- დედ-მამაზე რას გვეტყვი? ასეთი პოზიტიური ალბათ მათ ჰგავხარ...
- მე ნათიას და გოგიჩას 20 % რომ მქონდეს, ყველაზე კეთილი ადამიანი ვიქნებოდი. ხანდახან არ მგონია, რომ რეალური ადამიანები არიან. ხუმრობენ კიდეც სხვები, ესენი ჭიანჭველას ფეხს არ ადგამენო, შესაძლოა არარეალურ რაღაცას ვყვები, მაგრამ გოგიჩა ჭიანჭველებს საჭმელს უყრის სახლთან ახლოს, რომ არ დაიღალონ. მისგან ვსწავლობ იმას, რომ ყველა დღის მადლიერი ვიყო და მიყვარდეს ყველა ადამიანი. ის როგორც ცუდად არ უნდა იყოს, აქეთ გმატებს ძალას და გარწმუნებს - ყველაფერი კარგად იქნება.
- ვიცი, რომ ამ თემაზე საუბარი არ გიყვარს, მაგრამ იქნებ გვითხრა, როგორ არის ახლა მამა, რომელიც მძიმე სენს ებრძვის...
- არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი, ახლა მკურნალობის გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ იმდენად მხნე ადამიანია თვითონ, არაფერზე პრობლემას არ ქმნის, საოცრებაა. ზუსტად მისი განწყობა გვაძლევს იმის ძალას, რომ აქ მოვიდე, გავიღიმო, ძაღლი მყავდეს და ა.შ. ცდილობს, ჩვენს ცხოვრებას არაფერი არ დაეტყოს. ახლა რაღაც ბრძოლა არის, რომელშიც მჯერა, გაიმარჯვებს.

- ალბათ შენც შეიცვალე, როცა მამა ასეთი განსაცდელის წინაშე დადგა?

- ეს ჩემთვის დიდი გაკვეთილია, ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. როცა მეუბნებიან, შენზე რაღაც დაწერეს და ამაზე, როგორ არ გაბრაზდიო... ვეუბნები, ყურადღებას არ ვაქცევ-მეთქი. დღეს ყველაფერი დაჩქარებულია და ყველაზე ღირებული სიცოცხლეა, ბოლო ყველასი ერთია, ამიტომ მნიშვნელოვანია, ერთად გავატაროთ დრო, ვგიჟდები ჩემს ოჯახთან დროის გატარებაზე. 

- რითი დაამახსოვრებ თავს მსოფლიოს?
- მინდა, მსოფლიოს თავი დავამახსოვრო, ამისთვის კი ბევრს ვშრომობ. არასდროს არ მეზარება არაფერი, არც ადრე გაღვიძება, ბევრი გადაღება... გართობას მირჩევნია ჩემი დრო შრომას მოვახმარო. როცა ასე ცხოვრობ, კარგი მომავალი გექნება. არ ვიცი, რითი დავამახსოვრებ მსოფლიოს თავს, მაგრამ მინდა, როგორც კარგი ადამიანი, ისე დამიმახსოვრონ.

Rating


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
მოქალაქე
წარმატებები ჩვენთვის უსაყვარლეს სახეებს.
09:02 / 02-07-2019
გამოხმაურება / 0 /
დავითი
გოგიჩამ დაგვამახსოვრა თავი როგორც ძალიან დადებითმა პიროვნებამ, ვუსურვებ გამოჯანმრთელებას და გაძლებას ავადმყოფობის წინააღმდეგ ბრძოლაში
10:51 / 28-06-2019
გამოხმაურება / 0 /
ირმა
ძალიან კარგი გოგო ხარ და წარმატებებს გისურვებ, მაგრამ ერთი წინადადების აზრი ვერ გავიგე - ჩვენი თაობის ხალხი ოქროს მედალზე ვერ მოუყვება თავის შვილის შვილებსო რას ნიშნავს?
16:15 / 26-06-2019
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
წარმატებებს გისურვებ
09:28 / 26-06-2019
გამოხმაურება / 0 /
MERI
წარმატებებიიიიი--ულამაზესი ხარ--მჯერა გაიმარჯვებ!!გფარავდეს უფალი !!!მამას გამოჯანმრთელება ღმერთის წყალობით--ამინ!!
21:29 / 25-06-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS