10 ივნისი, 2019
200 დოლარად დაწყებული ახალი ცხოვრება და ნინი შერმადინი შორეულ ემიგრაციაში
ნინი შერმადინი იმ ცნობილი ადამიანების რიცხვს ეკუთვნის, რომელიც ემიგრაციაში წავიდა და ახლა ორ ქვეყანას შორის უწევს მოგზაურობა. ნინი ამერიკაში ცხოვრობს და როგორც თავად ამბობს, წარმატებული ქართველი ემიგრანტია.
თბილისში მას შვილი ჰყავს, შესაბამისად, საკუთარ ქვეყანაში ხშირად უწევს ჩამოსვლა. "რეიტინგი" ნინი შერმადინს ერთ-ერთ ბარში შეხვდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

- ნინი, როდის და რატომ დაბრუნდი თბილისში?
- 14 მაისს დავბრუნდი საქართველოში, პირველი მიზეზი, რის გამოც ჩამოვდივარ საქართველოში, არის ჩემი შვილი და ახლაც ასე იყო, ასევე მინდოდა ჩემი
მეგობრის, ეკა მგალობლიშვილის დაბადების დღისთვის სიურპრიზის გაკეთება. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მეღირსა და მაქვს ქართული სიმღერა, რომელიც მაია კაჭკაჭიშვილმა დამიწერა და გადავწყვიტე, ამ მოკლე პერიოდში კლიპიც გადამეღო. როცა სულიერი დასვენება მინდა, საქართველოზე კარგი ადგილი ჩემთვის არ არსებობს.

- თქვენი შვილი ვისთან ერთად ცხოვრობს?
- ჩემს მშობლებთან ცხოვრობს. ახლა საბუთებს ვუწესრიგებ, რომ ისიც წავიყვანო ამერიკაში. მალე მივიღებ ამერიკის მოქალაქეობას და ამასობაში, ჩემი ქალიშვილის საბუთების გაკეთებაც მოესწრება.

- ცნობილია, რომ ამერიკაში ბანკში მუშაობთ...
- ახლა ბანკიდან წამოვედი და სხვაგან ვიწყებ მუშაობას. Bank of America-ში გავიარე გასაუბრება და მალე ველოდები პასუხს.

- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვი, რომ წარმატებული ქართველი ემიგრანტი ვარო, რა იგულისხმე?
- ყველაფერი იგულისხმება, 24 წლის ასაკში 200 დოლარით წავედი ამერიკაში. ჩავედი თუ არა დავიწყე მუშაობა, ვიყავი მიმტანი, ძიძა, ყველგან ვმუშაობდი, სადაც შემეძლო ფული მეშოვა. როცა ამერიკაში ჩავედი, სოსო თოლორაია, თამუნა მიქაძე და უამრავი ქართველი ემიგრანტი დამხვდა. შემდეგ გიორგი შალუტაშვილმა და გეგა ოძელაშვილმა ამიყვანეს თავის რესტორანში, ჩემი წარმატება ქართველ ემიგრანტებს უკავშირდება. რითი დავიმსახურე ეს, არ ვიცი. ოდესმე რამეს თუ მივაღწევ, ეს იქნება ქართველი ემგრანტების დამსახურება. მე უბრალოდ ალბათ კეთილსინდისიერად ვიქცევი ყველა საქმეში და ეს მიწყობს ხელს. რაც იურმალიდან ჩამოვედი, პოპულარობის ზენიტში ვიყავი, მას შემდეგ არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ყველას ვახსოვარ. განსხვავებული ვიყავი ვიზუალურად, ვოკალური მონაცემებით, რთული ხასიათები მაქვს, მართალი ადამიანი ვარ, ის ვარ, რაც ვარ, ბევრი მინუსებით და პლიუსებით. ყველაფერი რთულად მოდის ჩემს ცხოვრებაში. სიმღერის კონკურსების გარდა არაფერი მომიგია ცხოვრებაში. კარგია ფორტუნა რომ არ მწყალობს, მოდუნების საშუალება არ მაქვს. ბროდვეიზე ამიყვანეს, კონტრაქტი გავაფორმე და ჩაიშალა. მას შემდეგ ახალ გეგმებზე ლაპარაკი მეშინია. ბევრჯერ მიფიქრია, მოდი, აღარ ვიმღერებ-მეთქი.

- ფინანსური პრობლემების გამო?

- ფინანსურად სტაბილურად ვარ. უფრო ემოციური ფონის ბრალია ასეთი ფიქრები, აკეთებ აკეთებ რაღაცას, სულ აღმასვლა დაღმასვლა მაქვს და სწორედ ამ დროს მიჩნდება ეს განცდა, ფსიქოლოგიური ჩავარდნები მაქვს, ვამბობ 30 წლის ვარ, რაღა დროს ჩემი სიმღერაა, ბანკში უფრო მეტი პერსპექტივა მაქვს-მეთქი, მაგრამ სიმღერის გარეშე არ შემიძლია. ახლა გადავწყვიტე კონსერვატორიაში ჩავაბარო. მაგარი მეგობარი მყავს დათო ღვინიანიძე, რომელიც აშშ-ში მუსიკალურ კონკურსებს კურირებს. მითხრა, შენნაირი ვოკალი არ უნდა იკარგებოდეს, ესტრადაში ხო გააკეთე ყველაფერი და კონსერვატორიაში ჩააბარეო და რატომაც არა, ჩავაბარებ.

- როგორ აითვისე ბანკირობა?
- მარტივად. კურსებზე ვიარე, ავიღე სერთიფიკატი, გავიარე გასაუბრება, ტესტირება და დავიწყე მუშაობა. ლოგიკური აზროვნების უნართან არის დაკავშირებული ეს საქმე და რატომღაც, მეც მომეწონა ოფისის იმიჯი.

- ყველაზე მეტად რისი გადატანა გიჭირთ ამერიკაში?
- ყველაზე რთული იყო მონატრება. შვილი, ოჯახი, მეგობრები მენატრებოდა. ბევრი მეგობრები მყავს, სოციალური ტიპი ვარ. აქ ნინი შერმადინი ვიყავი, ყველას ვუყვარდი, იქ კი არავინ ხარ, არავის აინტერესებს, ვინ ხარ და რა გაგიკეთებია. არასდროს მქონია ის მომენტი, რომ ნინი შერმადინი ვარ და ამის გამო თავში არ ამვარდნია. უფრო მეტიც, ძირითადად უკმაყოფილო ვიყავი ჩემი თავის, ვიდრე ვმარიაჟობდი. მაგრამ ამერიკაში მაინც გამიჭირდა, იქ მოგებულ კონკურსებზე მეტად შენი პიროვნება აინტერესებთ. ახლა ვხვდები, უფრო ამერიკული მენტალობა მაქვს, ვიდრე ქართული.

- რატომ გადაწყვიტეთ ემიგრაციაში წასვლა?
- ერთხელ ლაშა ონიანმა დაგვისვა მეგობრები და მითხრა, რატომ ხართ ვარსკვლავები, რა გაგიკეთებიათო? შენს ქვეყანაში სამ რეგიონში კონცერტი რომ ჩაატარე და კონსკურსები მოიგე, ესაა ვარსკვლავობააო? როცა უცხო ქვეყანაში ააწყობ კარიერას და ჩამოხვალ, მერე ილაპარაკე პროფესიონალიზმზეო. ეს მომხვდა გულზე, არადა უკვე წარმატებით მქონდა მოვლილი სომხეთი და საბერძნეთი, ამის შემდეგ შევედი საელჩოში, ავიღე ვიზა და 200 დოლარით წავედი ამერიკაში. მე რომ მეგონა ინგლისური ვიცოდი, ნუგზარ რუხაძესავით აღმოჩნდა, რომ ვიყავი ნოლი. ყველაფრის თავიდან დაწყება მომიხდა, ჩავეწერე ენის გაკვეთილებზე და ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე.

- ცნობილია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაგეხმარათ ამერიკის მოქალაქეობის მიღებაში, როგორ მოხდა თქვენი დაკავშირება?
- 26 მაისს ვოლ სტრიტზე იყო ქართული დროშის აღმართვა, სადაც შემხვდა გიგა ბოკერია, მომიკითხა, ვუთხარი რეკომენდაციების წერილებს ვაგროვებ, მინდა, მოქალაქეობა მივიღო მეთქი. ეგრევე დარეკა, ჩვენს ნინი შერმადინს სჭირდება რეკომენდაციის წერილი და თუ შეიძლება, დავეხმაროთო. ასე, ზუსტად ხუთ წუთში გამომიტანა სააკაშვილის ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილი. მე მას პირადად არ ვიცნობ, ერთხელაც კი არ მინახავს. ყოფილი პრეზიდენტის გარდა, თბილისის მერია, ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე და სხვა ცნობილი ადამიანებიც დამეხმარნენ.

- რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში, ამბობენ, რომ ფეხბურთელია თქვენი შეყვარებული...
- პირადში არაფერი არ ხდება.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
სარა
უფრო ამერიკული მენტალობა მაქვს, ვიდრე ქართული. - მიშასაც ))
14:03 / 11-06-2019
გამოხმაურება / 0 /
Meri
ნინი წარმატებები! უფალი შეგეწიოს! მადლობა გიგა ბოკერიას, არ მეგონა ასეთი კარგი ადამიანი თუ იყო!
12:59 / 11-06-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS