18 მარტი, 2014
რატომ აქრობს ცოლთან ერთად შუქს მთელ სახლში სანდრო კაკულია და რა ნათესაური კავშირი აქვს ეთერ კაკულიასთან
ბევრ ფილმში გვინახავს, რომ მანქანა ვარდება და მერე იქიდან ტიპი ამოყვინთავს, გაცურავს და ნაპირზე გადის სანდრო კაკულია სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალების'' წყალობით ძალიან პოპულარული გახდა. თუმცა ყველა რომ ცნობს, მაინცდამაინც არ მოსწონს. ბოლო დროს ინტერვიუებსაც არ თანხმდებოდა, თუმცა ''რეიტინგისთვის'' გამონაკლისი დაუშვა. მასთან, როგორც ყოველთვის, ახლაც საინტერესო ინტერვიუ ჩავწერეთ.

- მირჩევნია, მწერლობით გავხდე პოპულარული, ვიდრე ''ჩემი ცოლის დაქალებით''. ცუდი არაა ასეთი პოპულარობაც, მაგრამ ზედმეტი ყურადღებით ვიძაბები. უფრო წყნარად ვიყავი, როდესაც გადაღებები არ მქონდა.
- სერიალის შესახებ
შეკითხვებს გვერდს ვერ ავუვლით. ყველას აინტერესებს, მარტო შენ რატომ გადარჩი ბაბულიკებიდან?
- პირველი ვერსიის მიხედვით, მანქანაში მეც უნდა ვმჯდარიყავი.
- რატომ გადაგარჩინეს?
- წამოდგენა არ მაქვს, ეს სცენარისტსა და რეჟისორს უნდა ჰკითხოთ. ფილმის სცენარი უცბად ჩაასწორეს. წინა სეზონში ჩემი და ნატაშკას ურთიერთობა კარგად ვერ დასრულდა, რაც ალბათ მოითხოვდა, რომ ეს ხაზი გაგრძელებულიყო. ფილმში მანქანაში ველოდებოდი ბიჭებს კინოთეატრთან. პატრული მომადგა და იძულებული გავხდი, წრე დამერტყა. ამასობაში სხვისი მანქანით გაიქცევიან და მტკვარში გადაცვივდებიან. ვფიქრობ, ეს ბიჭებისთვის საბოლოო განაჩენი არ არის. ბევრ ფილმში გვინახავს, რომ მანქანა ვარდება და მერე იქიდან ტიპი ამოყვინთავს, გაცურავს და ნაპირზე გადის.
მას შემდეგ, რაც გადაღებები დაიწყო, სულ ერთად ვიყავით. ჯერ არ ვიცი, მათ გარეშე ამ სერიალში როგორ უნდა ვიყო. ნატაშკასთან ურთიერთობის დაწყების გამზიარებლებიც ჩემი მეგობრები იყვნენ. მე სხვა ახლობელი სერიალში პერსონაჟების მხრიდან არ მყავს. ახლა როგორ უნდა განვითარდეს ჩემი ამბავი, როცა ბიჭები აღარ არიან და მარტო ნატაშკაა, სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი. იმედი მაქვს, რომ ისინი შუა სეზონში ამოყვინთავენ წყლიდან. თუმცა ამაზე ლაპარაკი ჯერ არ მიდის. ჩემი გმირი ძალიან განიცდის, რომ ბიჭები აღარ არიან და არც მათი საფლავები არაა.
- როგორ ფიქრობ, ნატაშკასა და სანდრექსას ურთიერთობა როგორ შეიძლება გაგრძელდეს?
- ეს ურთიერთობა თავიდანვე განწირული იყო და მგონია, რომ კარგი არაფერი მოხდება. სცენარი წინასწარ არ ვიცით, მაგრამ მგონია, ჰეფი ენდი ამ ურთიერთობას არ ექნება. ქმარი ციხეშია, რომელიც შეიძლება, ციხიდან გამოვიდეს. არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ გული კარგს არაფერს მიგრძნობს.
- ბაბულიკები ბევრს უყვარს და მოსწონს. შენ კი ამბობ, რომ პოპულარობა არ გხიბლავს.
- ამ სერიალის რეიტინგში დიდი წვლილი ბაბულიკებს მიუძღვით. სიტყვა ბაბულიკები კი არსებობდა მანამდეც, მაგრამ ამ სერიალმა ის გააკეთა, რომ ქართულ ლექსიკონში დაფუძნდა. ბებიაჩემმაც კი ვიღაცას ბაბულიკი შეიძლება დაუძახოს. პატარა ბავშვსაც კი სიტყვა ბაბულიკის გაგონებისას ჩემი ბიჭები გაახსენდება, თუმცა მე ხომ მსახიობობასთან არანაირი შეხება არ მაქვს. ჩემს გეგმებში არასდროს ყოფილა მსახიობობა.
- ახალი როლი რომ შემოგთავაზონ, არ დათანხმდები?
- მსახიობობა არ მისწავლია, იურისტი ვარ. სარეკლამო სააგენტოში ვმუშაობ, ვწერ და მსახიობობისგან ძალიან შორს ვარ. ვერც კი ვუშვებ, რომ შეიძლება, კიდევ მქონდეს შემოთავაზება რომელიმე პროექტში.
- ამ დროის განმავლობაში არაფერი შემოუთავაზებიათ?
- არა. თუმცა ''ყარაბაღის'' სამივე ფილმში ვითამაშე. ფილმში გადაღება აბსულუტურად სხვა რამეა. მაშინ ძალიან გამოუცდელი ვიყავი. ახლა რომ ვფიქრობ, ვინმემ რომ ფილმში გადამიღოს, ძალიან მაგრად ვითამაშებ და არ დავიძაბები. მაშინ ძალიან ვნერვიულობდი, კამერის წინ რომ ვდგებოდი. ახლა ეს მომენტი საერთოდ აღარ მაწუხებს. კვირაში რამდენიმე დღე გადაღებები მაქვს, მაგრამ ჩემს თავს მსახიობ ტიპად ვერ აღვიქვამ.
- შენთვის მსახიობობაში რა არის რთული?
- როლის შესრულებაში არაფერი სირთულე არაა. უბრალოდ, ჩემი ძალიან სუბიექტური დამოკიდებულება მაქვს ამ სფეროსთან. მსახიობი ან ხარ, ან არ ხარ. სერიალში თამაში ძალიან მოკლევადიანი პროექტია, რომელიც ჩემს ცხოვრებაში დაიწყო და ოდესღაც დამთავრდება. ესაა ახალი გამოცდილება, რომელზეც დავთანხმდი და სერიალის დამთავრების შემდეგ ესეც დასრულდება, არ მგონია, რომ განვითარდეს.
- მეუღლე, ნუცა აბაშიძე, დოდო აბაშიძის შვილიშვილია, რას ფიქრობს შენს მსახიობობაზე? როგორც ვიცი, ნუცა არც თვითონ გახდა მსახიობი.
- ოჯახში მსახიობი მათი მხრიდან არავინაა. ნუცაც ჩემსავით ფიქრობს ჩემს მსახიობობაზე. ახლა შეეგუა, თავიდან ჩემთვისაც და ჩემი ცოლისთვისაც ძალიან არაორდინარული იყო, რომ მე ტელევიზორში ვჩანდი და ვმსახიობობდი. ვკითხულობდი და ვიზეპირებდი როლს. ოჯახი არც მაქებს და არც მაკრიტიკებს ამ როლის გამო, მაგრამ არავინ ფიქრობს, რომ მსახიობი ვარ. სერიალის მიღმა ძალიან ბევრი საქმე მაქვს და ყველა ამას უფრო ხედავს.
- როგორც ვიცი, ბავშვებსა და გოგონებში პოპულარობით სარგებლობ. ამ ყველაფერზე მეუღლე არ ეჭვიანობს?
- არანაირად. ბევრი გოგოს მოწერილზე ერთად ვიცინით ხოლმე. ერთად რომ ვსეირნობთ, ხალხი სულ გვიყურებს. ეს ჩემთვის რაღაც მომენტში შემაწუხებელია. როცა ადამიანი მოდის და გეუბნება, რა მაგარი სერიალია და მაგრად მოგვწონს შენი გმირიო, ამაზე არ ვწუხდები, მაგრამ ჩუმად რომ მიყურებენ, ვიძაბები.
- გოგონები რას გწერენ?
- არაფერ განსაკუთრებულს. მეუბნებიან, როგორ ვუყვარვარ, მთხოვენ, რომ ''ფეისბუქზე'' დავიმატო, მაგრამ არ ვიმატებ. ახლა საერთოდ გავაუქმე კიდეც. ნომერიც უთხოვიათ. პატარა ბავშვებს ვაძლევ ნომერს. მერე ისინი მწერენ და ხანდახან მირეკავენ. ცოტა ასაკიან გოგონებს არ ვაძლევ ტელეფონს. შუახნის ქალბატონებისგან ძალიან დიდ კომპლიმენტებს ვიღებ, ზოგი საჩუქრებსაც მჩუქნის, ერთხელ ერთმა ქალბატონმა სპეციალურად ჩემთვის ნამცხვარიც კი გამოაცხო და მაჩუქა.
- გემრიელი იყო?
- ძალიან. თან, მე ნამცხვრები ძალიან მიყვარს და დიდი მადლობა ვუთხარი ამ ქალბატონს, იმ მომენტში ძალიან მშიოდა და გამიხარდა მისი საჩუქარი. ხალხის მხრიდან სულ ვგრძნობ სიმპათიას ჩემი პერსონაჟის მიმართ და ეს ძალიან მაგარია.
- საინტერესო ბიოგრაფია გაქვს. წერ პიესებს. თექვსმეტი წლის იყავი, პირველი პიესა რომ დაიდგა.
- 1997 წელი აწერია რვეულს, რომელშიც ჩემი პირველი პიესა წერია. რვეული ცოტა ხნის წინ ვიპოვე. მაშინ თორმეტი წლის ვიყავი. პირველად დეტექტივი დამიწერია. მერე სკოლაში ''ტრისტანი და იზოლდას'' და ''ვეფხისტყაოსნის'' გაერთიანებული და გათანამედროვებული ვარიანტი დავწერე. წერის მიმართ სიყვარული ალბათ იქიდან დამეწყო, რომ კითხვა მიყვარდა ძალიან. ჩემმა ბავშვობამ ელექტროენერგიის გარეშე გაიარა. სანთლის შუქზე დედას ბევრჯერ წაუკითხავს ჩვენთვის. დედა თვითონაც გიჟდება კითხვაზე. წიგნის კითხვისას შექმნილმა რომანტიზმმა მერე თავისთავად შვა წერის სურვილი. პირველივე ჯერზე პიესა იმიტომ დავწერე, რომ თავიდანვე ვგიჟდებოდი თეატრზე. მიყვარს ის აურა, რაც თეატრშია. ზოგადად ვგიჟდები შუქის ჩაქრობაზე. ხანდახან მე და ჩემი ცოლი მთელ სახლში ვაქრობთ შუქს. მრიცხველიდან გავთიშავთ ხოლმე სინათლეს და მოვიწყობთ 90-იან წლებს.
- მგონი, ერთადერთი ადამიანი ხარ, ვისაც 90-იანი წლები ენატრება.
- მხოლოდ ის მომენტი მენატრება, როცა შუქი არ იყო. როცა ტელევიზორი არაა ჩართული, როცა მობილური ტელეფონი გამორთულია და რაღაც ტექნიკა არ წრიპინებს ბინაში, არ გაწუხებს ზედმეტი ხმაური. მაშინ თითქოს წყდები გიჟურ მეგაპოლისურ ხმებს და ბევრად უფრო კონცენტრირებული ხარ იმ ადამიანის მიმართ, ვისთან ერთადაც ხარ უშუქობაში. უფრო მეტს ლაპარაკობ მასთან, რაზეც მანამდე არ გილაპარაკიათ, იმ თემებს განიხილავ. მე და ჩემი ცოლი ვგიჟდებით ღამე სანთლის შუქზე კითხვაზე. რამდენჯერმე ჩაქრა სინათლე, ძალიან გამიხარდა, მაგრამ მალევე მოვიდა და ძალიან მეწყინა.
- ალბათ, სინათლის გადასახადი ბევრი არ გაქვთ.
- ისე ხშირად არ ვთიშავთ, რომ ეს გადასახადზე აისახოს.
- როგორც ვიცი, გყავთ ერთი შვილი.
- ელენე ჩვიდმეტ მარტს ოთხი წლის ხდება. ორივე თევზები ვართ და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ჰოროსკოპის მჯერა. ადამიანებს ჰოროსკოპის ნიშნით ამოვიცნობ ხოლმე. ელენეც გიჟდება კითხვაზე და კითხვის დროს შექმნილ ინტიმზე. ძილის წინ ვრთავთ სანათს და ძალიან მქრქალ შუქზე საბნის ქვეშ ვიმალებით, ვკითხულობთ და ელენეს ეს ყველაფერი ძალიან უყვარს. არტისტული ბავშვია. კარგად მღერის. დედაჩემი მხატვარია და ელენეც ხატავს. ჩემი მხრიდან ელენეს ქება, შეიძლება, სუბიექტური მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ ბაღის მასწავლებელიც ამბობს, რომ ელენე კარგად ხატავს, კარგად მღერის და კარგი სმენა აქვს. საღამოობით გიჟდება, როცა ჩვენთვის კონცერტებს მართავს, იმიტირებული პერფორმანსები აქვს. გვეუბნება, გამომაცხადეთო და ჩვენ ვაცხადებთ - სცენაზეა ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე ლამაზი ელენე. თავისი გემოვნებით ფუშფუშა კაბებს იცვამს და კონცერტებს გვიწყობს. იგონებს ლექსებს. საკმაოდ კარგად რითმავს. გიჟდება წერაზე. თავისი სახელის დაწერა ვასწავლეთ. ვიზუალურად სხვა ასოებიც დაიმახსოვრა. დაწერს ასოებს და მერე ჰყვება მთელ ისტორიას იმაზე, რა დაწერა.
- გამოდის, რომ ელენემ გული არავის დასწყვიტა და ყველას ჰგავს. ბებიას და დიდ ბაბუასაც.
- და მამასაც. საბოლოოდ რა გზას აირჩევს, ეს მისი გადასაწყვეტია.
- ძალიან დაკავებული ხარ. გრჩება დრო წერისთვის?
- ბოლო დროს მართლა ძალიან ბევრი საქმე მქონდა და წერას ვერ ვახერხებდი. ახლა ისევ თავიდან გამეხსნა წერის ჟინი. ძალიან ბევრი დაუმთავრებელი პიესა და რომანი მაქვს, რომელთა დასრულებაც დავიწყე. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ჩემი პიესა მარჯანიშვილის თეატრში დაიდგმება. მინდა, ზაფხულისთვის თავი მოვაბა კრებულის გამოცემას. იმედი მაქვს, ამ იდეის განხორციელებას შევძლებ და მექნება ჩემი მოთხრობების კრებული.
- გვარიდან გამომდინარე მინდა გკითხო, მომღერალ ეთერ კაკულიას ნათესავი ხარ?
- მამას ბიძაშვილია. ეთერის მამა და ბაბუაჩემი ძმები იყვნენ.
- სიმღერას არ გასწავლიდა?
- არ მაქვს არც სმენა, არც ხმა და, როგორც ჩანს, ამის გამო არ შეაწუხეს ეთერი, რომ ჩემთვის სიმღერა ესწავლებინა. ბოლოს ერთმანეთს მაია ასათიანის შოუში შევხვდით. ძალიან ბედნიერია, წარმატებას რომ მივაღწიე და ამაყობს ჩემით. მეც ვგიჟდები მასზე. ეთერს შეუძლია, ერთი ნახვით ძალიან ბევრი ენერგია მოგცეს. კარგია, როცა იცი, რომ შენი ახლობელი ადამიანი წარმატებულია.
- ბაბულიკებმა ერთხელ ხომ იმღერეთ ''პროფილში''. გამოცდილება გაქვს და არ გიფიქრია, რომ დუეტი ჩაწერო ეთერ კაკულიასთან?
- ერთხელ შევცდი, ვიმღერე და მეორედ ასეთი რამ აღარ მოხდება.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS