24 მაისი, 2013
''ჩვენ ის ძალა ვართ, რომელმაც დემოკრატიული და მშვიდობიანი გზით გადააბარა ხელისუფლება''
კრიტიკა საზოგადოებისგან კი არა, ხელისუფლებისგან მიკვირს, რომელიც ჩვენი გაკეთებულის რევიზიით არის დაკავებული. ვნახოთ, თავად რას შექმნიან. ''ჩვენ ცოცხლები ვართ კი არა, ვმუშაობთ, ვმოქმედებთ და სიახლეებს ვგეგმავთ. ''ნაციონალურ მოძრაობას'' რომ საზოგადოებისგან მხარდაჭერის პრობლემა არ აქვს, ეს თვალნათლივ გვაჩვენა 19 აპრილის აქციამ, რისიც ასე ძალიან ეშინოდა ხელისუფლებას'', - აცხადებს უმცირესობის წევრი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ხათუნა ოჩიაური. მისი თქმით, საზოგადოებას ეიფორიამ თანდათან გადაუარა და რეალობის აღქმა დაიწყო...

- რაც უნდა საწყენი იყოს ჩვენი ოპონენტებისთვის, ''ნაციონალური მოძრაობა'' ის ძალაა, რომელსაც დღე
და ღამე უკიჟინებდნენ, კაციჭამიების, მკვლელებისა და სადისტების პარტია ხართ, რომელსაც ქართველი ერის გადაშენება აქვს განზრახულიო. სინამდვილეში, ჩვენ ის ძალა ვართ, რომელმაც ყველაზე დემოკრატიული და მშვიდობიანი გზით გადააბარა ხელისუფლება ხალხის მიერ არჩეულ კოალიციას. ასე რომ, სწორედ ახლა, დიდი სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებდით. დიახ, იყო შეცდომებიც, მაგრამ ოპოზიციაში ყოფნისას მათი გაანალიზება ვისწავლეთ. ასე რომ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის...
- რას გულისხმობთ?
- ამას მომავალი გვიჩვენებს, უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ პოლიტიკურ ძილსა და მოდუნებას არ ვაპირებთ, პირიქით, ბოლო დროს კარგად ჩანს ჩვენი თანმიმდევრული და ორგანიზებული პოლიტიკა. სწორედ ეს აფრთხობთ ჩვენს ოპონენტებს.
- კონკრეტულად რაში გამოიხატება?.. არაერთხელ გამოჟონა ინფორმაციამ ''ნაციონალურ მოძრაობაში'' არსებული განხეთქილების შესახებ, საუბარია მერაბიშვილი-სააკაშვილის დაპირისპირებაზე, ახალაიების ''მოკვეთაზე''...
- არ არის ასე, არ მინდა საუბარი ცალკეულ პერსონებზე, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობა ყველა პოლიტიკურ პარტიაშია და ეს ნორმალურია. ბაჩო ახალაია არის ადამიანი, რომელმაც მართლაც დიდი საქმე გააკეთა. მან შეუძლებელი შეძლო და ქურდული მენტალიტეტი ალაგმა ქვეყანაში. მაშინ, როდესაც ხალხს ეიფორია გადაუვლის და მადლობა ღმერთს, ამის ნიშნები უკვე არის, მიხვდება, რომ ''ნაციონალური მოძრაობა'' ქართველი საზოგადოების მტერი კი არ იყო, ბევრი კარგი საქმე გააკეთა... ვნახოთ, რას გააკეთებს ''ქართველი ერის გადამრჩენელი ხელისუფლება''. ჯერჯერობით Yრასაც ვხედავ, ყველაფრის გაძვირებისა და ადამიანების სამსახურებიდან გაშვების გარდა არაფერი გაკეთებულა. პარალელურად, მუდმივად გვესმის, რომ უამრავი რამის დემონტაჟს გეგმავენ, უნდათ დაშალონ ''მშვიდობის ხიდი'', მუსიკისა და დრამის თეატრი რიყეზე, ახალი იუსტიციის სახლი თბილისში, რომელმაც არაერთი უცხოელი აღაფრთოვანა...
- თქვენი საუბრიდან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საზოგადოებას ''ნაციონალური მოძრაობის'' ნოსტალგია გაუჩნდება... ამას ელოდებით?
- ახალი ხელისუფლების მიმართ იმედგაცრუებამ უკვე გააჩინა ჩვენი ნოსტალგია. ჩვენ ისეთ წვრილმანებზე გვედავებოდნენ, რაც დღეს ღიმილისმომგვრელია. მაგალითად, მცხეთას თურმე სიძველის იერი დავუკარგეთ. ისე, ცნობისთვის, სიძველე დროთა განმავლობაში მოდის. კრამიტის სახურავსაც დაედება სიძველის ფერი და ბაგრატის ტაძარსაც, რის გამოც ლამის ჯვარს აცვეს ნიკა ვაჩეიშვილი და ის გუნდი, ვინც გაბედა და ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარა. ნიკას ლამის თავის მართლებამ მოუწია იმის გამო, რომ ტაძარი ფირუზისფერი მასალით გადაიხურა. დროთა განმავლობაში ცისფერიც გახუნდება და დაძველდება. იგივე შემიძლია ვთქვა რაბათზე, რომელიც შესანიშნავი კომპლექსია და მისი მხატვრული ღირებულება ეჭვს არ იწვევს, თუმცა ვიღაცამ შეიძლება ისიც გააკრიტიკოს. კრიტიკა საზოგადოებისგან კი არა, ხელისუფლებისგან მიკვირს, რომელიც ჩვენი გაკეთებულის რევიზიით არის დაკავებული. ვნახოთ, თავად რას შექმნიან. ხელისუფლება შექმნილით ფასდება და არა იმით, როგორ გააკრიტიკებს წინამორბედს. წინა ხელისუფლების ხალხის მტრად გამოცხადება საბჭოთა კავშირის სტილი იყო, ისინი დევნიდნენ ძველი ხელისუფლების მომხრეებს და იგივე ხდება ახლაც.
- თქვენი ხელისუფლების მიმართ წაყენებულ ბრალდებებს შორის მოწინავე პოზიცია ეჭირა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნასა და შევიწროებას...
- მერე სად არიან, რატომ მალავენ იმ მსხვერპლებს, რომელთაც ''ვაწამებდით''?.. იცით, ახლა რა ხდება თვითმმართველობებში? საჯარო მოხელეებს პანტა-პუნტით უშვებენ სამსახურებიდან. ეს პოლიტიკური ნიშნით ხდება. მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც არც ერთ პარტიაში არ არიან, მაგრამ სამსახურის დაკარგვის შიშით, ჩემთვის გამარჯობის თქმას ერიდებიან.
- რა გზები გესახებათ პოლიტიკური ბრძოლის გასაგრძელებლად, მხოლოდ აქციები?
- აქციები დემოკრატიულ ქვეყანაში სრულიად ნორმალური პროცესია და არ ვიცი, რატომ ღელავს ასე ხელისუფლება. ჩემს რეგიონში რამდენიმე დღით ადრე დაიწყეს მოსახლეობის გაფრთხილება, რომ 19 აპრილს ფეხი არავის გაედგა თბილისში, ეუბნებოდნენ, რომ თუ მათ ოჯახში ვინმე მუშაობდა, სამსახურს დაკარგავდა. ვიცი, რომ იგივე ხდებოდა სხვაგანაც, მაგრამ აქცია მაინც შედგა. ჩვენ ვართ კონსტრუქციული ოპოზიცია და ყველამ უნდა გაიგოს, რომ დასავლური კურსის ცვლილებას არ შევეგუებით, რადგან გვაქვს გარკვეული ეჭვი, რომ ახალ ხელისუფლებას სურს, ეს კურსი შეასუსტოს.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
მეგობარი
ამ ქალის სიჩლუნგეზე გულყრა მემარტება,გაიტანეტტტტტტტტტტტტტტტ
08:02 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
XAტუნა
Mე-ს , ახალმა მტავრობამ ღOმ ჩამოირიგა პრემიები Iმას რატომ ა. Iხსენებ? თU. რამე Gააკეტეს საპრემიო? მე ნაციონალებს Vუჭერ მხარს.
07:13 / 26-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მე
ქალბატონო შენ არ იყავი მერიიდან თვეში 5000 ლარი ტყუილუბრალოდ რომ გერიცხებოდა? ამ ფულს ვერ ელევით შენ და შენიანები, ნეტა შენი გამარჯობის თქმა ვისღა უნდა, გვარს მაინც არ აფუჭებდე.
16:06 / 25-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ხატკა
კი ნოსტალგია უკე დმეწყო ისევ მინდა ყოველ თვე რაგაც ახალი იხსნებოდეს
23:06 / 24-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS