- ჩემ გარშემო თითქმის ყველა ექიმია. ბავშვობიდან ყველგან მატარებდნენ - ცეკვაზე, სიმღერაზე და თავისთავად ისე მოხდა, რომ ამ სფეროს ბოლომდე გავყევი. 11 წლის ასაკში მერაბ ჩხაიძის ''ვერის უბნის ბავშვთა თეატრში'' სპექტაკლში ვმონაწილეობდი, შემდეგ გოგა პიპინაშვილის ''არტ-ჰოლში'' დავდიოდი. თეატრალურში რომ ჩავაბარე, მედეა კუჭუხიძის ჯგუფში მოვხვდი. იქ ჩემი ქორეოგრაფიის პედაგოგი კოტე ფურცელაძე იყო, რომელსაც ჩემს გამზრდელს ვუწოდებ. სწავლის დამთავრების შემდეგ მან რამდენიმე პროექტში მონაწილეობის მისაღებად დამიძახა. მათ შორის იყო პროექტი ''გია ყანჩელის მუსიკა ქართული თეატრისა და კინოსათვის''. შემდეგ ამ თეატრში მანანა ბერიკაშვილმა ''ბედნიერი ერი'' დადგა, მერე იყო აჩიკო სოლოღაშვილის ''მარტოობის დღესასწაული, ანუ მაი სფეის'' და ამ სპექტაკლებში ვითამაშე. შემდგ გავიცანი დოი და ნელ-ნელა დავმკვიდრდი თეატრში.
- სხვა რომელიმე თეატრში თუ გითამაშია მიწვევით?
- არა, აქ კარგად ვარ (იღიმის).
- რომელ ხმას მღერი?
- ძირითადად პირველს. მაინცდამაინც კარგი ვოკალური მონაცემებით არ გამოვირჩევი, კონცერტს ვერ ჩავატარებ, მაგრამ როგორც მსახიობს, სპექტაკლში სიმღერა გამომდის.
- რომელიმე სხვა პროფესიაზე გიფიქრია?
- არა. სულ მინდოდა მეხატა, მაგრამ საშინლად ვხატავ, ფურცელზე რაღაცებს რომ ჯღაბნიან, მხოლოდ მაგ დონეზე. არ მიფიქრია, მხატვარი გავმხდარიყავი, მაგრამ ისე მომწონს ეს პროცესი.
- ტელევიზიებში მუშაობის გამოცდილებაც გაქვს...
- ''იმედში'' ''ღამის შოუს სტუდიაში'' ვმუშაობდი. ახლა ამ სტუდიამ გახსნა არხი ''ტვ-11''. ''იმედზე'' გადიოდა გადაცემა ''რომ გადახვალ, გააჩერე'', ახლა მას სახელი გადაერქვა, მარტიდან ''მაესტროზე'' გავა და გადაცემის სახელწოდებაა ''თქვენი გადახდილია''.
- ''რომ გადახვალ, გააჩერეს'' ჰყავდა თავისი მაყურებელი. ქუჩაში გცნობდნენ?
- კი, ამბობდნენ და ძალიან კრიტიკულებიც არ იყვნენ. ქუჩაში ძირითადად ბავშვებს უხაროდათ ჩვენი დანახვა, უფროსებისგანაც იგრძნობოდა ეს, თუმცა შედარებით მოკრძალებულად გამოხატავდნენ. სახეზე წაიკითხავდი: ''ვიცი, ვინც ხარ'' (იღიმის).
- ალბათ, არის ისეთი ანეკდოტები, როცა ჩაწერის დროს სიცილს ვერ იკავებთ...
- კი, ყოფილა. ამაზე რეჟისორი ბრაზდებოდა, მაგრამ ზოგი ანეკდოტი ძალიან სასაცილოა და სიცილისგან თავს ვერ იკავებ. შეიძლება, ორი საათი გაიწელოს გადაღება, როცა ''ტუჩებს თავს ვერ ვუყრით''.
- ''ტვ-11''-ზე სკეტჩები გადის, ქალის მონოლოგებს კითხულობ...
- ჰო, ასეთი რაღაცების ძალიან მეშინია, მაგრამ დამეხმარნენ.
- ტექსტს ვინ წერს?
- ტექსტს ერთად ვწერდით, ნელ-ნელა ავაწყვეთ მონოლოგი. ქალი ჰყვება, როგორ შეხვდა ვიღაცას და გათხოვდა, მეორე სკეტჩში ის უკვე გათხოვილია და თავისი ოჯახური ''იდილიის'' შესახებ გვიამბობს. სულ ოთხია, ორი მონოლოგი უკვე გადის ეთერში და დანარჩენი ორი წინ გვაქვს (იღიმის). ამბობენ, კიდევ უნდა გაგრძელდესო და ვნახოთ.
- შენი შეხედულება ამ საკითხზე როგორია?
- ოჯახურ იდილიაზე?! არ ვიცი, არ მაქვს გამოცდილება, შესაბამისად, ვერავის დავარიგებ და ვერაფერს მოვყვები ამ საკითხზე.
- ანუ დაოჯახებული არ ხარ. ისე, მგონი, ბევრია ისეთი ქალი, რომელსაც შენ ასახიერებ...
- მე მგონია, რომ რეალობისგან შორს არის, მაგრამ ვინც ნახა, თქვა, რომ რეალობისგან შორს არ არის და ძალიან ბევრი ცხოვრობს იმ გაგებით, რომლითაც ჩემი პერსონაჟი.
- ახალ სპექტაკლ ''ლურჯ ფრინველზეც'' ვისაუბროთ. ჯერ ფილმი გავიდა ეთერში და მერე სპექტაკლზე რეჟისორმა სხვა შემადგენლობით დაიწყო რეპეტიციები?
- დიახ. ფილმი ახალი წლის დღეებში გავიდა ეთერში და შემდეგ სპექტაკლი ორ კვირაში დაიდგა. რა თქმა უნდა, შემადგენლობა განსხვავებულია. ფილმში მონაწილეობდნენ მომღერლები, ''რუსთავი 2''-ის ჟურნალისტები, ჩვენთან კი მსახიობები ვთამაშობთ.
- კატას ასახიერებ. აკვირდებოდი ამ ცხოველს?
- ყველამ ვიცით, კატა როგორია. როლზე მუშაობისას დრო არ მქონდა, რომ კატას დავკვირვებოდი. 24 საათი თეატრში ვიყავით, ხან ვოკალის რეპეტიცია გვქონდა, ხან - ქორეოგრაფიის. როგორც წესი, დაუსრულებელი რეპეტიციები გვაქვს ხოლმე, მით უმეტეს მაშინ, როცა ორ კვირაში ვუშვებთ სპექტაკლს. სხვა რა შეიძლება, კატუნაზე ითქვას?! ქალობა უნდა და რა ქნას, ამიტომ სურს, ბავშვებმა ლურჯი ფრინველი იპოვნონ და მასაც აუხდეს თავისი ოცნება (იღიმის). თავად ეს ზღაპარი ცოტა მძიმეა, ჩვენ უფრო მსუბუქად დავდგით, რომ ბავშვებისთვის შედარებით მარტივად აღსაქმელი ყოფილიყო. ლაღია და ეფექტებით სავსე.
- ულამაზესი კოსტიუმებია, მათ შორის შენი კაბაც...
- გმადლობ, ჩვენი მხატვარი ანანო მოსიძეა და ყველა სპექტაკლში გამორჩეული კოსტიუმები გვაცვია.
- ვიცი, რომ დოიაშვილს ახასიათებს რეპეტიციების დროს ღამეების თენება...
- კი, ხშირად არის, რომ დილის 6 საათზე ვამთავრებთ რეპეტიციას, ცოტა ხანს წავუძინებთ და 11 საათზე ისევ თეატრში ვართ. სულ ასეთი ტემპით ვმუშაობთ, იმ მომენტში ვიღლებით, მაგრამ მერე ხვდები, რომ ასე ''ამოქოქვისას'' უფრო კარგ შედეგს ვიღებთ. პრემიერის მერე კარგად გახსენდება ღამის თენებაც, რომ გშიოდა, გწყუროდა და ყოველგვარი დაღლაც.
- საყვარელი პიესა, გამორჩეული დრამატურგი...
- ასე გამორჩეულად რომელიმე ავტორზე საუბარი ყოველთვის მიჭირს, მაგრამ ჰერმან ჰესე და მისი ''ტრამალის მგელი'' ძალიან მიყვარს. ქართველი ავტორებიდან - გურამ დოჩანაშვილი. არის პერიოდები, როცა ჰესეს ვუბრუნდები ხოლმე. თბილისში ერთი წიგნით გატაცება იციან და ყველა კითხულობს, ასეთ დროს მე პროტესტი მიჩნდება და იმ წიგნს არ ვეკარები. ამიტომ თანამედროვე ავტორები ამ პროტესტის გამო გამოტოვებული მყავს. უფრო კლასიკისკენ ვიხრები. განსაკუთრებით - რუსული დრამატურგიისკენ, მაგრამ ბოლო მოვლენების გამო ცოტა აგრესიული გავხდი და რუსულად ვეღარ ვკითხულობ. ამ ყველაფრის ქართულად კითხვა კი ცოტა უხერხულია (იღიმის).
- თქვი, რომ მხატვრობა გიტაცებს. კიდევ რა შეიძლება, შენი ინტერესის სფეროდ დასახელდეს?
- ფოტოგრაფია, ცეკვა, სიმღერა. მინდა ენების სწავლა. როცა რეპეტიციები არ მაქვს, ვცდილობ, პედაგოგთან ვიარო, გარკვეულ ეტაპამდე მიმყავს, მაგრამ მერე, როცა თეატრში გიჟური რეჟიმი მეწყება, თავს ვანებებ და რაც ნასწავლი მქონდა, ისიც მავიწყდება. ბოლოს ფრანგულზე დავდიოდი, მაგრამ ასე შუა გზაზე მივატოვე. არადა, მინდა, ენები ვიცოდე, სამოგზაუროდ რომ დადიხარ და ადგილობრივებს მათ ენაზე ეკონტაქტები, ვფიქრობ, კარგია, ასეთ დროს სხვაგვარად კმაყოფილი ხარ საკუთარი თავით (იღიმის).
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''